Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

“მეგობარი აქტი” აბსურდია და რეალობას არ შეესაბამება, უსამართლობა იმდენად აშკარაა, რომ დარწმუნებული ვარ, ეს კონგრესისთვისაც საყურადღებო იქნება -გია ვოლსკი

„მეგობარი აქტი“ აბსურდია და რეალობას არ შეესაბამება. უსამართლობა იმდენად აშკარაა, რომ დარწმუნებული ვარ, ეს კონგრესისთვისაც საყურადღებო იქნება, – ამის შესახცებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, „მეგობარი აქტი“ სიცრუეს შეიცავს, რათა საქართველოს ინტერესები დაზიანდეს.

„„მეგობარი აქტი“ არათუ უსამართლოა, არამედ გეგმაზომიერი სიცრუეა, რათა საქართველოს ინტერესები დაზიანდეს. აბსოლუტური აბსურდია და რეალობას არ შეესაბამება, რომ საქართველომ თავისი პოლიტიკა დაუკავშირა ირანს ან საგარეო კურსი შეცვალა და რუსეთის ორბიტაზე აღმოჩნდა. ასეთი არცერთი ფაქტი არ არსებობს, მით უმეტეს, 2012 წლიდან. არ შეიძლება, საქართველოს პოზიციის ცალკე განხილვა იმ ვითარებიდან, რომელიც მსოფლიოში არსებობს. საკმაოდ რთული მდგომარეობაა. არ შეიძლება, ჩუმად იყო, როცა არჩევითი ორგანო ასეთ განცხადებას/რეზოლუციას უჭერს მხარს. აუცილებელი იყო ამ კომენტარის გაკეთება ელემენტარულად იმისთვის, რომ ამ სიჩუმით რაღაც თავის დაკვრა არ გამოგვსვლოდა იმ უსამართლობაზე, რაც მოვისმინეთ. უსამართლობა იმდენად აშკარაა, რომ დარწმუნებული ვარ, ეს კონგრესისთვისაც საყურადღებო იქნება. განცხადება გამოქვეყნდა, თითქოს საქართველო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას კორუმპირებულს უწოდებს. ეტყობა, ვიღაცაში ვეშლებით – „მაკკეინის ინსტიტუტში“, რომელმაც სალომე ზურაბიშვილი დაიქირავა, ხელფასს უხდის და ადმინისტრაციას აგინებს. ეს ის ხალხია, ვისაც ჯო უილსონი თანაუგრძნობს და გვერდში უდგას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რა ეღირება დოლარი და ევრო 16 მაისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7425 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7425 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7436 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0732 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0822 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0090 ლარი შეადგინა.

ქუთაისში ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დამდგენი კომისიის გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ქალაქ ქუთაისში, ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც 54 სტატუსის მაძიებელი პირის საქმე განიხილეს. კომისიას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე ესწრებოდნენ.

ინფორმაციისთვის, ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის ძირითადი ამოცანაა, ვეტერანისა და ვეტერანის ოჯახის წევრობის დამადასტურებელი სტატუსის მაძიებელ იმ პირთა განცხადებების განხილვა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის/დაღუპვის ფაქტის დადგენა, რომელთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არასრულია.

ასევე, იმ პირთა განცხადებების განხილვა, რომელთა დოკუმენტაციიდან არ დგინდება კონფლიქტის ზონაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად მივლინების ფაქტი და არ გააჩნიათ ბრძანება კონფლიქტის ზონიდან დაბრუნების შესახებ.

სტატუსის მაძიებელი, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილებით, უარი ეთქვა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დადგენის თაობაზე, განმეორებით კომისიის სხდომაზე აღარ დაიშვება; გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ის შემთხვევები, როცა ფაქტობრივი, ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო კომისიის გადაწყვეტილებას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი, ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს მაძიებლისათვის უფრო ხელსაყრელი, ახალი გადაწყვეტილების მიღებას.

ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის განახლებული შემადგენლობა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, გენერალ-მაიორ კობა კობალაძის ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

დონალდ ტრამპმა მხარი უნდა დაუჭიროს ევროკავშირის ახალ ანტირუსულ სანქციებს – The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 15 მაისის ნომერში რუბრიკით „რედაქციის ხედვა“ გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დონალდ ტრამპმა მხარი უნდა დაუჭიროს ევროკავშირის ახალ ანტირუსულ სანქციებს“.

პუბლიკაციაში ნათქვამია:

მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპმა ბოლო დროს შეთანხმებები გააფორმა დიდ ბრიტანეთთან, ჩინეთთან და ახლა საუდის არაბეთთან და ყატართან, იგი საკმაოდ სერიოზული პრობლემების წინაშე დგას, რომელიც ეჭვებს აჩენს მისი გამოცდილების მიმართ გარიგებების დადების საკითხში.

დღეს, 15 მაისს, უკრაინელი და რუსი მომლაპარაკებლები სტამბოლში ერთმანეთის პირისპირ დასხდებიან. მანამდე კი პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის პირადად შეხვდეს ვლადიმერ პუტინს, მაგრამ არა რომელიმე დაბალი რანგის მქონე ჩინოვნიკს. უკრაინის პრეზიდენტის მოლოდინები არ გამართლდა – ვლადიმერ პუტინი სტამბოლში არ გაემგზავრა და თურქეთში თავისი თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი გაგზავნა. სწორედ ის არის კრემლის დელეგაციის ხელმძღვანელი.

დონალდ ტრამპმა, სანამ ახლო აღმოსავლეთის არაბულ ქვეყნებში ვიზიტით წავიდოდა, მანამდე განაცხადა, რომ თუ პუტინი სტამბოლში ჩასვლას დააპირებდა, თვითონაც შეცვლიდა ვიზიტის მარშრუტს და შეიძლებოდა რუს ლიდერს სტამბოლში შეხვედროდა. სამწუხაროდ, ტრამპის მოლოდინი არ გამართლდა.

აშშ-ის პრეზიდენტს ისღა დარჩენია, რომ მოსკოვზე ზეწოლა გააძლიეროს, რათა პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს. დონალდ ტრამპს ასევე მოუწევს იმავდროულად ევროპელთა მოქმედების კოორდინაციაც მოახდინოს, რომელიც დღეისათვის საკმაოდ დეზორგანიზებულია: პარიზი, ლონდონი და ბერლინი მოსკოვის მიმართ სასურველ მიზანს ვერ აღწევენ.

მისტერ დონალდ ტრამპი, როგორც ჩანს, თანდათან აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ რუსეთს არ უნდა ენდოს და რომ ზეწოლა მშვიდობის დამყარებისათვის კიევზე კი არ უნდა მოახდინოს, არამედ მოსკოვზე. სამწუხაროდ, აშშ-ის ლიდერმა მმართველობის პირველ დღეებში საშიში შეცდომები დაუშვა. შესაბამისად, ახლა მან ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ვლადიმერ პუტინს სხვა არჩევანი არ ჰქონდეს, გარდა იმისა, რომ დაეთანხმოს წაყენებულ პირობებს და უსამართლო ომი შეწყვიტოს.

გასაგებია, რომ ევროპელები ცდილობენ რუსეთის შეკავებას, მაგრამ ისინი ძალიან დაყოვნებით მოქმედებენ რუსეთთან ჯერ კიდევ შემორჩენილი ეკონომიკური კავშირების გასაწყვეტად. გარდა ამისა, მათ მათ შიდა პრობლემებიც აქვთ – ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ანტირუსული პოლიტიკის გატარებას ეურჩება. შესაბამისად, რადგან ახალ მასშტაბურ სანქციებს კონსენსუსი ჭირდება, ისინი მიღებული არ იქნება. ეს ნიშნავს, რომ ევროპელებს რუსეთთან მიმართებით ამერიკის დახმარება ჭირდებათ – უიმისოდ ევროკავშირის ნაბიჯები რაიმე მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი არ იქნება. ურსულა ფონ დერ ლაიენის დაპირება, რომ 2027 წლისათვის ევროკავშირის რუსული მილსადენური გაზის იმპორტს მთლიანად შეწყვეტსო, შეიძლება შეუსრულებელი დარჩეს.

