Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს მოვლენების შემდგომი განვითარებისთვის მრავალი განსხვავებული ვარიანტი გამოჩნდება. გირჩევთ საკუთარი სურვილები აკონტროლოთ და წესიერების ფარგლებს არ გასცდეთ. ნუ ეცდებით ერთი გასროლით ორი კურდღლის მოკვლას – ამას განსაკუთრებული ოსტატობა სჭირდება. კარგი პერიოდია გააქტიურებისა და ინიციატივის გამოსაჩენად, ძველი პოზიციების დასაბრუნებლად და გავლენის სფეროების გასაფართოებლად.

კურო

თუ შანსს ხელიდან არ გაუშვებთ, შეიძლება მოგებიანი ხელშეკრულება დადოთ, კარიერულ წინსვლას მიაღწიოთ და გუნდში ავტორიტეტი მოიპოვოთ. ეცადეთ ოპტიმიზმი ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნოთ. გონებამახვილობისა და მდიდარი ფანტაზიით წყალობით ახალი იდეების ჩამოყალიბებას და მიმდინარე მოვლენების ობიექტურად შეფასებას, ასევე თქვენს სასიკეთოდ გამოყენებას შეძლებთ.

ტყუპები

უსაფუძვლო შიშები ცხოვრებას გირთულებთ. სირთულეები ნუ შეგაშინებთ – ისინი თქვენს გასაძლიერებლად გაჩნდნენ. ახალი მოკავშირეები თქვენს ცხოვრებაში ახალ, პოზიტიურ მოტივაციას შემოიტანენ. ეცადეთ საკუთარ პრობლემებს სხვა კუთხით შეხედოთ – მათთან გამკლავება არც ისე რთულია, როგორც ფიქრობთ.

კირჩხიბი

დაბრკოლებები ნუ შეგაშინებთ. ეცადეთ მოთმინება და ცოტა ეშმაკობა გამოიჩინოთ და საქმე თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება. ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას მოერიდეთ – სასურველია, რომ რჩევა ახლო ნათესავებსა და კოლეგებს სთხოვოთ. კარგი პერიოდია გავლენიანი მფარველების მოსაძიებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ლომი

ნაკლები ილაპარაკეთ და უსარგებლო საქმეებზე დროს ნუ დაკარგავთ. ამით დროსაც დაზოგავთ და უსიამოვნებებსაც თავიდან აიცილებთ. ხელსაყრელი დღეა ჯანსაღი ცხოვრების წესის, სპორტული ვარჯიშებისა და ახალი დიეტის დაწყებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ მომდევნო კვირა ბევრად რთული იქნება, ამიტომ უმჯობესია ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა ახლა მოაგვაროთ.

ქალწული

ფრთხილად იყავით, ეს დღე შეიძლება სტრესული სიტუაციებით იყოს სავსე. მოერიდეთ უხეშობას კოლეგებთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში, რასაც კონფლიქტი მოჰყვება. ბიზნესპარტნიორები ყურადღებით გაკვირდებიან, ამიტომ მშვიდად და გააზრებულად უნდა იმოქმედოთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე – დროა, მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ და ვარჯიში დაიწყოთ.

სასწორი

ეს დღე ბედის უეცარ შემობრუნებას, ახალ თავგადასავლებსა და იმედგაცრუებას მოგიტანთ. გირჩევთ შეხვედრები და ურთიერთობები მინიმუმამდე შეამციროთ და ყურადღება მთავარ საკითხებზე გაამახვილოთ. პროფესიულ სფეროში დაშვებული შეცდომები დიდ დროს წაგართმევთ. ეცადეთ საყვარელი ადამიანები არ დაივიწყოთ და მხარი დაუჭიროთ – მათ ახლა თქვენი ყურადღება ყველაზე მეტად სჭირდებათ.

მორიელი

თუ შესაძლებელია, მობილური ტელეფონი გამორთეთ და ოჯახურ გარემოში, ოჯახის წევრებთან და ახლო მეგობრებთან ერთად ყოფნით დატკბით. თუ ამ ბოლო დროს ბევრს მუშაობთ, ეს დასვენებისა და ძალების აღდგენის შესანიშნავი შესაძლებლობაა. ამ დღეს შორეულ მოგზაურობაში წასვლისგან თავის შეკავება სჯობს.

მშვილდოსანი

ამ დღეს დიდია ცდუნების, მოტყუებისა და იმედგაცრუების ალბათობა. თუ სიფრთხილეს და წინდახედულებას გამოიჩენთ, შესაძლოა, დაგებულ მახეებს თავი დააღწიოთ. გირჩევთ ოჯახური ბიუჯეტის ხარჯვა აკონტროლოთ, რადგან მოულოდნელი ხარჯი შემოსავალზე მეტია. გაითვალისწინეთ მეგობართა და ახლობელთა რჩევები, რადგან კარიერულ წინსვლას და პროფესიულ განვითარებას მხოლოდ მათი დახმარებით შეძლებთ.

თხის რქა

სავარაუდოდ, დღევანდელი კონფლიქტი თქვენს სასარგებლოდ არ დასრულდება და მაშინვე ახალი პრობლემები გაჩნდება. ეცადეთ, პანიკაში არ ჩავარდეთ. თქვენი ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობები ყველაფერს სწრაფად გაუმკლავდება. გამორიცხული არ არის, რომ ძველი კოლეგებისგან მოულოდნელი შეთავაზება მიიღოთ. ადამიანი, რომელსაც ამ დღეს გაიცნობთ, მომავალში ძალიან გამოგადგებათ.

მერწყული

ის, რაც აქამდე ბნელით იყო მოცული, სრულიად ნათელი გახდება. ბოლოს და ბოლოს თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანების ამა თუ იმ მოქმედებების მიზეზს გაიგებთ. ნუ მისცემთ კოლეგებს უფლებას, რომ თქვენს საქმეში ჩაერიონ.

თევზები

პლანეტების განლაგება თევზებისთვის საკმაოდ არახელსაყრელ დღეს გვპირდება. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში ძველი წყენა და გაუგებრობები იჩენს თავს. არ არის გამორიცხული, რომ პარტნიორებმა გიღალატონ. ეცადეთ კომპრომისი იპოვოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაცია შეიძლება უკონტროლო გახდეს. მოერიდეთ ჭორაობას და უსარგებლო საუბრებს, განსაკუთრებით სამსახურში.

ოპოზიციურმა პარტიებმა  19 ივლისს საპროტესტო აქცია დააანონსეს

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ, ასევე სამოქალაქო აქტივისტები 19 ივლისს აქციას აანონსებენ.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე შეკრებილებმა განაცხადეს, ისინი მხოლოდ ახალ საპარლამენტო არჩევნებს აღიარებენ და უარს აცხადებენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე.

მოგესალმებით, ჩვენ, აქ შეკრებილი რვა პოლიტიკური პარტიის (და სამოქალაქო ორგანიზაციების) წარმომადგენლები: ვადასტურებთ უპრეცედენტოდ მტკიცე და მართალი პროტესტის ამოცანების ერთგულებას; კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ვაღიარებთ მხოლოდ ახალ, თავისუფალ, საპარლამენტო არჩევნებს და უარს ვამბობთ თვითმმართველობის „არჩევნებად“ წოდებულ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე; ვუპირისპირდებით კორუმპირებულ და ანტიდემოკრატიულ რეჟიმს, რომელიც საფრთხეში აგდებს საქართველოს ეროვნულ დამოუკიდებლობას და საქართველოს მოქალაქეების თავისუფლებას, რომელმაც ჩვენი ქვეყანა განუკითხაობისა და ძალადობის მორევში გადაუშვა; მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარ საფრთხეს დღეს ივანიშვილის პოლიტიკური დაჯგუფება წარმოადგენს, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება და ცდილობს თავისუფალი საზოგადოების დამორჩილებას, ნაცვლად იმისა, რომ ანგარიშვალდებული იყოს და ემსახუროს მას; „ქართული ოცნება“ ცდილობს ბანდიტური წყობილების დამყარებას ქვეყანაში და 90-იანი წლების ძალმომრეობის ქაოსში გვაბრუნებს;

ამის საპირისპიროდ, ჩვენ გვჯერა, რომ უსაფრთხო, დაცული და ღირსეული ცხოვრება შესაძლებელია მხოლოდ ევროპული ტიპის დემოკრატიაში, სადაც კანონი, სასამართლო და ხელისუფლება ემსახურება ხალხს და არა კორუმპირებულ ჩინოვნიკებს; ქართველი ხალხის საბოლოო გამარჯვებას სჭირდება ივანიშვილის და მისი პარტიის თანმიმდევრული იზოლაცია არა მხოლოდ ეროვნულ და საერთაშორისო, არამედ ყველა, მათ შორის, ადგილობრივ დონეზეც; სწორედ ამიტომ, გადაწყვეტილი გვაქვს ბოლომდე ვუერთგულოთ ავტორიტარულ რეჟიმთან დაპირისპირებულ სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობას;

ამ მიზნით, 19 ივლისს გავმართავთ საპროტესტო აქციას და მოსვლას გთხოვთ ყველას, ვინც თვლით, რომ ხსნა მხოლოდ რეჟიმის ცვლილებაშია, ხოლო ცვლილებების გზა რეჟიმთან სახალხო და დემოკრატიულ წინააღმდეგობაზე გადის. ჩვენ ვაღიარებთ მხოლოდ თავისუფალ არჩევნებს! უარი რუსულ სპეცოპერაციას! ჩვენი ბრძოლა სამართლიანია, ვიდგეთ მტკიცედ და აუცილებლად გავიმარჯვებთ ერთად!“,- აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც რვა ოპოზიციური პარტიის მიერ არის გავრცელებული.

,,არავისთვისაა საიდუმლო, რომ კონტაქტზე ვიყავი ვაქცინის მწარმოებლებთან, ბრალდება, რომ წევრმა სახელმწიფოებმა არაფერი იცოდნენ კონტრაქტის, ფასის შესახებ, არის ტყუილი”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

კოვიდის“ ვაქცინებზე კონტრაქტის ირგვლივ მოლაპარაკებებს აწარმოებდა კომისია და წევრი სახელმწიფოები ერთად, 27-მა წევრმა სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ შეეძინა ვაქცინები და ეს მათი პირადი გადაწყვეტილება იყო, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში უნდობლობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე განაცხადა.

„ყოველთვიურად ჩვენ აქ ვიკრივებით, რათა ვიმსჯელოთ იმ საკითხებზე, რომლებიც ევროპელებს აწუხებთ და ჩვენ ამას გავაგრძელებთ ამ პლენარულ სესიებზე. დღეს ჩვენ ყველას შეგვიძლია, ჩვენი შეფასებები ვთქვათ და თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, ჰქონდეს საკუთარი შეხედულება ამ ყველაფრის მიღმა არსებულ რეალურ განზრახვებზე. მაგრამ რაც ახლა მოვისმინეთ ბატონი პეპერიასგან, ყველასთვის ნათელი დასანახი იყო. ეს ექსტრემისტების უძველესი წიგნიდანაა აღებული – საზოგადოების პოლარიზება, დემოკრატისადმი ნდობაში ბზარის შეტანა, მცდარი განცხადებები არჩევნებში ჩარევაზე, ისტორიის გადაწერის მცდელობა და არჩევანიც აქვეა. ჩვენ შეგვიძლია, გავყვეთ ბატონ პიპერიას, მის კონსპირაციების სამყაროში ან ნათლად ვიკითხოთ, რა არის ეს. მაგრამ მინდა, მას მადლობაც გადავახუდაო, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ამ საღამოს ამ დებატების გამართვა, იმიტომ, რომ ფაქტები მნიშვნელოვანია, სიმართლე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისივე თქმით, არიან ევროდეპუტატები, რომლებსაც შეკითხვები აქვთ.

„ასევე ვაცნობიერებ, რომ არიან წევრები, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს ინიციატივას, მაგრამ აქვთ შეკითხვები. ეს ძალიან სამართლიანია და ეს ჩვენი დემოკრატიის ნაწილია. ყოველთვის მზად ვარ, განვიხილო ნებისმიერი საკითხი, რომელიც აქ გაჟღერდება. სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ. ჩვენ ყველას გვახსოვს პანდემიის პერიოდში როგორ ვიდექით ერთად, როგორ იღებდა ყველა ქვეყანა ერთნაირად ვაქცინებს და ასეთი ევროპა მიყვარს მე. ჩვენ არ უნდა მივცეთ ექსტრემისტებს ისტორიის გადაწერის უფლება“, – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტში ბევრი დებატები ჩატარდა და ევროკომისიის ყველა ნაბიჯს ღიად და გამჭვირვალედ განიხილავდნენ.

„ასე რომ, დიახ არავისთვისაა საიდუმლო, რომ მე ვიყავი კონტაქტზე ვაქცინის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებთან, რომლებმაც ჩვენ კრიზისიდან გამოგვიყვანეს. მე ვიღებდი რჩევეებს მსოფლიოს საუკეთესო ეპიდემიოლობისგან, კონტაქტზე ვიყავი გაერო-ს ორგანიზაციებთან, არასამთავრობოებთან, მაგრამ დასკვნა, რომ ეს კონტრაქტები რაღაც მხრივ არაშესაფერისი იყო ევროპულ ინტერესებთან, არის არასწორი. ასე რომ, მოდით, ვიტყვი კიდევ ერთხელ ფაქტებს, კონტრაქტის ირგვლივ მოლაპარაკებებს აწარმოებდა კომისია და წევრი სახელმწიფოები ერთად, 27-მა წევრმა სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ შეეძინა ვაქცინები და ეს მათი პირადი გადაწყვეტილება იყო. ასე რომ, ნებისმიერი ბრალდება, რომ წევრმა სახელმწიფოებმა არაფერი იცოდნენ კონტრაქტის შესახებ, ფასის შესახებ, არის უბრალოდ ტყუილი. ეს კომისია იქნება მზად, ყველასთან იმუშაოს თქვენთან ერთად და იყოს ძალიან გამჭვირვალე“, – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას, უნდობლობის საკითხზე კენჭისყრის დანიშვნის ინიციატორმა, ულტრამემარჯვენე რუმინელმა ევროპარლამენტარმა, გეორგე პიპერეამ განაცხადა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის ხელში გადაწყვეტილებათა არადემოკრატიული კონცენტრაცია იწვევს ბოროტად გამოყენებასა და კორუფციაზე შეშფოთებას.

ევროპარლამენტში ევროკომისიის პრეზიდენტისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრამდე დებატები მიმდინარეობს. თავად კენჭისყრა ხუთშაბათს არის დაგეგმილი.

75 ევროპარლამენტარი, რომლებმაც ხელი მოაწერეს ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრის ჩატარების ინიციატივას, ადანაშაულებს მას გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების არარსებობაში. ისინი აკრიტიკებენ ევროკომისიის პრეზიდენტს იმის გამო, რომ მან ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, არ გაასაჯაროვა ფარმაცევტული კომპანიის, „ფაიზერის“ აღმასრულებელ დირექტორთან პირადი მიმოწერა, რომელიც მას Covid-19 პანდემიის დროს ვაქცინების შესყიდვის მრავალმილიარდიანი გარიგების წინ ჰქონდა. გარდა ამისა, კანონმდებლები, რომელთა ძირითადი ნაწილი ულტრამემარჯვენე და ნაციონალისტი ევროპარლამენტარია, ადანაშაულებენ ურსულა ფონ დერ ლაიენს გერმანიისა და რუმინეთის არჩევნებში ჩარევაში.

ტრამპის ადმინისტრაციამ „ალ-ნუსრას ფრონტი“ ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღო

ტრამპის ადმინისტრაციამ „ალ-ნუსრას ფრონტი“, რომლის საფუძველზე შეიქმნა „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი“, ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღო. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

მედიასაშუალების ცნობით, დოკუმენტი, რომელსაც სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აწერს ხელს, 23 ივნისით თარიღდება და მისი ოფიციალური გამოქვეყნება სამშაბათს იგეგმება.

„გენერალურ პროკურორსა და სახაზინო მდივანთან კონსულტაციით, აღნიშნულით ვაუქმებ „ალ-ნუსრას ფრონტის“, რომელიც ასევე ცნობილია „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის“ და სხვა სახელწოდებებით, უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებას“, – ნათქვამია რუბიოს განცხადებაში.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა გასულ კვირას დონალდ ტრამპის განკარგულება სირიის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების გაუქმების შესახებ.

აჰმედ ალ-შარაა 2003 წელს ერაყში ამერიკული სამხედრო ინტერვენციის შემდეგ ტერორისტული ორგანიზაციის, „ალ-ქაიდას“ რიგებში იბრძოდა. 2006 წელს ის დააპატიმრეს და 2011 წელს მტკიცებულებების ნაკლებობის გამო გაათავისუფლეს. „ალ-ნუსრას ფრონტი“, რომელიც სირიის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარაამ დააარსა, სირიაში „ალ-ქაიდას“ შტოდ მიიჩნეოდა. 2016 წელს „ალ-ნუსრას ფრონტმა“ „ალ-ქაიდასთან“ კავშირის გაწყვეტის შესახებ გამოაცხადა. მალევე მის საფუძველზე შეიქმნა ორგანიზაცია „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი“, რომელმაც გასული წლის ბოლოს ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.

ალ-შარაასა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა ერ-რიადში მაისში შედგა, რის შემდეგაც ტრამპმა განაცხადა, რომ სირიას სანქციებს მოუხსნიდა.

,,ამ სისულელის თქმას მის საპენსიო ასაკსაც ვერ დავაბრალებ, უფრო მენტალობასა და კულტურებს შორის სხვადასხვაობას”- დავით ქართველიშვილი დანიგანზე

პენსიონერმა დანიგანმა​​ ბიძინა ივანიშვილზე თქვა: “ის თავის ინტერესებს ქართველი ხალხის ინტერესებზე მაღლა აყენებსო, როდესაც დასანქცირების მიზეზით ჩემთან შეხვედრაზე უარი განაცხადა”. ამ სისულელის თქმას მის საპენსიო ასაკსაც ვერ დავაბრალებ, უფრო მენტალობასა და კულტურებს შორის სხვადასხვაობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარი ხალხის სასარგებლოდ 3-მილიარდიანი ქველმოქმედება დანიგანის დაბრალებასთან როგორი თავსებადია, ვერ გეტყვით, – წერს “ხალხის ძალის” წევრი თავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, კულტურის ნაკლებობაა, როდესაც პირდაპირ თუ ირიბად, შენც გაქვს მონაწილეობა მიღებული ივანიშვილის ძარცვაში, თუმცა არც ერთხელ არ გამოგითქვამს შენი პირადი დამოკიდებულება “სანაქებო” შვეიცარიელი ჯიბგირების მიმართ. “პენსიონერმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილზე თქვა: “ის თავის ინტერესებს ქართველი ხალხის ინტერესებზე მაღლა აყენებსო, როდესაც დასანქცირების მიზეზით ჩემთან შეხვედრაზე უარი განაცხადა”.

ამ სისულელის თქმას მის საპენსიო ასაკსაც ვერ დავაბრალებ, უფრო მენტალობასა და კულტურებს შორის სხვადასხვაობას. წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარი ხალხის სასარგებლოდ 3-მილიარდიანი ქველმოქმედება დანიგანის დაბრალებასთან როგორი თავსებადია, ვერ გეტყვით. აქ უფრო 250-წლოვანი მენტალობის ჭიდილია 3500-წლოვანთან. ჩამოუყალიბებელი და “გენდერულად მრავალფეროვანი” მენტალობის – უძველეს და მარტივ ქრისტიანულთან. ამიტომ, ალბათ უფრო ეპატიება, ვიდრე კრიტიკის საგანს უნდა წარმოადგენდეს ჩვენი მხრიდან. კულტურის ნაკლებობაა, როდესაც პირდაპირ თუ ირიბად, შენც გაქვს მონაწილეობა მიღებული ივანიშვილის ძარცვაში, თუმცა არც ერთხელ არ გამოგითქვამს შენი პირადი დამოკიდებულება “სანაქებო” შვეიცარიელი ჯიბგირების მიმართ… დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, სულ სხვა დამოკიდებულება ექნებოდა ამ ვიზიტთან მიმართებით, თუნდაც ერთი განცხადება რომ გაკეთებულიყო დანიგანის მიერ ამ უსამართლობასთან დაკავშირებით. სამაგიეროდ, დანიგანის გამოზრდილი მედია-სვავები მომენტალურად მისცემდნენ ამ შეხვედრას, ივანიშვილის მხრიდან საკუთარი თანხების ბედით დაინტერესების ელფერს. მაგრამ ამდენს რომ ხვდებოდე, ჩვენს მანტალობასა და კულტურას შორის ესოდენ ფანტასტიკური და გადაულახავი (250 და 3500 წელი) უფსკრული არ უნდა იყოს. ამიტომაც – ვაპატიოთ პენსიონერ დანიგანს, ვაპატიოთ…” – წერს ქართველიშვილი.      

,,მოსკოვი მუდმივ კონტაქტზეა ბაქოსთან და დაკავებული რუსების ინტერესებს იცავს”- დიმიტრი პესკოვი

მოსკოვი მუდმივ კონტაქტზეა ბაქოსთან და დაკავებული რუსების ინტერესებს იცავს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

კრემლის პრესსპიკერის თქმით, მოსკოვი კანონითა და არსებული დიპლომატიური პრაქტიკით გათვალისწინებულ ყველა შესაძლებლობას იყენებს.

პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის გენერალური პროკურორი და საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი აზერბაიჯანის გენერალურ პროკურორთან კონტაქტზე რჩებიან.

28 ივნისს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის სვერდლოვსკის ოლქის საგამოძიებო დეპარტამენტმა განაცხადა იმ ჯგუფის საქმიანობის აღკვეთის შესახებ, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისში ეკატერინბურგში ჩადენილ რიგ მკვლელობებში მონაწილეობდა. რუსული მედიის თანახმად, რვა ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა და წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთი ბრალდებული გულის უკმარისობით გარდაიცვალა, მეორე პირის გარდაცვალების მიზეზი კი დგინდება. მათი ცხედრები ეკატერინბურგიდან ბაქოში გადაასვენეს, სადაც განაცხადეს, რომ სასამართლო ექსპერტიზამ ძალადობის კვალი დააფიქსირა და რუსულ მხარეს პროტესტი გაუგზავნა. აზერბაიჯანში რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები გაუქმდა, ხოლო რუსი ჟურნალისტები, იგორ კარტავიხი და ევგენი ბელოუსოვი, ასევე რუსეთის სხვა მოქალაქეები დააკავეს. აზერბაიჯანმა და რუსეთმა საპროტესტო ნოტები გაცვალეს და დიპლომატები საგარეო საქმეთა სამინისტროებში დაიბარეს

,,მომხდარი ფაქტი არის შეცდომის თუ დაუდევრობის შედეგი – ინციდენტი არანაირად არ უკავშირდება პოლიტიკურ პროცესებს“ – გიორგი რამიშვილის ადვოკატი

დაკავებული ბიზნესმენის, გიორგი რამიშვილის ადვოკატის განცხადებით, მომხდარი „შეცდომის თუ დაუდევრობის” შედეგია და დაკავება პოლიტიკურ პროცესებთან კავშირში არაა.

„რა ფაქტიც მოხდა… სიტყვის გამოძებნა ძალიან მიჭირს… არის შეცდომის თუ დაუდევრობის შედეგი. ამ დეტალებს, მას შემდგომ, რაც განმარტებას გააკეთებს ბატონი გიორგი, სიტყვასიტყვით გადმოგცემთ. აუცილებლად, მისი ჩვენების იმ ნაწილსაც გაგაცნობთ [ჟურნალისტებს]. მომხდარი ინციდენტი, ფაქტი, არანაირად არ უკავშირდება არანაირ პოლიტიკურ პროცესებს“, – აცხადებს უფლებადამცველი ირმა ჭკადუა.

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე დაკავებულ გიორგი რამიშვილს ბრალდება უკვე წარუდგინა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 8 ივლისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7180 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7180 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7191 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1871 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2020 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0149 ლარი შეადგინა.

რაღაც მკარნახობს, რომ რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს, როგორც თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა – სააკაშვილი

თორნიკე რიჟვაძის მიმართ ვერანაირ თანაგრძნობას ვერ ვგრძნობ – რაღაც მკარნახობს, რომ რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს, როგორც თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, „რიჟვაძის მსგავსმა მანქურთებმა გადაჭამეს ქვეყანა“.

„შევარდნაძის დროს ხელისუფლება თვალს ხუჭავდა კრიმინალზე და ხშირად ხელს უწყობდა მას.

ჩემ დროს კრიმინალი მთლიანად ამოვძირკვეთ, ახლა კი კრიმინალი პირდაპირ ხელისუფლებაშია მოსული.

რაც შეეხება რიჟვაძეს, მის მიმართ ვერანაირ თანაგრძნობას ვერ ვგრძნობ. თავის დროზე ახალი ბათუმი და აჭარა ავაშენეთ იმის ხარჯზე, რომ ფულს ხალხს ვახმარდით და რიჟვაძემ კი აჭარლებს მოჰპარა 200 მილიონი დოლარი (სწორედ ამდენის მიტანას ითხოვს ივანიშვილი). რიჟვაძის მსგავსმა მანქურთებმა გადაჭამეს ქვეყანა, მაშინ როცა არც მე და არც ლევან ვარშალომიძეს არცერთი ბიზნესი არ გვაქვს.

რაც შეეხება ფაქტებს, რაღაც მკარნახობს, რომ რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს, როგორც თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა.

თითოეული ქართველის თავზე წამოსკუპებული მაფია არა მხოლოდ ძარცვავს და იჭერს, არამედ სულ უფრო ხშირად კლავს.

ასე გაგრძელდება მანამ სანამ ხელს არ შევუბრუნებთ“,- წერს სააკაშვილი.

აქტიურად ვმუშაობთ ჩინურ ბანკებთან, რომ მეტად დავაინტერესოთ საქართველოს ბაზრით – ნათია თურნავა

შვეიცარიის ქალაქ ბაზელში ვიზიტისას, სადაც საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) რიგით 95-ე წლიურ შეხვედრებში ვმონაწილეობდი, შევხვდი ჩინეთის სახალხო ბანკის პრეზიდენტს პან გონგშენს, რომელთანაც სებ-სა და ჩინეთის სახალხო ბანკს შორის თანამშრომლობის პროგრესი განვიხილეთ, – განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას.

მისივე თქმით, ჩინეთის სახალხო ბანკთან მემორანდუმი სებ-ის დელეგაციის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.

„ბაზელში, პან გონგშენთან შეხვედრისას გავცვალეთ ინფორმაცია, თუ რა პროგრესი გვაქვს ჩვენს ბანკებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში. აქტიურად ვმუშაობთ ჩინურ ბანკებთან, რათა მეტად დავაინტერესოთ საქართველოს ბაზრით. ამ დღეებში დაგეგმილია და ველოდებით ჩინეთს უმსხვილესი სახელმწიფო საგადახდო სისტემის CIPS-ის პრეზიდენტის ჩამოსვლას. გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით წინსვლა. არის რაღაც მიმართულებები, სადაც მინდა უფრო მეტად დაგვეხმარონ, დავაჩქაროთ თანამშრომლობა და ამაზეც გვქონდა საუბარი“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის, ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებისა და გაძლიერების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მარტში მოეწერა. მემორანდუმი მონეტარული პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობას, ასევე ფინანსური ტექნოლოგიების, საგადახდო სისტემებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების სფეროებში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.

შეიძლება, არაერთი იარაღი აქვს და მომხდარი სუფთა დაუდევრობა იყო – სასამართლო ალბათ გაითვალისწინებს, რომ ეს განზრახვით კი არა, დაუდევრობით არის მომხდარი – თენგიზ შარმანაშვილი გიორგი რამიშვილზე

შეიძლება მას არა ერთი იარაღი აქვს და მომხდარი სუფთა დაუდევრობა იყო – ვერ დავიჯერებ, რომ ეგონა, იარაღს ჩუმად ჯერ თბილისის აეროპორტში გაიტანდა, მერე ჩუმად პარიზის აეროპორტში შეიტანდა და საფრანგეთის ტერიტორიაზე ასე გავიდოდა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც შარმანაშვილმა აღნიშნა, „სასამართლო ალბათ გაითვალისწინებს, რომ ეს განზრახვით კი არა, დაუდევრობით არის მომხდარი“.

„მჯერა გავრცელებული ვერსიის. ყველაფერი ლოგიკაა. მე მისგან განსხვავებით, იარაღის ტარების უფლება მაქვს, მაგრამ ამ საქმის მოყვარული არა ვარ და აღარც კი მახსოვს, ბოლოს როდის ვატარე იარაღი.

წმინდა ლოგიკაა, რომ თუ ვინმეს ვინმეს დადანაშაულება უნდა რომ უკანონო იარაღს ფლობს, რა თქმა უნდა, უკანონო იარაღს ჩაუდებს.

მეორე – შეუძლებელია, რომ მე თქვენ თქვენზე გაფორმებული იარაღი ჩაგიდოთ. მაშინ რა უნდა გავაკეთო? – უნდა შევიპარო თქვენს სახლში, ჩუმად მოგპაროთ, მერე გამოვიტანო და ჩაგიდოთ. ეს აბსოლუტური სიგიჟეა.

მესამე – ვთქვათ მას თბილისის აეროპორტში ისეთი გავლენები ჰქონდა, რომ შეეძლო იარაღი გაეტანა და მართლა უნდოდა ამ იარაღის ტარება თავისი გავლენებიდან გამომდინარე, პარიზის აეროპორტში ხომ ვერ შეიტანდა? ამიტომ, რომელი მხრიდანაც არ უნდა მოუარო, მაინც იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ ჩანთაში მას ეს იარაღი ჰქონდა, რომელიც შეიძლება აღარც ახსოვდა. შეიძლება მას არა ერთი იარაღი აქვს და ეს სუფთა დაუდევრობა იყო. ვერ დავიჯერებ, რომ ეგონა, ჯერ თბილისის აეროპორტში ჩუმად გაიტანდა და მერე მით უმეტეს, პარიზის აეროპორტში ჩუმად შეიტანდა და საფრანგეთის ტერიტორიაზე ასე გამოვიდოდა.

რა თქმა უნდა, სასამართლო ალბათ გაითვალისწინებს, რომ ეს განზრახვით კი არა, არამედ დაუდევრობით არის მომხდარი“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ბიზნესმენი – “სილქ როუდ ჯგუფისა“ და “სილქნეტის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი “სისხლის სამართლის კოდექსის“ 236-ე მუხლით დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს. ბიზნესმენი თბილისის აეროპორტში დააკავეს.

“ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის თამაშები რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ”-Московский комсомолец

რუსეთის გაზეთ „მოსკოვსკიი კომსომოლეცში“ (Московский комсомолец) სათაურით „ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის თამაშები რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ“ გამოქვეყნებულია ინტერვიუ კონსტანტინე ზატულინთან – სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, რომელიც იგი ვრცლად საუბრობს სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ გატარებული ანტირუსული კურსის მიზეზებზე და იმ პერსპექტიულ მდგომარეობაზე, რომელიც შეიძლება სამხრეთ კავკასიაში ჩამოყალიბდეს (ესაუბრება ჟურნალისტი მარინა პერევოზკინა).

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

– სომხეთი, როგორც ჩანს, პოლიტიკური რეპრესიებისა და ჯაშუშომანიის ბნელ ეპოქაში შევიდა. სამართალდამცველი ორგანოების განცხადებით, გახსნილია  შეთქმულება მთავრობის დამხობის – პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშიანის ხელისუფლებიდან ჩამოშორების მიზნით, რომელშიც, ოპოზიციური პოლიტიკოსების და ექს-პრეზიდენტების – რობერტ ქოჩარიანისა და სერჟ სარქისიანის გარდა, თითქოსდა ეკლესიის იერარქები და მსხვილი ბიზნესმენებიც მონაწილეობდნენ. საქმე მივიდა ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის რეზიდენციის შტურმამდე ეჩმიაძინში, სადაც შეთქმულებაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი არქიეპისკოპოსი იმყოფებოდა. რისთვის უნდა ეს ნიკოლ ფაშინიანს?

– ნიკოლ ფაშინიანმა იგრძნო, რომ ის გზა, რომლითაც მას სომხეთი და სომეხი ხალხი მიჰყავს, სინამდვილეში ჩიხში შემყვან გზას წარმოადგენს და ახალ მსხვერპლს ითხოვს. პრემიერი კარგად ხვდება: იმის გამო, რომ მან სომეხ ხალხს „ტვინი გადაუტრიალა“ და თურქეთთან თანამშრომლობასა და რუსეთთან მტრობას უნერგავს, ამისათვის ძალიან მაღალი ფასია გადასახდელი და ეს ფასი სულ უფრო მატულობს. მიზნების მისაღწევად აუცილებელია რუსეთთან ურთიერთობების გაწირვა, აუცილებელია უარი ითქვას სომხეთის გმირულ ისტორიაზე და სომეხთა გენოციდის ხსოვნაზე. ნიკოლ ფაშიანიანის ამბიციებს მსხვერპლად ეწირება ტრადიციული რელიგიური რწმენა – ხალხმა პატივი აღარ უნდა სცეს სომხეთის სამოციქულო ეკლესიას.

ნიკოლ ფაშინიანის აზრით, ეს ყველაფერი აუცილებელია სომეხი ხალხი გამოსახსნელად ძველი წარმოდგენების ტყვეობისაგან – რომ სომეხმა სიკეთე და ბოროტება ვეღარ განასხვაოს და რომ სომხეთი რუსეთის მოწინააღმდეგეთა ბანაკში გადაიყვანოს.

ნიკოლ ფაშინიანს აკვიატებული, მანიაკალური იდეა აქვს, რომ მას ყოველთვის დევნიან და მის წინააღმდეგ რათაც შეთქმულებებს აწყობენ, თუმცა ეს გასაკვირი არ არის: ადამიანმა, რომელმაც ამდენი უბედურება მოუტანა სომეხ ხალხს, არ შეიძლება რომ თავის მომავალზე არ ფიქრობდეს. ამიტომაც, თავისი სამომავლო ცუდი მდგომარეობა რომ თავიდან აიცილოს, იგი პრევენციულ დარტყმებს იმათ, ვისაც თავის მტრებად თვლის და ვინც რუსეთში თანადგომით სარგებლობს. ნიკოლ ფაშინიანისთვის რუსეთი ნებისმიერ შემთხვევაში ყოველთვის დამნაშავეა.

პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მისი ოპონენტები რუსეთის მარიონეტები არიან. დღემდე იგი მარიონეტებად თვლიდა ექს-პრეზიდენტებს რობერტ ქოჩარიანს და სერჟ სარქისიანს, ხოლო მას შემდეგ, რაც ეკლესიის მხარეზე გადავიდა მისი (ანუ ფაშინიანის) ყოფილი პატრონი, ექს-პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი (რომელიც კათოლიკოს გარეგინ II-ს შეხვდა და მისი პოზიცია დაიცვა), ისიც მარიონეტად შერაცხა. პრემიერი არ აკონკრეტებს, ვისი მარიონეტები არიან სამივე ყოფილი პრეზიდენტი, მაგრამ ისედაც გასაგებია – რუსეთის. თუმცა ლევონ ტერ-პეტროსიანი რომ რუსეთის აგენტად შერაცხოს, ადამიანს ძალიან მაგარი ფანტაზია უნდა ჰქონდეს. სიმართლე კი ასეთია: ნიკოლ ფაშინიანს მომავალი წლის ივნისის არჩევნებში სავარძლის შენარჩუნება სურს და ყველაფერს ამის გამო აკეთებს. (…)

– თქვენი აზრით, სომხეთში მართლაც შეიმჩნევა რუსეთით – როგორც სტრატეგიული მოკავშირის სახით – იმედგაცრუება თუ ეს მხოლოდ ნიკოლ ფაშინიანის პროვოკაციებია?

– სომხეთ-აზერბაიჯანის 2020 წლის ომის დროს და მის შემდეგაც ჩვენ სომხებს არაერთხელ ავუხსენით, რომ რუსებს არ შეუძლიათ სომხებზე მეტი სომხები იყვნენ. მუდამ ვეუბნებოდით, რომ თქვენი მთავრობა, პრემიერ-მინისტრის ჩათვლით, თქვენი – სომეხი ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის წევრებისაგან არის დამტკიცებული, ამიტომ რაც ახლა თქვენთან ხდება და რაც მოხდება, ეს თქვენი არჩევანის შედეგია და მოცემულობად  უნდა მიიღოთ.

დიახ, რუსეთი ყოველთვის მაშველ ხელს უწვდიდა უბედურებაში ჩავარდნილ სომეხ ხალხს და, ბუნებრივია, ისინიც რუსეთის იმედზე იყვნენ. მაგრამ სომხური საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს, მათ შორის მთავრობის მომხრეებსაც სურდათ, რომ რუსეთი, რომელსაც ამჟამად უკრაინასთან კონფლიქტი აქვს, დამატებით კავკასიის მორევშიც ყოფილიყო ჩართული, რაც მოსკოვს ამჟამად არ სურს. ნიკოლ ფაშინიანმა მოხერხებულად ისარგებლა სიტუაციით და ყველაფერი რუსეთს დააბრალა – მარცხი ყარაბაღში 2020 და 2023 წლებში. მან ომი წააგო და ყარაბაღელ ლტოლვილებს მისი დანახვაც არ უნდათ. პრემიერ-მინისტრმაც, თავის მხრივ, კარგად იცის ყარაბაღელი სომხების პოზიცია და ამიტომ ისინი მას სძულს. ნიკოლ ფაშინიანი სარგებლობს მომენტით და თავის მარცხს რუსეთს აბრალებს – კრემლმა სომხეთის მიმართ სამოკავშირეო ვალდებულება არ შეასრულაო. თუმცა, ალბათ, ღირს, რომ ჩვენ მას ვკითხოთ: თქვენ თვითონ რატომ არ იომეთ თქვენივე თანამემამულეების დასაცავად?

– გასაგებია, რომ რუსეთ-სომხეთის ურთიერთობა უარესდება, მაგრამ ამ გაუარესების ფონზე აზერბაიჯანთან ურთიერთობა ლოგიკურად უნდა გაუმჯობესებულიყო… რატომ არ მოხდა ასე? დღეს მოსკოვისა და ბაქოს ერთმანეთთან დამოკიდებულებაც უკან-უკან მიდის…

– ჩვენ ბაქოს ისე აღარ ვჭირდებით, როგორც მთიანი ყარაბაღის პრობლემის გადაჭრამდე ვჭირდებოდით. დღეს აზერბაიჯანი რუსეთს ეჭვის თვალით უყურებს. ბაქომ ჯერ კიდევ შარშან, ავიაკატასტროფის დროს გამოავლინა თავისი ნეგატიური დამოკიდებულება ჩვენს მიმართ, მაგრამ ეს მხოლოდ შესავალი იყო. ახლა ეკატერინბურგში მომხდარი ამბებით გაგრძელდა.

აზერბაიჯანის ასეთ კურსს სუბიექტური და ობიექტური მიზეზები აქვს.

ობიექტური იმაში გამოიხატება, რომ დღეს ბაქოს აღარ სჭირდება რუსეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა, მაგრამ სამაგიეროდ სჭირდება ისრაელთან, თურქეთთან, დიდ ბრიტანეთთან. ცხადია, ბაქოსთვის კარგია მოგება მიიღოს რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირებით, მაგრამ დღეს ეს მისთვის მეორადია. ჩვენ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რატომ მოქმედებს რუსეთის წინააღმდეგ ილჰამ ალიევი, რატომ ძმაკაცობს იგი ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რატომ ლაპარაკობს ყველგან უკრაინის მხარდაჭერაზე. სამწუხაროდ, ჩვენთან ამის შემჩნევა არ სურთ. ახლაც, სანამ ჩვენ ვსაუბრობთ, მიდის ფინალური კონსულტაციები იმაზე, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო შეთანხმებას ხელს მოაწერენ არა მოსკოვში, არამედ სადღაც დასავლეთში, ვთქვათ, ვაშინგტონში – თეთრ სახლში, დონალდ ტრამპთან ერთად, რათა იგი კიდევ ერთხელ გახდეს მშვიდობისმყოფელი [ისე, როგორც კონგოსა და რუანდას შორის] და როგორმე საბოლოოდ ნობელის პრემია მიიღოს.

სუბიექტური მიზეზები თვითონ ილჰამ ალიევის პიროვნებაშია. მამამისი ჰეიდარ ალიევი ძალიან ჭკვიანი ადამიანი იყო, დაბრძენებული ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში მუშაობის ცხოვრებისეული და პოლიტიკური გამოცდილებით. ილჰამ ალიევი კი, სანამ კრონპრინცი იყო, ანუ მამის სიცოცხლეში, განებივრებულად იქცეოდა. ახლა კი იგი არამხოლოდ პრეზიდენტია, არამედ გამარჯვებული პიროვნება, რომელიც ეიფორიისაგან „იბერება“ და, როგორც ვფიქრობ, ძალიან შორს შედის რუსეთთან ურთიერთობებში, ვიდრე მას აქვს უფლება. ილჰამ ალიევს შეეძლო ყველაფერი ძველებურად ეკეთებინა, ძველებურად დაყრდნობოდა თავის მეგობრებს ჩვენს ხელისუფლებაში და მასმედიაში და იმავდროულად მოსკოვთან დამოკიდებულება არ გაემწვავებინა. კარგად ვიცი, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ამჟამინდელი ქცევა რუსეთის ხელმძღვანელობაში გაკვირვებას იწვევს: მათი თქმით, გასაგებია, რომ ჩვენს ურთიერთობებში გარკვეული პრობლემები არსებობს და მოგვარებას მოითხოვს, მაგრამ გაუგებარია ის, თუ რატომ მოქმედებს ილჰამ ალიევი ასე გამომწვევად.

მე კი ვფიქრობ, რომ ეს ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს. ილჰამ ალიევი ევროპულ კოსტიუმში გამოწყობილი აღმოსავლელია, თავისი ქცევებითა და აზროვნებით. ილჰამ ალიევს არ ერიდება ფეხით შედგეს სომხეთის დროშაზე და დაპყრობილ სტეპანაკერტში, ახლა კი ხანკენდში სომხების მიერ აშენებული სახლები დაანგრიოს. იგი ფაშინიანის თანამოაზრედ გამოდის, როცა ამტკიცებს, რომ ყარაბაღში ათასი წლის წინ არანაირი სომხური ეკლესიები არ ყოფილა, არამედ იყო მხოლოდ „ალბანური“ და რომ ყარაბაღის უძველესი მონასტრები – განძასარი, ამარასი, დადივანქი – ალბანურ ძეგლებს წარმოადგენს.

წარმოიდგინეთ სიტუაცია, როცა უცებ ვინმე დაიწყებს ლაპარაკს – კრემლი იტალიური კულტურის ძეგლიაო.. მოვა და იტყვის – ეს თქვენი კი არა ჩვენია. განა ასეთი იდეებით იქნება მიღწეული ნამდვილი მშვიდობა სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის?

რა თქმა უნდა, არა. და თუ მაინც დაიდება სამშვიდობო შეთანხმება, ასეთი „მშვიდობა“ სომხეთის დამცირების ხარჯზე იქნება „მიღწეული“. დღეს ნიკოლ ფაშინიანი სწორედ ამ გზით მიდის. აბა, დაფიქრდით: სომხურ ეკლესიასთან და ცნობილ ბიზნესმენ კარაპეტიანთან მისი დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, როცა იგი, სომხეთის პრემიერ-მინისტრის რანგში, თურქეთში წავიდა, პირველად მრავალი ათეული წლის განმავლობაში. იმ თურქეთში, რომელიც დაბეჯითებით მოითხოვს ზანგეზურის დერეფნის პროექტის რეალიზებას და რომლის შესახებაც ნიკოლ ფაშინიანი ამბობს: „რა მშვენიერი იქნება, როცა სომხეთი „მსოფლიოს გზაჯვარედინი“ გახდება“. (…)

თუ ფაშინიანი თანამდებობას  დიდხანს შეინარჩუნებს, სომხეთი ჩვეულებრივ ახლოაღმოსავლურ ქვეყანას დაემსგავსება, რომელსაც არც თავისი ისტორია და არც თავისი ფესვები არ ემახსოვრება. არადა, სომხეთი [ევრაზიის კონტინენტზე] პირველ ქრისტიანულ სახელმწიფოს წარმოადგენს: 301 წელს, ბიზანტიაზე და საქართველოზე ბევრად ადრე, სომხეთში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. აი, ამიტომაც ამბობს ნიკოლ ფაშინიანი, რომ სომხური სამოციქულო ეკლესია „ბიზანტიის იმპერიის დროინდელი უცხოური აგენტიაო“. და ამას აცხადებს პრემიერ-მინისტრი იმ ეკლესიის მიმართ, რომელმაც სომეხ ხალხს მისი იდენტურობა შეუნარჩუნა ასობით წლის განმავლობაში, როცა სომხური სახელმწიფო არ არსებობდა. (…)

– თქვენი პროგნოზი მოვლენების განვითარების შესახებ: შეინარჩუნებს თუ არა ნიკოლ ფაშინიანი ხელისუფლებას?

– მას უკვე აღარ შეუძლია ქუჩაში ხალხის დიდი რაოდენობით გამოყვანა მხარდაჭერის მიზნით. დიახ, ჩვენთან ბევრი ამბობს [სათათბიროშიც და მთავრობაშიც], რომ „ნიკოლ ფაშინიანი ასეთი და ისეთია, მაგრამ მან მაინც ორჯერ გაიმარჯვა არჩევნებში, თანაც ომში წაგების შემდეგ“. დიახ, გაიმარჯვა, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე წარსულში დარჩა. ახლა მას მთელი იმედი ძალოვანების მხარდაჭერაზე, დასავლეთის დახმარებაზე აქვს. მას ასევე იმედი აქვს, რომ ხელისუფლების შენარჩუნებაში აზერბაიჯანი და თურქეთი დაეხმარება.

მე არ ვფიქრობ, რომ სომხეთში უცებ მოხდება „აფეთქება“ და ხალხი ქუჩაში გამოვა. მაგრამ როგორი სიტუაცია იქნება ერთი წლის შემდეგ, ივნისის არჩევნების დროს? ნიკოლ ფაშინიანმა ყველა ადრინდელი ლიდერი გადაიმტერა – ლევონ ტერ-პეტროსიანი, რობერტ ქოჩარიანი და სერჟ სარქისიანი. ამ ადამიანებთან შედარებით იგი საკუთარ თავს სომხებისათვის „ყველაზე ნაკლებ ბოროტებად“ მიიჩნევს. მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ნიკოლ ფაშინიანმა სამველ კარაპეტიანის – რუსეთში მოღვაწე სომეხი მილიარდერის – პოლიტიზება მოახდინა. ამჟამად იგი გამოგონილი ბრალდებით ორი თვით არის წინასწარ დაპატიმრებული, მაგრამ ფაშინიანი ამ ვადას გაუგრძელებს. თუმცა ხშირად ხდება ხოლმე, რომ უსამართლოდ დაჭერილი ადამიანები ციხიდან უკვე პრეზიდენტობის კანდიდატებად გამოდიან. სამველ კარაპეტიანს სომხეთში პოლიტიკური გეგმები არასოდეს არ ჰქონია, მაგრამ ახლა იგი ოპოზიციის არაფორმალური ლიდერი ხდება. ფაშინიანს ძალიან გაუჭირდება, რომ კარაპეტიანს რაიმე ისეთი პრეტენზიები წაუყენოს, როგორსაც იგი ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებს უყენებს. (…).

თქვენი აზრით, რატომ მოხდა ისე, რომ ყარაბაღის პრობლემა ელვისებურად გადაიჭრა სამხედრო გზით? მოლაპარაკება წლობით მიდიოდა, რუსეთი და დასავლეთი მშვიდობიანად მოგვარების გზას კვალავდნენ და უეცრად…

დიახ, არცერთი კონფლიქტის მოგვარებაში ისე მჭიდროდ არ ვთანამშრომლობდით დასავლეთთან, როგორც ამას ყარაბაღის საკითხში ვაკეთებდით. მინსკის ჯგუფის საერთო ფორმულა ასეთი იყო: ჩვენც, ფრანგებიც და ამერიკელებიც, ვთვლიდით, რომ ყარაბაღის გარშემო სომხების მიერ დაკავებული 5 რაიონი აზერბაიჯანს აუცილებლად უნდა დაბრუნებოდა. რაც შეეხებოდა საკუთრივ მთიან ყარაბაღს, თავისი საბჭოური დროის საზღვრებით, მისი ბედი რეფერენდუმით უნდა გადაწყვეტილიყო. რადგანაც მოსახლეობა დაახლოებით 75% სომეხი, ხოლო 25% აზერბაიჯანელი, იყო, ბუნებრივია, დადასტურდებოდა ყარაბაღელთა სურვილი თვითგამორკვევაზე. მაგრამ როცა უკვე ყველაფერი ტექსტში თითქმის შეთანხმებული იყო და ყაზანში ყველა დოკუმენტის ხელმოსაწერად შეიკრიბა, ილჰამ ალიევმა უცებ თქვა, რომ მას აქვს 11 პრეტენზია ხელშეკრულების ტექსტის მიმართ. ეს იყო „მეხის გავარდნა მოწმენდილ ცაზე“.

– რატომ წამოაყენა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ეს პრეტენზიები?

– იმიტომ, რომ მასთან თურქებმა იმუშავეს და იმათაც, ვინც აზერბაიჯანში ამ ხაზს ატარებდა, უპირველესად კი ილჰამ ალიევის ცოლის მეჰრიბან-ხანუმის ოჯახის წევრები – ფაშაევები. როგორც ამბობენ, მათ პრეზიდენტს პირდაპირ უთხრეს: „ძვირფასო ილჰამ, თუ შენ ახლა ამ შეთანხმებას ხელს მოაწერ, მხედველობაში იქონიე, რომ აზერბაიჯანელი ხალხის მტერი გახდები. ეს დოკუმენტი ყარაბაღს კი არა, ხელისუფლებას დაგაკარგვინებს“.

ასეთია ვერსია. ყაზანში მოლაპარაკების ჩაშლის შემდეგ ბაქომ ფსონი სამხედრო რევანშზე გააკეთა, რომელსაც თურქეთი მხარს უჭერდა და აქეზებდა. მათ შეარჩიეს ისეთი დრო – 2020 წელი, როცა ჩვენ უკრაინასთან დაძაბული მდგომარეობა გვქონდა. ომი ჯერ არ იყო დაწყებული, მაგრამ ყირიმ-დონბასის გამო ფეთქებადსაშიში სიტუაცია იყო. ყველა ხვდებოდა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები.

პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თავისი გამარჯვებით 1994 წლის მარცხი გადაფარა და აზერბაიჯანში პატრიოტული ტალღა გამოიწვია. (…)

– [როგორია ნიკოლ ფაშინიანის როლი ყარაბაღის ომის წაგებაში?]

– პრემიერ-მინისტრს ყარაბაღი არ ჭირდებოდა და იგი არც ყარაბაღელებს არ მოსწონდათ. სხვათა შორის, ცნობილია, რომ ნიკოლ ფაშინიანს ილჰამ ალიევმა ყარაბაღის გარშემო ხუთი ოკუპირებული რეგიონის დაბრუნებისათვის სარგებელი შესთავაზა, 5 მილიარდი დოლარის ოდენობით. ეს საკითხი სერჟ სარგისიანის მმრთველობის დროსაც იხილებოდა, მაგრამ მაშინ სომხებმა ფულის აღებაზე უარი განაცხადეს, მით უმეტეს, რომ გარანტირებული არ იყო თვითონ მთიანი ყარაბაღის თვითგამორკვევა.

ჩვენ, რუსები, როგორც ვიცი, იმ დროს უკმაყოფილო ვიყავით სომხების უარით და ვთვლიდით, რომ აზერბაიჯანის შეთავაზება ღირსეული იყო – ანუ ისე, როგორც კატა ლეოპოლდი იქცეოდა, რომელსაც უნდოდა, რომ ყველას მეგობრულად ეცხოვრა.

ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ნიკოლ ფაშინიანმა ის ფული აიღო, მაგრამ მას არ შეეძლო ის ხუთი რაიონი და მით უმეტეს, მთლიანად ყარაბაღი ისე დაეთმო, რომ მცირე ბრძოლა მაინც არ გამართულიყო. ნიკოლ ფაშინიანმა ყველაფერი გააკეთა, რომ ყარაბაღი (ანუ სომხეთი) ომში დამარცხებულიყო. იგი თავს აჩვენებდა როგორც შეუპოვარი გმირი (იყო მომენტი, როცა შუშის დათმობის წინ, პუტინმა უთხრა, ბრძოლა შეწყვიტეო, მაგრამ მან უარით უპასუხა). მე ხელში უწყისი არ მაქვს ფულის მიღებაზე ფაშინიანის ხელმოწერით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ასე მოხდა. ამრიგად, საკუთარი ინტერესებისათვის პრემიერ-მინისტრი სწორად მოიქცა – მან თავიდან მოიცილა პრობლემური რეგიონი და დასავლეთის მეგობარი გახდა. გარდა ამისა, არაოფიციალურად უზრუნველყო საკუთარი თავისთვის თურქეთისა და აზერბაიჯანის მხარდაჭერა. დიახ, იგი ამ თვალსაზრისით მართლად მაგარი კაცია.

ჩვენ კი სად ვიყავით ამ დროს? რატომ არ გავაფრთხილეთ მკაცრად ილჰამ ალიევი, რომ მოსკოვი ძალისმიერ გადაწყვეტას ვერ მოითმენს? ჩვენ გვეგონა, რომ რაღაც პატარა შეტაკება იქნება, რომლის შემდეგ აზერბაიჯანი შეპირებულ ხუთ რაიონს მიიღებს, ანუ ყველაფერი დაწყნარდება და დამშვიდდება. თავიდან თითქოსდა მართლაც ასე ვითარდებოდა პროცესები. რუსეთმა შეძლო თავისი სამშვიდობო ძალების განლაგება.  მაგრამ შემდეგ აზერბაიჯანი და თურქეთი უფრო შორს წავიდნენ და მეტი მოინდომეს. როგორც აღმოჩნდა, თუ თურქებს და აზერბაიჯანელებს თითს გაუწოდებ, ისინი ხელს მოგაჭამენ. (…)

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: