Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

დღევანდელი დღე განსაკუთრებით დატვირთულია უდიდესი გულისტკივილით, რაც უკავშირდება 17 წლის წინ განხორციელებულ რუსეთის ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას – ახვლედიანი

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული სამხედროების ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო. სახელმწიფო მინისტრი დაღუპული გმირების მშობლებსა და ოჯახების წევრებს ესაუბრა, გამოხატა თანაგრძნობა და მთავრობის სახელით მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

თეა ახვლედიანმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო გორშიც. სახელმწიფო მინისტრმა გორის გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და ადგილობრივი ხელისუფლებისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, დაღუპულთა სულების მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო, რომელიც გორისა და ატენის მიტროპოლიტმა – მეუფე ანდრიამ აღავლინა.

„დღევანდელი დღე განსაკუთრებით დატვირთულია უდიდესი გულისტკივილით, რომლითაც ჩვენ ვიხსენებთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის იმ უმძიმეს დანაკარგს, რაც უკავშირდება 17 წლის წინ განხორციელებულ რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას და ჩვენი განუყოფელი ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის უკანონო ოკუპაციას. დღესაც, ტრადიციულად გორიდან მსურს განსაკუთრებული პატივი მივაგო ჩვენი სახელოვანი გმირების ხსოვნას, ნამდვილად სიმამაცით და სულიერი სიმტკიცით გამორჩეულ ჩვენს მამულიშვილებს, რომლებმაც რუსეთ-საქართველოს ომში თავი შესწირეს ქვეყნის ერთიანობის და ღირსების დაცვას; და მსურს თანაგრძნობა გამოვუცხადო მათ ოჯახებს. შეიარაღებული მოქმედებების და ჩვენი ქვეყნის ორ რეგიონში დღემდე მიმდინარე უკანონო ოკუპაციის თანმდევი უმძიმესი შედეგების დაძლევა ჩვენი ხელისუფლების მთავარ ამოცანად და გამოწვევად რჩება, რაც განსაკუთრებით დღეს, ცხადჰყოფს, რომ მშვიდობის დაცვას და მის განმტკიცებას ალტერნატივა არ გააჩნია! სწორედ ამ პრინციპის განუხრელი დაცვით, ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის განხორციელებით, საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ვაგრძელებთ სამშვიდობო ძალისხმევას იმ მიზნითა და რწმენით, რომ აუცილებლად შევძლებთ ომით დროებით გაყოფილი ჩვენი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენას და შერიგებას და ხალხის გაერთიანებას ძლიერ, განვითარებულ და გამთლიანებულ საქართველოში,”- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6964 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6964 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6970 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1367 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1466 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0099 ლარი შეადგინა.

“ტრამპს შეუძლია თავისი საგარეო პოლიტიკური გადატრიალების მოწყობა რუსეთთან მიმართებით, რომელიც ნიქსონისას ჰგავს ჩინეთთან დაკავშირებით”-The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) თავის დღევანდელ, 8 აგვისტოს ნომერში ბეჭდავს სტატიას სათაურით: „ტრამპს შეუძლია თავისი საგარეო პოლიტიკური გადატრიალების მოწყობა რუსეთთან მიმართებით, რომელიც ნიქსონისას ჰგავს ჩინეთთან დაკავშირებით“ (ავტორი – სმიუელ რამანი, პოლიტიკური მიმომხილველი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის ბოლოდროინდელი პოლიტიკა რუსეთისა და ჩინეთის მიმართ: რა სურს დონალდ ტრამპს ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობით?

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისეთი დიპლომატიური გარღვევის ზღურბლზე იმყოფება, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. მას შემდეგ, რაც აშშ-ის ლიდერის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უოტკოფი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდა, ტრამპმა ოპტიმიზმი გამოხატა მრავალწლიანი სისხლისღვრის შეჩერების მიმართ.

დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული მსხვილმასშტაბიანი გარიგება აშშ-ის ლიდერის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სავიზიტო ბარათად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ იქნება თუ არა ის წარმატებული? პირველი სიგნალები აჩვენებენ, რომ ამერიკის ლიდერს წინ რთული ბრძოლა ელოდება. მართალია, რუსეთმა განაცხადა, რომ „სტივ უიტკოფის ვიზიტი კონსტრუქციული იყოო“, თვით ტრამპი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ მისი დესპანის კრემლში ყოფნას [უკრაინისათვის] სერიოზული პოზიტიური შედეგები არ მოუტანია.

კრემლის თანაშემწემ იური უშაკოვმა მზადყოფნა გამოხატა პუტინ-ტრამპის შეხვედრის მიმართ, მაგრამ მან მხარი არ დაუჭირა აშშ-ის წინადადებას სამიტში ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობის თაობაზე.

რა ხდება ამჟამად ფრონტზე? რუსეთი ამ კვირაში, წინა პერიოდისაგან განსხვავებით, თავს იკავებდა დრონებითა და რაკეტებით კიევზე განხორციელებული მსხვილმასშტაბიანი დარტყმებისაგან, მაგრამ მისი საზაფხულო სახმელეთო შეტევა გრძელდება. რუსეთის ჯარები თანდათანობით წინ მიდიან, განსაკუთრებით დონბასში და რიგ ქალაქებს იღებენ.

ცეცხლის შეწყვეტის ჩარჩოებში ყველაზე საუკეთესო სცენარად რჩება დარტყმების შეწყვეტა ჰაერიდან, თუმცა ამგვარი დეესკალაციაც კი მაინც რუსეთის სასარგებლო იქნება: იმდენად, რამდენადაც უკრაინული დრონები წარმატებით მოქმედებენ მტრის ღრმა ზურგში და რუსეთის აეროპორტების მუშაობას აფერხებენ (რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული) და ცეცხლს უჩენენ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, კრემლისათვის მათი მოქმედების შეჩერება ერთგვარი სულის მოთქმა იქნებოდა: ამით შერბილდებოდა ის ზარალიც, რომელიც ამერიკამ რუსული ნავთობის გადამტან ტანკერებს დაადო და ის ზიანიც, რომელიც ინდოეთის მიმართ გამოცხადებულმა მეორადმა სანქციებმა შეიძლება გამოიწვიოს.

მიუხედავად მოსკოვთან დიდი უთანხმოებისა და იმ რისკისა, რომ შეიძლება დონალდ ტრამპი წაგებული აღმოჩნდეს, აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის იდეას ძველებურად მხარს უჭერს. დონალდ ტრამპის რიტორიკა ასახავს მის ერთგულებას ჰუმანური პრინციპების მიმართ იმდენად, რამდენადაც მას ამ სისხლისმღვრელი და უაზრო ომის შეჩერება სურს.

დონალდ ტრამპს კიდევ იმიტომ სურს ამ ომის შეჩერება, რომ ის მისი წინამორბედის, ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს დაიწყო, რომელსაც არაფერი არ გაუკეთებია მშვიდობის დასამყარებლად და თუ იგი ბაიდენის მიერ დაშვებულ შეცდომას გამოასწორებს, ამით თავის როგორც მშვიდობისმყოფელი პრეზიდენტის სახელს განადიდებს ამ სენტიმენტალური და საკმაოდ ეგოისტური მოსაზრებების გარდა, დონალდ ტრამპს აქვს აგრეთვე უკრაინის ომის შეჩერების გეოსტრატეგიული დასაბუთება. თეთრი სახლის ადმინისტრაციას სურს თავისი ყურადღება გადაიტანოს ჩინეთთან მზარდ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაზე. ვაშინგტონი ევროპაში მიმდინარე ომის შეჩერებასა და მშვიდობის დამყარებაში იმის წინაპირობებს ხედავს, რომ რუსეთი მისთვის პოტენციურად სასარგებლო პარტნიორი გახდება და ორივე ერთად გამოვლენ ჩინეთის შესაკავებლად.

