Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

“პუტინის “ბაიკერი-თვითმკვლელები” ნეიტრალურ ზოლში ქაოსს იწვევენ: რუსული მოტოციკლეტური შეტევების სტრატეგია”-The Times

ბრიტანული გაზეთის „თაიმსის“ (The Times) საკვირაო გამოშვება „სანდეი თაიმსში“ (The Sunday Times) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „პუტინის „ბაიკერი-თვითმკვლელები“ ნეიტრალურ ზოლში ქაოსს იწვევენ: რუსული მოტოციკლეტური შეტევების სტრატეგია“ (ავტორი – ტომ ბოლი).

როგორც სტატიაშია აღნიშნული, უკრაინის აღმოსავლეთის ფრონტზე, დონბასში, რუსეთისა და უკრაინის საარმიო ქვედანაყოფებს შორის საკმაოდ ფართო ნეიტრალური ზოლი არსებობს, რომელშიც ჩინურ მოტოციკლეტებზე ამხედრებული რუსი ჯარისკაცები ხშირად იჭრებიან და არცთუ იშვიათად, ახალ ტერიტორიებს იკავებენ.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელები მათ დრონებითა და ქვემეხების ცეცხლით ანადგურებენ („ფაქტობრივად, რუსები თვითმკვლელობის მისიას ასრულებენ და უკან ძალიან ცოტა თუ ბრუნდება“, – ამბობს „თაიმსის“ ჟურნალისტთან საუბარში უკრაინელი კაპიტანი), რუსების „ახლებური საკავალერიო შეტევები“ „რკინის ცხენებით“ სულ უფრო დამახასიათებელი ხდება მოსკოვის სამხედრო სტრატეგიისთვის.

„ზაფხულის დადგომასთან ერთად რუსეთის არმიის ქვედანაყოფებმა შემტევითი ოპერაციები გააორმაგეს. ამჟამად რუსები ფრონტის ხაზზე ყოველდღიურად 200-მდე „ნახტომისებურ“ იერიშებს ახორციელებენ, რაც ორჯერ და მეტად აღემატება აპრილის მაჩვენებლებს. მათგან დაახლოებით ორი მესამედი ქალაქ პოკროვსკის მისადგომებთან ხდება – უკრაინის ერთ-ერთ ბოლო საყრდენთან დონბასში – და ახლომდებარე ქალაქ ტორეცკთან, რომელიც უკვე დიდი ხანია ბარიერის როლს ასრულებს რუსეთის ამბიციური მიზნის რეალიზებაში, რომელიც მთელი რეგიონის ხელში ჩაგდებას ითვალისწინებს.

აღმოსავლეთის ფრონტზე, კონკრეტულად კი ტორეცკთან ახლოს, მოტოციკლებზე ამხედრებული რუსული ქვედანაყოფები პირველად სამი თვის წინ გამოჩნდნენ, შემდეგ კი მათი „თავდასხმები“ ყოველდღიურ მოვლენად იქცა. როგორც 33 წლის უკრაინელი კაპიტანი ევგენი ამბობს, რუსი სამხედრო ბაიკერები ფრონტის ხაზის ნეიტრალურ ზოლში დილაობით ჩნდებიან, თითო ქვედანაყოფში 10-20 ჯარისკაცით და ერთმანეთისაგან 200 მეტრის მოშორებით, წინ მიიწევენ. მათი მოძრაობა ისეთი სწრაფია, რომ უკრაინული დრონების ოპერატორები ზოგჯერ დამიზნებას ვერ ასწრებენ. სამაგიეროდ, უფრო ზუსტად მუშაობენ არტილერისტები (ნაღმმტყორცნელები), რომლებიც „რკინის ცხენებზე“ ამხედრებულ საკმაოდ ბევრ ბაიკერ ჯარისკაცს ანადგურებენ.

და მაინც, რუსები, ყოველდღიური რამდენიმე შეტევების წყალობით, გარკვეული წარმატების მიღწევას ახერხებენ და ტერიტორიებს იკავებენ, შემდეგ კი მათ დამატებითი ძალებით ამაგრებენ.

რუსეთის არმიამ მოტოციკლეტებით სარგებლობა გასულ წელს დაიწყო. თავდაპირველად ეს იყო ზოგიერთი პოლკი ერთგვარი ინიციატივა, შემდეგ კი მათ სხვებმაც მიჰბაძეს. ეს გამოწვეული იყო ქვეითი ქვედანაყოფების მზარდი დანაკარგებით, რომელთა გადაადგილება ნელი იყო და დრონები ასწრებდნენ მათ მიზანში ამოღებას და ლიკვიდირებას. მოტოციკლეტების გამოყენების იდეამ გაამართლა, ის ოფიციალურად არის შეტანილი თავდასხმის საარმიო ტაქტიკაში. ბაიკერი ჯარისკაცებისათვის ამჟამად მომზადების კურსების გავლა აუცილებელია.
მოტოციკლეტებით სარგებლობა უკრაინამაც დაიწყო, თუმცა ძირითადად მცირე საბრძოლო ტვირთების გადასაზიდად. რუსებისაგან განსხვავებით, რომლებიც ჩინურ მოტოციკლებს იყენებენ, უკრაინელები სამამულო წარმოების ელექტროველოსიპედებით სარგებლობენ – ისინი შედარებით ნაკლებ ხმაურს იწვევენ და ამით მძღოლს შესაძლებლობა ეძლევა გაიგონონ ციდან მოახლოებული მტრის დრონის ზუზუნი. თუმცა უდავოა, რომ დრონები მაინც უპირატესობას ფლობენ მოტოციკლეტებთან და ელექტროველოსიპედებთან შედარებით.

ამჟამად უკრაინისა და რუსეთის არმიების დაპირისპირება ისეთ სტადიაშია შესული, როგორც ეს იყო პირველ მსოფლიო ომში – მხარეებს გათხრილი აქვთ, სანგრები, ტრანშეები და მიწისქვეშა თავშესაფრები (რკინა-ბეტონისა და ხის მიწურები).
უკრაინის დაზვერვა თვლის, რომ რამდენადაც პოკროვსკის აღება რუსებმა ზამთარში ვერ შეძლეს აღმოსავლეთიდან, ახლა ცდილობენ ქალაქს დასავლეთიდან შემოუარონ და ის გზა გააკონტროლონ, რომელიც მას კონსტანტინოვკასთან აკავშირებს – მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ კვანძთან, რომელიც პოკროვსკიდან 35 კილომეტრზე მდებარეობს.

პოკროვსკი უკვე ერთი წელია რუსების მიერ აღების საფრთხე ემუქრება, მაგრამ უკრაინელებმა მისი შენარჩუნება შეძლეს, მართალია, მძიმე დანაკარგების ფასად. კიევი იმედოვნებს, რომ პოკროვსკს კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში არ დათმობს.

დრონებმა – როგორც უკრაინულმა, ასევე რუსულმა – მნიშვნელოვნად გააძნელებს დაპირისპირებულ მხარეთა ჯარების თავმოყრა ისე, რომ შეუმჩნეველი დარჩნენ. დრონები ზემოდან ყველაფერს ხედავენ და ყველანაირ მოძრავ ობიექტს დაუბომბავს არ უშვებენ. ბოლო დროს რუსებმა ამ მხრივ გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს: კონსტანტინოვკის ახლოს განლაგდა დრონების ორი რუსული ელიტური ქვედანაყოფი („რუბიკონი“ და „განკითხვის დღე“), რომლებიც ახლად მოდერნიზებული დრონებით არიან შეიარაღებულნი. მათ ღამღამობით ფრენა და „ნაცრისფერი ზოლის“ განათებაც შეუძლიათ. ბოლო დრომდე ღამის პერიოდი შედარებით უსაფრთხო იყო უკრაინელებისათვის, რომლებიც სიბნელის დროს ბრძოლის ველზე დაჭრილებისა და დაღუპულების ევაკუაციას ახორციელებდნენ, მაგრამ ახლა „სიკვდილი“ (დრონი) სულ მუდამ ცაზეა დაკიდებული და სიტუაციას აკონტროლებს.

„დიახ, თეორიულად შეიძლება ომის რაღაც ახალი წესები შემუშავდეს, ახალი ტექნიკის გამანადგურებელი შესაძლებლობების გათვალისწინებით, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ რაც დრო გადის, ომი სულ უფრო სასტიკი და სასიკვდილო ხდება“, – ამოიოხრა ევგენიმ, რომელიც უკრაინის არმიაში 2019 წლიდან მსახურობს, – „ჩვენს დროში ცოცხლად დარჩენის სულ უფრო ნაკლები შანსები არსებობს“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

ბაქოში, რუსული საინფორმაციო სააგენტოს, “სპუტნიკის” ოფისში რუსეთის “ფეესბეს” ორი თანამშრომელი დააკავეს

ბაქოში, რუსული საინფორმაციო სააგენტოს, “სპუტნიკის“ ოფისში რუსეთის “ფეესბეს” ორი თანამშრომელი დააკავეს, ისინი “სპუტნიკში” ფარულად მუშაობდნენ. ინფორმაცია აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა.

რამდენიმე საათია, რუსული სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოს ოფისს სამართალდამცველები ჩხრეკენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ რუსეთის საელჩოს თანამშრომლებს ტერიტორიაზე არ უშვებენ. მისივე განცხადებით, ვერ ხერხდება “სპუტნიკის” თანამშრომლებთან დაკავშირებაც.

თებერვალში აზერბაიჯანმა განკარგულება გამოსცა “სპუტინის” საქმიანობის შეზღუდვის შესახებ, თუმცა გადაწყვეტილებას სააგენტოს რედაქცია არ დაემორჩილა.

“ამერიკამ ირანთან მოლაპარაკების დაწყების წინ თავი უნდა შეიკავოს ახალი დარტყმებისაგან” -BBC

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-საიტზე გამოქვეყნებულია ინტერვიუ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან მაჯიდ ტახტ-რავანჩისთან სათაურით: „ამერიკამ ირანთან მოლაპარაკების დაწყების წინ თავი უნდა შეიკავოს ახალი დარტყმებისაგან“ (ესაუბრებიან ჟურნალისტები ლიზ დიუსეტი, რომელიც თეირანში იმყოფება და ალექს ბოიდი – ლონდონიდან).

გთავაზობთ ინტერვიუს შინაარსს:

„თუ შეერთებულ შტატებს დიპლომატიური ძალისხმევის განახლება სურს, მაშინ ვაშინგტონმა მთლიანად უნდა გამორიცხოს ნებისმიერი დარტყმები ირანის მიმართ“, – განაცხადა BBC-ისათვის მიცემულ ინტერვიუში მაჯიდ ტახტ-რავანჩიმ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ თეირანს შუამავლების მეშვეობით შეატყობინა, რომ თეთრ სახლს სურვილი აქვს მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდეს, მაგრამ „ჯერ-ჯერობით ამერიკას თავისი პოზიცია არ დაუკონკრეტებია ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ – გააგრძელებს თუ არა შეტევებს ირანის წინააღმდეგ“.

ისრაელის მიერ განხორციელებულმა სამხედრო ოპერაციამ, რომელიც 13 ივნისის ღამით დაიწყო, ჩაშალა პირდაპირი მოლაპარაკებების მეექვსე რაუნდი, რომელიც მასკატში (ოამანის დედაქალაქში) უნდა გამართულიყო 15 ივნისს. აშშ ირანსა და ისრაელის კონფლიქტში ჩაერია 22 ივნისს, ადრე დილით, როცა ავია დარტყმები განახორციელა ირანის ბირთვულ ობიექტებზე (ფორდო, ნათანზე და ისპაჰანი).

მაჯიდ ტახტ-რავანჩიმ ასევე განაცხადა, რომ ირანი მტკიცედ მოითხოვს, რომ ურანის გამდიდრების შესაძლებლობა ჰქონდეს, მშვიდობიანი მიზნებით და უარყო ბრალდება, თითქოსდა ირანი ფარულად ცდილობს ბირთვული იარაღის დაუფლებას.

მინისტრის მოადგილის თქმით, ირანს აუკრძალეს ბირთვული მასალებზე მუშაობის უფლება კვლევითი მიზნებისათვის, ამიტომ თეირანი იძულებულია „საკუთარი თავის იმედი ჰქონდეს“.

„ურანის გამდიდრების დონეზე შეიძლება ვიმსჯელოთ, ასევე მის მოცულობაზეც, მაგრამ იმის თქმა, რომ თქვენ ურანის გამდიდრების უფლება არ გაქვთ, რომ თქვენ გამდიდრებული ურანის არცერთი გრამი არ უნდა გქონდეთ და თუ გექნებათ, აუცილებლად დაგბომბავთო – ასეთი მოთხოვნა ჯუნგლების კანონს წარმოადგენს“, – თქვა მინისტრის მოადგილემ ინტერვიუში.

ირანის ბირთვული პროგრამისადმი მიყენებული ზიანი ჯერჯერობით დაუზუსტებელი რჩება. როგორც თვითონ მაჯიდ ტახტ-რავანჩიმ განაცხადა, მასაც არ შეუძლია რაიმე ზუსტი შეფასება გააკეთოს.

გაეროს საერთაშორისო ატომური სააგენტოს („მაგატე“) ხელმძღვანელის რაფაელ გროსის თქმით, დარტყმებმა სერიოზული ზიანი მიაყენა ირანის ბირთვულ პროგრამას, თუმცა, მისგან განსხვავებით, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის ბირთვული ობიექტები მთლიანად არის განადგურებული. და თუ ირანი ისევ დააპირებს ურანის გამდიდრებას, მაშინ კვლავ დადგება დღის წესრიგში ირანის დაბომბვის საკითხი.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა ირანს თავისი ბირთვული პროგრამის გადახედვა (შემცირება) რომელიმე შეთანხმების ჩარჩოებში, ვთქვათ, თუ ირანს სანქციებს მოუხსნიან და ინვესტიციების ნებას დართავენ, მაჯიდ ტახტ-რავანჩიმ თქვა: „განა რატომ უნდა დავთანხმდეთ ჩვენ ასეთ წინადადებას?“. მან გაიმეორა, რომ ირანის ბირთვული კვლევების პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ემსახურება და ურანის 60%-მდე გამდიდრება სწორედ ამ მიზნების რეალიზებისათვის არის აუცილებელი.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ შუამავლების დახმარებით მიიღო შეტყობინება, რომ ამერიკას არ სურს მონაწილეობა მიიღოს ირანის მმართველი რეჟიმის შეცვლაში, კერძოდ, ქვეყნის უმაღლესი ლიდერის, აიათოლა ალი ჰამენეის გადადგომაში. მაჯიდ ტახტ-რავანჩის თქმით, ირანელებს შეუძლიათ ხელისუფლების ზოგიერთი მოქმედება გააკრიტიკონ, „მაგრამ როცა საქმე ეხება უცხოურ აგრესიას, ირანელი ხალხი ერთ მუშტად იკვრება და მომხდურს წინააღმდეგობას უწევს“.

ირანის არაბი მოკავშირეები სპარსეთის ყურედან „ყველაფერს აკეთებენ, რომ დიალოგისათვის აუცილებელი ატმოსფერო შექმნან“ (მაგალითად, კატარმა საკვანძო როლი შეასრულა ცეცხლის ამჟამინდელ შეწყვეტაში). „ჩვენ ომი არ გვინდა. ჩვენ გვსურს დიალოგი და დიპლომატია, მაგრამ ჩვენ ამავდროულად მზად უნდა ვიყოთ, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ისევ არ აღმოვჩნდეთ რთულ მდგომარეობაში“, – აღნიშნა მაჯიდ ტახტ-რავანჩიმ.

აქვე შევნიშნავთ, რომ „ბიბისის“ კორესპონდენტს ნება აქვს ირანში იმუშაოს, მაგრამ იმ პირობით, რომ მისი არცერთი რეპორტაჟი არ იქნება გამოყენებული „ბიბისის“ სპარსული სამსახურის მიერ. ეს მოთხოვნა ეხება ირანში მომუშავე ყველა საერთაშორისო მასმედიის წარმომადგენელსაც.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

რა ეღირება დოლარი და ევრო 1 ივლისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7227 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7227 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7236 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1910 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1882 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0028 ლარი შეადგინა.

ვხედავთ დესტაბილიზაციის ხელოვნურად შექმნის მცდელობებს, რაც უცხოეთიდან ფინანსდება – ნიკოლოზ სამხარაძე

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს, რომელიც პორტუგალიის ქალაქ პორტოში მიმდინარეობს.

სესიის ფარგლებში პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების, ეკონომიკის საკითხებისა და გარემოს დაცვის გენერალური კომიტეტების სხდომები გაიმართა.

ნიკოლოზ სამხარაძე სიტყვით გამოვიდა პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების გენერალურ კომიტეტზე, სადაც ისაუბრა დესტაბილიზაციის ხელოვნურად შექმნის მცდელობებზე, რომლებიც მისი განცხადებით, უცხოეთიდან ფინანსდება. ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება კატეგორიულად არ ეთანხმება იმ შეფასებებს, სადაც საუბარია პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებსა და მედიის დამოუკიდებლობის შეზღუდვაზე.

“ამჟამად საქართველო არაერთი შიდა და გარე გამოწვევის წინაშე დგას. თითოეული ეს გამოწვევა განპირობებულია პირდაპირი თუ ირიბი უცხოური ჩარევის შედეგად. საქართველოს ტერიტორიების 20%, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები, კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ქვეყნის შიგნით კი ვხედავთ დესტაბილიზაციის ხელოვნურად შექმნის სასოწარკვეთილ მცდელობებს, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდება. ეს ნიშნავს, რომ სხვადასხვა უცხოური ძალები ცდილობენ ხელყონ ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობაც. ჩვენ მკაცრად არ ვეთანხმებით ზოგიერთი რეზოლუციის ჩანაწერს, საქართველოში მშვიდობიანი შეკრების, თავისუფლებისა და მედიის დამოუკიდებლობის შეზღუდვის მცდელობაზე. საქართველოში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების საუკეთესო მტკიცებულებაა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რამდენიმე ადამიანის მიერ ცენტრალური გამზირის გადაკეტვა თბილისში. ისინი ამას აკეთებენ მშვიდობიანად და ამიტომაც მათი უფლება დაცულია. მათ არავინ აწუხებს მიუხედავად იმისა, რომ მათი რაოდენობა არ არის საკმარისი ცენტრალური გამზირის გადასაკეტად.

რაც შეეხება მედიის დამოუკიდებლობას, ეუთო-ს ბოლო ანგარიშშიც აღინიშნა, რომ საქართველოში გვაქვს მედია პლურალიზმი. მართალია პოლარიზებული, თუმცა პლურალისტული და დამოუკიდებელი მედია. რაც შეეხება ჩანაწერს პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებზე, ეს დაკავებები მოხდა ნოემბერ-დეკემბრის არეულობების გამო, რომლის დროსაც სამოცზე მეტი პოლიციელი დაშავდა. ერთ-ერთმა მათგანმა მხედველობა დაკარგა. რამდენიმე მათგანს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. შესაბამისად, აშკარაა, რომ პოლიციელებს თავს დაესხნენ და საპროტესტო აქციები არ იყო მშვიდობიანი, არამედ ძალადობრივი. ამიტომაც ამ დანაშაულების ჩამდენები დაკავებულები არიან და მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. ეს არ არის პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები, არამედ ეს ადამიანები დააკავეს დანაშაულის ჩადენის გამო”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობენ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

თიბისიმ, როგორც ქვეყანაში მდგრადი განვითარების მიმართულებით ლიდერმა კომპანიამ, ყოველწლიური მდგრადი განვითარების ღონისძიება გამართა. ღონისძიება 25 ივნისს ტრადიციულად თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართა, რომლის მთავარი თემა იყო: „მდგრადი განვითარების ხელშეწყობა ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით“.

ბიზნესის, ტექნოლოგიების, განათლების, კულტურისა და საზოგადოების მხარდაჭერაში მდგრადი განვითარების მნიშვნელობა და საერთაშორისო პარტნიორების როლი – სწორედ ამ საკითხებზე გაკეთდა აქცენტი წლევანდელ ღონისძიებაზე, რაც სრულ თანხვედრაშია თიბისის მდგრადი განვითარების სტრატეგიულ პრიორიტეტებთან.

ღონისძიება თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ გახსნა. მან თიბისის მდგრადი განვითარების სტრატეგიასა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. დამსწრე საზოგადოებას ასევე მიმართა გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში გარეტ უორდმა, თიბისის რისკების მართვის დირექტორმა ნინო მასურაშვილმა კი შეაჯამა 2024 წლის ძირითადი მიღწევები მდგრადი განვითარების მიმართულებით.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე „მდგრადი განვითარების ხელშეწყობა ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით“, რომლის სპიკერებიც იყვნენ ევროკავშირის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN Women)  და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, თიბისის ტექსკოლის კურსდამთავრებული და გრეის ჰოპერის ტექნოლოგიური ჯილდოს გამარჯვებული.

ღონისძიება დასრულდა დიალოგით თემაზე „მდგრადობის როლი ხელოვნებაში და ხელოვნების როლი მდგრადობაში“. ეს თემა ასახავს თიბისის სტრატეგიულ მიზანს, ხელი შეუწყოს კულტურულ განვითარებას, როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს. დიალოგი ვიზუალურ არტისტ მარიამ ოდიშელიძესა და ფოტოგრაფ გურამ წიბახაშვილს შორის გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, მედია, თიბისის პროგრამების მონაწილეები, თანამშრომლები და მომხმარებლები — როგორც მცირე, ისე მსხვილი ბიზნესსექტორებიდან.

„თიბისიში სრულად ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას, მხარი დავუჭიროთ მდგრად განვითარებას. ჩვენი საქმიანობით ვქმნით მწვანე და სოციალური დაფინანსების შესაძლებლობებს მდგრადი ბიზნეს მოდელებისა და პრაქტიკების მხარდასაჭერად, ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების ჩართულობასა და ქალების გაძლიერებაზე, ტექნოლოგიურ განვითარებასა და ახალგაზრდების განათლებაზე. გვჯერა, რომ მრავალფეროვანი პერსპექტივები ინოვაციების მამოძრავებელი ძალაა და ზრდის ჩვენს შესაძლებლობებს, ვუპასუხოთ კომპლექსურ გამოწვევებს. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საზოგადოებაში პოზიტიურ ცვლილებებს და ვიყოთ ESG პრინციპების წამყვანი მხარდამჭერი ქვეყანასა და რეგიონში.“- ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ თიბისი მდგრადი განვითარების მიმართულებით 2024 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ჯილდოს მფლობელი გახდა. მათ შორის არის მელიორა 2024-ის კონკურსზე მთავარი ჯილდო კატეგორიაში „წლის პასუხისმგებლიანი მსხვილი კომპანია“, ESG აკადემიის PEAK ჯილდო საერთაშორისო დეველორის კონკურსზე, ევრომანის ჯილდო მდგრადობის მიმართ გამორჩეული ერთგულებისთვის.

თიბისი 2019 წლიდან წარადგენს მდგრადი განვითარების წლიურ ანგარიშს, რომელიც ასახავს თიბისის წვლილსა და გავლენას ეკონომიკაზე, გარემოსა და საზოგადოებაზე. 2024 წლის მდგრადი განვითარების ანგარიშში, რომლის სრულ ვერსიას www.tbcbankgroup.com – ზე გაეცნობით, სამომავლო გეგმებთან ერთად, წარმოდგენილია ის შედეგები, რომლებსაც თიბისიმ გასულ წელს მიაღწია. იხილეთ თიბისის მდგრადი განვითარების ანგარიში: tbc-bank-group-plc-sustainability-report-2024.pdf

(R)

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა კიდევ 8 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს განაგრძობს.

დღეს, კობა კობალაძემ კიდევ 8 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის, უნივერსიტეტ გეომედისა და ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტის (ნეუს) რექტორებს, ვიცე-რექტორებსა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

კობა კობალაძემ სტუმრებს გააცნო სამსახურის განვითარების დინამიკა, ვეტერანთა წინაშე არსებული სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კუთხით, ასევე, საზოგადოებაში მათი უკეთ ინტეგრაციისთვის არსებული გამოწვევების დასაძლევად სახელმწიფოსა და სამსახურის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები, საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებები და სამომავლო გეგმები; ისაუბრა ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და სახელმწიფოს აღმშენებლობაში შესაბამისი ცოდნით აღჭურვილი, მოტივირებული, პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული მომავალი თაობების ჩართულობის მნიშვნელობაზე. მან, სტუმრებს, ვეტერანთა შვილების თანადგომისა და სამსახურთან კოორდინირებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალში, ურთიერთობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

სტუმრებმა აღნიშნეს, რომ მათთვის განსაკუთრებული პატივი და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა, თანადგომა გამოხატონ ვეტერანების – იმ ღირსეული ადამიანების მიმართ, ვინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში ძალისხმევა არ დაიშურეს, თავიანთი სიცოცხლითა და ჯანმრთელობით ემსახურნენ და დღესაც ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას. მათ განაცხადეს, რომ ისინი მომავალშიც განაგრძობენ ვეტერანთა ოჯახების მხარდაჭერას და ერთობლივი, შედეგზე ორიენტირებული პროგრამების შემუშავების სურვილი გამოთქვეს.

შეხვედრის დასასრულ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.

ინფორმაციისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, ჯანდაცვის, შშმ ვეტერანთა დახმარების, სოციალური უზრუნველყოფისა და სხვა პროგრამებთან ერთად, 2023 წლიდან მოქმედებს ვეტერანებისა და მათი შვილების უმაღლესი განათლების (ბაკალავრიატის) 50%-ით დაფინანსების პროგრამა, რომლის ამოქმედებიდან დღემდე, 5000-მდე სტუდენტმა ვეტერანის შვილმა და ხუთმა თავად ვეტერანმა ისარგებლა.

დღევანდელი შეხვედრისა და უნივერსიტეტებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმების მიზანი გახლდათ, სწავლის დაფინანსების პროგრამის უფრო ეფექტიანი და მოქნილი განხორციელებისათვის უნივერსიტეტებსა და სამსახურს შორის ინფორმაციის მიმოცვლის პროცესის გაუმჯობესება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოსადგენად სტუდენტებზე არსებული ტვირთის შემსუბუქება.

მემორანდუმებით ასევე გათვალისწინებულია ურთიერთობის გაღრმავება და თანამშრომლობა განათლებისა და მეცნიერების სფეროში, ვეტერანებისა და მათი ოჯახების ინტერესების მხარდასაჭერად. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ამ მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმებას გეგმავს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთანაც.

ცესკოს თავმჯდომარის შეხვედრა ახალგაზრდებთან რეგიონული ფორუმის ფარგლებში

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის პროექტის ფარგლებში გამართულ რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, – ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

„ცესკოს თავმჯდომარემ რეგიონული ფორუმის – „საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოები – იდეიდან ცვლილებამდე“ მონაწილეებთან არჩევნებსა და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის, ასევე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ახალგაზრდების ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე ვრცლად ისაუბრა. გარდა ამისა, გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებს ინფორმაცია მიაწოდა საარჩევნო სიახლეების, 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ.

„ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ახალგაზრდების ფართო აუდიტორიისთვის გაგვეზიარებინა ინფორმაცია იმ საქმიანობების შესახებ, რომელსაც ადმინისტრაცია წარმატებით ახორციელებს. მათ დეტალური ინფორმაცია მივაწოდე 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის მზადების პროცესის შესახებაც. ვფიქრობ, ახალგაზრდებთან მსგავსი ტიპის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საარჩევნო პროცესებში მათი ჩართულობა და მონაწილეობა მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი უწყებისთვის, ასევე ზოგადად დემოკრატიული პროცესების გასაძლიერებლად. შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებთან ერთად სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხიც განვიხილე და მათთვის საინტერესო მნიშვნელოვან კითხვებსაც ვუპასუხე“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ცესკოს თავმჯდომარემ ფორუმის მიმდინარეობისას დეზინფორმაციაზეც ისაუბრა. მან ახალგაზრდებს ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგია გააცნო და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა არსებული გამოწვევებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით გაწეული საქმიანობის შესახებ.

პროექტი – „საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოები – იდეიდან ცვლილებამდე“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსა და საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის მჭიდრო თანამშრომლობით სხვადასხვა რეგიონში ეტაპობრივად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კიდევ ორი შეხვედრა კახეთსა და აჭარაში. ქუთაისში გამართულ რეგიონულ ფორუმში ქუთაისის, მარტვილის, ხობის, ხონის, ჩხოროწყუსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების მრჩეველთა საბჭოების წევრები და კოორდინატორები იღებდნენ მონაწილეობას. შეხვედრა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 1-3 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

1-2 ივლისს თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29,+31 გრადუსი დაფიქსირდება. 3 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსამდე დაიკლებს.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) პირველ ივლისს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 2-3 ივლისს – ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) პირველ ივლისს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 2-3 ივლისს – ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20, გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) პირველ ივლისს და 2 ივლისის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა შიდა ქართლში +25,+27 გრადუსი, ხოლო ქვემო ქართლში +28+30 გრადუსი დაფიქსირდება. 3 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა +21+23 გრადუსამდე დაიკლებს.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) პირველ ივლისს და 2 ივლისის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27,+29 გრადუსი იქნება. 3 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა +19+21 გრადუსამდე დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) პირველ ივლისს და 2 ივლისის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23,+25 გრადუსი იქნება. 3 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა +19+21 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა +14, +16, გრადუსი იქნება.

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის დასკვნითი ღონისძიება 3 ივლისს, 18:00 სთ-ზე, „რადიო ქალაქში“ გაიმართება, სადაც პროექტის გამარჯვებულების ვინაობა გახდება ცნობილი.

დაჯილდოება  წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება  და ის სხვადასხვა საინტერესო სპიკერსა და თემატიკას დაეთმობა. დაჯილდოების ცერემონიამდე, ღონისძიების პირველ ნაწილში, ბიზნესსაუბრები, პანელური დისკუსია და ხუთშაბათის შეხვედრების სპეციალური სერია გაიმართება და მასზე დასწრება, ნებისმიერ მსურველს, წინასწარი  რეგისტრაციით შეეძლება. ბიზნესდაჯილდოება 2025-ის დასკვნითი ღონისძიების მთავარი თემა იქნება – „ბიზნესი საზღვრებს გარეთ“.

ღონისძიების განრიგი:
I ნაწილი
18:00 –  ღონისძიების გახსნა
18:30 –  ბიზნესი საზღვრებს გარეთ
ნიკა ქურდიანი – TBC უზბეკეთის გენერალური დირექტორი

18:50 – ქართული ღვინის გზა ევროპის დახლებამდე
გაგა მარგველაშვილი – “თბილღვინოს” დამფუძნებელი

19:00 – პანელური დისკუსია: რა უნდა ვიცოდეთ ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე?
გიორგი ისაკაძე, დაჩი ჭოლაძე, დავით ბარდაველიძე , თამარ სულუხია, ირაკლი ჩხაიძე

19:50 – ხუთშაბათის შეხვედრები: სპორტი, როგორც ბიზნესი
აკო ახალაია, ლევან ახვლედიანი, ტატო ბაციკაძე, ბაჩა მალაზონია

II ნაწილი
21:00 – 
ბიზნეს დაჯილდოების ცერემონია

ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე დასასწრებად, აუცილებელია რეგისტრაციის წინასწარ გავლა შემდეგ ბმულზე: თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2025 . ღონისძიებაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის  მთავარი პარტნიორია – Visa. მხარდამჭერები –  აჭარა ჯგუფი, Tegeta Business. მედიამხარდამჭერები: Marketer.ge, BMG, On.ge და Entrepreneur Georgia.

(R)

7 აგვისტოს, მომივიდა ფაქსით ცირკულარული წერილი, ჩვენ ვაკონტროლებთ ყოფილ სამხრეთ ოსეთს, წაბრძანდით ადგილსამყოფელი ქვეყნის საგარეო უწყებაში და იმუშავეთ იმაზე, რომ რუსეთმა ამაზე არ მისცეს მწვავე რეაქციაო – კონსტანტინე ჟღენტი

დიპლომატმა კონსტანტინე ჟღენტმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს განვითარებული მოვლენები გაიხსენა, რა დროსაც, ის დიპლომატიური მისიით უნგრეთში იმყოფებოდა.

ჟღენტის განცხადებით, მან 7 აგვისტოს საღამოს, საქართველოს საგარეო უწყებიდან მიიღო ცირკულარული წერილი, რომლითაც სამინისტრო იტყობინებოდა, რომ საქართველო აკონტროლებდა ცხინვალის რეგიონის პრაქტიკულად მთელ ტერიტორიას ჯავის გარდა, შესაბამისად, წარმომადგენლობებს სთხოვდა, ადგილსამყოფელი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან იმაზე მუშაობას, რომ რუსეთის მხრიდან ამას აგრესია არ მოჰყოლოდა.

„2008 წლის 7 აგვისტოს, მომივიდა სამინისტროდან ფაქსით ცირკულარული წერილი, ყველა საელჩოს და წარმომადგენლობებს დაუგზავნეს. 8 აგვისტოდან გაითიშა ყველაფერი, აღარანაირი კონტაქტი საქართველოსთან აღარ იყო. ამ წერილში ეწერა ის, რაც ხშირად მოგვისმენია, როდესაც აჩვენებენ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის კადრებს – ეწერა, რომ ჩვენ ვაკონტროლებთ პრაქტიკულად მთლიანად ყოფილ სამხრეთ ოსეთს ჯავის გარდა, პრაქტიკულად გასულები ვართ გვირაბთან, აღვადგინეთ იქ წესრიგი და ახლა წაბრძანდით ადგილსამყოფელი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში, მოითხოვეთ შეხვედრა მინისტრთან ან მოადგილესთან და იმუშავეთ იმაზე – ეს ძალიან საინტერესო მომენტია, – რომ რუსეთმა ამაზე არ მისცეს მწვავე რეაქცია, რომ რუსეთისგან ამას არ მოჰყვეს აგრესია საქართველოს მიმართ“, – განაცხადა კონსტანტინე ჟღენტმა.

მისივე თქმით, 8 აგვისტოს მივიდა უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მიიტანა მის ხელთ არსებული წერილი. ამ წერილის წაკითხვის შემდეგ კი სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელმა „სიენენი“ ჩაურთო, სადაც ეკა ზღულაძე ამბობდა, რომ რუსეთის ტანკმა ორჭოსანთან აუხვია.

„8-ში დილას, წავედი [უნგრეთის] საგარეო საქმეთა სამინისტროში და იქ ქალბატონი იყო ერთი, რომელიც ჩვენს დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, მასთან მივედი, მინისტრი აქ არ არისო, მაშინ მოადგილესთან შემიყვანე-მეთქი. მაჩვენე, რა მოიტანეო – წაიკითხა [წერილი] და მეუბნება, შენ დღეს დილით, “სიენენს” უყურეო? არა, ისე წამოვედი, არ მიყურებია-მეთქი, ჩართო „სიენენი“ და ზუსტად იმ მომენტში ჩართო, ეკა ზღულაძე რომ იძახის, ნუ გეშინიათ, ტანკმა ორჭოსანთან აუხვიაო. მეუბნება, როგორ მივცე ეს წერილი ან მოადგილეს, ან მინისტრსო? – ასეთი სირცხვილი, ჩემს ცხოვრებაში როგორც დიპლომატს, არ განმიცდია, იქ რომ განვიცადე“, – განაცხადა კონსტანტინე ჟღენტმა.

კომისიის მდივანმა, სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ კომისიაზე გამოკითხულმა გენერლებმაც კი დაადასტურეს, რომ 7 აგვისტოს გვიან ღამემდე, საბრძოლო მოქმედებები არ დაწყებულა, შესაბამისად, გამოდის, რომ დიპლომატებს სამინისტროსგან წერილები წინასწარ გაეგზავნათ.

„ყველა პირმა, მათ შორის, გენერლებმა, რომლებიც უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ ან უნდა ეხელმძღვანელათ მოქმედებებისთვის, კომისიაზე გამოკითხვისას თქვეს, რომ 7-ში საღამოს, 23:45 საათზე დაახლოებით დაიწყო საბროძლო მოქმედებები, მანამდე არაფერი ხდებოდა ქვეყანაზე. 2 საათია განსხვავება უნგრეთისა და საქართველოს დროს შორის და თქვენ, 7-ში საღამოს, 23:00 საათამდე ბევრად ადრე მიიღეთ ეს ცირკულარული წერილი, რომ ვაკონტროლებთ ტერიტორიებს ჯავამდე. საერთოდ არ არის საბრძოლო მოქმედებები დაწყებული და წინასწარ მიიღეთ ასეთი ცირკულარი, რომ ვაკონტროლებთ პრაქტიკულად როკის გვირაბამდე ტერიტორიას“, – განაცხადა სუბარმა.

ვიღაცები ცდილობდნენ, წაეხალისებინათ საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება,- ამის უფლებას ვერავის მივცემთ, უნდა ვებრძოლოთ ნარკოტიკების რეალიზაციას – პრემიერი

ნარკომანია არის სერიოზული სენი და ჩვენ უნდა დავიცვათ პირველ რიგში, ის ადამიანები, რომლებიც არიან მომხმარებლები. ამისათვის საჭიროა ნარკოპოლიტიკის გამკაცრება. განსაკუთრებით უნდა გამკაცრდეს ნარკოპოლიტიკა რეალიზატორების მიმართ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მთავრობის მეთაურის თქმით, ვიღაცები ცდილობდნენ წაეხალისებინათ საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, ხდებოდა მარიხუანის, კლუბური ნარკოტიკების პოპულარიზაცია.

„ნარკომანია არის სერიოზული სენი და ჩვენ უნდა დავიცვათ პირველ რიგში, ის ადამიანები, რომლებიც არიან მომხმარებლები. ამისათვის საჭიროა ნარკოპოლიტიკის გამკაცრება. განსაკუთრებით უნდა გამკაცრდეს ნარკოპოლიტიკა რეალიზატორების მიმართ. მასშტაბური სპეცოპერაცია უკვე ჩატარდა, სადაც დაკავებული იქნა 18 მსხვილი ნარკორეალიზატორი და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება. ასევე, უნდა დაიხვეწოს კანონმდებლობა, იმისათვის, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად ვებრძოლოთ ამ მძიმე სენს და დავიცვათ ჩვენი თანამოქალაქეები, განსაკუთრებით ახალგაზრდები ამ მძიმე სენისგან. ხედავთ, რომ აქაც არის გაუმჭვირვალე გარე დაფინანსება, რომლის დახმარებითაც, ვიღაცები ცდილობდნენ წაეხალისებინათ საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება. პოპულარიზაცია ხდებოდა მარიხუანის, კლუბური ნარკოტიკების და ა.შ. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ვერავის მივცემთ ამის უფლებას. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის კუთხით, ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფოსკენ წამოღების კუთხით, ესეც ემსახურება თავიდან ბოლომდე იმას, რომ ვებრძოლოთ ნარკოტიკების რეალიზაციას ჩვენს ქვეყანაში, იქნება ეს ე.წ. ლეგალური ფორმა თუ არალეგალური ფორმა“, – განაცხადა პრემიერმა.