ექნება თუ არა დონალდ ტრამპს ამ ამოცანის შესრულების სურვილი, ჯერ კიდევ გაურკვეველია. ამასთან, აშკარაა, რომ ევროკავშირი უუნარო და სუსტია, მას არ შეუძლია დამოუკიდებლად რაღაც შეცვალოს. უკრაინას აშშ-ის და კოლექტიური დასავლეთის მხარდაჭერა ჭირდება, თუ ჩვენ სასურველი შედეგის მიღება გვსურს.

წყარო

უკრაინასთან მიმართებით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია უხმაუროდ იცვლება – Financial Times

„უკრაინასთან მიმართებით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია უხმაუროდ იცვლება“, – ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულ სტატიას (ავტორი – გაი ჩაზანი), რომელშიც განხილულია აშშ-ის ლიდერთა დამოკიდებულების ტრანსფორმაცია რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით: თეთრი სახლი სულ უფრო იხრება უკრაინის მხარდაჭერისაკენ და მიიჩნევს, რომ რუსეთს გადაჭარბებული ამბიციები აქვს.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საგარეოპოლიტიკურ ფორუმზე, რომელიც ვაშინგტონში შვიდ მაისს გაიმართა, როცა ვიცე-პრეზიდენტს ჯეიმს დევიდ ვენსს უკრაინის შესახებ კითხვა დაუსვეს, დამსწრე დიპლომატები ელოდნენ, რომ იგი, ჩვეულებრივ, უკრაინას გააკრიტიკებდა, მაგრამ ამის ნაცვლად მათ „სრულიად სხვა პასუხი მოისმინეს“: ჯეიმს ვენსმა ისაუბრა რუსეთის მოთხოვნებზე კიევის მიმართ და აღნიშნა, რომ „ჩვენი აზრით, კრემლს ძალიან ბევრის მიღება სურს“.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა იგივე გაიმეორა მომდევნო დღეს ტელეარხ „ფოქს ნიუსთან’ ინტერვიუში და დაამატა, რომ „რუსეთს არ უნდა ჰქონდეს იმ ტერიტორიის გადაცემის იმედი, რომელიც მას ჯერ არ დაუკავებია“.

აშშ-ის ოფიციალური პირები სულ უფრო მეტად ავლენენ მოუთმენლობას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართ. თავდაპირველი ეჭვები, რომ ცეცხლის შეწყვეტასა და სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებას ყველაზე დიდ დაბრკოლებას მხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკი უქმნის, ახლა იმით შეიცვალა, რომ სამშვიდობო პროცესის ყველაზე მთავარ დამამუხრუჭებელს ვლადიმერ პუტინი წარმოადგენს. ანუ შეერთებული შტატები ამჟამად სწორედ ვლადიმერ პუტინს თვლის ხელშემშლელ ფაქტორად, რომლისთვისაც კომპრომისები მიუღებელია.

„ამერიკელებს უბრალო იდეა ჰქონდათ – მოდით, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ ზეწოლა მოვახდინოთ და რუსეთი მოვხიბლოთ. კრემლს ასე უფრო იოლად დათანხმდება გარიგებას. როგორც აღმოჩნდა, რუსეთის მოხიბვლა არასაკმარისი ყოფილა“, – განაცხადა ვოლფგანგ იშინგერმა, გერმანელმა დიპლომატმა, ყოფილმა ელჩმა აშშ-ში. მან აღნიშნა, რომ მოხარულია ჯეიმს ვენსის თვალსაზრისი ცვლილებით რუსეთის მიმართ და რომ კრემლთან დამოკიდებულების საკითხში აშშ-სა და ევროპის პოზიციები ერთმანეთს უახლოვდება. იმავდროულად ვოლფგანგ იშინგერმა მიუთითა, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯერ არ გადაუდგამს მორიგი ლოგიკური ნაბიჯი და არ უთქვამს, რომ მოსკოვის მიმართ „ქანჩები უნდა იქნას მოჭერილი“.

დამკვირვებელთა აზრით, რუსეთის უარი კომპრომისზე დონალდ ტრამპს ძალიან აღიზიანებს. „აშშ-ის პრეზიდენტის დიტყვებში სინანული გამოსჭვივის. მას ისეთი შეგრძნება აქვს, რომ ძალიან ბევრი გასცა და ამის სანაცვლოდ უკან არაფერი არ მიუღია“, – განაცხადა მაიკლ მაკფოლმა, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა რუსეთში.

კიდევ ერთი დიპლომატის – უილიამ ტეილორის თქმით (იგი აშშ-ის ელჩი იყო კიევში 2006-2009 წლებში), „დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ვლადიმერ პუტინი აშშ-ის მეგობარი  არ არის… მისი ნდობა არ შეიძლება. გაჩნდა იმის შეგრძნება, რომ კრემლი სერიოზულ მოლაპარაკებას არც აპირებს“.

„დონალდ ტრამპი ნათლად ხედავს, რომ ვლადიმერ პუტინი მზად არ არის თანამშრომლობისათვის… თუმცა მე დარწმუნებული არ ვარ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ტავის რუს კოლეგაზე მნიშვნელოვან ზეწოლას განახორციელებს“, – აღნიშნავს ერიკ გრინი, კარნეგის ფონდის თანამშრომელი, რომელიც ჯო ბაიდენის პრეზდენტობის დროს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში პროგრამების მთავარ დირექტორად მუშაობდა და რუსეთთან დაკავშირებულ კვლევებს ხელმძღვანელობდა.

თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მომხდარი ინციდენტიდან, როცა დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი მწვავედ შეკამათდნენ, საკმაო დრო გავიდა, აშშ-ის და უკრაინის ურთიერთობა ნორმალური რეჟიმით მიმდინარეობს, რასაც ხელი შეუწყო მინერალური რესურსებით სარგებლობის შესახებ ხელმოწერილმა შეთანხმებამ. უკრაინელი ჩინოვნიკების აზრით, აღნიშნული გარიგება ზრდის იმის ალბათობას, რომ აშშ უკრაინის თავდაცვის დახმარებას მომავალშიც გააგრძელებს. „დონალდ ტრამპი დღეისათვის „თამაშში უკვე ჩართულია“, – თქვა ერთ-ერთმა უკრაინელმა დიპლომატმა.

იმავდროულად პასუხგაუცემელი რჩება კითხვა – მართლაც არის დონალდ ტრამპი სიმპათიურად განწყობილი უკრაინის მიმართ თუ იგი უბრალოდ იმას აჩვენებს, რომ თითქოსდა მზადაა რუსეთის დასასჯელად  კრემლის ჯიუტობის გამო? ბევრმა დასავლელმა ლიდერმა და მათ შორის, დონალდ ტრამპის სპეცწარმომადგენელმა კიტ კელოგმა გააკრიტიკეს ვლადიმერ პუტინის წინადადება რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკების შესახებ საომარი მოქმედებების შეწყვეტის გარეშე, რასაც დასავლეთი და უკრაინა ითხოვს, თუმცა თვითონ დონალდ ტრამპმა „პუტინის გამბიტი მოიწონა“.

ექსპერტების აზრით, რუსეთი ელოდება, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ დონალდ ტრამპის მოთმინების ფიალა აივსება და იგი თავის მცდელობებს შეწყვეტს. „პუტინი გრძელვადიან თამაშს თამაშობს და თვლის, რომ დრო მის სასარგებლოდ მუშაობს. კრემლი ელოდება, რომ დონალდ ტრამპი ინტერესს დაკარგავს, ამერიკელები სამხედრო დახმარებას შეწყვეტენ და ამის შედეგად უკრაინის არმია დასუსტდება“, – ამბობს მაიკლ მაკფოლი, აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში.