იმის გამო, რომ ამერიკა რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერებით არის დაკავებული, დონალდ ტრამპი იძულებულია ფრთხილად იმოქმედოს ჩინეთთან გამოცხადებულ სავაჭრო ომში. მან გარკვეული დათმობები განახორციელა და უკან დაიხია ზოგიერთი პროდუქციით ვაჭრობის საკითხში. იგივეს მიანიშნებს ის საკმაოდ არაორდინალური ფაქტიც, რომელიც ტაივანის პრეზიდენტის ლაი ჩინდეს აშშ-ის ხელისუფლებამ ნიუ-იორკის აეროპორტით ტრანზიტის უფლება არ მისცა, რაც ხაზს უსვამს ტრამპის მიზანდასახულ მოქმედებას – თავი აარიდოს იმ ესკალაციის გამეორებას, რაც მისმა ნაბიჯებმა გამოიწვია რამდენიმე თვის წინათ.
დონალდ ტრამპის უახლოესი მოკავშირეები ცდილობდნენ ეს დათმობები წარმოესახათ როგორც ძალის დემონსტრაციის ერთგვარი გამოვლენა ჩინეთის მიმართ. დევიდ საქსი, პრეზიდენტის თანაშემწე ხელოვნური ინტელექტის საკითხებში ამტკიცებს, რომ თუ აშშ ჩინეთს სანქციებს შეარბილებს, მაშინ ჩინეთი ამერიკული სენსორების იმპორტზე დამოკიდებული გახდება და მისი კონკურენტუნარიანობა შემცირდება. და მაინც, არ ქრება იმის შეგრძნება, რომ ტრამპი ჩინეთს ამშვიდებს და როგორც ჩანს, მას უფრო მეტად სურს სი ძინპინთან შეხვედრა ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმების დასადებად, ვიდრე სი ძინპინს ტრამპთან.

აშშ-ის ადმინისტრაცია დარწმუნებულია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება მას შესაძლებლობას მისცემს ჩინეთთან უფრო კონფრონტაციული, ხისტი პოზიცია დაიკავოს. სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ რუსეთ-უკრაინის ომის შეაფასა როგორც „სხვისი ხელებით მიმდინარე ომი რუსეთსა და აშშ-ს შორის“, ხოლო თავდაცვის მინისტრის მოადგილე ელბრიჯ კოლბი თვლის, რომ „სხვისი ხელებით მიმდინარე ეს ომი“ ძირს უთხრის აშშ-ს ძალისხმევას წინააღმდეგობა გაუწიოს ჩინეთის ჰეგემონიას აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში. გარდა ამისა, ევროკავშირის ჩართვა უკრაინისათვის იარაღით უზრუნველყოფის პროცესში გამოათავისუფლებს ფინანსურ რესურსებს ჩინური საფრთხის წინააღმდეგ, ხოლო ომის შეჩერება ამერიკას შესაძლებლობას მისცემს დაცარიელებული საწყობები იარაღით შეავსოს.
იმის კვალობაზე, რომ აშშ თავის თავდაცვით კურსს აზიისაკენ აძლიერებს, დონალდ ტრამპი რუსეთს გრძელვადიან პოტენციურ პარტნიორად განიხილავს. არგუმენტები „კისინჯერის შებრუნებითი პოლიტიკისათვის“ რუსეთის მიმართ (ანუ თუ ადრე, ჰენრი კისინჯერის სახელმწიფო მდივნობისას, აშშ ჩინეთს „ეფერებოდა“ – პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი 1972 წელს პეკინს ეწვია, ახლა პირიქით ხდება – აშშ რუსეთს „ეფერება“) დაფუძნებულია მოსკოვის ფარულ შიშზე – მთლად დამოკიდებული არ აღმოჩნდეს ჩინეთზე ეკონომიკურად და მსოფლიოს დიდი და ძლიერი სახელმწიფოს სტატუსი არ დაკარგოს. იმავდროულად, როცა რუსეთი მიესალმება ჩინეთთან „უსაზღვრო პარტნიორობას“ და სხვადასხვა ფორუმებზე მას მხარს უჭერს, კრემლს აღიზიანებს პეკინის მცდელობები სარგებელი მიიღოს ცენტრალურ აზიაში და კავკასიაში რუსეთის გავლენის შესუსტებით.
კრემლი იზიარებს დონალდ ტრამპის ხედვებს და აქტიურად ცდილობს მათ გამოყენებას თავის სასარგებლოდ: რუსი მთავარი მომლაპარაკებლის კირილ დმიტრიევის შეთავაზებები არქტიკაში თანამშრომლობაზე და იშვიათი მიწა ლითონების საბადოთა ერთობლივ დამუშავებაზე სრულიად შეესაბამება დონალდ ტრამპის მსოფლმხედველობას.
ის გეოსტრატეგიული შეხედულებები, რომლებიც დონალდ ტრამპის სამშვიდობო პოლიტიკას განაპირობებს უკრაინაში, ლოგიკურ შეცდომებს მოკლებული არ არიან. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რუსი თავს ევროპელად თვლის და ევროპულ ქვეყნებთან სურს ურთიერთობა, რუსეთის საგარეო პოლიტიკა მტკიცედ არის დაკავშირებული როგორც კოლექტიურ დასავლეთთან, ისე აღმოსავლეთთან, რაც, თავის მხრივ, ხელს უშლის რუსეთის პარტნიორობას აშშ-სთან და ჩინეთთან. აზრს იმის შესახებ, რომ ტრამპს სურს რუსეთი უკრაინაში აგრესიის შეწყვეტისათვის „დააჯილდოოს“, შეიძლება ჩინეთი გააღიზიანოს…

დონალდ ტრამპის ეკონომიკური მუქარების და დიპლომატიური ზეწოლის ერთმანეთთან შეთავსება მის გეგმებს სრულიად შეესაბამება, რომლებიც დროის მიერ არის გამოცდილი და შეიძლება ათვლის წერტილად იქცეს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ახალი, ჩინეთზე ორიენტირებული (ჩინურ-ცენტრისტული) ეპოქისათვის.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

კინო გზაზე – თიბისის მხარდაჭერით, კინოპროექტმა საქართველო მოიარა

კინომოგზაურობა შედგა – თიბისის მხარდაჭერით, თანამედროვე ქართულმა ფილმებმა საქართველოს სოფლები და ქალაქები მოიარეს.

„კინო გზაზე“ დამოუკიდებელი კინემატოგრაფისტების მიერ შექმნილი პროექტია. პროექტის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში, 10 სხვადასხვა ლოკაციაზე თანამედროვე ქართველი რეჟისორების მიერ შექმნილი ფილმების ჩვენება გაიმართა.

6 ივნისს, პროექტის მოძრავი ეკრანი თელავში გაიშალა და აქედან დაიწყო ქართული კინოს მოგზაურობა – ყვარელში, ლაგოდეხში, შალაურში, წნორში, ქუთაისში, ფოთში, ქობულეთში, ვანსა და ზუგდიდში.

მაყურებლები პირისპირ შეხვდნენ რეჟისორებს – ილო ღლონტს, გიორგი თავართქილაძეს, ანკა გუჯაბიძეს, უტა ბერიას, თამთა ხალვაშს, მელანო სოხაძეს, დავით ფირცხალავას და სხვებს. გაიმართა არაერთი საინტერესო დისკუსია.

კინოპროექტის დასკვნითი ჩვენება 10 აგვისტოს, ახალციხეში გაიმართება და წარმოგიდგენთ თაკო რობაქიძის, ვაჟიკო ჩაჩხიანისა და გიორგი გოგიჩაიშვილის მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმებს – „მცოცავი ოკუპაცია“, „ზამთრის თბილი დღე“, „8 წუთი“ და „10:45“.

კინოჩვენებას ახალციხეში შეხვედრების სივრცე – „კანტორა“ უმასპინძლებს (გრიგოლ ხანძთელის #30). დასწრება თავისუფალია და ტრადიციულად, ჩვენების დასრულების შემდეგ, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ და გაესაუბრონ ფილმების რეჟისორებს.

რეგიონებში სოციალურ-კულტურული ცხოვრების გაძლიერება თიბისის ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტია. ამ პროექტმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, როგორ აახლოებს ხელოვნება ადამიანებს; ქმნის ახალ შესაძლებლობებს და აღრმავებს საერთო ღირებულებებს.

(R)

რუსეთ-უკრაინის ომი შესაძლოა გაიყინოს – დონალდ ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომი შესაძლოა გაიყინოს.  ამის შესახებ ტუსკმა ჟურნალისტებს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ განუცხადა.

„არსებობს გარკვეული მინიშნებები და ასევე მაქვს ინტუიცია, რომ კონფლიქტი შესაძლოა გაიყინოს“, – აღნიშნა ტუსკმა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ დღეს დონალდ ტრამპის მიერ რუსეთისთვის წაყენებული ულტიმატუმის ბოლო დღეა. ტუსკის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი კი ძალიან ფრთხილობს, მაგრამ მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი.

„უკრაინული მხარე ძალიან დაინტერესებულია, რომ ევროპამ, მათ შორის პოლონეთმაც, მონაწილეობა მიიღოს მომავალი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში და შემდგომ მშვიდობაშიც. ჩვენც დაინტერესებული ვართ მშვიდობა დამყარდეს ჩვენს რეგიონში, რადგან ეს ჩვენს უსაფრთხოებაზეც ძალიან დადებით გავლენას მოახდენს“, – აღნიშნა ტუსკმა.

საპროტესტო აქციის დროს დაკავებულ დავით ლომიძესა და თემურ ზასოხაშვილს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციის დროს დაკავებული დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი დამნაშავედ ცნო და 4 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქმეზე განაჩენი მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.

მანამდე ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვით ისარგებლეს და აღნიშნეს, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. ამასთან, მათ სასამართლოს მოუწოდეს, რომ ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს.

დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი 2024 წლის პირველ დეკემბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ისინი ღამის საათებში, თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ჭიჭინაძის ქუჩაზე თავს დაესხნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს და მათ ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. ასევე, აღნიშნული ქმედების შედეგად ცეცხლი წაეკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებულ წყლის ჭავლის სპეციალურ ავტომანქანას.

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ეს არის ერთ-ერთი დღე, როდესაც სიცოცხლემ კვლავ გაიმარჯვა სიკვდილზე!.. ეს არის დღე, როდესაც ერი და ბერი თავდახრილი, ამ გმირების მარადიულ სასუფეველზე უნდა საუბრობდეს!..-კობა კობალაძე

დღეს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-17 წლისთავზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, მოადგილეებთან, სამსახურის წარმომადგენლებთან და ვეტერანებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, გმირთა მემორიალი გვირგვინით და დაღუპული მებრძოლების საფლავები ყვავილებით შეამკო და ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლის ველზე დაცემული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო.

კობა კობალაძემ ომში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და სამშობლოსათვის თავდადებული მეომრების ოჯახებს მადლობა გადაუხადა ქვეყნის ერთგული, ღირსეული შვილების აღზრდისთვის.

„8 აგვისტო განსხვავებული შეგრძნებების დღეა. ეს არის დღე, ქვეყნისთვის თავდადებულთა გმირობის ამსახველი, მატიანეში ჩასაწერი. ასევე, იქაური მცხოვრებლებისთვის, მთლიანად საქართველოსთვის ცრემლით, სისხლით და ტკივილით მოცული დღე. მაგრამ როგორც არ უნდა ვისაუბროთ, ეს არის ერთ-ერთი დღე, როდესაც სიცოცხლემ კვლავ გაიმარჯვა სიკვდილზე, როდესაც ყველა დარწმუნდა იმაში, რომ ქართველ ადამიანს შეუძლია თავგანწირვა თავისი სამშობლოსთვის. ჩემი აზრით, ყველა ის გმირი, ვინც აქ სამარადჟამოდ განისვენებს და ბევრი, ვინც თავი შესწირა, სამშობლოს ერთიანობას, საქართველოს დამოუკიდებლობას და ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, თავისზე აღმატებულ მოწინააღმდეგესთან დაპირისპირებაში, არის უდიდესი პატივის ღირსი. მადლიერება მათ ოჯახებს. თითოეული მათგანის ოჯახის ტკივილის მოზიარეები ვართ. ერთი რამ ვიცოდეთ, საქართველო იქნება ერთიანი და ძლიერი. დღევანდელი დღე არის ზუსტად ის დღე, როდესაც ერი და ბერი, თავდახრილი ამ გმირების მარადიულ სასუფეველზე უნდა საუბრობდეს“, – განაცხადა კობა კობალაძემ.

ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად, დღეს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრები, თავდაცვის ძალებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, სულ, დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. 2008 წელს, რუსული ინტერვენციის შედეგად, საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი დაიღუპა, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები, იძულებით, თითქმის 150 000-მა ადამიანმა დატოვა, მათგან 30 000-მდე დღემდე დევნილობაში რჩება.

2008 წლის აგვისტოს ომის მეჩვიდმეტე წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად, სახელმწიფო დროშები დაშვებული იქნება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00:00 საათამდე.

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკის შედეგები უმძიმესი იყო, მათ შორის მოღალატეობრივი რეზოლუცია, რომელსაც ხელი მოაწერეს -კახა კალაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკის შედეგები უმძიმესი იყო, მათ შორის მოღალატეობრივი რეზოლუცია, რომელსაც ხელი მოაწერეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებში იკვეთება სხვა ქვეყნის თუ დაჯგუფების ინტერესები.

„უმძიმესი იყო შედეგები იმ პოლიტიკისა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ატარებდა. მინდა, ხაზი გავუსვა იმ უმძიმეს რეზოლუციას, რომელიც ამ ომის შემდეგ იყო მიღებული. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკა ნამდვილად არ ემსახურებოდა საქართველოს ინტერესებს. აშკარად იკვეთება სხვა ქვეყნის თუ დაჯგუფების ინტერესები. შესაბამისად, ყველა კითხვას, რომელიც დღეს საზოგადოებაში არსებობს, უნდა გაეცეს ამომწურავი პასუხი. მოღალატეობრივი იყო რეზოლუცია, რომელზეც ხელი იქნა მოწერილი და ასევე, ყველა ქმედება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი პოლიტიკით ახორციელებდა“, – განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა კახა კალაძე, რომ ომი საქართველომ დაიწყო, თბილისის მერმა საპასუხოდ რეზოლუცია გაიხსენა.

„მე არაფერს ვფიქრობ, მე გაჩვენებთ ერთ საინტერესო ამონარიდს რეზოლუციიდან, სადაც თეთრზე შავით წერია ძალიან მძიმე სიტყვები, რომ „2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით ესკალაცია ახალ, კერძოდ, ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა“. ამას ხელი მოაწერა მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენელმა. ეს არის ღალატი, დანაშაული, უმძიმესი ფაქტი და შესაბამისად, მას უნდა მოჰყვეს რეაგირება. საზოგადოებაში არსებობს კითხვები და მას უნდა გაეცეს პასუხი. 2008 წლის 8 აგვისტოს ომმა ჩვენ დაგვანახა მხოლოდ შეშფოთებით შემოფარგლული საერთაშორისო თანამეგობრობა, დაგვანახა, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი. ასევე, აშკარაა ის, რომ მაშინდელი ხელისუფლება ატარებდა არა საქართველოს, არამედ უცხო ძალების ინტერესს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებული კითხვაზე კალაძე აცხადებს, რომ რომ ეს პოლიტიკური სპეკულაციებია.

„ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციებია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, ყოველ ჯერზე, როდესაც მოდის 8 აგვისტო, ერთი და იგივე სპეკულაციებია. ყველამ კარგად ვიცით ყველაფერი, თუ როგორ მიმდინარეობდა პროცესები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გმირების ოჯახების რეაქციისა და კომისიის ვერდიქტის უნდა ეშინოდეთ „ნაციონალურ მოძრაობას“, მის ყველა განშტოებას და მფარველებს -შალვა პაპუაშვილი

გმირების ოჯახების რეაქციის უნდა ეშინოდეთ „ნაციონალურ მოძრაობას“, მის ყველა განშტოებასა და მფარველებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მწამებლურ რეჟიმს მფარველობდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის საგამოძიებო კომისია საბოლოო ვერდიქტს დადებს.

„სააკაშვილი და მისი მარიონეტული რეჟიმი უნდა ძრწოდეს, უნდა ეშინოდეთ გმირების ოჯახების რეაქციის. სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა საქართველოში ბევრი უბედურება დაატრიალეს, რომლის დანაშაულებიც გამოძიებულია და დაიდება საბოლოო ვერდიქტი. „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა ეშინოდეს, მის ყველა განშტოებას და უპირველესად, მის მფარველებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მწამებლურ რეჟიმს მფარველობდნენ და, რომელსაც მთლიანად ამხელს პარლამენტის საგამოძიებო კომისია, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რუსეთს აქვს უკანონოდ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი, არაფერი ამართლებს რუსეთის ქმედებას -ირაკლი კობახიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები – იაკობაშვილი, ლომაია და სხვები საუბრობდნენ, რომ ისინი სეპარატისტებთან აწარმოებდნენ საომარ მოქმედებებს და მადლობას უხდიდნენ რუსეთს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რუსეთს აქვს უკანონოდ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20პროცენტი და, რა თქმა უნდა, არაფერი არ ამართლებს რუსეთის ქმედებას.

„ჩვენ რომ ხვალ ცხინვალში ან სოხუმში შევიჭრათ, ეს იქნება ჩვენი დანაშაული და ჩვენი ღალატი იმიტომ, რომ ეს იქნება ავანტიურა. „ნაციონალური მოძრაობის“ პარტია დილიდან აცხადებდა, რომ ჰქონდათ საომარი მოქმედებები სეპარატისტებთან და რუსეთი იქცეოდა კარგად. ამას აცხადებდა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტია და დანარჩენი ყველაფერი არის „ნაცობა“. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები – იაკობაშვილი, ლომაია და სხვები საუბრობდნენ ასეთ რაღაცებს, რომ ისინი სეპარატისტებთან აწარმოებდნენ საომარ მოქმედებებს და მადლობას უხდიდნენ რუსეთს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

17 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, რომელმაც 33 წლის წინ, აფხაზეთის ომისგან მიღებული მოუშუშებელი იარა განაახლა -შალვა პაპუაშვილი

ისტორია კარგი მასწავლებელია, ვიდრე ის ახსოვთ, ჩვენ გვახსოვს და არ ვივიწყებთ ჩვენი სამშობლოს უახლეს ისტორიას და მრავალათასწლოვან მატიანესაც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„17 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, რომელმაც 33 წლის წინ აფხაზეთის ომისგან მიღებული მოუშუშებელი იარა განაახლა.

ომი და სისხლისღვრა ყოველ 15 წელიწადში ერთხელ… ომები, რომლებიც წარმოშობენ სამშობლოსთვის თავდადებულ გმირებს და პოლიტიკურ ავანტიურისტებს, რომლებიც, ქვეყნის ინტერესების საპირისპიროდ, მზად არიან, თავიანთი სამშობლო სხვების სათამაშოდ აქციონ.

2008 წლის ომზე ბევრი დაწერილა, ბევრის გმირობა აღწერილა და ბევრის ბრალეულობაზეც თქმულა. დღეს კი, უკვე მეოთხე წელია, ეს სათქმელი განსაკუთრებულია, რადგანაც 2008 წლის ომს რეგიონში მიმდინარე სისხლისმღვრელი დაპირისპირების ფონზე გვაჩვენებს. უკრაინის ომი და მასთან დაკავშირებული მოვლენები გვაჩვენებს იმ საფრთხის მასშტაბს, რაც შეიძლება, ჩვენს ქვეყანას ემუქრებოდეს. დიდი სახელმწიფოების ინტერესების არეალში მოხვედრილ ტერიტორიაზე გაჩაღებული „სამართლიანი“ თუ „ტრადიციული“ ომები ხომ ხშირად გამოიყენება საომარ ლელოდ.

ის, რაც კარგად არ ჩანდა 2008 წელს, მთელი სიცხადით გამოჩნდა 2022 წლიდან: უკრაინის ომი დასავლეთისა და რუსეთის სტრატეგიული ჭიდილის მორიგ ეპიზოდად იქცა. უკრაინის ჰუმანიტარული კატასტროფა, ქვეყნის გაჩანაგება, დემოგრაფიული ტრაგედია და სახელმწიფოებრიობის გაქრობის საფრთხე ჩვენთვის ძალიან მტკივნეული და ახლობელია, რადგან ის მოიცავს ყველაფერს, რაც საქართველოს 2008 წლის მმართველებმა ასე უდიერად და დაუნდობლად გაწირეს.

ქვეყანაზე მზრუნველი ხელისუფლების მიზანი ვეშაპების ბრძოლის პირობებში გადარჩენა და საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე ზრუნვაა. ესაა ის უმთავრესი საძირკველი, რასაც „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან იცავს, იცავდა და ყოველთვის დაიცავს.

მორიგი 15-წლიანი ციკლის დასასრულს, 2022 წელს, შიდა თუ გარე მავნებლების თუ სასარგებლო იდიოტების მცდელობის მიუხედავად, ბეწვზე გადავურჩით ახალ ომში საქართველოს ჩათრევას. ისევ აღმოჩნდა, რომ საქართველოს, ტრადიციული მეომრული სულისკვეთებისა თუ ემოციურობის გამოყენებით, დაკისრებული როლი უნდა შეესრულებინა და საჭადრაკო დაფაზე წაქცეული პაიკის ფუნქცია ეტვირთა. ასე იყო 1993 წელს, ასე მოხდა 2008 წელს.

და ჩაირთო მეგაფონები, თბილისის აეროპორტში სახელმწიფო თვითმფრინავებს მოითხოვდნენ ფრონტზე წასასვლელად გამზადებული მოხალისეები, პარლამენტთან დადგნენ სხვა ქვეყნის დროშაში გახვეული „პატრიოტები“, გაისმა მოწოდებები გარედან და შიგნიდან: „თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში“, „იქნებ გაისეირნოთ ცხინვალსა და სოხუმში“, „რუსეთი ომს აგებს… შესაძლებლობის ფანჯარა უნდა გამოვიყენოთ“, „რუსეთის ათი ათასი კაცი რომ გააჩერო აქ, უკრაინისთვის რაღაც დახმარება იქნება“, „ბომბებისგან მიღებული ცეცხლი სჯობს ამ სირცხვილის წვას…“.

ყველა პარტია, ვისაც ეს ქვეყანა მანამდე აურევია და ყველა ენჯეო, ვინც, ამ დღის შემდეგ, ქვეყნის არევაში იქნება ჩართული, ერთი მიზნით გაერთიანდნენ – ჩაეთრიათ საქართველო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ყველაზე მასშტაბურ დაპირისპირებაში.

ყოველთვის გვახსოვდეს, რომ საქართველოს მთავარი საფრთხე შიდა მტერია. ჩვენი ისტორიის მანძილზე ციხე ყოველთვის შიგნიდან ტყდებოდა. დაბრმავებული ქართველების ხელით დღესაც ცდილობენ ქვეყნის არევას, დესტაბილიზაციას, დაპირისპირებას და ქაოსის დათესვას, რაც მხოლოდ გარე მტრის ინტერესს ემსახურება.

მათი ხელისუფლებაში დაბრუნებისა და მოსვლის ერთადერთი მიზანი ფსევდოევროპული ლოზუნგებით სახელმწიფოს განსაცდელში შეყვანაა. ასე შეგვიყვანეს განსაცდელში 2008 წელს და, ღმერთმა დაგვიფაროს, მათ ხელში იგივე დაგვემუქრებოდა მომავალშიც.

მთავარი, რამაც ბოლო წლებში ომების მუდმივი ქაოსის მოჯადოებული წრე გაგვარღვევინა, არის ის, რომ გარე თუ შიდა მტრებს ხელისუფლებაში არა ფოჩიან კანფეტს დახარბებული აქტივისტები, არამედ საქართველოს პატრიოტები დახვდნენ. ჩვენ მაშინ მშვიდობისთვის ბრძოლის ის ეპიზოდი მოვიგეთ, მაგრამ მშვიდობისთვის ომი ჯერ კიდევ მოსაგებია.

ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას ეს კარგად ახსოვს. ისტორია კარგი მასწავლებელია მანამ, სანამ ის ახსოვთ. ჩვენ გვახსოვს და არ ვივიწყებთ ჩვენი სამშობლოს უახლეს ისტორიას და მრავალათასწლოვან მატიანესაც.

დიდება სამშობლოსათვის ბრძოლის ველზე დაცემულ მეომრებს!“ – წერს შალვა პაპუაშვილი.

08.08 -2008 – აგვისტოს ომის ქრონიკა

აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა.  5-დღიანი ომის შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაიჭრა 1 747 ადამიანი. საკუთარი საცხოვრებელი სახლი დატოვა 150 000-მდე ადამიანმა.

დღემდე დევნილის სტატუსს ატარებს 30 000-მდე პირი. განადგურდა 35 ათასი საცხოვრებელი სახლი. მიწასთან გასწორდა 53 ქართული სოფელი. ოკუპირებულია 5 ხეობა და 125 სოფელი.

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო. 8 ოქტომბერს საქართველოს დანარჩენი ტერიტორიებიდან გასვლა დაასრულა, მაგრამ რუსული ჯარების გაძლიერებული გარნიზონები დარჩა მათ შორის იმ ტერიტორიებზეც, რომლებსაც ომამდე საქართველო აკონტროლებდა. დღეს კი ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20 %.

აგვისტოს ომის გმირების მონაცემებია: 170 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის 23 ოფიცერი, 136 კაპრალ/სერჟანტი, 1 რიგითი, 9 რეზერვისტი და 1 სამოქალაქო პირი.

2008 წლის 7 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტსა და ქართულ ჯარს შორის საბრძოლო მოქმედებები დაიწყო.

ომში რუსეთი ღიად 8 აგვისტოს ჩაერთო.

რუსებისა და ოსების გაერთიანებული სამხედრო შენაერთები ქართველებს ცხინვალში სამი დღე ებრძოდნენ. რუსულმა გემებმა საქართველოს შავიზღვისპირეთი დაბლოკეს.

“ჯორჯიან თაიმსი” გთავაზობთ 08.08 -2008 – აგვისტოს ომის ქრონოლოგიას.

1 აგვისტო – გამთენიისას ცხინვალის რეგიონში ერედვი-ხეითის შემოვლით გზაზე, ინტენსიური სროლები დაიწყო საქართველოს თავდაცვის ქვედანაყოფებსა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის, რის შედეგადაც ექვსი დაიღუპა, ხოლო 21 ადამიანი დაიჭრა.

2 აგვისტო – ოსი სეპარატისტები ქართულ სოფლებს მთელი ღამე ცხრილავენ. არის მსხვერპლი. საქართველოს ხელისუფლება ოს სეპარატისტებს ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. სეპარატისტები ცხინვალიდან ჩრდილოეთ ოსეთიში ქალებისა და ბავშვების ევაკუაციას იწყებენ.

სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი რუსეთის სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელს მარად კულახმეტოვს ხვდება. იაკობაშვილი ოს სეპარატისტებთან შეხვედრას ითხოვს, მაგრამ უარს იღებს.

3 აგვისტო – რუსეთის მთავრობამ საშუალება მისცა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას რუსეთში გადასულიყო.

საქართველო მოლაპარაკებებისათვის ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მზად არის. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მფარველი ანგელოზის დღეს ულოცავს. მისალოცი ბარათი მის უწმინდესობასთან საქართველოში რუსეთის ელჩს ვიაჩესლავ კოვალენკოს მიაქვს. ვლადიკავკაზში ე. წ. სამხრეთ ოსეთის მხარდამჭერი მიტინგი იმართება. ამ დღეს აფხაზი სეპარატისტები იღებენ გადაწყვეტილებას სექტემბრიდან გალში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვის შესახებ. სერგეი ბაღაფში საგანგებო მდგომარეობას აცხადებს და ენგურის ხიდს კეტავს.

4 აგვისტო – რუსეთის 58-ე არმიის ხუთი ბატალიონი ჩრდილოეთ ოსეთის მხარეს როკის გვირაბის სიახლოვეს განახლდა. აფხაზები გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობის მიღებაზე უარს აცხადებენ. შეხვედრა 15 აგვისტოს ბერლინში უნდა გამართულიყო. თავის მხრივ, ოს სეპარატისტთა ლიდერი, კოკოითი აცხადებს, რომ იგი “რუსეთის გარეშე საქართველოსთან მოლაპარაკებას არ დაიწყებს”. სეპარატისტთა ე.წ. შს მინისტრი მიხეილ მინძაევი აცხადებს, რომ ცხინვალი ცეცხლის გახსნისთვის მზადაა. საქართველოს ხელისუფლების პოზიციას სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი ახმოვანებს: “საქართველო საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას არ აპირებს” და ოსურ მხარეს კვლავ მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. შეთავაზება კვლავ უპასუხოდ რჩება. ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მდგარი რუსული ბატალიონი საგანგებო მდგომარეობაზე გადადის. კოკოითი ცხინვალიდან აცხადებს, რომ საქართველოს გასანადგურებლად მზადაა.

5 აგვისტო – ოსმა სეპარატისტებმა ქართული სოფლების დაცხრილვა განაახლეს. 5 აგვისტოს დილითვე აფხაზი სეპარატისტები მეორე ფრონტის გახსნაზე იწყებენ საუბარს. რუსეთის სამხრეთ ნაწილიდან ცხინვალისკენ მოხალისეთა ნაკადი მიედინება. სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროები საქართველოსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისკენ მოუწოდებენ. განცხადებას ავრცელებს ეუთოც, რომელიც ვითარების დაძაბვაში სეპარატისტებს ადანაშაულებს. ინფორმაცია – “თემურ იაკობაშვილი 7 აგვისტოს ცხინვალში ჩავა და ბორის ჩოჩიევს შეხვდება”.

6 აგვისტო – ქართული სოფლები კვლავ იცხრილება. საქართველოს განცხადებით, ქართულმა მხარემ ჯავშანტრანსპორტიორი დაკარგა, სამი ქართველი სამშვიდობო ჯარისკაცი დაიჭრა. იმავე ღამეს სროლებმა ოთხი ადამიანი იმსხვერპლა, რის გამოც ქართულმა მხარემ სროლები განაახლა. ცხინვალში ჩადის დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრუფუფლებიანი ელჩი დენის კიფი. ცხივნალის მცხოვრებლები გახიზვნას იწყებენ, ხოლო ქართულმა მხარემ ტანკები, არტილერია და ჯარები რეგიონის საზღვართან მიიყვანა. სოფლები _ ნული და ავნევი _ ოსი სეპარატისტების შეიარაღებულმა ფორმირებებმა დაბომბეს. არის მსხვერპლი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებო თათბირი იმართება. მოსკოვი იური პოპოვს 6 აგვისტოს ღამით თბილისში “საქმის ვითარებაში გასარკვევად აგზავნის”. პოპოვი აცხადებს, რომ იაკობაშვილისა და ჩოჩიევის შეხვედრა რუსული მხარის ხელშეწყობით გაიმართება. ამავე დროს, პოპოვი აცხადებს, რომ “ცხინვალის რეგიონში მოვლენათა ძალისმიერი გზით განვითარების შემთხვევაში რუსეთი განზე ვერ დარჩება”. ოსი სეპარატისტები 7 აგვისტოს ცხინვალში დაგეგმილი შეხვედრის ვადას სწევენ და შეხვედრის ჩატარებას ქართულ მხარეს 9 აგვისტოს სთავაზობენ.

7 აგვისტო – თავდასხმებმა ქართულ სოფლებზე უფრო მწვავე ხასიათი მიიღო. სეპარატისტები განუწყვეტლად ბომბავენ ქართულ სოფლებს ერედვის, ფრისს, ავნევს, დვანსა და ნულს, ფრონეს ხეობას. ღამით გახსნილი ცეცხლის საპასუხოდ ქართულ მხარეს ცეცხლი არ გაუხსნია. თუმცა მას შემდეგ რაც სეპარატისტებმა ცეცხლი მსხვილკალიბრიანი – 12-მილიმეტრიანი ქვემეხიდან გახსნეს, ცეცხლი ქართულმა მხარემაც გახსნა.

ქართული მხარე აცხადებს, რომ მას „არა აქვს დაგეგმილი კონფლიქტის ზონაში საგანგებო ზომების მიღება და დიალოგისათვის მზად არის “.

საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო განცხადებით გამოდის – “ქართული მხარე მაქსიმალური თავშეკავების გამოჩენისათვის მზადაა”.

საქართველოს საგარეო უწყება მოუწოდებს რუსეთს გამოიყენოს თავისი ზეგავლენა სეპარატისტებზე და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა აღკვეთოს. ბაღაფში ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას იწვევს. სხდომა დახურულია. იური პოპოვმა და თემურ იაკობაშვილმა ცხინვალში შეხვედრის გამართვის შესახებ შეთანხმება ვერ შეძლეს. იაკობაშვილი კონფლიქტის ზონაში მიემგზავრება. კონფლიქტის ზონაში გაემგზავრა იური პოპოვიც. ოსი სეპარატისტების მიერ ქართული საგუშაგოებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცხრილვა გრძელდება. გამუდმებით იცხრილება პატარა ლიახვის ხეობა. სეპარატისტებმა სარაბუკის სიმაღლის დაკავება სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. იაკობაშვილი მარატ კულახმეტოვს, ცხინვალში სამშვიდობოთა შტაბში შეხვდა და თბილისში დაბრუნდა. იაკობაშვილისა და კულახმეტოვის შეხვედრის დეტალები არ ხმაურდება. 7 აგვისტოსთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით ათი ჯარისკაცი დაიღუპა. პრეზიდენტის ბრძანებით ქართულმა მხარემ ცალმხრივი სროლის შეწყვეტა გამოაცხადა.

“კონფლიქტის ზონაში ამჟამად სნაიპერული ომი მიმდინარეობს სოფლის მცხოვრებთა წინააღმდეგ და ამ მომენტში ინტენსიური სროლები მოდის არტილერიიდან, ტანკებიდან და ხელსატყორცნი არტილერიული სისტემებიდან, რომლებიც კონფლიქტის ზონაში არალეგალურადა შემოტანილი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივი დროით 19:10 საათზე პირდაპირ სატელევიზიო გამოსვლაში

სააკაშვილმა მოუწოდა მხარეებს მოლაპარაკებებისკენ „ნებისმიერ ფორმატში” და პირობა სამხრეთ ოსეთის სრულ ავტონომიაზე ძალაში დატოვა, ასევე საყოველთაო ამნისტია გამოაცხადა სეპარატისებისთვის, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა მხარეთა შორის მოლაპარაკებებისთვის შუამდგომლობა გაეწია.

სააკაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას დახმარებისათვის მიმართავს და ძალადობის ესკალაციის შეჩერებასა და მოლაპარაკებების წარმოებაში დახმარებას სთხოვს. სააკაშვილმა პირდაპირი ეთერით რუსეთის ფედერაციას კიდევ ერთხელ შესთავაზა შუამავლის როლი კონფლიქტების მოგვარების საკითხში. ოსურმა მხარემ ცეცხლი შეწყვიტა.იური პოპოვი აცხადებს, რომ 8 აგვიტოს თემურ იაკობაშვილისა და ბორის ჩოჩიევის შეხვედრა გაიმართება. მარატ კულახმეტოვი აცხადებს, რომ “თბილისი და ცხინვალი ორმხრივ შეხვედრამდე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ”.

სააკაშვილი ცხინვალში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საზღვარგარეთის ქვეყნების ლიდერებთან სატელეფონო დიალოგს იწყებს.

საღამოს ოსურმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაარღვია. შეტევა დაიწყო სოფელ თამარაშენზე. არის მსხვერპლი. 23:30 საათზე ქართულმა მხარემ საპასუხო სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რომლის მიზანი სამშვიდობო ჯარების სარდალ ყურაშვილის განცხადებით, რეგიონში „კონსტიტუციური წესრიგის” დამყარება იყო. ქართული მხარის საბრძოლო მოქდებებების დაწყებამდე რუსეთის 58-ე არმია როკის გვირაბით სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შემოვიდა.

8 აგვისტო – ოსური მხრიდან ცეცხლი არ წყდება. ბომბავენ მშვიდობიან მოსახლეობას. არის მსხვერპლი.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა, რომელიც პეკინის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე იმყოფებოდა, დაგმო საქართველოს „აგრესიული ქმედებები” და თქვა, რომ რუსეთი ამ ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებდა. 09:30 საათზე პრეზიდენტმა მედვედევმა სასწრაფო შეხვედრა გამართა მთავრობის წევრებთან, კონფლიქტის შესახებ რუსეთის შესაძლო მოქმედების გეგმის შესამუშავებლად. როკის გვირაბის გავლით შემოსული ასობით შეიარაღებული პირი და სამხედრო ტექნიკა საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.

საქართველოს მთავრობა მოუწოდებს სეპარატისტებს შეწყვიტონ შეიარაღებული მოქმედებები. 11:40 საათზე სააკაშვილის ბრძანებით ქართული სარეზერვო ჯარების მობილილზაცია გამოცხადა.

საქართველოს მთავრობა: “შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თავდასხმის აღსაკვეთად, საქართველოს ხელისუფლება იძულებულია ადეკვატური ზომები მიიღოს”

ქართულმა ქვედანაყოფებმა ორი სოფელი მუგუთი, დიდმუხა, დმენისი დაიკავეს და ცხინვალის მისადგომებთან იმყოფებიან.

პირველი განცხადება ვაშინგტონიდან: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი გონსალო გალეგოსი აცხადებს, რომ ვაშინგტონი მოუწოდებს რუსეთს “გავლენა მოახდინოს სეპარატისტებზე რათა სროლები შეწყდეს”.

ინტენსიური ბრძოლები სოფელ ტყვიავში მიმდინარეობს. ქართული მხარე მზად არის მოლაპარაკებათა მაგიდას კვლავ დაუბრუნდეს. საქართველოს სახედრო შენაერთები კონფლიქტის ზონის რვა ქართულ სოფელს – დმენისს, მუგუთს, დიდმუხას, სარაბუკს, ზემო ნიქოზს, ატოცსა და ქვემო და ზემო ოქონას სრულად აკონტოლებენ. ცხინვალის მისადგომებთან არსებულ თითქმის ყველა სტრატეგიულ სიმაღლესა და სოფელში ქართული დროშა ფრიალებს. ქართული ქვედანაყოფები ქალაქ ცხინვალში შევიდნენ. კოკოითი ჯავის რაიონში, საგანგებო შტაბში იმყოფება.

რუსული ავიაცია ქართული ქალაქების დაბომბვას იწყებს. საქართველოს საელჩოს შენობას მოსკოვში ე.წ. ომონი ალყაში აქცევს. საელჩო მუშაობას აგრძელებს. საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს უკან დაეწიათ რუსეთის 58-ე არმიის ნაწილები, რომლებსაც როკის გვირაბიდან ჯავის რაიონში გადაადგილების მცდელობა ჰქონდათ. ქართულ არმიას 10 დაქირავებული მებრძოლი ჩაბარდა.

ქართული მხარე კონფლიქტის რეგიონის 70% აკონტროლებს. საქართველოს ხელისუფლება 15:00-დან 18:00 საათამდე სროლაზე მორატორიუმს აცხადებს და ერგნეთში გაკეთებული დერეფნით მშვიდობიან და არა მარტო მშვიდობიან მოსახლეობას უსაფრთხოების გარანტიებს, გორში გადმოსვლასა და დაბინავებას სთავაზობს.

რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ორი ბომბი ჩამოაგდო. რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა მარნეულის სამხედრო აეროდრომი და ვაზიანის სამხედრო ბაზა დაბომბა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 58-ე არმიის დანაყოფები ცხინვალის მისადგომებთან იმყოფებიან.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამხრეთ ოსეთში შექმნილ ვითარებას მსოფლიო ლიდერებს აცნობს.

საქართველოს პარლამენტი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. ქართული მხარე მკაცრად იცავს მორატორიუმის პირობებს და ცეცხლის არ ხსნის.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო 00:00 საათიდან, საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლას წყვეტს. რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა სამჯერ დაბომბეს მარნეულის საავიაციო ბაზა. არის მსხვერპლი.

საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის პრეზიდენტი და საერთაშოროსო ორგანიზაცია და რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

რუსეთის სამხედრო ტექნიკა ჯავაში განლაგდა. ისინი ქართული არმიის ალყის გარღვევას ცდილობენ.

9 აგვისტოს რუსულმა და აფხაზურმა ძალებმა მეორე ფრონტი გახსნეს კოდორის ხეობაზე თავდასხმით და დასავლეთ საქართველოს შიდა ტერიტორიებში შეიჭრნენ.

9 აგვისტო – რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა სენაკის სამხედრო ბაზა და ფოთის პორტი დაბომბა. არის მსხვერპლი. დაიღუპა 13 ქართველი ჯარისკაცი და ათზე მეტი დაიჭრა.

ორმა რუსულმა მოიერიშემ გორთან ქართული არტილერიის პოზიციები დაბომბა. ხუთი ადამიანი დაიღუპა, ქალაქ გორში ბომბი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.

რუსეთის საჰაერო ძალების ფსკოვის 76-ე საჰაერო დივიზია ცხინვალში შევიდა.

ქართული მხარის განცხადებით, ჩამოგდებულია 10 რუსული მოიერიშე თვითმფრინავი. 11:10 საათზე საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. საქართველოს პარლამენტმა 90 ხმით 0-ის წინააღმდეგ ერთხმად დაამტკიცა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება.

