Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

ნიკა გვარამია -„ქართული ოცნების“ მატარებელი გასულია სადგურიდან და მოუსავლეთში მიდის – ნიკა გვარამია

ჩვენ ვართ ვეფხისტყაოსნის ქვეყანა. ეს ის შემთხვევა არ არის, როცა „შიში შეიქმს სიყვარულსა“, იქ სხვა შიშზე არის ლაპარაკი – საღვთოზე. ბიძინა ივანიშვილს შეიძლება ღმერთი ჰქონია თავისი თავი, მაგრამ ღმერთი კი არა ბოლო ნაძირალაა, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

გვარამია ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ სანამ დრო ჯერ კიდევ არის „გაჩერდნენ“. „ჩვენ ვეფხისტყაოსნის ქვეყანა ვართ. ეს ის შემთხვევა არ არის, როცა „შიში შეიქმს სიყვარულსა“, იქ სხვა შიშზე არის ლაპარაკი – საღვთოზე. ბიძინა ივანიშვილს შეიძლება ღმერთი ჰქონია თავისი თავი, მაგრამ ღმერთი კი არა ბოლო ნაძირალაა, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. ის არის ამ ქვეყნის მტერი, ის არის უზურპატორი და უზურპატორი ხელისუფლებიდან უნდა გავუშვათ. ეს კაცი დგას ჩვენსა და ნათელ მომავალს შორის, ჩვენი შვილების ნათელ მომავალს და ჩვენს შვილებს შორის. ჩვენი დიდი წინაპრების ოცნებებსა და მისწრაფებებსა და ამ მიზნების ახდენას შორის. ამიტომ ეს კაცი უნდა გავწიოთ. მორევაზე ნუ გადადიან! – იმიტომ, რომ თუ მორევაზე გადაიყვანენ პროცესებს, მათი დამცველი ამ ქვეყანაში აღარავინ აღარ დარჩება და პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება მათი დაცვა. არა და მოდის დრო, როცა ძალიან დასჭირდებათ ეს ამბავი და დასჭირდებათ ამ ქვეყნის პატრიოტი მოქალაქეების მიერ დაცვაც. იმიტომ, რომ პირველი ის „ვანდერლოგები“ შეესევიან, ვისაც დღეს ქართველ პატრიოტებს უსევენ. ამიტომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მათი პირადი ინტერესებიდან გამომდინარეც გაჩერდნენ სანამ დროა, გაჩერდნენ. დრო ნამდვილად ჯერ კიდევ არის. რაც შეეხება იმას რასაც აკეთებენ, კვლავ გავიმეორებ, ეს ვეფხისტყაოსნის ქვეყანაა და ამ დიდ წიგნშია ნათქვამი, რომ კეთილი სძლევს ბოროტს. ეს ის შემთხვევაა, როცა კეთილი აუცილებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა გვარამიამ.

გარდა ამისა, გვარამია ჟურნალისტებთან საუბრისას გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ყველა ტექსტი არის დამონტაჟებული, ყველა მასალა არის უკანონოდ მოპოვებული, კატეგორიულად ავთენტურობას გამორიცხავს“.

„სამარცხვინო ამბავია, რასაც ხელისუფლება აკეთებს. ჯერ ერთი არის ფაბრიკაცია, აბსოლუტურად ყველა. მერე არის უკანონო სადღაც დამონტაჟებული, კომპიუტერში შესული, მოსმენილი და ა.შ. ჩემი აზრით, სირცხვილია ამაზე საუბარიც, უკანონო ჩანაწერების განხილვა, ფაბრიკაციებში შესვლა. არავის ეს არ აინტერესებს. ჩავლილი აქვს ამ მატარებელს. „ქართული ოცნების“ მატარებელი გასულია სადგურიდან და მიდის მოუსავლეთში. დროზე ჩამოხტნენ იმიტომ, რომ ეს ძალიან ცუდი მატარებელია. არ შევალ არაფერ სისულელის განხილვაში. იმიტომ, რომ ყველა ტექსტი არის დამონტაჟებული, ყველა მასალა არის უკანონოდ მოპოვებული, კატეგორიულად გამოვრიცხავ ავთენტურობას და არ მაღელვებს ვინ სად, როდის და რა თქვა და რა გამოაქვეყნა“, – აღნიშნა გვარამიამ.

“გადაწყვეტილებად გვაქვს მიღებული, რომ სახლად ვაქციოთ რუსთაველის გამზირი და არა ვუთხრათ რუსულ რეჟიმს” – ნიკა მელია

როდესაც სახლებში გვიცვივდებიან, როდესაც სახლებთან გვისაფრდებიან, როდესაც მშობლებს ურეკავენ და შეურაცხყოფას აყენებენ, როდესაც შვილებს სცემენ, როდესაც ხელისუფლება ძალადობს, რომელმაც დაკარგა ლეგიტიმაცია, ამ პირობებში ჩვენ საკუთარ გადაწყვეტილებად გვაქვს მიღებული, რომ სახლად ვაქციოთ რუსთაველის გამზირი და არა ვუთხრათ რუსულ რეჟიმს, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ შიდა კვლევებითაც დასტურდება, რომ მათი მხარდაჭერა 25%-ს ჩამოსცდა და ასეთ დროს მათთვის ერთადერთი თუმცა ფუჭი გამოსავალი აქვთ მოძებნილი ძალმომრეობის სახით.

„საკუთარ კვლევებშიც კი მათი მხარდაჭერა 25%-ს ჩამოსცდა და დღეს მთლიანად არის გაკოტრებული. ასეთ შემთხვევაში მათთვის ერთადერთი ფუჭი გამოსავალი არის მოძებნილი ძალმომრეობა და როდესაც ამ ყველაფერს აკეთებ, ჩვენ საკუთარ გადაწყვეტილებად გვაქვს მიღებული, რომ სახლად ვაქციოთ რუსთაველის გამზირი და არა ვუთხრათ რუსულ რეჟიმს და მის ძალმომრეობას, ეს ასე იქნება. საქართველო ვერ გახდება რუსეთი, რუსული ინსტრუქციებით ვერ მართავ ქართველ ხალხს, ძალმომრეობით ვერ მართავ სახელმწიფოს! არაფერი სხვა მათ აღარ შეუძლიათ, არ შეუძლიათ დებატები, არ შეუძლიათ საუბარი, არ შეუძლიათ საკუთარი ამომრჩევლის ნაწილის დარწმუნებაც კი და მაშასადამე, ერთადერთი გზა არის – კრიმინალური ქმედებები. მაგრამ ამას უნდა გაეცეს პასუხი სიმრავლით, სიმტკიცით, რაც უზრუნველყოფს ხელისუფლების მშვიდობიან ცვლილებას. ყველა ერთად უნდა დავდგეთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება და ახლა 11 მაისს 3 ლოკაციაზე ვიკრიბებით – მარჯანიშვილის მეტროსთან, 300 არაგველის მეტროსთან და რესპუბლიკის მოედანზე, საღამოს 19:00 საათზე და სიმრავლით და სიმტკიცით უნდა გავცეთ პასუხი. ვერ დაიმორჩილებ დაშინებით ვერავის, არავის ეპატიება ოჯახის წევრების დაშინება, შეურაცხყოფა, „ბაიკერებისთვის“, მშვიდობიანი დემონსტრანტებისთვის მუხრუჭების გადაჭრა, ამ ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება, რომელსაც აქვს პრეტენზია მართოს სახელმწიფო, თუნდაც ცუდად?! სინამდვილეში ეს ყველაფერი ხომ ემსახურება ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას და რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნებას და უკან შეყვანას! არ გამოვა ეს!“- განაცხადა მელიამ.

რუსული და ცუდი რომ ვერაფერი მოძებნეს კანონპროექტში, ბოლოს სათაურს ჩაეჭიდნენ, სტიგმატიზაციას ახდენსო – მამუკა მდინარაძე

რუსული და ცუდი რომ ვერაფერი მოძებნეს კანონპროექტში, ბოლოს სათაურს ჩაეჭიდნენ, სტიგმატიზაციას ახდენსო – სათაკილო, დასამალი და ნეგატიურ კონტექსტში სასტიგმატიზაციო მხოლოდ მაშინ ხდება დაფინანსება, როდესაც ის შავბნელ და ანტიეროვნულ საქმეებს ემსახურება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე წერს.

„შემდეგი დაპირებული თემა: რუსული და ცუდი რომ ვერაფერი მოძებნეს კანონპროექტში, ბოლოს სათაურს ჩაეჭიდნენ, სტიგმატიზაციას ახდენს და ამ სათაური და სახელის ქვეშ ცოცხალი თავით არ ვიმუშავებთო. „უცხოური ძალის ინტერესების გატარება” ეს არის ფაქტის კონსტატაცია მაშინ, როდესაც ორგანიზაცია უცხოეთიდან ფინანსდება!

არა თუ სათაკილო, არამედ საამაყოა ისეთი დაფინანსებით ისეთივე საქმის კეთება, რომელიც უცხოურ კეთილშობილურ ინტერესთან ერთად ქართულ, ეროვნულ საქმესაც ემსახურება. ასეთ შემთხვევაში ორგანიზაცია ამაყად განაცხადებს, რომ, მაგალითად, ევროპული დაფინანსებით ატარებს ევროპულ ინტერესს საქართველოში, რაც ამავდროულად ქართული, ეროვნული საქმეა! იდეალური თანხვედრაა! დასამალიც არაფერი, პირიქით!

სათაკილო, დასამალი და ნეგატიურ კონტექსტში სასტიგმატიზაციო მხოლოდ მაშინ ხდება დაფინანსება, როდესაც ის შავბნელ და ანტიეროვნულ საქმეებს ემსახურება… და ბოლო, მოდით ვნახოთ, ანალოგიური სფეროს, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის, რეგულირების როგორი პრაქტიკაა მსოფლიოში – მოქმედ და დაინიცირებულ კანონმდებლობებში:

1. აშშ

• სათაური: „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (Foreign Agents Registration Act)

• პირის დასახელება: უცხოური პრინციპალის აგენტი

2. ევროკავშირი

• სათაური: „მესამე ქვეყნების სახელით განმახორციელებელი ინტერესების წარმომადგენლობის გამჭვირვალობის შესახებ შიდა ბაზარზე ჰარმონიზებული მოთხოვნების დაწესება“ (Establishing harmonised requirements in the internal market on transparency of interest representation carried out on behalf of third countries)

• პირის დასახელება: ინტერესების წარმომადგენლობის მომსახურების გამწევი

(თითოეულმა ევროკავშირის წევრმა სახელმწიფომ უნდა შექმნას რეესტრი ასეთის არარსებობის შემთხვევაში).

3. რუსეთი

• სათაური: „უცხოური გავლენის ქვეშ მყოფ პირთა საქმიანობის კონტროლის შესახებ“ (О контроле за деятельностью лиц, находящихся под иностранным влиянием)

• პირის დასახელება: უცხოური აგენტი

4. გაერთიანებული სამეფო

• სათაური: „უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემა“ (FIRS – Foreign Influence Registration Scheme)

• პირის დასახელება: სპეციფიკური პირი (specified person)

5. ავსტრალია

• სათაური: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის სქემის აქტი“ (FITS – Foreign Influence TransparencyScheme Act)

• პირის დასახელება: უცხო სახელმწიფოსთან დაკავშირებული იურიდიული პირი / უცხო სახელმწიფოსთან დაკავშირებული ფიზიკური პირი

6. კანადა

• სათაური: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის გაძლიერება“ (განახლებული: კანადის უსაფრთხოებისა და სადაზვერვო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილება) (Enhancing ForeignInfluence Transparency)

• პირის დასახელება: უცხო სახელმწიფოს სახელით მოქმედი ფიზიკური და იურიდიული პირები

7. საფრანგეთი

• სათაური: „კანონი „უცხოური ჩარევის დასაძლევად“ (Law to counter foreign interference)

• პირის დასახელება: უცხოური პრინციპალის ინტერესების წარმომადგენლები

8. სლოვაკეთი

• სათაური: უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების შესახებ

• პირის დასახელება: უცხოური მხარდაჭერის მქონე ორგანიზაცია

9. ახალი ზელანდია

• სათაური: Electoral Act – საარჩევნო აქტი; Crimes Act- დანაშაულების შესახებ აქტი; Companies Act – კომპანიების შესახებ აქტი (კანონი არ არის ერთიანი კონსოლიდირებული სახით)

• პირის დასახელება: კონკრეტულად განსაზღვრული არ არის

10. ისრაელი

• სათაური: „უცხოური ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულების შესახებ“ კანონი“ (Law Requiring Disclosure by NGOs Supported by Foreign Governmental Entities)

• პირის დასახელება: უცხოური მხარდაჭერის მიმღები

ამ ათი მაგალითიდან, რუსეთის მაგალითს რომ დასდევენ დიდი რუდუნებით, დანარჩენ ცხრაში რა ხდება, სტიგმაა, მაგრამ დასავლური, დემოკრატიული სტიგმაა და კარგია?

ცოტა უფრო სერიოზულად თუ შევხედავთ, ჩვენი პარტნიორი ქვეყნები დასახელებასაც და ფაქტის კონსტატაციასაც კი არანაკლებ ან/და უფრო მკაცრად უდგებიან!

ამიტომ, ხო არ ჯობია იმის ციტირებას, რა თქვეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, ჯერ ის ვნახოთ რა ქნეს და იმით ვიხელმძღვანელოთ თუ მაინცდამაინც მიბაძვა გინდათ?!“ – წერს მდინარაძე.

“გილოცავთ ევროპის დღეს! მჯერა, რომ საქართველო მალე შეუერთდება ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს” – შალვა პაპუაშვილი

გილოცავთ ევროპის დღეს! მჯერა, რომ საქართველო მალე შეუერთდება ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ევროპის ერთობა ემყარება სუვერენულ ქვეყანათა კავშირს, რადგან სწორედ თავისუფალ სახელმწიფოთა გაერთიანებას შესწევს ძალა ბოროტების დამარცხების.

,,მეორე მსოფლიო ომის დამანგრეველმა ანტიჰუმანურმა შედეგებმა ევროპას გაერთიანების იდეა შთააგონა, ისტორიის მკაცრმა გაკვეთილმა ევროპის წამყვან ქვეყნებს მშვიდობისა და ახალი ომების პრევენციის მიზნით ერთობის აუცილებლობა უკარნახა.

დღეისათვის ევროკავშირი 27 ქვეყანას აერთიანებს, რომელთა მიზანს მშვიდობის უზრუნველყოფა და ევროპელი ხალხის კეთილდღეობა წარმოადგენს.

ევროპის ერთობა ემყარება სუვერენულ ქვეყანათა კავშირს, რადგან სწორედ თავისუფალ სახელმწიფოთა გაერთიანებას შესწევს ძალა ბოროტების დამარცხების.

გილოცავთ ევროპის დღეს! მჯერა, რომ საქართველო მალე შეუერთდება ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს, სადაც თითოეული ქვეყანა თავისი თვითმყოფადობითა და ისტორიული გამოცდილებით შეიტანს წვლილს ევროპის მშვიდობის და წინსვლის უზრუნველყოფაში,” – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

თუ ვინმეს არ აწყობდა ადამიანების ასეთი სასტიკი ცემა, ეს არის „ქართული ოცნება“ და თუ ვინმეს შეუძლია ამის განხორციელება, ეს არის ყველაფერზე წამსვლელი რადიკალური ოპოზიცია – გია ვოლსკი

რადიკალური ოპოზიცია ყველაფერზეა წამსვლელი, არა მარტო ცემაზე, არამედ მკვლელობაზე და მათ ეს არ შეეშლებათ – მცემლებიც, პროვოკატორებიც უნდა მოიკითხოთ იმ ჯგუფში, რომელიც ამაში გამოცდილია, რომელსაც მოუკლავს კიდეც, უწამებია კიდეც და დღესაც სისხლიანი ხელებით დგანან და ბავშვების კისერზე შემომსხდრები პოლიტიკაში სადავეების ხელში აღებას ცდილობენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გუშინ მომხდარი ფიზიკური ძალადობის ფაქტები შეაფასა.

მისივე თქმით, თუ ვინმეს არ აწყობდა ამ ადამიანების სასტიკი ცემა, ეს არის “ქართული ოცნება” და თუ ვინმეს შეუძლია ამის განხორციელება, ეს არის ყველაფერზე წამსვლელი რადიკალური ოპოზიცია.

“ძალიან მძიმეა ეს შემთხვევა. ერთადერთი, რამაც შეიძლება “ქართული ოცნების” იმიჯი დააზიანოს, არის თავდასხმები. ეს თავდასხმები გადაღებულია და ყველა საერთაშორისო დონეზე გაშვებულია. მათ შორის, ევროპარლამენტარები იყენებენ თავის რიტორიკაში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს თემა უკვე შედგა. აქედან გამომდინარე, პატარა ბავშვიც მიხვდება, რომ არ შეიძლება ვიღაცა თავს დაესხას კონკრეტულ ადამიანს და ზედ თან დასძახოდეს, რომ “შენ რომ ე.წ. “რუსულ კანონს” მხარს არ უჭერ, ამიტომ გცემო”. აბსოლუტური სისულელეა. რაც შეეხება ასეთ სასტიკ ცემას – ეს ხალხი ყველაფერზეა წამსვლელი, არა მარტო ცემაზე, მკვლელობაზეა წამსვლელი და მათ ეს არ შეეშლებათ. ათასჯერ აქვთ განხორციელებული. ვინ ხალხს და რადიკალურ ოპოზიციას. თუ ვინმეს არ აწყობდა დღეს ამ ადამიანების ასეთი სასტიკი ცემა, ეს არის “ქართული ოცნება” და თუ ვინმეს შეუძლია ამის განხორციელება, ეს არის ყველაფერზე წამსვლელი რადიკალური ოპოზიცია. შეიძლება ყველა არა, მაგრამ გარკვეული ჯგუფი არსებობს, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ “ქართული ოცნების” დისკრედიტაცია მოხდეს, მით უმეტეს, ამ 11 მაისის შეხვედრის წინ,” – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, გუშინ, “ჭავჭავაძის ცენტრის” მკვლევარს, გია ჯაფარიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ექიმების ცნობით, მას ქალა-ტვინის ტრავმა აქვს, მისი მდგომარეობა სტაბილურია და კვლევები უტარდება. ამასთან, გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს საკუთარ სახლთან დაესხნენ თავს. ამასთან, ფიზიკურად გაუსწორდნენ ლაშა ღვინიანიძესაც.

ვლადიმერ პუტინი და ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რამდენიმე რეგიონიდან რუსი სამხედროების გაყვანაზე შეთანხმდნენ- დიმიტრი პესკოვი

რუსეთისა და სომხეთის ლიდერები, ვლადიმერ პუტინი და ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის ზოგიერთი რეგიონიდან რუსი სამხედროებისა და მესაზღვრეების გაყვანაზე შეთანხმდნენ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა სააგენტო „რია-ნოვოსტისთან“ საუბარში განაცხადა.

„იმის გამო, რომ პირობები შეიცვალა, ფაშინიანი და პუტინი ამ საკითხზე შეთანხმდნენ“, – აღნიშნა პესკოვმა.

კრემლის პრესსპიკერმა დააზუსტა, რომ სომხური მხარის მოთხოვნით, რუსი მესაზღვრეები ირანთან და თურქეთთან საზღვარზე დარჩებიან.

მინდა იცოდეთ ახალგაზრდებო, რომ სანამ თქვენ აქციებზე დგახართ, რადიკალური ოპოზიცია მოვლენების სასურველი სცენარით განვითარებას ელოდება – ეს მათი ბოლო შანსია თქვენს ხარჯზე! – არჩილ თალაკვაძე

10 წელი ელოდნენ ამ თაობას, რომელსაც არ უნახავს და ბუნებრივია, მძაფრად ვერ ემახსოვრება “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური კოშმარი – მინდა იცოდეთ ძვირფასო ახალგაზრდებო, რომ სანამ თქვენ ქუჩაში, აქციებზე დგახართ, პოლიტიკური შურისძიებით შეპყრობილი რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი ოპოზიცია მოვლენების სასურველი სცენარით განვითარებას ელოდება – ეს მათი ბოლო შანსია თქვენს ხარჯზე! – ამის შესახებ “ფეისბუქის“ გვერდზე პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე წერს.

როგორც თალაკვაძე აცხადებს, “ახლა, როცა ისინი სრულწლოვანები და მომავლის ენერგიით სავსენი არიან, ქუჩაში გამოსვლისკენ, პოლიციასთან შეტაკებისკენ, პარლამენტზე ძალადობრივი შეტევისკენ, გზების გადაკეტვისა და საცობში მყოფი მოქალაქეების შეურაცხყოფისკენ, საკუთარი ქვეყნის პარალიზებისკენ მოუწოდებენ“.

“დემოკრატიის წესებს, არგუმენტებზე დაფუძნებული დისკუსიის და არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობას კი არ უხსნიან, არამედ პირდაპირ, უხეში დაპირისპირების წინა ხაზზე აყენებენ, თვითონ კი უკანა რიგებში, ოფისებში არიან ჩასაფრებული, დესტაბილიზაციის გეგმებს განიხილავენ და ფულით, ინვენტარით და შეძახილებით ამარაგებენ ახალგაზრდებს, ბავშვებს. მოუთმენლად ელიან, მოხდეს დაპირისპირება, რომ როგორმე სასურველი სურათი მიიღონ, რითაც ჩვენი საზოგადოების ემოციებზე ადვილად მოახდენენ გავლენას.

სრულიად აშკარაა უხეში ჩარევა დემოკრატიაში და საინფორმაციო შეტევა ჩვენი საზოგადოების ცნობიერებაზე – როცა თეთრზე შავს გიმტკიცებენ და ქვეყნის ევროპულ ტრაექტორიას – რუსულს არქმევენ.

საქართველოს თუ რამე აყენებს სახიფათო გზაზე, ეს არის დემოკრატიული არჩევნების გვერდის ავლით, გადაწყვეტილების მიღების იძულება და პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი სცენარის მხარდაჭერა.

ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, კანდიდატის სტატუსი; თანამედროვე, ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი ჯარი; რუსეთის წინააღმდეგ მოგებული ისტორიული საქმეები ევროსასამართლოში და ჰააგაში, სადაც საქართველომ გაიმარჯვა და რუსეთი გამტყუნდა – ეს მნიშვნელოვანი ნაწილია ევროინტეგრაციის გზაზე იმ რეალური პროგრესისა და მე ვიტყოდი ისტორიული ფაქტებისა, რომელიც სწორედ ჩვენს ხელისუფლებას უკავშირდება. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ “ქართულმა ოცნებამ” შეიტანა 78-ე მუხლი კონსტიტუციაში, რომლითაც კიდევ უფრო განმტკიცდა ჩვენი ხალხის ისტორიული, ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი.

სამწუხაროდ, ყოფილ სახელისუფლებო პარტიას, რომელიც ჯერ კიდევ წარმოადგენს ოპოზიციური სპექტრის დიდ ნაწილს, დღემდე ვერ წარმოუდგენია ხელისუფლებაში ყოფნის გარეშე, თანაცხოვრება ჩვენს მოქალაქეებთან. ძალაუფლების პირობებში კი როგორ იქცევიან, საქართველომ ერთხელ ეს უკვე ნახა და არასდროს განმეორდება!

ამ ფონზე, მინდა იცოდეთ ძვირფასო ახალგაზრდებო, რომ სანამ თქვენ ქუჩაში, აქციებზე დგახართ – პოლიტიკური შურისძიებით შეპყრობილი რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი ოპოზიცია ელოდება მოვლენების სასურველი სცენარით განვითარებას. ეს მათი ბოლო შანსია თქვენს ხარჯზე!“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

რუსული მეთოდებით ბრძოლა ივანიშვილის მარცხით დასრულდება, ეს გარდაუვალია! – დიმიტრი ჩიქოვანზე თავდასხმა ივანიშვილის მიერ დაანონსებული რეპრესიების სისრულეში მოყვანის უსუსური მცდელობაა – თინა ბოკუჩავა

გუშინ ივანიშვილის მიერ დაქირავებული ხუთკაციანი დაჯგუფება თავს დაესხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანს, დიმიტრი ჩიქოვანს, ეს არის რუსთაველზე ივანიშვილის მიერ დაანონსებული რეპრესიების სისრულეში მოყვანის უსუსური მცდელობა საზოგადოების დაშინების მიზნით. რუსული მეთოდებით ბრძოლა საკუთარ ხალხთან დასრულდება ივანიშვილის მარცხით და ეს გარდაუვალია,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, „საზოგადოებაში გაიზრდება არა შიში, არამედ ურთიერთსოლიდარობა და რწმენა, რომ რუსული მთავრობა აუცილებლად ერთიანი ძალებით უნდა მოვაშოროთ“.

„გუშინ ივანიშვილის მიერ დაქირავებული ხუთკაციანი დაჯგუფება თავს დაესხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანს, დიმიტრი ჩიქოვანს. ასევე, გუშინ ასევე საკუთარ სახლთან, თავს დაესხნენ გია ჯაფარიძეს, საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორს და აქტივისტს. დიმასაც და გიასაც აღენიშნებათ დაზიანებები. დიმას აქვს სახის ძვლების მოტეხილობები და მძიმე დაზიანებები თავის არეში. ეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირა გავიდა ლევან ხაბეიშვილის უმოწყალოდ ცემის ფაქტის შემდეგ, რომელსაც უშუალოდ ესწრებოდნენ მაღალი თანამდებობის პირები ივანიშვილის დავალებით. ნაცემია ათეულობით ახალგაზრდა და აქტივისტი, უკანონოდ აკავებენ ახალგაზრდებს. შსს, რომელსაც დღევანდელ ბრიფინგზე უნდა ესაუბრა იმაზე თუ როგორ დაისჯებიან მოძალადეები, კვლავ აანონსებს რეპრესიებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. პარალელურად, ასევე საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს ურეკავდნენ ხან დაფარული ნომრებით და ხან ღია ნომრებით. ურეკავდნენ მათ ოჯახის წევრებს, მათ მცირეწლოვან შვილებს და კონკრეტულად მათი საცხოვრებელი სახლების მისამართებზე აპელირებით ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით. ეს არის რუსთაველზე ივანიშვილის მიერ დაანონსებული რეპრესიების სისრულეში მოყვანის უსუსური მცდელობა. ეს არის საზოგადოებაში მასობრივი ტერორის დათესვის მცდელობა, მისი დაშინების, გაჩუმების და გაჩერების მიზნით. „რუსული კანონის“ და რუსეთისკენ აღებული გეზის დასაცავად რუსული მეთოდებით ბრძოლა საკუთარ ხალხთან დასრულდება ივანიშვილის მარცხით, ეს გარდაუვალია. საზოგადოებაში გაიზრდება არა შიში, არამედ ურთიერთსოლიდარობა და რწმენა, რომ რუსული მთავრობა აუცილებლად ერთიანი ძალებით უნდა მოვაშოროთ. ამაში დარწმუნებული ვარ, როგორც არასდროს. მაგრამ ერთი მინდა იცოდეს თითოეულმა მოძალადემ, თითოეულმა ადამიანმა, რომელიც მონაწილეობს ამ ძალადობაში აქტივისტების თუ ოპოზიციონერების წინააღმდეგ, დაქირავებული მაგინებლების წინააღმდეგაც მინდა რომ ვთქვა, რომ ძალიან მალე ხელისუფლება შეიცვლება, ეს გარდაუვალია, ეს ვიცით ყველამ. ამას ხედავენ საქართველოში საერთაშორისო მეგობრები. ამას ხედავენ ის ახალგაზრდები, რომლებიც იცავენ საქართველოს მომავალს ყოველდღე რუსთაველის გამზირზე, ხელისუფლება შეიცვლება და თითოეულ თქვენგანს მოუწევს პასუხის გაცემა დამოუკიდებელი ქართული მართლმსაჯულების წინაშე. მივმართავ სახალხო დამცველს, რომ უფრო აქტიურად ჩაერთოს პროცესებში. ასევე, მივმართავ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, რომ ახალ ნამდვილად მოქმედების დროა. იმისთვის, რომ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით დავიცვათ საქართველოს ისტორიული ევროატლანტიკური არჩევანი და რაც მთავარია, მინდა მივმართო თითოეულ მოქალაქეს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებიც იცავენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს – ზუსტად ვიცი, თქვენ ვერაფერი შეგაშინებთ და მინდა იცოდეთ,რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვარ. გვერდით გვიგულეთ ამ საერთო ბრძოლაში, რომელიც აუცილებლად თქვენი გამარჯვებით დასრულდება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„ქოცებს“ ჰგონიათ, რომ ჩვენ ვართ შუა აზიის საზოგადოება, რომელსაც თავში თუ წამოუტყაპუნებ, დაიჭერ, გალახავ, ჭკვიანად იქნება და ძუნძულით გამოგყვება რუსეთისკენ – ხელისუფლებას ეშლება!”

ხელისუფლება ცდილობს ხალხი „ნაცური“ მეთოდებით დააშინოს და უფრო და უფრო მეტად ემსგავსება იმას, ვისაც მთელი ცხოვრება ებრძოდა – „ქოცებს“ ჰგონიათ, რომ ჩვენ ვართ შუა აზიის საზოგადოება, რომელსაც თავში თუ წამოუტყაპუნებ, დასჯი, დაიჭერ, გალახავ, ჭკვიანად იქნება და ეგრევე გამოგყვება ძუნძულით რუსეთისკენ, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გუშინ მომხდარი ფიზიკური ძალადობის ფაქტებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, არ სჯერა, რომ ფიზიკური ძალადობის შემდეგ რომელიმე ადამიანი “გამოსწორდება”.

როგორც ხვიჩია აღნიშნავს, ეს არა მონების, არამედ თავისუფალი ადამიანების საზოგადოებაა და “ქართულ ოცნებას” სწორედ ეს ეშლება.

“ჩემი აზრით, ეს ნიშნავს ხელისუფლების ისტერიკას, რომელიც ცდილობს ადამიანები დააშინოს “ნაცური” მეთოდებით და შესაბამისად, უფრო და უფრო მეტად ემსგავსება იმას, ვისაც ებრძოდა მთელი ცხოვრება. მე არ მჯერა, რომ ამას რაიმე შედეგი ექნება, არ მჯერა, რომ რომელიმე ადამიანი “გამოსწორდება” ამ გალახვის შემდეგ და “ქართული ოცნებისთვის” რამე უკეთესობა იქნება. ზუსტად იგივე ნაწილია ხალხის დაკავება, ზუსტად, ასევე, ისტერიას წააგავს ესეც. ამ შემთხვევაში უკვე ბავშვების მშობლებს აშინებენ, რომ თქვენი შვილები რომ არ გაიშარონ აქციაზე, არ გაუშვათო. ამაზე უარესს აკეთებდნენ “ნაცები” 2012 წელს და მე მგონია, “ქოცებიც” აგრძელებენ შესაბამისად. მე მგონია, აუხდებათ ის გამოთქმა, რომელსაც ხალხი ნელ-ნელა ქუჩაშიც სკანდირებს უკვე – “ქოცებო, თქვე ნაცებო”. ადამიანებისთვის, ზედ არჩევნების წინ, არანაირი განსხვავება არ იქნება 2012 წლის “ნაცებსა” და დღევანდელ “ქოცებს” შორის, იმიტომ, რომ ერთი და იგივე ტემპი აქვთ აკრეფილი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შენარჩუნების.

ჩემი აზრით, “ქოცები” არ იცნობენ ქართულ საზოგადოებას. მათ ჰგონიათ, რომ ჩვენ ვართ შუა აზიის საზოგადოება, რომელსაც თავში თუ წამოუტყაპუნებ, დასჯი, დაიჭერ, გალახავ, ჭკვიანად იქნება და ეგრევე გამოგყვება ძუნძულით რუსეთისკენ. მგონია, რომ ამაში ეშლებათ ფუნდამენტურად, რომ ეს არა მონების საზოგადოება, არამედ თავისუფალი ადამიანების საზოგადოებაა. სწორედ ამიტომ მჯერა მე ჩემი ქვეყნის და ჩემი თანამოქალაქეების,” – განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, გუშინ, “ჭავჭავაძის ცენტრის” მკვლევარს, გია ჯაფარიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ექიმების ცნობით, მას ქალა-ტვინის ტრავმა აქვს, მისი მდგომარეობა სტაბილურია და კვლევები უტარდება. ამასთან, გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს საკუთარ სახლთან დაესხნენ თავს. ამასთან, ფიზიკურად გაუსწორდნენ ლაშა ღვინიანიძესაც.

ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი აუცილებლად მიიღწევა, საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ აქვს – ილია დარჩიაშვილი

დღეს ევროპის დღეა – დღე, როდესაც ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების მოქალაქეები ერთობასა და მშვიდობიან თანაცხოვრებას აღნიშნავენ. დღევანდელი დღე მრავალ სახელმწიფოს აერთიანებს ერთიანი ღირებულების გარშემო და გვახსენებს საერთო მიღწევებს მშვიდობის განმტკიცების, ინსტიტუციური განვითარების, ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობისა და ინკლუზიური და ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბების მიმართულებით, – ამის შესახებ ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ გააჩნია.

„სწორედ ამ საერთო ფასეულობებს ეფუძნება ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციაც, რომელიც ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია. უფრო მეტიც, ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ თავის საკონსტიტუციო ვალდებულებად აქცია.

ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი აუცილებლად მიიღწევა. ამ გზაზე უმნიშვნელოვანეს წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა 2023 წლის 14 დეკემბერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რომელმაც ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობები ახალ სტრატეგიულ დონეზე აიყვანა და საქართველოს ევროინტეგრაცია შეუქცევად პროცესად აქცია.

საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენ განვაგრძობთ ყოვლისმომცველი, მომავალზე ორიენტირებული ევროპული რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებას და მტკიცედ გვწამს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი წარმატებით დასრულდება, რაც ევროპულ დემოკრატიულ სახელმწიფოდ საქართველოს აღიარების ტოლფასია.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ევროპის დღეს, რომელიც ჩვენთვის ერებს შორის ჰარმონიული ურთიერთობების, ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის სიმბოლოა!

ნატო არ აპირებს უკრაინაში ჯარების გაგზავნას – იენს სტოლტენბერგი 

ოფიციალურ კიევს ნატოსგან უკრაინაში ჯარების გაგზავნა არ მოუთხოვია, მაგრამ მათ სურთ, მოკავშირეებისგან მეტი დახმარება მიიღონ, – ამის შესახებ იტალიურ სააგენტო ANSA-ს ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განუცხადა.

„ბრძოლის ველზე სიტუაცია საკმაოდ რთულია. გასულ კვირას ვეწვიე კიევს და მოვისმინე, თუ რა გამოწვევების წინაშე დგანანს ისინი. რუსეთს აქვს ტერიტორიული წინსვლა და არსებობს რისკი, რომ ის კიდევ უფრო წაიწევს წინ. საუბარი არაა დიდ ტერიტორიაზე, თუმცა ამის შესაჩერებლად უკრაინელებს სჭირდებათ შეიარაღება. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რატომაც რუსეთმა ბოლო თვეებში გარკვეული ტერიტორია დაიკავა, არის ის, რომ ჩვენ ვერ შევასრულეთ ის, რასაც დავპირდით“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ახლა სიტუაცია შეიცვალა.

„ნატო არ აპირებს უკრაინაში ჯარების გაგზავნას. როდესაც უკრაინაში ვიყავი, მათ არ მოუთხოვიათ ნატოს ჯარების გაგზავნა. ისინი ითხოვენ მეტ დახმარებას“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

„ქართულმა ოცნებამ“ ევროპის დღე რუსულად აღნიშნა, თუ ეს ყველაფერი გაუვიდათ, სათითაოდ ყველას თავს დაგვესხმიან, დაგვიჭერენ – გავამაგროთ ერთმანეთი, ვიყოთ გაცილებით მეტი შაბათ-კვირას! – გიორგი ვაშაძე

„ქართულმა ოცნებამ“ ევროპის დღე რუსულად აღნიშნა. თუ ეს ყველაფერი გაუვიდათ, სათითაოდ ყველას თავს დაგვესხმიან, დაგვიჭერენ – გავამაგროთ ერთმანეთი, ვიყოთ გაცილებით მეტი შაბათ-კვირას და მოვიპოვოთ გამარჯვება! – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გუშინ მომხდარ ფიზიკური ძალადობის ფაქტებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” ჩამოშლის პირასაა და გამარჯვება ძალიან ახლოსაა. მან მოქალაქეებს 11-12 მაისს დაანონსებულ აქციებზე მისვლისკენ მოუწოდა.

“გუშინ ევროპის დღე იყო და “ქართულმა ოცნებამ” ეს დღე რუსულად აღნიშნა და ვის ესხმიან თავს? ადამიანებს, ვინც ახალგაზრდებს მხარს უჭერენ თავის პროტესტში, ამაგრებენ მათ ზურგიდან, თუ წინ უდგებიან, მაშინ როდესაც მათ საფრთხე ემუქრებათ. ეს არის ნამდვილად შიშის და რეალობას მოწყვეტილი სიტუაციის გამომხატველი, რაც “ქართულ ოცნებას” აქვს. მე ვეუბნები მათ, თქვენი დრო ამოწურულია ხალხო, თქვენ მხარდაჭერა არ გაქვთ. თქვენ უბრალოდ ახლა ფიქრობთ, რომ ამ ძალადობით ვინმეს გააჩერებთ, მაგრამ მივმართავ საზოგადოებას – შაბათს, მსვლელობაზე უნდა ვიყოთ გაცილებით მეტი. კვირას, 22:00 საათზე ვიკრიბებით პარლამენტთან და ყველამ ერთად უნდა ვუთხრათ არა “რუსულ კანონს” და კი – ევროპას. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.

დასავლეთისგან სრული მხარდაჭერა გვაქვს ქართველ ხალხს და სრული იზოლაციაშია ბიძინა ივანიშვილი. მერწმუნეთ, ჩვენ უახლოეს მომავალში გავიმარჯვებთ. ძალა ერთობაშია. როცა ერთად ვართ, ვერაფერს ბედავენ. ახლა უნდათ, რომ სათითაოდ დაგვესხან თავს, ამიტომ გავამხნეოთ და გავამაგროთ ერთმანეთი, ვიყოთ გაცილებით მეტი შაბათს, ვიყოთ გაცილებით მეტი კვირას და რაც მთავარია, გამარჯვება მოვიპოვოთ. ძალიან ახლოსაა გამარჯვება, ჩამოშლის პირასაა “ქართული ოცნება”. პოლიციელებს გუშინ ველაპარაკებოდი, უბრალოდ ხმას ვერ იღებენ. გია ჯაფარიძის სახლთან რომ მივედი, ხმას ვერ იღებდნენ პოლიციელები ისეთ მდგომარეობაში არიან და ვეკითხები საზოგადოებას – ვინმეს ასეთი საქართველო გინდათ? ეს ხომ იმის ნათელი მაგალითია, რას აპირებს ამ კანონის მიღების შემდეგ. მე ღიად ვამბობ – თუ მას ეს ყველაფერი გაუვიდა, სათითაოდ ყველას თავს დაგვესხმიან, დაგვიჭერენ,” – განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, “ჭავჭავაძის ცენტრის” მკვლევარს, გია ჯაფარიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ექიმების ცნობით, მას ქალა-ტვინის ტრავმა აქვს, მისი მდგომარეობა სტაბილურია და კვლევები უტარდება. ამასთან, გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს საკუთარ სახლთან დაესხნენ თავს. ამასთან, ფიზიკურად გაუსწორდნენ ლაშა ღვინიანიძესაც.