ექპერტები ადასტურებენ, რომ ბოლო ხანებში იმის რისკი, რომ დონალდ ტრამპი უკრაინას ბედის ანაბარად მიატოვებს, მნიშვნელოვნად შემცირდა. როგორც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ექს-თანამშრომელი თომას გრემი ამბობს, დონალდ ტრამპისათვის რთული იქნება თავისი ერთ-ერთი მთავარი მიზნის მიღწევა – რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა – უკრაინის საკითხის წინასწარი გადაწყვეტის გარეშე. „ამჟამად ბევრი რამ არის სასწორზე დადებული. დიახ, მას შეუძლია უკრაინის მიტოვება, მაგრამ თუ პრეზიდენტი ამას გააკეთებს, მისი ნაბიჯი კრახს დაემსგავსება“, – ასკვნის თომას გრემი.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

თიბისი ლიზინგმა EBRD-ისგან 11 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

13 მაისს, ლონდონში, თიბისი ლიზინგს და EBRD-ს შორის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს უმსხვილესმა სალიზინგო კომპანიამ 11 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა.


აღნიშნული ტრანზაქცია ინსტიტუტებს შორის მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის ერთ-ერთი ნაწილია და ასახავს ორგანიზაციების მზაობას, ხელი შეუწყონ ქართული ბიზნესების, განსაკუთრებით კი, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას.


დაფინანსების 50% მიმართული იქნება მწვანე ინვესტიციებზე, რაც კომპანიებს საშუალებას მისცემს ისარგებლონ სპეციალური სალიზინგო პროდუქტებით განახლებადი ენერგიის და მდგრადობაზე ორიენტირებული აქტივების მიმართულებით. მეტ ქართულ კომპანიას ექნება საშუალება გაეცნონ მსოფლიო ტენდენციებს გარემოსდაცვითი, მდგრადი გადაწყვეტილებების მიმართულებით და მიიღონ დაფინანსება საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის.


“პირველ რიგში, მოხარულები ვართ, რომ ისეთ საიმედო პარტნიორთან, როგორიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკია მრავალწლიან თანამშრომლობას კიდევ უფრო ვაღრმავებთ, რაც ხელმოწერილი ხელშეკრულებითაც დასტურდება. ჩვენი საერთო ძალისხმევა მიმართულია საქართველოს მცირე და საშუალო სექტორის გაძლიერებისკენ, რისი ერთ-ერთი გზაც მდგრადი განვითარება და მწვანე დაფინანსებაზე გაზრდილი წვდომაა. მოზიდული 11 მილიონი ევროს რესურსი, სწრაფად განვითარებად ბაზარზე SME (მცირე და საშუალო საწარმოების) მხარდაჭერას მოხმარდება” – გაიოზ გოგუა, თიბისი ლიზინგის დირექტორი.

გვაქვს იმედი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აღმოჩნდება უფრო ძლიერი, ვიდრე „დიფ სთეითი“ – ირაკლი კობახიძე

გვაქვს იმედი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აღმოჩნდება უფრო ძლიერი, ვიდრე „დიფ სთეითი“, შეასუსტებს „დიფ სთეითს“, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ გადმოიდგმება შემხვედრი ძალიან კონკრეტული ნაბიჯები ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, ჩვენ ვიქნებით ამისთვის მზად, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამერიკული მხარის მიმართ გაკეთებულია ძალიან კონკრეტული შეთავაზებები და არის სრული მზადყოფნა ურთიერთობების გადატვირთვისთვის.

„ჩვენ გვაქვს შეთავაზება ამერიკული მხარის მიმართ, ეს შეთავაზება არაერთგზის გავაჟღერეთ, გვქონდა კომუნიკაცია, მათ შორის საჯარო განცხადებები მქონდა მანამდე გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვართ სრულად მზად ურთიერთობების გადატვირთვისთვის და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. რეალურად ძირითადად იგივე გზავნილი იყო გახმოვანებული ჩემს ღია წერილშიც. ჩვენ ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს, ამას ელოდება ქართული საზოგადოებაც. თუ არ გადაიდგმება შემხვედრი ნაბიჯები, ეს იქნება უტყუარი ნიშანი იმის, რომ „დიფ სთეითი“ ინარჩუნებს უპირატესობას ახალი ადმინისტრაციის მიმართ, რაც იქნება ძალიან სამწუხარო, თუმცა ჩვენ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი. გვაქვს იმედი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აღმოჩნდება უფრო ძლიერი, ვიდრე „დიფ სთეითი“, შეასუსტებს „დიფ სთეითს“, ამ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ გადმოიდგმება უკვე შემხვედრი ძალიან კონკრეტული ნაბიჯები ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, ჩვენ ვიქნებით ამისთვის მზად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თიბისი აგრობიზნესისთვის – „ჭარებულას“ ვაშლის ბაღები ქართლში

გორის რაიონში, 12 ჰექტარზე  25 000 ძირი ვაშლის ინტენსიური ბაღია გაშენებული.

ბაღს ორივე მხრიდან მდინარე ჭარებულა ჩამოუდის და ნაკვეთსაც ამავე  წყლით რწყავენ.  გიორგი აბესაძემ და თენგიზ  ხაბაზიშვილმა მეურნეობას  ამ  მდინარის სახელი დაარქვეს და წლები, ცოდნა და შრომა ჩადეს ინტენსიური ბაღის გაშენებაში.

პირველი  8000 ნერგი 2020 წელს 4 ჰექტარზე ჩაყარეს, შემდეგ წლებშიც 4-4 ჰექტარი მიამატეს. 2024 წელს კი ახალი ნაკვეთი შეიძინეს, სადაც 20 000 ნერგი დაირგო. ჯამში  კომპანიის საკუთრებაში   24  ჰექტარი ვაშლის ბაღია. ახალი ნერგების ნაწილი, სანამ ამ ბლოგს კითხულობთ იტალიაში იტვირთება და ქართლისკენ მოემართება.

ინტენსიურ ბაღს, ტრადიციულთან შედარებით, რამდენიმე უპირატესობა აქვს: ჰექტარზე ბევრი – 3000-მდე ხე ირგვება.  ( როცა ტრადიციულის შემთხვევაში 150-200)მსხმოიარობაში მალე შედიან,  გამძლე, ნერგი დაავადებების მიმართ მედეგია, მოსავალსაც მეტს იძლევა და დასაკრეფადაც ადვილია.

“ჩემი აზრით ახალი ჯიშები უფრო გემრიელია, მაგრამ ქართლში ბაღების 30 % -ში “გოლდენი” ირგვება. ეს ჯიში მოთხოვნადია, როგორც ადგილობრივ ისე საექსპორტო ბაზარზე. ზოგადად, ძვირადღირებული ვაშლი არ არსებობს. ფასი დამოკიდებულია სეზონსა და ხარისხზე.  იგივე გოლდენი, თუ ოქტომბერში 1.5 ლარად იყიდებოდა, სამაცივრე მეურნეობაში შენახვის შემდეგ მისი ფასი 3.5 ლარამდე ავიდა. გაყიდვის პრობლემა არ გექნება, თუ მომხმარებელს მაღალ ხარისხს შესთავაზებ”,- გვიხსნის თენგიზი.

მაღალი ხარისხი კი ის თამასაა, რომელსაც „ჭარებულაში“ მუდამ ინარჩუნებენ და   კომპანიას ნაბიჯ-ნაბიჯ ავითარებენ.  მეურნეობის  განვითარების და ვაშლის ნერგების მთავარი შემხიდებელი თიბისის შეღავათიანი აგროკრედიტი აღმოჩნდა.

“ამ მხარდაჭერამდე ვერც კი გავბედეთ  დიდი სამუშაოები და არც მასშტაბური გეგმები გვქონდა. პირველი სესხიც მცირე იყო, გადავწყვიტეთ ჯერ მოგვესინჯა. იმდენად  გაამართლა და ბანკთან ურთიერთობა ისე გაგვიადვილდა, რომ კომპანიის განვითარების სხვა ეტაპზე გავედით. თიბისის მხარდაჭერით შევძელით ახალი ნაკვეთების შეძენა და 400 ტონიანი სამაცივრე მეურნეობის მოწყობაც”,- გვიყვებიან “ჭარებულაში”.

კომპანიას 4 მუდმივი თანამშრომელი ჰყავს, სეზონურად კი მათი რიცხვი 25-მდე იზრდება. მეურნეობა იძლევა საშუალებას რომ 1000 ტონა მოსავალი მიიღოს.

სამომავლო გეგმებში  შესაფუთი და ჩასაწყობი  მასალის ადგილზე წარმოებაცააა.

როლად ახალაია არის სამეგრელოს სირცხვილი, ეს არის მშიშარა კურდღელი – დავით ქანთარია

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული დავით ქანთარია, მისი უფლებების დარღვევაზე საუბრობს.

ქანთარიამ ყურადღება გაამახვილა როლანდ ახალაიაზე, რომელსაც არარაობა და სამეგრელოს სირცხვილი უწოდა. მისი თქმით, ახალაიამ სამეგრელო დაჩაგრა და თავისი ჭკუით ახალი ლევან დადიანი გახდა.

„ეს არის არარაობა და სირცხვილი სამეგრელოსი. მისი აგრესია პირადად ჩემი მიმართულებით წამოვიდა, იმიტომ, რომ გვესროლეს მანქანიდან მე, ედიშერ ჩარგაზიას (ზუგდიდის ყოფილი გამგებელი) და მას – ის დაიმალა. ეს არის მშიშარა კურდღელი, რომელიც შემდეგ რაღაცნაირად გამყარდა, მოაჯდა მთელ სამეგრელოს და თავისი ჭკუით, გახდა ლევან დადიანი. ახალაიამ დაჩაგრა სამეგრელო. მე ხშირად ვახსენებ, რომ მან სამეგრელოს მოუწყო ე.წ. „მეგრელთა საქმე.“12 წელზე მეტია, მე გამოვდივარ სატელევიზიო, პრესით, ფეისბუქით – მას პასუხი არასდროს გაუცია“, – აღნიშნა დავით ქანთარიამ.

16 მაისს ქართველ გულშემატკივარს საინტერესო სანახაობა ელის – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე „ლეგენდების სერიის“ მეორე მატჩში, რომელიც 16 მაისს თბილისში გაიმართება, ვეტერან ფეხბურთელებსა და ქართველ გულშემატკივარს წარმატებებს უსურვებს.

კახა კალაძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ წევრთან, შოთა არველაძესთან, საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ყოფილ ფეხბურთელ, ხავიერ სავიოლასთან და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ იარი ლიტმანენთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.

„სასიამოვნოა, რომ ამ დონის გუნდები ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ულამაზეს დედაქალაქში. „ბარსელონა“ არის გუნდი, რომელსაც ძალიან დიდი ისტორია აქვს – ჰყავდა ძლიერი, წარმატებული ფეხბურთელები. საქართველოში უამრავი ადამიანია, ვინც გულშემატკივრობს ამ გუნდს, მსგავსი თამაშები კი იძლევა შესაძლებლობას, რომ მათ თავიანთი საყვარელი ფეხბურთელები საკუთარ ქვეყანაში იხილონ. მინდა, ბიჭებს მადლობა გადავუხადო, რომ ჩამოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება ხვალინდელ შეხვედრას, დარწმუნებული ვარ, საინტერესო და სანახაობრივი იქნება. როგორც ვიცი, დღეს ღამე რონალდინიოც შემოუერთდება გუნდს. ეს ჩემთვისაც სასიხარულოა, იმიტომ, რომ მის წინააღმდეგ მომიწია თამაში. ასევე, მასთან ერთად ვთამაშობდი „მილანში“. მიხარია, რომ ვხვდები ადამიანებს, ვისთან ერთადაც – ბევრთან წინააღმდეგ, ბევრთან ერთ გუნდში მითამაშია. ეს, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა. წარმატებები ყველას ხვალინდელ შეხვედრაში. ქართველ გულშემატკივარს საინტერესო სანახაობა ელის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, „დინამო არენაზე“ ხვალ ქართული ფეხბურთის ვეტერანები „ბარსელონას“ ლეგენდარულ ფეხბურთელებს დაუპირისპირდებიან. ეს იქნება „ლეგენდების სერიის“ მეორე მატჩი, რომელიც გასულ წელს ბათუმში დაწყებული პროექტის გაგრძელებაა.

ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, თბილისის მერი კახა კალაძეც. საფეხბურთო მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.

თიბისიმ EBRD-სგან ვაჭრობის დაფინანსების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ორი ჯილდო მიიღო

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ლონდონში გამართულ ყოველწლიურ შეხვედრაზე თიბისის ორი ჯილდო გადასცა.

EBRD-მ თიბისი ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით საქართველოში ყველაზე აქტიურ ბანკად კიდევ ერთხელ დაასახელა. ფინანსურმა ინსტიტუტმა აღიარება ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის – TFP-ის – ფარგლებში განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობის მიხედვით მოიპოვა. 

აღნიშნული ჯილდო კიდევ უფრო ამყარებს ბანკის ლიდერულ პოზიციას ვაჭრობის დაფინანსების სექტორში, რომელშიც თიბისის საბაზრო წილი 48%-ს აღემატება, მთლიანი პორტფელი კი 2.8 მილიარდ ლარს შეადგენს. ბანკის ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტებით ჯამში 2200-მდე მსხვილი, მცირე თუ საშუალო ბიზნესი, ასევე საერთაშორისო კომპანია სარგებლობს, რომელთაც თიბისი ბიზნესპროცესების გამარტივებას, ექსპერტული აზრით მხარდაჭერასა და კონკურენტული პირობებით დაფინანსებას სთავაზობს.

EBRD-ს კიდევ ერთი ჯილდო კითიბისიმ წლის საუკეთესო მწვანე სავაჭრო გარიგებისთვის მიიღო, რომელიც ბანკს პირველად გადაეცა. გლობალური ჯილდო თიბისიმ მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობისა და განახლებადი ენერგიის დაფინანსებისთვის მოიპოვა, რაც გარემოზე ზიანის შემცირებას უწყობს ხელს.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ჯილდო ხაზს უსვამს თიბისის წვლილს ეკონომიკის მდგრად განვითარებაში, რაც კლიმატური გამოწვევების ფონზე ბანკისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. გლობალური დათბობის ზიანის შემცირებისთვის თიბისი გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) სტრატეგიის შესაბამისად, აქტიურ ნაბიჯებს დგამს როგორც დაფინანსების გაცემის, ასევე შიდა პოლიტიკის განსაზღვრის ეტაპზე.

R

დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი – სასტუმროში მყოფი პირების გადამოწმებისას, გამოვლინდა ჩინეთის 14 მოქალაქე – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 14 მოქალაქე დააკავეს.

კერძოდ, როგორც უწყებაში განმარტავენ, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სასტუმროში მყოფი პირების გადამოწმებისას, გამოავლინეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 14 მოქალაქე, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ კანონიერი საფუძვლის გარეშე.

ამასთან, უწყების განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ სასტუმროში, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებამდე, ცოტა ხნით ადრე იყო ხანძარი, რომელიც პოლიციის მისვლის დროს, უკვე ლიკვიდირებული იყო, სასტუმროში მყოფმა სხვა პირებმა ტერიტორია დატოვეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ განხორციელებული თაღლითობის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყეს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი.

პოლიციამ ადგილზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ათეულობით მობილური ტელეფონი და პერსონალური კომპიუტერი, რომელთა მეშვეობითაც სავარაუდოდ უკანონო ფინანსური საქმიანობა ხორციელდებოდა, ნივთმტკიცებად ამოიღო.

სასტუმროში მყოფი პირების გადამოწმებისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გამოვლენილ იქნა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 14 მოქალაქე, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ კანონიერი საფუძვლის გარეშე.

მიგრაციის დეპარტამენტმა აღნიშნული პირების მიმართ, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოდან გაძევების პროცედურები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა მათი დაკავება და წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების მიზნით, მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში განთავსება.

იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ სასტუმროში, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებამდე, ცოტა ხნით ადრე იყო ხანძარი, რომელიც პოლიციის მისვლის დროს, უკვე ლიკვიდირებული იყო, სასტუმროში მყოფმა სხვა პირებმა ტერიტორია დატოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ განხორციელებული სავარაუდო თაღლითობის ფაქტზე გრძელდება.

სამართალდამცველები დანაშაულში ჩართული პირების ასევე, მათი ხელმძღვანელების გამოვლენისა და დაკავების მიზნით ყველა შესაბამის ღონისძიებას ატარებენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.