Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

ყველას, ვინც ავარიულ კორპუსში ცხოვრობთ, მუნიციპალიტეტი გიდგებათ თავდებში და წელიწადნახევარ-ორ წელში ახალაშენებულ კორპუსში იმ ფართის ბინა გადმოგეცემათ, რაც გქონდათ – კახა კალაძე

„ძალიან ხშირად ვაწყდებით პრობლემას, როდესაც ავარიულ საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოსახლეობა ითხოვს იმაზე მეტ ფართს, ვიდრე თავად ცხოვრობენ. მუნიციპალიტეტს ამის საშუალება არ აქვს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა თევდორე მღვდლის ქუჩაზე ავარიული კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს.

„მინდა, დღევანდელი სხდომა დავიწყო იმ ტრაგიკული შემთხვევით, რომელიც ორი დღის წინ დიდუბის რაიონში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მოხდა. სამწუხაროდ, ავარიული კორპუსი ჩამოინგრა, მოხდა უბედური შემთხვევა და ორი ადამიანი გარდაიცვალა.  კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახების წევრებს, მათ ახლობლებს. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი.

მე არაერთი განმარტება გავაკეთე ამ ორი დღის განმავლობაში, თუმცა მანამდეც ძალიან ბევრს ვსაუბრობდით და კიდევ ერთხელ მივაწვდი საზოგადოებას ინფორმაციას. ავარიული შენობები ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა. დაახლოებით, 10 000-მდე შენობა-ნაგებობას სხვადასხვა კატეგორიის ავარიულობის ხარისხი აქვს მინიჭებული და რა თქმა უნდა, საჭიროებს დემონტაჟს, განახლებას, ახლით ჩანაცვლებას. 2021 წელს დავპირდით ხალხს, რომ დავდებდით კონკრეტულ პროგრამას, რითაც მსგავს შენობებს ჩავანაცვლებდით. არავის აქვს იმის ილუზია, რომ რამდენიმე წელში ყველა კორპუსი ჩანაცვლდება, წარმოუდგენელია“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, ვისაც მსგავსი პრობლემა აწუხებს, რომ ისარგებლონ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამით, რადგან მუნიციპალიტეტი თავდებში უდგება მათ და მაქსიმუმ ორ წელში ახალაშენებულ ბინებს ჩააბარებს.

„ძალიან ხშირად ვაწყდებით პრობლემას, როდესაც ავარიულ საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოსახლეობა ითხოვს იმაზე მეტ ფართს, ვიდრე თავად ცხოვრობენ. მუნიციპალიტეტს ამის საშუალება არ აქვს. ეს შეიძლება გააკეთოს ინვესტორმა, მაგრამ ჩვენ ამის უფლება არ გაგვაჩნია. მესმის იმ ადამიანებისაც, ვინც თავს იკავებს, ბევრს ეშინია, რადგან ისტორიას თუ გადავხედავთ, იყო ბევრი შემთხვევა, როცა მოსახლეობა ვერ დაკმაყოფილდა. სამშენებლო კომპანიებმა აიღეს ვალდებულება და ვერ შეასრულეს შეთანხმება. ასე მივიღეთ უამრავი დაუმთავრებელი მშენებლობა და გაუბედურებული, დაჩაგრული მოსახლეობა, რომელიც ათეული წლები ელოდა, როდის მიიღებდა კუთვნილ საცხოვრებელ ფართს.

აქ უკვე საუბარია მუნიციპალიტეტის ჩართულობაზე. სახელმწიფო სტრუქტურა გიდგებათ თავდებში და გეხმარებათ. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მოსახლეობას გადასახდელი არაფერი ექნება, მერიას გაჰყავს ქირით და შემდეგ უკვე, დაახლოებით, წელიწადნახევარ-ორ წელში ახალაშენებულ კორპუსში იმ ფართის ბინა გადაეცემათ, რაც ჰქონდათ. ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა, რომ აღნიშნული პროგრამა გამოიყენონ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, ვინც ავარიულ კორპუსებში ცხოვრობს, ისარგებლონ ამ შესაძლებლობით“, – განაცხადა კახა კალაძემ.  

ამასთან, დედაქალაქის მერმა ისაუბრა ცრუ ინფორმაციებზე, რომელიც ბოლო დღეებში აღნიშნული ფაქტის გარშემო გავრცელდა და განმარტა, რომ კანონის მიხედვით, მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის გარეშე შეუძლებელია ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროექტის დაწყება.

„ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, რომ თითქოს შესაძლებელია მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის გარეშე მოხდეს კორპუსის ჩანაცვლება. აფრიალებდნენ დოკუმენტს და იყო მცდელობა, საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ. ეს არის 100%-იანი ტყუილი. კანონის მიხედვით, არავინ მესაკუთრის გარდა, არ არის უფლებამოსილი, მართოს, განკარგოს ან რაიმე ზემოქმედება მოახდინოს მის ქონებაზე. ამის უფლებამოსილება მხოლოდ და მხოლოდ მესაკუთრეს აქვს.

რაც შეეხება საკრებულოს დადგენილებას, რაზეც „წარმატებით“ საუბრობდნენ და მოჰყავდათ „არგუმენტად“, კიდევ ერთხელ გავაკეთებ განმარტებას. ეს მხოლოდ და მხოლოდ ისეთ შემთხვევებს ეხება, როდესაც ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია, წარმოადგენს პრობლემას და ურბანულად არასწორია იქ რაიმე სახის სამუშაოს წარმოება. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ 100%-იანი თანხმობის გარეშე, გვაქვს მხოლოდ იმის უფლება, რომ პროცესი დავიწყოთ. მაგალითად, პროექტის მომზადება და არა ხალხის გამოყვანა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ბოიკოტი „ქართული ოცნების“ ადგილობრივ დონეზე ჩაბეტონებას შეუწყობს ხელს – მამუკა ხაზარაძე 

მივესალმები „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და გახარიას გუნდებს შორის ერთობლივი მემორანდუმის გაფორმებას – მნიშვნელოვანია, არ დავტოვოთ ოპოზიციური ამომრჩეველი არჩევნების გარეშე და ხელი არ შევუწყოთ იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უპრობლემოდ დაისაკუთროს ყველა ქალაქისა თუ რეგიონის ადგილობრივი წარმომადგენლობა,- ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის წერილი მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.

როგორც ხაზარაზე აღნიშნავს, ბოიკოტი „ქართული ოცნების“ ჩაბეტონებას შეუწყობს ხელს ადგილობრივ დონეზე.

„მივესალმები „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და გახარიას გუნდებს შორის ერთობლივი მემორანდუმის გაფორმებას.

3 თვეში გარდამტეხი ბრძოლა გველოდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არ დავტოვოთ ოპოზიციური ამომრჩეველი არჩევნების გარეშე და ხელი არ შევუწყოთ იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უპრობლემოდ დაისაკუთროს ყველა ქალაქისა თუ რეგიონის ადგილობრივი წარმომადგენლობა, რადგან სწორედ ეს იქნება ჩვენთვის მნიშვნელოვანი საყრდენი და პლაცდარმი საბოლოო გამარჯვებისთვის.

არ უნდა გამოვაცალოთ ქართველ ხალხს ხელიდან ბერკეტი. ბოიკოტი კი სწორედ „ქართული ოცნების” ანუ რუსული ძალის ჩაბეტონებას შეუწყობს ხელს ადგილობრივ დონეზე. არ შეიძლება ამის გაკეთება. ხალხს და განსაკუთრებით ოპოზიციურ ამომრჩეველს სჭირდება დაცვა ყველა დონეზე – ეს დამატებითი ბრძოლის ველია მიუხედავად უთანასწორო მდგომარეობისა.

ჩვენი მიზანი უცვლელია – ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა და სინდისის პატიმრების გათავისუფლება! ამ სულისკვეთებით გაფორმდა ეს მემორანდუმი, რომლის მიზანიც ერთია – ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და არცერთ ადგილას რუსული ძალა ბრძოლის გარეშე არ უნდა დავტოვოთ.

ჩვენ, „ლელო-ძლიერი საქართველო”, ყოველთვის ვიყავით ერთობის ინიციატორები. დღეს, როდესაც ქვეყანას რუსული პოლიტიკა სრულიად იპყრობს, ყველაფერი პირადი უკან უნდა გადავწიოთ და ვიფიქროთ ერთობლივ ბრძოლაზე. ეს მემორანდუმი სწორედ ამის დასტურია.

მოვუწოდებ ყველას, შემოგვიერთდნენ ამ ბრძოლაში! ჩვენ გვჯერა ქართველი ხალხის გამარჯვების – ერთად ბრძოლით ეს გარდაუვალია!- წერს ხაზარაძე.

ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. პარტიებს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ მოაწერეს. როგორც ბერდია სიჭინავამ აღნიშნა, პარტიები „თვითმმართველობის არჩევნებში საერთო ბრძოლასა და საერთო პრინციპებზე თანხმდებიან“.