12:30 საათზე სამხრეთ ოსეთში რუსებმა საპარაშუტო დესანტი გადმოსხეს. პრეზიდენტი სააკაშვილი საკუთარ გამოსვლაში მხარეებს ცეცხლის შეწყვეტაზე მოუწოდებს.

13:41 საათზე რუსეთის საჰაერო ძალებმა დაბომბეს კოდორის ხეობა.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტრას ვაიტიეკუნასი გორის რეგიონში ჩადის. ვაიტეკუნასის განცხადებით, ნგრევისა და მსხვერპლის რაოდენობა შოკის მომგვრელია.

გაეროს უშიშროების საბჭომ შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ერთიანი გადაწყვეტილების მიღება ვერ შეძლო. კვლავ დაიბომბა ფოთი. საქართველო ერაყიდან ათასი სამხედრო მოსამსახურის უკან გამოწვევის გადაწყვეტილებას იღებს.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მსოფლიო თანამეგობრობას საქართველოში სიტუაციის მშვიდობიან გადაჭრაში დახმარებას სთხოვს.

რუსეთის სამხედრო ავიაცია ლიახვის ხეობის ცხრავე სოფელს ბომბავს. არის მსხვეპლი. ხეობაში დარჩენილი მოსახლეობა შველას ითხოვს.

საქართველოში იწყებენ ჩამოსვლას სხვა და სხვა საერთაშოროსო ორგანიზაციების დამკვირვებელთა ჯგუფები.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო აგრესია ე.წ. “ჰუმანიტარული დახმარების” და “მშვიდობისათვის იძულების ოპერაციის” საფარქვეშ მიმდინარეობს. ცხინვალში ბრძოლები მძაფრდება.

რუსეთის სამხედრო ავიაციამ ონის რაიონის სოფლები წედისი და ბარი დაბომბა. არიან დაღუპულები და დაჭრილები.

ჯორჯ ბუშმა რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები. მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფოს პირველი პირი აცხადებს, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაღუპულია 55 ადამიანი, მათ შორის 15 მშვიდობიანი მოქალაქე, 40 კი სამხედრო მოსამსახურე.

რუსეთის ბომბდამშენებმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საერთაშორისო ნავთობსადენზე იერიში მიიტანეს. წითელი ჯვრის წარმომადგენლები კონფლიქტის ზონაში დაჭრილების დასახმარებლად ვერ შედიან.

რუსულმა ავიაციამ ზემო აფხაზეთის სოფლები ომარიშარა, საკენი, ქვაბჩარა და ჩხალთა დაბომბა. ქართულმა მხარემ როკის გვირაბზე იერიში მიიტანა. ოფიციალური ინფორმაციით საქართველოს სამთავრობო ძალები ცხინვალსა და მის შემოგარენს აკონტროლებენ.

10 აგვისტო – 6:20 საათზე საქართველომ ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვა და რუსეთს მოლაპარაკება შესთავაზა.

ნიკოლა სარკოზიმ სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მოვლენების დასარეგულირებლად შეიმუშავა გეგმა. ვლადიმერ პუტინმა პეკინის ოლიმპიადაზე ვიზიტი შეწყვიტა და ჩრდილო ოსეთში ჩავიდა. მან საქართველოს ხელისუფლებას ცხინვალის რეგიონიდან სამხედრო ნაწილების გამოყვანა მოსთხოვა.

პუტინი აცხადებს, რომ საქართველოს ქმედებები დანაშაულებრივია, რუსეთის ქმედებები კი – სრულიად ლეგიტიმური.

საქართველოს საჯარისო შენაერთები მთლიანად აკონტროლებენ ცხინვალს, მის ირგვლივ ყველა სტრატეგიულ სიმაღლეს. რუსული ავიაცია და არტილერია ცხივნალის დაბომბვას იწყებს.

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ საგანგებო ბრიფინგზე დაადასტურა, რომ რუსული არმიის უპრეცედენტო შეტევის შედეგად საქართველოს ჯარის ნაწილებმა ქალაქ ცხინვალის მისადგომებთან გადაინაცვლეს. საქართველოს მთავრობამ აფხაზ ხალხს მიმართა ნუ აყვებიან რუსეთის პროვოკაციებს.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მიერ სამხრეთ ოსეთში სიტუაციის განმუხტვისათვის შემუშავებულ სამეტაპიან გეგმას ჩამოიტანს. სერგეი ბაღაფში საყოველთაო მობილიზაციას აცხადებს.

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ აფხაზეთის სანაპიროზე რუსეთის საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტი იმყოფება.იმავე დღესვე რუსებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დაბომბეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამ განცხადებას საქართველოს „კიდევ ერთი დეზინფორმაცია” უწოდა. 22:00 საათზე საქართველო დათანხმდა რუსეთის სამშვიდობოების შესვლას ზუგდიდში.

მსოფლიოს ლიდერები რუსეთისგან ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს. ევროპის ქვეყნებში, რუსეთის საელჩოების წინ, საპროტესტო აქიები იმართება. რუსეთის ავიაცია გორსა და მის მიმდებარე ტერიტორიებს ბომბავს.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს შეიარაღებული ჯარები სამხრეთ ოსეთში ცეცხლს შეწყვეტენ.

რუსული ავიაცია საავიაციო ქარხნის “თბილავიამშენის” ტერიტორიას ბომბავს. ოფიციალური მონაცემებით, 94 ადამიანია დაღუპული, მათ შორის 47 სამხედრო და 47 სამოქალაქო პირია.

ევროპის სხვა და სხვა ლიდერები საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებით გამოდიან. ზემო აფხაზეთს რვა რუსული ბომბდამშენი ინტენსიურად ბომბავს.

11 აგვისტო – სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისთან სატელეფონო საუბარში ახსენა, რომ მიხეილ სააკაშვილი “უნდა წავიდეს”.

თბილისში ევროპის სახელმწიფოთა ლიდერები ჩამოდიან. ზემო აფხაზეთს კვლავ რუსეთის სამხედრო ავიაცია ბომბავს. რუსულმა ავიაციამ თბილისა და მის შემოგარენზე საჰაერო შეტევა განახორციელა. სამხედრო ბაზა სენაკში რუსმა მედესანტეებმა დაიკავეს. ზუგდიდის პოლიცია რუსების ხელში გადავიდა. გენერალი სერგეი ჩაბანი ქართულ მხარეს ულტიმატუმს უყენებს და იარაღის დაყრას მოითხოვს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს ცნობას ჩეჩნეთიდან სპეცბატალიონების “ვოსტოკისა” და “ზაპადის” გადმოყვანის შესახებ.

საქართველოსა და რუსეთს შორის საფოსტო კავშირი შეწყდა. ქართული მხარე ჰუმანიტარული დერეფნის გაკეთებასთან დაკავშირებით რუსეთის თანხმობას უშედეგოდ ელის.

ბერნარ კუშნერი თბილისში ჩამოდის. რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აპატიმრებენ.

ორი დღის განმავლობაში მოსკოვში ეთნიკური ნიშნით მოკლულია 7 ქართველი, 20 უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა.

საქართველოს პრეზიდენტი და უცხოელი დიპლომატები გორიდან სასწრაფოდ გამოიყვანეს.

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი თავის სამშვიდობო მისიას ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანს.

რუსულმა ავიაციამ სოფელ ტყვიავზე მორიგი იერიში მიიტანა. სოფელი ხურჩა აფხაზებისა და რუსების შეიარაღებულმა ნაწილებმა დაიკავეს. სენაკის სამხედრო აეროპორტი და სამხედრო ბაზა იმობმება. საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობას “ხვალ, 15:00 საათზე პარლამენტთან” შეკრებისკენ მოუწოდა

12 აგვისტო – რუსეთმა ფოთის სანაპიროსთან ნაწილები გადმოსხა პორტის გარშემო 50 კმ-იანი ბუფერული ზონის შესაქმნელად.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს და მოითხოვს რუსეთმა გადადგას ნაბიჯები კრიზისის დასასრულებლად.

“დიდი შვიდეულის” ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთისგან მოითხოვეს დაუყოვნებლივ დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას.

რუსეთის საოკუპაციო ნაწილებმა ზემო აფხაზეთის მიმართულებით სამხედრო ოპერაცია დაიწყეს.რუსეთის საოკუპაციო სამხედრო საჰარეო ძალებმა გორის რაიონის სოფელი თორტიზა დაბომბეს. კოდორის ხეობიდან მოსახლეობა მთლიანად გამოყვანილია.

რუსულმა ავიაციამ თბილისის ზღვაზე იერიში მიიტანა.

სერგეი ლავროვმა საქართველოს ხელისუფლების შეცვლის შესახებ ღიად განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტმა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში “ძალით მშვიდობის დამყარების” ოპერაციის დასრულების შესახებ განაცხადა.

ხუთი დღის შემდეგ ქართულმა ჯარებმა ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონი დატოვეს. ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის შუამდგომლობით კონფლიქტის მხარეებმა 12 აგვისტოს მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც საქართველომ თბილისში 15 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო რუსეთმა მოსკოვში – 16 აგვისტოს.

12 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უკვე გასცა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება, თუმცა საქართველოს დასახლებული პუნქტების დაბომბვები და რუსი ჯარისკაცების თვითნებობები არ შეწყვეტილა.
შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსეთმა საკუთარი ჯარების უმეტესი ნაწილი სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონებიდან გაიყვანა. ბუფერული ზონები შექმნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების გასწვრივ და სათვალთვალო პუნქტები დატოვა ფოთში, სენაკსა და პერევში.

გორის დაბომბვის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა.

რუსეთის საოკუპაციო ჯარები სენაკში თავდაცვის სამინისტროს მე-2 ბრიგადის ბაზის ინფრასტრუქტურას ანადგურებენ.

ილია მეორემ დიმიტრი მედვედევს მიმართვა გაუგზავნა და ცეცხლის უსწრაფესად შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა.

რუსეთი გრძელებს საქართველოს ტერიტორიის საჰაერო დაბომბვებს.

რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა შეტევა განახორციელეს ბაქო-თბილის-სუფსის ნავთობსადენზე. პარლამეტის წინ შეკრებილ მოსახლეობას მიხეილ სააკაშვილმა განუცხადა, რომ საქართველო რუს სამშვიდობოებს ოკუპანტებად, ხოლო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებს ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადებდა.

მან ასევე გამოაცხადა, რომ საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გამოდიოდა.

ზუგდიდში რუსმა სამხედროებმა ქართული სამშვიდობოების შტაბი და სხვა ადმინისტრაციული შენობები დაიკავეს.

რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ჩიხიდან გამოსვლის 6-პუნქტიანი განცხადება შეიმუშავეს.

საქართველომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა სარჩელი “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ”. საქართველო რუსეთს ეთნიკურ წმენდაში ადანაშაულებს.

რუსული ავიაცია ქართული სოფლების დაბომბვას განაგრძობს.

საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მოსკოვიდან თბილისში ჩამოფრინდა. თბილისში იმყოფებიან ესტონეთის, პოლონეთის, ლიტვისა და უკრაინის პრეზიდენტები. ასევე ლატვიის პრემიერი-მინისტრი. დაღუპულია 175 ადამიანი.

იაპ დე ჰოოპ სხეფერი აცხადებს, რომ მიუხედავად კონფლიქტისა საქართველო რჩება ნატოს კანდიდატი ქვეყანად.

13 აგვისტო – საქართველოში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. გორს რუსი სამხედროები აკონტროლებენ. მათ გორში მოროდიორობა დაიწყეს. რუსმა ოკუპანტებმა ფოთი დატოვეს. რუსმა ოკუპანტებმა გორთან დასავლეთისკენ მიმავალი საავტომობილი გზა გადაკეტეს.

რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება დაარღვია და გორი კვლავ დაბომბა. გორიდან თბილისისკენ მომავალმა რუსულმა ტანკებმა უფლისციხის მიმართულებით გადაუხვია. რუსი ოკუპანტები მესტიის რაიონში შევიდნენ. რუსი სამხედროები გორში მშვიდობიან მოსახლეობას უსწორდებიან.

14 აგვისტო – რუსი ოკუპანტები მესტიის რაიონს ტოვებენ. თბილისში ცხინვალის რეგიონიდან 28 ათასი დევნილია, რომლებიც 268 ობიექტშია გადანაწილებულნი.

15 აგვისტო – რუსმა ოკუპანტებმა მდინარე ცხენისწყლის საავტომობილო ხიდი გადაკეტეს. პატრიარქი გორში შევიდა. კონდოლიზა რაისი თბილისშია. საქართველოს პრეზიდენტი ხელს აწერს ცეცხლის შეწყვეტის გეგმას. რუსეთის სამხედრო ვერტმფრენებმა ბორჯომისა და ცემის მიმდებარე ტერიტორია დაბომბეს.

16 აგვისტო – მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში რუსული აგრესიის საწინააღმდეგოდ ფართომასშტაბიანი აქციები იმართება. რუსმა ოკუპანტებმა გალიდან ზუგდიდში დამატებით 50 ერთეული ტანკი შეიყვანეს.

რუსი სამხედროები კვლავ გორში რჩებიან. რუსეთის საოკუპაციო ჯარების ნაწილებმა დანაღმეს და ააფეთქეს სარკინიგზო ხიდი კასპის რაიონში მეტეხი-გრაკალის გადასარბენზე.

დიმიტრი მედვედევმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გეგმას ხელი მოაწერა. რუსული ვეტრფრენები სურამის ტყეში ცეცხლგამჩენ ჭურვებს ყრიან.

17 აგვისტო – თბილისს ამერიკელი სენატორი ბაიდენი ეწვევა. ანგელა მერკელი თბილისშია მედვედევმა სარკოზის პირობა მისცა, რომ საქართველოდან ჯარების გაყვანის პროცესი ხვალიდან დაიწყება

18 აგვისტო – რუსმა ოკუპანტებმა შტურმით აიღეს გორის სატელევიზიო ანძა და მომსახურე პერსონალი ჩაცხრილეს. რუსმა ოკუპანტებმა განმუხურის პატრიოტთა ბანაკი გადაწვეს.

19 აგვისტო – სენატორი ჯოზეფ ბაიდენი კონგრესს საქართველოსთვის ერთი მლრდ დოლარის გამოყოფას სთხოვს. რუსეთის საოკუპაციო ჯარების გასვლის თარიღი კიდევ ორი დღით გადაიდო. დაღუპულია 215 ადამიანი, 1469 დაჭრილია, დაკარგულია 70 სამხედრო პირი. დიმიტრი მედვედები სარკოზის ჯარების გაყვანას 22 აგვისტოსთვის დაჰპირდა. რუსმა ოკუპანტებმა ოსიაურის სამხედრო ბაზა ააფეთქეს.

20 აგვისტო – რუსმა ოკუპანტებმა საჩხერის რაიონის სოფელი პერევი დაიკავეს. კიკეთის მიმდებარე ტყეში ორმა რუსულმა ვერტმფრენმა ცეცხლგამჩენი ჭურვები ჩამოყარა.

21 აგვისტო – საქართველოს რუმინეთის პრეზიდენტი ეწვია. ტყვეთა გაცვლის შესახებ მოლაპარაკების პროცესი დიწყო. რუსეთს აკრძალული იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებენ.

22 აგვისტო – ხაშურიდან და გორიდან რუსი ოკუპანტების გასვლა შეინიშნება. წინასწარი მონაცემებით განადგურებულია 500 ჰა უნიკალური ტყის მასივი. რუსეთი ენგურზე 18 საგუშაგოს განალაგებს. ოფიციალურად აფხაზეთში რუსული საოკუპაციო არმიის 2 142 სამხედრო რჩება.

23 აგვისტო – რუსეთის საოკუპაციო ჯარის ნაწილებმა სენაკის ბაზა დატოვეს.

24 აგვისტო – რუსი ოკუპანტები საჩხერის რაიონის სოფელ პერევის ტერიტორიაზე რჩებიან.

25 აგვისტო – რუსეთის ფედერაციის საბჭომ პრეზიდენტს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების რეკომენდაცია მისცა. რუსეთის დუმამ აღიარებას მხარი დაუჭირა. გორში ტყვეთა გაცვლის მორიგი ეტაპი იწყება.

26 აგვისტო – დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც რუსეთი საქართველოს სეპარატისტული რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს.

26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო.

2008 წლის 25 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროების ინფორმაციით აგვისტოს ომის დროს დაღუპულია: _ შეიარაღებული ძალების 168 სამხედრო მოსამსახურე; პოლიციის 16 თანამშრომელი; 188 მშვიდობიანი მოქალაქე.

რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას.