Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

ნუცა ბუზალაძე ევროვიზია 2024-ის ფინალშია

საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე ევროვიზის ფინალში იმღერებს.

ევროვიზია 2024-ის მეორე ნახევარფინალი დღეს გაიმართა, რომელზეც 16 ქვეყნის წარმომადგენელი წარდგა მაყურებლის წინაშე. მათ შორის იყო საქართველოს წარმომადგენელი, ნუცა ბუზალაძე, რომელმაც თავისი საკონკურსო სიმღერა Firefighter შეასრულა.

მაყურებლის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან ერთად ფინალში კიდევ ცხრა ქვეყანა გადავიდა: ლატვია,ავსტრია, ნიდერლანდები, ნორვეგია,  ისრაელი, საბერძნეთი, ესტონეთი, შვეიცარია, სომხეთი.

წლევანდელი წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ჟიური არ მონაწილეობს ხმის მიცემაში.

ევროვიზია 2024-ის ფინალურ კონკურსზე 26 ქვეყანა იმღერებს. აქედან პირველი ათი ქვეყანა – პირველი ნახევარფინალიდან, მეორე ათი ქვეყანა კი დღევანდელი კონცერტიდან გადავიდა ფინალში. ხოლო „დიდი ხუთეულის“ ქვეყნები და მასპინძელი ქვეყანა შვედეთი ფინალში ავტომატურად გადავიდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბლოგერ უჩა აბაშიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს (VIDEO)

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

უწყება განმარტავს, რომ უჩა აბაშიძის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები სხვადასხვა სამთავრობო უწყების, კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.

შსს-ს თანახმად, უჩა აბაშიძე სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვას გულისხმობს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ ჩადენილ კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა სამთავრობო უწყების, კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყეს, რაც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ ჩადენილ კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.

აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, ჩატარდა და ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები თბილისსა და ბათუმში, მათ შორის თბილისში, ი. აბაშიძის #22-ში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვას გულისხმობს, 1984 წელს დაბადებული უ.ა. დააკავეს.

გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ ჩადენილ კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს“, – წერია განცხადებაში.

უწყება ინფორმაციას თან ურთავს ვიდეომასალას, სადაც ნაჩვენებია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ხელსაყრელი დროა ახალი პროექტების დასაწყებად, განსაკუთრებით – თუ გვერდით ჭკვიანი და სანდო პარტნიორი გყავთ. ამ დღეს ბევრი ფიქრი და ანალიზი საჭირო არ არის, უბრალოდ, ეს დღე ზედმეტი ემოციების გარეშე უნდა გაატაროთ. გადაწყვიტეთ მეგობარს დაეხმაროთ? მზად იყავით იმისთვის, რომ თავის პრობლემებს მთლიანად თქვენ მოგახვევთ თავზე.

კურო

ამ დღეს განწყობა ისე სწრაფად გეცვლებათ, რომ გარშემო მყოფები ვერ ხვდებიან, როდის გიხარიათ და როდის გწყინთ. ვიღაც თქვენს ცდუნებას ცდილობს, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ მისი აყოლა სიკეთეს არ მოგიტანთ და საკუთარ სისუსტეს მალე ინანებთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და ნურაფერს დააყენებთ მასზე წინ.

ტყუპები

შესაძლოა, ამ დღეს საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალება მოგეცეთ, რაც გარშემო მყოფებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩება. ეცადეთ, თავი შეიკავოთ რჩევების მიცემისგან და საკუთარი აზრები თავს არავის მოახვიოთ.

კირჩხიბი

მთელი დღე ებრძვით სურვილს, რომ ყველაფერი მიატოვოთ და გაიქცეთ იქ, სადაც არავინ გიცნობთ, მაგრამ ახლა ამის გაკეთება არ შეიძლება. ამ დღეს ხალხის მასიდან გამორჩევას არ უნდა ეცადოთ. პირიქით, რაც შეიძლება შეუმჩნეველი უნდა იყოთ.

ლომი

ამ დღეს პირადი პრობლემების სწრაფად და წარმატებით მოგვარებას შეძლებთ. შეიძლება საყვარელი ადამიანის გულწრფელობა არ დააფასოთ, რითაც ძალიან გაანაწყენებთ. თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეიძლება გეგმის შეცვლა მოგიწიოთ, მაგრამ ნუ ინერვიულებთ – რამდენიმე დღეში ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებთ.

ქალწული

ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ კომპრომისზე წასვლა გადაწყვიტეთ, რითაც ოპონენტებსაც გაახარებთ და თავადაც მოგეწონებათ პრობლემის გადაჭრის ეს მეთოდი. დროა გაიხსენოთ, რომ ცხოვრებაში მუშაობის გარდა, სხვა უფრო სასიამოვნო საქმეებიც არსებობს.

სასწორი

თქვენს ცხოვრებაში ბინის ან სამუშაო ადგილის შეცვლის დრო დადგა. თუნდაც ახლა არ მოგწონდეთ, მალე მიხვდებით, რომ ეს კარგი გადაწყვეტილება იყო. მოვლენებს შორიდან ვერ დააკვირდებით, მეტი უნდა იაქტიუროთ. შესაძლოა, ფინანსურ დოკუმენტებთან მუშაობისას სირთულეებს შეეჯახოთ, ამიტომ გირჩევთ, დახმარება გამოცდილ ადამიანს სთხოვოთ.

მორიელი

გეჩვენებათ, რომ ვიღაცამ კუთხეში მიგიმწყვდიათ. ეს კვირა თქვენთვის ქაოსური იქნება, თუმცა კვირის ბოლოს შეძლებთ სიმშვიდის მოპოვებას. სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში თქვენი შესანიშნავი ინტუიცია დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

ამ დღეს უმნიშვნელო წვრილმანიც კი სიხარულს განიჭებთ. თუ რაღაც არ გამოგივიდათ, იმედი არ უნდა დაკარგოთ გახსოვდეთ, რომ დაღმართს ყოველთვის აღმართი მოსდევს, ღამეს კი – დღე. დღის მეორე ნახევარში ფულის დაუგეგმავი ხარჯვა გელით.

თხის რქა

შეგიძლიათ საყვარელი ადამიანის იმედი გქონდეთ – ის არ გიღალატებთ და არ მოგატყუებთ. სიწყნარეში მუშაობის იმედი ნუ გექნებათ, დღეს ამის საშუალებას არავინ მოგცემთ. კონფლიქტური სიტუაციებიც გელით, თუმცა თქვენი თავდაჯერება დაგეხმარებათ, ყველაფერი უმტკივნეულოდ მოაგვაროთ.

მერწყული

ამ დღეს შეიძლება შემთხვევით გაიგოთ ამბავი, რომელიც ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ და შესაძლოა, დადებითი ცვლილებებისკენ გიბიძგოთ. სამსახურში ყველა თქვენზე უფროსობას ეცდება, მაგრამ საკუთარ პრინციპებს არ უნდა უღალატოთ.

თევზები

თევზებო, ამ დღეს ნებისმიერ ახალ საქმეს გაუმკლავდებით. იყავით თავდაჯერებული, რადგან ზოგიერთი ახლობელი თქვენს კრიტიკასა და მხილებას ეცდება. ეცადეთ, დათმოთ და ამ სიტუაციიდან კონფლიქტის გარეშე გამოხვიდეთ. გამონახეთ დრო, რომ შეეხმიანოთ ადამიანს, რომელიც ძალიან გენატრებათ.

როგორც ჩანს,  ბატონი “ელჩყოფილისთვის” თავისი რეკომენდატორის ზარი უფრო მნიშვნელოვანია-ნინო წილოსანი

როგორც ჩანს, ბატონი “ელჩყოფილისთვის” თავისი რეკომენდატორის ზარი უფრო მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება საფრანგეთში საქართველოს ელჩის გოჩა ჯავახიშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას.

„ბატონი “ელჩყოფილისთვის”, როგორც ჩანს, თავისი რეკომენდატორის ზარი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საფრანგეთის ქვედა პალატის მიერ მიღებული გამჭვირვალობის “რუსული კანონი”“, – წერს წილოსანი „ფეისბუქზე“.

საფრანგეთში საქართველოს ელჩი გოჩა ჯავახიშვილი თანამდებობას ტოვებს. დიპლომატი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ვეღარ ხედავს საკუთარ როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: – ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს“.

როგორც ჯავახიშვილი განმარტავს, ის გარემოება და განწყობა, რომელიც “რეინკარნირებული კანონპროექტის გამო“ ქვეყნის მეგობრებთან და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაში შეიქმნა, უკიდურესად ართულებს პირადად მისი, როგორც საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მისიას.

როცა ერთი ხელით კარგ საქმეს აკეთებ და მეორე ხელით პოლარიზაციას, შუღლის გაღვივებას აფინანსებ, ეს უკვე არც მეგობრობაა, არც პარტნიორობა-კახა კალაძე

როცა ერთი ხელით ამას [კარგ საქმეს] აკეთებ და მეორე ხელით პოლარიზაციას, შუღლის გაღვივებას, სარწმუნოების წინააღმდეგ, ეკლესიის, პატრიარქის წინააღმდეგ, რაც ძვირფასია, ყველაფერი იმის წინააღმდეგ, აფინანსებ [კამპანიებს], ეს უკვე არც მეგობრობაა, არც პარტნიორობა, – ამის შესახებ კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

დედაქალაქის მერს და „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს წამყვანმა ჰკითხა რას ფიქრობს იმაზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები გამჭვირვალობის შესახებ კანონს აღიქვამენ როგორც იარლიყის მიწებებას იმისათვის, რომ ხელისუფლებამ შეძლოს მათი კონტროლი, რომ თითქოს ხელისუფლების მიზანია, რომ საბოლოო ჯამში, აღარ შემოვიდეს თანხები არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციონირებისთვის და ისინი გაქრნენ.

„ძალიან მარტივად ვიტყვი, ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები. როგორ შეიძლება ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი შეეწინააღმდეგოს კარგი პროექტების განხორციელებას?! როგორ შეიძლება შევეწინააღმდეგო იმ კარგს, რაც უცხოური დაფინანსებით კეთდება ქვეყანაში. საკუთარი თავის მტერი ხომ არ ვართ, საკუთარი ქვეყნის მტრები ხომ არ ვართ?! ჩვენ ვხედავთ კონკრეტულ შემთხვევებს, რომლებიც რა თქმა უნდა, დამაზიანებელია და მაქსიმალური მცდელობაა, რომ შეარყიონ ხელისუფლება, მიიღონ გარკვეული დაფინანსებები ორგანიზაციებმა, რომლებიც პირდაპირ არიან მხილებულნი პოლარიზაციის გაღვივებაში, ექსტრემიზმში, რევოლუციის მოწყობაში. საიდან ფინანსდებიან ესენი? – უცხოეთიდან, უცხოური ფონდებიდან.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველაფერი იმასთან დაკავშირებით, საიდან და ვინ აფინანსებს კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციას. დღეს ეს ცნობილი არ არის. არავინ არ იცის მაგალითად „სირცხვილია“ საიდან ფინანსდება, „დროა“ საიდან ფინანსდება, „ტალღა“, სხვები. უამრავი ექსტრემისტული ორგანიზაციაა შექმნილი იმისთვის, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია გაიზარდოს. შენ როდესაც ჩემი კეთილმოსურნე ხარ, გინდა ჩემი ქვეყნის განვითარება, გინდა, რომ დამიფინანსო მაგარი პროექტები, ამაში როგორ შეიძლება შეგეწინააღმდეგო?! მაგრამ როცა ერთი ხელით ამას [კარგ საქმეს] აკეთებ და მეორე ხელით პოლარიზაციას, შუღლის გაღვივებას, სარწმუნოების წინააღმდეგ, ეკლესიის, პატრიარქის წინააღმდეგ, რაც ძვირფასია, ყველაფერი იმის წინააღმდეგ, აფინანსებ [კამპანიებს], ეს უკვე არც მეგობრობაა, არც პარტნიორობა. შესაბამისად, ეს კანონი მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ საზოგადოებამ ყველაფერს დაარქვას თავისი სახელი. უნდა ვიცოდეთ ვინ არის მტერი და ვინ არის ჩვენი ქვეყნის მოყვარე“, – აღნიშნა კალაძემ.

საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის ჩემი გზავნილი ნათელია – ევროკავშირი სრულიად უჭერს მხარს თქვენს სურვილს-შარლ მიშელი

ევროპის დღეს ჩემი გზავნილი საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი ნათელია, ევროკავშირი მხარს უჭერს თქვენს სურვილს კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული დემოკრატიული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.

„ევროპის დღეს ჩემი გზავნილი საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი ნათელია. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს თქვენს სურვილს – კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოებისთვის. ეს არის გზა ევროკავშირისა და ჩვენი საერთო მომავლისკენ. ეს არის გზა, რომელზეც თქვენს ქვეყანას ევროკავშირი მხარს დაუჭერს“, – წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელში.

 ქართველი ხალხი აქციებს ყოველთვის მართავდა ხოლმე დამოუკიდებლობის და თავისუფლების მოთხოვნით – დღეს კი აქცია იმართება დამოკიდებულების მოთხოვნით -ხუნდაძე

შარშან თითქოს ქართველ ხალხს მისცეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და დღეს, კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევას იხილავენ. თუ ხალხს მისცეს, მაშინ რატომ ართმევენ დღეს? – ამის შესახებ „ხალხის ძალის” გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ მედიას განუცხადა.

დეპუტატის შეფასებით, გასულ წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის ირგვლივ დაწყებულმა კამპანიამ, რომ ის რუსულია, იმუშავა, თუმცა, ხუნდაძემ აქვე აღნიშნა, რომ ამ მესიჯმა დღეს ძირითადად მხოლოდ ახალგაზრდებზე იმოქმედა.

„შარშან თითქოს ხალხს მისცეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და დღეს, კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევას იხილავენ. თუ ხალხს მისცეს, რატომ ართმევენ დღეს?! ეს მიდგომა, რა თქმა უნდა, აცდენილია რეალობას.

„ნაციონალურმა მოძრაობამ” ქუჩა ვერ დააფორმირა – 20-25 კაცი დადიოდა, ხან აღმა, ხან დაღმა და წამოვიდა შეძახილები, თითქოს ეს კანონი არის რუსული. მაშინ ამან იმუშავა და გარკვეულწილად დღესაც, მაგრამ ეს მესიჯი სადღაც გაქრა. ძირითადად, ახალგაზრდებზე იმუშავეს. არადა, ეს არის ის თაობა, რომელმაც უფრო მეტი უნდა წაიკითხოს და მეტი იცოდეს, თუმცა, დაკვეთა ასეთი იყო “არ წაიკითხო და გააპროტესტე.” დღესაც რომ შეეკითხები, რატომ არის ეს კანონი რუსული, არ იცის, რადგან “იმან” ასე თქვა.

საქართველოში, მთავარ პოლიტიკურ მოედანზე, ძალიან ბევრი აქცია გვახსოვს ჩვენც და ძალიან ბევრი აქცია ახსოვს ჩვენი მშობლების თაობასაც, მაგრამ აქციების უდიდესი ნაწილი იმართებოდა დამოუკიდებლობის და თავისუფლების მოთხოვნით. დღეს კი ქუჩაში აქცია იმართება დამოკიდებულების მოთხოვნით, რადგან “იმან ასე თქვა.” ახალგაზრდა თაობა, რაოდენობრივად საკმარისი არ იყო და იქ ვხედავთ სკოლის ბავშვებს”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

უჩა აბაშიძის წინააღმდეგ გამოძიება იარაღის და საბრძოლო მასალების უკანონო შეძენა-შენახვაზეა დაწყებული -ადვოკატი

ბლოგერი უჩა აბაშიძე, რომლის სახლშიც სამართალდამცველები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ, სამართალდამცველებმა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ადვოკატის ინფორმაციით, აბაშიძე დაკავებულია.

„უჩა აბაშიძე ოფიციალურად დაკავებულია. ამ ეტაპზე ეუბნებიან იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას. რამდენადაც ჩვენ განგვიცხადა, მას ყველანაირი იარაღი აქვს კანონიერად რეგისტრირებული. მან ასევე განგვიცხადა, რომ მისი სახლიდან რაღაც ნივთები გაიტანეს, სხვა ოთახიდან, სადაც ის არ იმყოფებოდა, რაც მას თვალით არ უნახავს. ჩვენ, ადვოკატებს, არ გვქონია შესაძლებლობა, ამ პროცესში სრულყოფილად ჩავრთულიყავით“, – განაცხადა ადვოკატმა ანა გახოკიძემ.

მისივე თქმით, აბაშიძე ორთაჭალაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

ადგილზე უჩა აბაშიძის მხარდასაჭერად მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი, რომლებიც ამ დროისთვის მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან.

ოპონენტების ცემას, დაშინებას, დემონსტრაციების დარბევას, რეპრესიებს არაფერი აქვს საერთო ევროპასთან, ეს ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მოქმედებებია-პრეზიდენტი

ოპონენტების ცემას, დაშინებას, დემონსტრაციების დარბევას, რეპრესიებს და სხვა სასტიკ მეთოდებს არაფერი აქვს საერთო ევროპასთან, ეს ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მოქმედებებია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის თეატრში, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქართველი ერი არის ბრძენი და პროვოკაციებს არ აჰყვება.

„დღესდღეობით ვხედავთ ძალადობას, ძალადობას ერის საწინააღმდეგოდ. ოპონენტების ცემა, ოპონენტების დაშინება, დემონსტრაციების დარბევა, რეპრესიები და სხვა სასტიკი მეთოდები – ამას არაფერი აქვს საერთო ევროპასთან, ეს არის სწორედ ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მოქმედებები; ძალადობა და ზეწოლა პარტნიორებზე, რომლებიც გვეხმარებოდნენ, მხარში გვედგნენ, მხარს გვიჭერდნენ – ეს არის გამოხატულება ამ ძალადობის. ქართველი ერი აღარ იარსებებდა, რომ არ ყოფილიყო ასეთი ბრძენი. სწორედ იმიტომ, რომ ქართველი ერი არის ბრძენი, არ აჰყვება პროვოკაციებს, არ მიიღებს კომფრონტაციას, დაპირისპირებას, მაგრამ არ დანებდება, ბოლომდე მივა და მიყვება ევროპულ გზას თავისუფალ არჩევნებამდე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ივანიშვილი იმ რეჟიმის გაგრძელებად იქცა, რომელიც ქართველმა ხალხმა, მასთან ერთად, 2012 წელს მოიშორა-გიორგი გახარია

დღეს არც სააკაშვილს აქვს შანსი დაბრუნდეს არჩევნებით და არც ივანიშვილს ერთპიროვნულად ხელისუფლებაში დარჩეს. ზუსტად ამიტომ, ერთდროულად ალაპარაკდა ორივე რევოლუციაზე, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი იქცა იმ რეჟიმის გაგრძელებად, რომელიც ქართველმა ხალხმა, მასთან ერთად, 2012 წელს „მოიშორა“.

„ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ქვეყანაში 2 რამ შეიცვალა: მან ღიად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საქართველოს ევროპული მომავალი და ჩვენს მოქალაქეებზე ზონდერების მიერ ფიზიკური ძალადობა დააბრუნა, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი. ასე იქცა ივანიშვილი იმ რეჟიმის გაგრძელებად, რომელიც ქართველმა ხალხმა, მასთან ერთად, 2012 წელს მოიშორა.

ფაქტია, დღეს არც სააკაშვილს აქვს შანსი დაბრუნდეს არჩევნებით და არც ივანიშვილს ერთპიროვნულად ხელისუფლებაში დარჩეს. ზუსტად ამიტომ, ერთდროულად ალაპარაკდა ორივე რევოლუციაზე. ამაში ემთხვევიან ერთმანეთს, არც ერთს არ აწყობს, რომ ჩვენ მშვიდად მივიდეთ არჩევნებამდე. არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება, გარანტირებულად ორივეს დამარცხებას ნიშნავს

სამწუხაროდ მსგავს ვითარებაში ჩვენ პირველად არ ვართ, ამიტომ ამჯერად დაუსჯელი ვერავინ დარჩება, ამიტომ ამჯერად მაინც! სამართლიანობა უნდა აღდგეს ყველასთვის. ეს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, რომ ჩვენ შვილებს იგივე წრეზე სიარული მომავალში აღარ მოუწიოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 წლის ბოლოს ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს წევრობისკენ, ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა, არ გაუშვათ ის ხელიდან, ჩვენ გელოდებით-პაველ ჰერჩინსკი

წლის ბოლოს ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს წევრობისკენ, ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. არ გაუშვათ ის ხელიდან, ჩვენ გელოდებით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ რუსთაველის თეატრში, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირს სურს, საქართველო თავისი მშვიდობიანი და ეკონომიკურად სტაბილური მომავლის უზრუნველყოფაში წარმატებული იყოს.

„ყოველწლიურად, ევროპის დღეს ჩვენ ვზეიმობთ ევროინტეგრაციის საოცარი გზის, განსხვავებული ისტორიისა და კულტურის მქონე, მაგრამ საერთო ღირებულებებითა და მისწრაფებებით დაკავშირებული 27 ქვეყნის მშვიდობიან და წარმატებულ კავშირს. საქართველო პირველად აღნიშნავს ამ დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით. ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა ჩვენს საერთო ევროპულ გზაზე.

შარშან, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, მართლაც ამაღელვებელი ეროვნული დღესასწაულის მოწმე გავხდი. დავინახე ყველა თაობის და წრის ადამიანები მათთვის და მათი ოჯახებისთვის მშვიდობიანი, აყვავებული, უსაფრთხო მომავლის იმედით სავსე. ვამაყობდი, რომ ამ არაჩვეულებრივი მომენტის მონაწილე ვიყავი და არა მარტო ყველა პოლიტიკურ ლიდერს, არამედ, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობას ეს ისტორიული მიღწევა გულწრფელად მივულოცე. სწორედ ამიტომ, დღეს, სულ რამდენიმე თვის შემდეგ, რაც ევროკავშირმა საბოლოოდ ფართოდ გაუღო კარი საქართველოს, გულდასაწყვეტია ყოყმანისა და დაეჭვების დანახვა. დაბნეულობის, დაყოფის და, უფრო უარესი, დაშინების და ძალადობის დანახვა. როგორც პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა თქვა, საქართველო გზაგასაყარზეა. ის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე უნდა დარჩეს. ამ წლის ბოლოს ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს წევრობისკენ. ამისთვის საქართველომ უნდა აჩვენოს ევროკავშირის ღირებულებებისადმი მტკიცე ერთგულება და საჭირო რეფორმები განახორციელოს. ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. ის ხელიდან არ უნდა გაუშვათ, არ გაუშვათ ის ხელიდან. ჩვენ გელოდებით.

გვინდა, რომ საქართველო თავისი მშვიდობიანი და ეკონომიკურად სტაბილური მომავლის უზრუნველყოფაში წარმატებული იყოს. გვინდა, გახდეთ ჩვენი კავშირის ნაწილი, რადგან პატივს ვცემთ საქართველოს ამაყ ხალხს, რომელიც არის მშვიდობისმოყვარე, ნიჭიერი და ევროკავშირის ძირითად ღირებულებებს იზიარებს. ევროკავშირი ამაყობს თავისი მრავალფეროვნებით და ყველა წევრი ქვეყნის უნიკალურ ისტორიას, კულტურას სათუთად უფრთხილდება. გვინდა, საქართველო თავისი მდიდარი კულტურითა და ტრადიციებით ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილი გახდეს.

რუსთაველის ულამაზესი თეატრის შემხედვარე, ვხედავ ჩვენ პარტნიორებს, პოლიტიკოსებს, საჯარო მოხელეებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს. ვხედავ მუსიკოსებს, პოეტებს, მოსამართლეებს, ექიმებს, მასწავლებლებს და სტუდენტებს. მინდა, გულწრფელად მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ქვეყნის, საქართველოს კეთილდღეობით აღსავსე და მშვიდობიან ევროპულ მომავალში შეტანილი წვლილისთვის, თქვენი თავდადებისთვის. ძალა ერთობაშია. ჩვენ გვჯერა თქვენი. საქართველოს შეუძლია, ეს გვერდი გადაფურცლოს და ევროკავშირის წევრობისკენ სვლა გააგრძელოს. დრო ჯერ კიდევ არის.

ძალიან მკაფიო ვიქნები: ევროკავშირის შემდეგი გაფართოება აუცილებლად მოხდება, მოხდება ეს საქართველოსთან ერთად თუ საქართველოს გარეშე, ეს დამოკიდებულია მხოლოდ თქვენზე, საქართველოს მოსახლეობაზე. დარჩით ევროკავშირის გზაზე. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ, რათა მაქსიმალურად დაგეხმაროთ.

დაბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ნება მიბოძეთ, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მაესტრო ნიკოლოზ რაჭველს, საქართველოს სიმფონიურ ორკესტრს და მოწვეულ ხელოვანებს დღევანდელი მუსიკალური საჩუქრისთვის. ისიამოვნეთ საოცარი შესრულებით“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

 მივესალმები საფრანგეთში საქართველოს ელჩის, გამორჩეული პროფესიონალის, გოჩა ჯავახიშვილის სწორსა და გაბედულ ნაბიჯს -მიხეილ სააკაშვილი

მივესალმები საფრანგეთში საქართველოს ელჩის, გამორჩეული პროფესიონალის, გოჩა ჯავახიშვილის სწორსა და გაბედულ მოქალაქეობრივ ნაბიჯს, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ამასთან, სააკაშვილი მოუწოდებს სახელმწიფო თანამდებობებზე მყოფ ნებისმიერ პირს, მათ შორის მის დროს დანიშნულს, გააკეთოს სწორი არჩევანი და არ დაუპირისპირდეს საქართველოს ინტერესებს.

„ამას უსათუოდ დაგიფასებთ საზოგადოება, ის თაობა, რომელიც დღეს იბრძვის ქვეყნის გადასარჩენად. დღეს კიევში გაიჟღერა ევროპარლამენტის პრეზიდენტის რობერტა მეცოლას განცხადებამ, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება უკრაინასა და მოლდოვასთან და იმედია, მათ მალე შეუერთდებიან საქართველო და ბელორუსი. ამასაც მივაღწიეთ, რომ ვართ ერთ დონეზე ბელორუსთან. ეს მოგვწონს? ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი? კარგად დაფიქრდით და ნუ გაწირავთ სამშობლოს!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

გოჩა ჯავახიშვილმა დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საფრანგეთში საქართველოს ელჩის თანამდებობას ტოვებს.

https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/posts/976663690495895?ref=embed_post