ისრაელმა დაბომბა სირიის ძალები, რომლებიც დრუზების ქალაქში შევიდნენ

ისრაელის განცხადებით, ქალაქ სუვეიდას მახლობლად სირიის სამთავრობო ძალები დაბომბეს, როდესაც ისინი ორდღიანი სისხლიანი შეტაკებების შემდეგ ქალაქში შევიდნენ, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მან სუვეიდაში ძალებსა და იარაღზე დარტყმების განხორციელების ბრძანება გასცა, რადგან მთავრობა დრუზების წინააღმდეგ მათ გამოყენებას აპირებდა.

სირიამ ისრაელის ქმედება დაგმო და განაცხადა, რომ დარტყმებს შეიარაღებული ძალების წევრებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა. სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ისრაელი სრულად არის პასუხისმგებელი სამხრეთ სირიაზე განხორციელებულ ბოლო თავდასხმებსა და მათ შედეგებზე.

ეს სირიის სამთავრობო ძალების სუვეიდაში განლაგების პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც დეკემბერში პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი დაამხეს. უმცირესობათა ბევრი თემი – მათ შორის დრუზები – ეჭვის თვალით უყურებენ დროებითი პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაას მთავრობას. აქამდე სუვეიდას პროვინცია ძირითადად დრუზების გასამხედროებული დაჯგუფების კონტროლის ქვეშ რჩებოდა, რომლებიც უსაფრთხოების ძალებში გაწევრიანების მოწოდებებს ეწინააღმდეგებიან.

16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს შანსი გექნებათ, ერთი პატარა ოცნება აისრულოთ – აუცილებლად გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა. იმ სირთულის და მოცულობის სამუშაოს, რომელსაც დღეს გეგმავთ, მარტო ვერ გაუმკლავდებით, ამიტომ მოკავშირეები უნდა იპოვოთ. დღევანდელი დღე ნებისმიერ შემთხვევაში გარდამტეხი აღმოჩნდება – მიიღეთ ეს როგორც ნიშანი და ჯილდო. თავი შეიკავეთ დაუგეგმავი ხარჯებისგან და ეცადეთ მთელი დღე სახლში გაატაროთ.

კურო

საკუთარ თავსა და სურვილებში გაურკვევლობა ეჭვებს გააჩენს და ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობას დაძაბავს. ამ დღეს ყველა საქმე, რომელიც სამთავრობო ორგანიზაციებს უკავშირდება, წარუმატებლად დასრულდება, ან ძალიან გაჭიანურდება. ასტროლოგები გირჩევენ, ყურადღება იმ საქმეებზე გაამახვილოთ, რაც დაიწყეთ, მაგრამ ბოლომდე არ მიგიყვანიათ. სავარაუდოდ, გაიცნობთ ადამიანს, თქვენი დამხმარე და ერთგული მეგობარი გახდება.

ტყუპები

დღეს მოსალოდნელია ჯანმრთელობის გაუარესება. ენერგეტიკული რესურსები შესუსტებულია, რაც ქრონიკულ დაავადებებს გაააქტიურებს. შესაძლოა, მსუბუქი თავბრუსხვევა და საერთო სისუსტე იგრძნოთ. სავარაუდოდ, ვიღაც დახმარებას გთხოვთ, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ – შეიძლება უსიამოვნო ვითარებაში აღმოჩნდეთ. უმჯობესია, მივლინებებსა და შორეულ მგზავრობას ერიდოთ და ეცადეთ საღამო მშვიდ გარემოში, საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ.

კირჩხიბი

კირჩხიბებს, რომლებიც ბავშვებთან ან ზოგადად, განათლების სფეროში მუშაობენ, წარმატებული დღე ელით. ყურადღება მიაქციეთ ემოციების გამოხატვას, განსაკუთრებით — საჯაროდ. დღეს თქვენი ყოველი სიტყვა შეიძლება სხვადასხვა მნიშვნელობით იყოს აღქმული და არასწორად გაგიგონ.

ლომი

ეს დღე შინაგან სიმშვიდეს და ჰარმონიას გპირდებათ და ამაში საკუთარ ფიქრებთან განმარტოება ძალიან დაგეხმარებათ. დღეს სირთულეები უკანა პლანზე გადაინაცვლებს, მაგრამ მალე ყველა პრობლემა თავს ერთად შეგახსენებთ. ეცადეთ, ერთი დღით მაინც, გარე სამყაროსთან კონტაქტი მინიმუმამდე შეამციროთ. მალე საშუალება გექნებათ საინტერესო ადამიანები გაიცნოთ, რომლებიც გამოცდილებას გაგიზიარებენ და სირთულეებთან გამკლავებაში დაგეხმარებიან.

ქალწული

სასიამოვნო ცვლილებების ეტაპი დგება. ახალი, საინტერესო ნაცნობობა გელით, რომელიც შეგიძლიათ საქმიანი მიზნებისთვის გამოიყენოთ. თუ გონივრულად იმოქმედებთ, კოლეგებისგან აღიარება, მენეჯმენტისგან კი დაწინაურებაა მოსალოდნელი. თქვენს საქმიან თვისებებს შენიშნავენ და დააფასებენ. პირად ცხოვრებაშიც სიახლეებია – ახალ ამბავს გაიგებთ ან ვიღაც გაგახარებთ. მალე შესაძლოა, თქვენი პატარა ოცნება ახდეს.

სასწორი

სამსახურში მოულოდნელობები გელით. შესაძლოა, უფროსობამ დაწინაურება შემოგთავაზოთ, თუმცა საკითხავია სანაცვლოდ რას მოგთხოვენ და რისი გაწირვა მოგიწევთ. ეცადეთ რაციონალური და გაწონასწორებული გადაწყვეტილება მიიღოთ, თორემ დროს ფუჭად დაკარგავთ. მათ, ვინც გარემოს შეცვლას აპირებს, ვარსკვლავები დროულ მოქმედებას ურჩევენ – ახლა მოკლე დროში ბევრი რამ უნდა მოასწროთ. იღბალი თქვენს მხარესაა.

მორიელი

ფასეულობების, მიზნებისა და გარშემომყოფების გადაფასება შინაგანი წონასწორობის დაბრუნებაში დაგეხმარებათ. ბოლო დღეების მოვლენები ძალიან ემოციური იყო, რაც თქვენს განწყობასაც დაეტყო. მოიცილეთ ყველაფერი ზედმეტი – მათ შორის ადამიანებიც, რომლებიც გამუდმებით თქვენს გამოყენებას ცდილობენ. დღის მეორე ნახევარში მეგობრების რჩევა ხიფათს აგარიდებთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს საკუთარი პოზიციების შენარჩუნებისთვის დიდი ენერგიის დახარჯვა მოგიწევთ. მიზანს აუცილებლად მიაღწევთ, მაგრამ შესაძლოა, გადაღლილობამ შეგაწუხოთ. გირჩევთ დასვენების დრო გამონახოთ, თორემ დაწყებულის დასრულება გაგიჭირდებათ. უმჯობესია ამ დღის ამოცანებს ცივი გონებით მიუდგეთ და ახალი სტრატეგია შედეგს აუცილებლად მოიტანს. თუ მათთან ურთიერთობას უფრთხილდებით გარშემო მყოფთა კრიტიკას უნდა მოერიდოთ.

თხის რქა

ამ დღეს თქვენი ინტუიცია განსაკუთრებით გამძაფრებულია – ყურადღებით უსმინეთ საკუთარ შინაგან ხმას, დაიმახსოვრეთ სიზმრები და შეიძლება მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი იპოვოთ. მოერიდეთ კონფლიქტებს მეზობლებთან ან ახლო გარემოცვასთან – მათ შეუძლიათ მომავალში თქვენი სიმშვიდე დაარღვიონ.

მერწყული

წინ საინტერესო მოვლენების ჯაჭვი გელით, რაც ნებისყოფას და სიძლიერეს მოითხოვს. გამორიცხული არ არის, რომ წვეულებაზე ყოფნის დროს მნიშვნელოვან ადამიანს შეხვდეთ და სერიოზული ურთიერთობა დაიწყოთ. შეთავაზებებზე ან მოწვევებზე უარს ნუ იტყვით – ამან შეიძლება თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. მიიღეთ ყველაფერი როგორც მოცემულობა და ენთუზიაზმით გამოიყენეთ ნებისმიერი შესაძლებლობა.

თევზები

ეს დღე ხელსაყრელია ხელოვნებასა და შემოქმედებით სფეროში დასაქმებული თევზებისთვის. შესაძლოა, ახალი გატაცება იპოვოთ, რომელიც მომავალში დამატებით შემოსავალს მოგიტანთ. მოერიდეთ დიდ კომპანიაში დროსტარებას – შესაძლოა, რაღაც დაკარგოთ. ძალების აღდგენაში მშვიდი გარემო და ახლობლებთან ყოფნა დაგეხმარებათ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, რათა სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ხელი არ შეგეშალოთ.

როგორი ამინდი იქნება 16 ივლისს საქართველოში 

16 ივლისს, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ზოგან კი სინოპტიკოსები ღრუბლიან ამინდს პროგნოზირებენ.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ყველაზე მაღალი ტემპერატურა – +36 გრადუსი რუსთავშია ნავარაუდევი, ხოლო ყველაზე დაბალი ტემპერატურა – გუდაურში +17 გრადუსი.

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:

გაგრა +28 – წვიმა

სოხუმი +28 – წვიმა

ზუგდიდი +29 – წვიმა

მესტია +21 – წვიმა

ფოთი +27 – წვიმა

ბათუმი +26 – წვიმა

ოზურგეთი +27 – წვიმა

ქუთაისი +30 – წვიმა

ამბროლაური +30 – წვიმა

ახალციხე +28 – წვიმა

ბორჯომი +25 – წვიმა

ბაკურიანი +22 – წვიმა

გორი +32 – უმეტესად ღრუბლიანი

ცხინვალი +29 – უმეტესად მზიანი

სტეფანწმინდა +21 – წვიმა

გუდაური +17 – უმეტესად ღრუბლიანი

თელავი +32 – უმეტესად ღრუბლიანი

რუსთავი +36 – უმეტესად ღრუბლიანი

თბილისი +34 – მოღრუბლული

ჩვენ ვფიქრობთ, რომ სავიზო შეზღუდვები უნდა დაუწესდეთ მათ, ვინც პასუხისმგებელია რეპრესიებზე და არა ქართველ ხალხს -რადოსლავ სიკორსკი

ჩვენ ვფიქრობთ, რომ სავიზო შეზღუდვები უნდა დაუწესდეთ მათ, ვინც პასუხისმგებელია რეპრესიებზე და არა ქართველ ხალხს, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.

სიკორსკიმ უპასუხა კითხვას, რა არის პოლონეთის პოზიცია ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხზე?

„მე დავიბადე კომუნისტურ პოლონეთში. ეს იყო ავტორიტარული რეჟიმი, მაგრამ ზოგიერთ პერიოდში გვაძლევდა საშუალებას, საზღვარგარეთ გვემოგზაურა. და ამ დროს ჩვენ, კერძოდ, ვაფასებდით ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ავსტრია, შვედეთი, დასავლეთ ბერლინი, რომლებიც გვაძლევდნენ უვიზოდ შესვლის შესაძლებლობას. ეს იყო ფანჯარა სამყაროში ჩვენთვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეზღუდვები უნდა დაუწესდეთ მათ, ვინც პასუხისმგებელია რეპრესიებზე და არა ქართველ ხალხს“, – აღნიშნა რადოსლავ სიკორსკიმ.

სიკორსკის განმარტებით, „პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს საკითხზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის პოლიტიკას, რომელიც ამ ეტაპზე მდგომარეობს იმაში, რომ სცადოს, დაარწმუნოს საქართველოს მთავრობა, შეწყვიტოს ოპოზიციის სამართლებრივი დევნა“.

„მე შევხვდი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რომლის მიმართაც წაყენებული ბრალდებები ჩემთვის სრულიად ყალბად გამოიყურება. და ჩვენ ვუჭერთ მხარს ქართულ საზოგადოებას მათ ევროპულ მისწრაფებებში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა გააკეთებს იმას, რისი პირობაც დადო არჩევნებზე, ნაცვლად იმისა, რასაც ახლა აკეთებს, რაც ევროპასთან დაშორების კურსია“, – განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.

ამასთან, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ბრიუსელში გამართული ევროკავშირის საბჭოს სხდომის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა.

პრესრელიზში ვკითხულობთ, რომ მინისტრმა სიკორსკიმ მზარდი შეშფოთება გამოხატა საქართველოში პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც, მისივე თქმით, სულ უფრო ჰგავს ავტორიტარული მმართველობის მოდელს, ხოლო რუსული გავლენა იზრდება.

სიკორსკის განმარტებით, პოლონეთი ელოდება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებულები და დაიწყოს დიალოგი ოპოზიციურ პარტიებთან. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ მან გამოხატა მხარდაჭერა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასის მიერ შეთავაზებული ზომების მიმართ, მათ შორის, სანქციების სფეროში.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის „უბრალოდ კითხვა დაუსვა“ მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დარტყმების თაობაზე, მას “მეტი მკვლელობები“ არ წაუხალისებია და მუშაობს ომის დასასრულებლად

თეთრი სახლი ადასტურებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის “მოსკოვზე დატყმის” შესაძლებლობის შესახებ კითხვა დასუვა, თუმცა მას „მეტი მკვლელობები“ არ წაუხალისებია. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლევიტმა Newsweek-თან კომენტარში განაცხადა.

კერძოდ, მანამდე გამოცემები Financial Times და The Washington Post ინფორმაციას ავრცელებდნენ, რომ სატელეფონო საუბრის დროს ტრამპმა ზელენსკის ჰკითხა, შეუძლია თუ არა უკრაინას მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დარტყმების განხორციელება.

Financial Times-ის წყაროს ცნობით, ტრამპს სურდა, რომ “მათ [რუსეთს] ტკივილი ეგრძნოთ” და რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ ებიძგა. Washington Post-ის ინფორმაციით კი, ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინას რუსეთის დედაქალაქზე დარტყმის განხორციელება შეუძლია “თუ საჭირო იარაღს მოგვცემთ”.

ამ ცნობების კომენტირებისას თეთრი სახლის პრესმდივანმა Financial Times-ს “ნახვების მოსაპოვებლად სიტყვების კონტექსტიდან ამოგლეჯა” დააბრალა.

“პრეზიდენტი ტრამპი უბრალოდ კითხვას სვამდა, მეტ მკვლელობას არ ახალისებდა. დაუღალავად მუშაობს მკვლელობების შესაჩერებლად და ამ ომის დასასრულებლად”, – განაცხადა ლევიტმა.

კაია კალასი განმარტავს წერილის შინაარს, რომელიც საქართველოსთვის რეკომენდაციებს მოიცავს და შესრულების „დედლაინად“ აგვისტოს ბოლო სახელდება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი განმარტავს წერილის შინაარს, რომელიც საქართველოსთვის რეკომენდაციებს მოიცავს და „დედლაინად“ აგვისტოს ბოლო სახელდება.

კერძოდ, კალასის თქმით, არის რეკომენდაციები, რომლებიც საქართველოს ვიზის შეჩერების ანგარიშში გადაეცა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა წერილის გარკვეული პუნქტები დაასახელა. რაც შეეხება ევროკავშირის რეაგირებას, თუ რეკომენდაციები არ შესრულდება, კალასის თქმით, ამას შედეგები მოყვება, რათა საზოგადოებამაც დაინახოს, რომ მისი მთავრობა ევროპულ გზაზე არ არის და კანდიდატის სტატუსს სერიოზულად არ აღიქვამს.

“საქართველოსადმი გაგზავნილ წერილს რაც შეეხება: როგორც იცით, უვიზო მოგზაურობის რეჟიმი საქართველოსთვის 2017 წლიდან გვაქვს. ეს დიდი სარგებელია, რომელსაც ევროკავშირი აძლევს ქვეყნებს და, შესაბამისად, არის რეკომენდაციები, რომლებიც გადაეცა საქართველოს ვიზის შეჩერების ანგარიშში. ამას მთლიანად არ წავიკითხავ აქ, უბრალოდ აღვნიშნავ რაღაცებს.

მაგალითად ვალდებულებები, რომლებიც საქართველოს მთავრობას აქვს – უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებები, პრივატულობის უფლება, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლება, და ასევე დისკრინიმაციის აკრძალვა – ეს მხოლოდ ერთი პუნქტია. კიდევ 8 მსგავსი პუნქტია. ასე რომ, ვინაიდან, მათ ეს “დედლაინი” მიეცათ აგვისტოს ბოლომდე ამის შესასრულებლად, კითხვაა – როგორ რეაგირებას მოვახდენთ, თუ რეკომენდაციები არ შესრულდება? და როდესაც გვესმის, მაგალითად, რომ 8-დან 7 ოპოზიციონრი ლიდერი ციხეში ჩასვეს, ეს არ შეესაბამება პირველ პუნქტს, რომელიც აღვნიშნე.

ასე რომ, აქამდე პოზიცია გვქონდა, რომ არ გვინდა ქართველი ხალხისთვის ზიანის მიყენება უვიზო მიმოსვლის გაუქმებით, რომელსაც მართლა აქვს მათთვის მნიშვნელობა, თუმცა, ამავდროულად, ეს ასევე, ევროკავშირის სანდოობის საკითხია. თუ ეს რაღაცეები გვაქვს და ეს სარგებლიანი რამეა – ბონუსია, რომელსაც ქვეყანას ვაძლევთ, რომელიც არ ასრულებს პირობებს – ამას შედეგები მოყვება, რათა საზოგადოებამაც დაინახოს, რომ მთავრობა ევროპულ გზაზე არაა და კანდიდატის სტატუსს სერიოზულად არ აღიქვამს”, – განაცხადა კალასმა.

მოსკოვს სურს გაიგოს, რას გულისხმობდა დონალდ ტრამპი უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად 50 დღის შესახებ გაკეთებულ განცხადებაში – ლავროვი

J

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვს სურს გაიგოს, რას გულისხმობდა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად 50 დღის შესახებ გაკეთებულ განცხადებაში.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, გვსურს გავიგოთ, რა დგას ამ განცხადების [ტრამპის] უკან – 50 დღე. ადრე იყო 24 საათიც, იყო 100 დღეც, ჩვენ ეს ყველაფერი გამოვიარეთ და ნამდვილად გვინდა გავიგოთ, რა ამოძრავებს შეერთებული შტატების პრეზიდენტს“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

„ნათელია, რომ ის [ტრამპი] იმყოფება უზარმაზარი წნეხის ქვეშ ევროკავშირისა და ნატოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობის მხრიდან, რომელიც უცერემონიოდ უჭერს მხარს ზელენსკის მოთხოვნებს, აგრძელებს მისთვის თანამედროვე, მათ შორის შეტევითი იარაღის მიწოდებას“, – დასძინა მან.

ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ თუ 50 დღეში სამშვიდობო შეთანხმება არ იქნება მიღწეული, რუსეთს ცალმხრივად დაუწესებს „100 პროცენტიან“ ტარიფებს.

მოსკოვში ტრამპის გუშინდელ განცხადებებს ძალიან სერიოზულად აღიქვამენ და აანალიზებენ – პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუშინდელ განცხადებებს ძალიან სერიოზულად აღიქვამენ და აანალიზებენ.

პესკოვმა აღნიშნა, რომ ტრამპის ზოგიერთი განცხადება პირადად ვლადიმერ პუტინისთვის იყო განკუთვნილი.

კრემლის პრესმდივანმა ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონში, ნატოს ქვეყნებსა თუ ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილებები უკრაინისთვის არა მშვიდობის გზავნილი, არამედ ომის გახანგრძლივების წახალისებაა.

ცნობისთვის, ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ თუ 50 დღის განმავლობაში უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმება არ იქნება მიღწეული, აშშ რუსეთსა და მის სავაჭრო პარტნიორებს მეორად სანქციებს დაუწესებს.

რა ეღირება დოლარი და ევრო 16 ივლისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7138 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7138 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7149 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1703 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1737 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0034 ლარი შეადგინა.

“დონალდ ტრამპის განცხადება უკრაინისათვის იარაღის მიწოდების თაობაზე ბუნდოვანია, მაგრამ მისი ტონალობა მაინც შემობრუნებას მოწმობს”-The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) ეხმაურება დონალდ ტრამპის 14 ივლისის განცხადებას, რუსეთის წინააღმდეგ მიმართულს და აქვეყნებს სტატია-კომენტარს სათაურით: „დონალდ ტრამპის განცხადება უკრაინისათვის იარაღის მიწოდების თაობაზე ბუნდოვანია, მაგრამ მისი ტონალობა მაინც შემობრუნებას მოწმობს“ (ავტორი – დენ საბაჰი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ის, ვისაც რაიმე კონკრეტული და ფართო ინფორმაციის მოსმენა სურდა დონალდ ტრამპის მიერ ნატოს გენმდივანთან მარკ რიუტესთან საუბრის დროს გაკეთებულ ანტირუსულ განცხადებაში, გაწბილებული დარჩა: პრეზიდენტმა ბუნდოვნად თქვა, რომ უკრაინას იარაღს მიაწოდებდა, მაგრამ არაპირადაპირი გზით, მხოლოდ ნატოს მეშვეობით, იარაღის ფულს კი ამერიკას ალიანსის სხვა წევრები გადაუხდიან.

არანაირი კონკრეტული თანხა პრეზიდენტს არ დაუსახელებია, რაც აძნელებს იმის შეფასებას, თუ რამდენად არსებითი აღმოჩნდება კიევისათვის შეთავაზებული იარაღის რაოდენობა. ასევე არ არის დაკონკრეტებული საბრძოლო მასალებიც. მართალია, დონალდ ტრამპმა „პეტროოტები“ ახსენა, მარკ რიუტემ კი დაამატა – რაკეტები და ჭურვებიო, მაგრამ მათი დასახელება მაინც გაურკვეველია.

ძნელია იმის ზუსტად თქმა, რა რაოდენობის იარაღის მიწოდება მოახდენს გავლენას ვლადიმერ პუტინზე, რომ იგი იძულებული გახდეს ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდეს. უხეშად თუ ვიტყვით, ალბათ, პაკეტი მინიმუმ 10 მილიარდის დოლარის მაინც უნდა იყოს. გავიხსენოთ, რომ ტრამპის წინამორბედმა ჯო ბაიდენმა სამი წლის განმავლობაში უკრაინას მხოლოდ იარაღი 67 მილიარდი დოლარის გაუგზავნა. გარდა ამისა, დახმარების გაწევის სქემა, ადრინდელთან შედარებით, ახლა საკმაოდ რთული იქნება – უკრაინისათვის განკუთვნილ იარაღს აშშ ჯერ მიაწოდებს თავის ნატოელ მოკავშირეებს, ისინი ფულს ამერიკას გადაუხდიან და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს კიევი იარაღს.

ერთადერთი კონკრეტული საფრთხე-მუქარა დონალდ ტრამპის განცხადებაში მხოლოდ ისაა, რომ მან თქვა – რუსეთის სავაჭრო პარტნიორებს 100%-იან საბაჟო ტარიფებს დაუწესებს, თუ ისინი რუსეთთან ვაჭრობას გააგრძელებენ. მაგრამ ამ შემთხვევაშიც, ტრამპის სატარიფო პოლიტიკის აბდაუბდას თუ გავიხსენებთ, შეუძლებელია იმის გაგება, რა მოხდება, თუ რუსეთი 50 დღეში აშშ-ის მოთხოვნას არ შეასრულებს და ზავზე არ დათანხმდება.

მოკლედ, პრეზიდენტის ნათქვამში გარკვეული ბუნდოვანება მართლაც არის. ბევრმა, ვინც ყურადღებით უყურებდა დონალდ ტრამპს, ალბათ, ერთი მომენტიც შეამჩნია: პრეზიდენტი კი ამბობდა, რომ „ძალიან უკმაყოფილო ვარ რუსეთითო“, მაგრამ მის ხმაში ვლადიმერ პუტინის მიმართ ბრაზი არ შეინიშნებოდა.

თუმცა ცდუნებას არ აჰყვეთ: დონალდ ტრამპის განცხადება მართლაც მნიშვნელოვანია და მისი რუსი კოლეგის გაღიზიანებას აუცილებლად გამოიწვევს.
დონალდ ტრამპს განწყობა თანდათან ეცვლება: თუ ადრე იგი ვლადიმერ პუტინს პატივისცემით, მეგობრულად მოიხსენიებდა ხოლმე და ყოველთვის აცხადებდა, მისი რუსი კოლეგა სიტყვის პატრონია, ახლა მივიდა დასკვნამდე, რომ პუტინი მშვიდობის დამყარებაზე სერიოზულად არ ფიქრობს.

შეიძლება ითქვას, რომ დონალდ ტრამპის ცოლი მელანია უფრო მეტად ლობისტობს უკრაინის სასარგებლოდ, ვიდრე თვითონ პრეზიდენტი. აი, პრეზიდენტის მიერ მოყოლილი ამბავი: „სახლში რომ მივედი, პირველ ლედის ვუთხარი – „დღეს ვლადიმერ პუტინს ვესაუბრე და ჩვენ ძალიან კარგი ლაპარაკი გვქონდა“. ცოლი მეუბნება: „მართლა? მე კი ვნახე, როგორ დაბომბა პუტინმა კიდევ ერთი უკრაინული ქალაქი“.

დონალდ ტრამპის თქმით, მას ოთხჯერ ეჩვენებოდა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეთანხმებას მიაღწია, მაგრამ როცა ყოველი სატელეფონო საუბრის დროს დაუყოვნებლივ იბომბებოდა უკრაინის ქალაქები, იგი იძულებული გახდა თავისი პოზიცია შეეცვალა.

რასაკვირველია, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისათვის ეს ძალიან სასარგებლო მომენტს წარმოადგენს. მას ამ ეტაპზე ძალიან გაუმართლა. ხომ გვახსოვს, როგორ გამოაგდეს იგი თეთრი სახლიდან რამდენიმე თვის წინ და რა მოჰყვა სკანდალს? ცხადია, ზელენსკიმ ჭკუას მოუხმო, ფრთხილი მოქმედება დაიწყო, ოვალურ კაბინეტში სკანდალის შემდეგ ზედმეტი აღარაფერი არ უთქვამს და იმედი გამოხატა, რომ დონალდ ტრამპი თანდათან მიხვდება, რომ ვლადიმერ პუტინი გულწრფელი არ არისო. აშშ-ის პრეზიდენტი ბოლო დღეებში მართლაც მივიდა ამ დასკვნამდე.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით კრემლის იძულება მშვიდობაზე შეიძლება არ მოხერხდეს, ტრამპის ტონის ცვლილება და ევროპის მზადყოფნა ფული გადაიხადოს აშშ-ის მიერ უკრაინისათვის განკუთვნილ იარაღში იმას მიუთითებს, რომ კიევის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირე ძველებურად მზად არის რუსეთის აგრესიის მსხვერპლს დაეხმაროს და გადაარჩინოს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: