Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

ვინც გინდა დააწეროს ბანერს „რუსული“, მაგრამ ხოშტარიამ არა, უხერხული და სასაცილოა – თენგიზ შარმანაშვილი

ვინც გინდა დააწეროს ბანერს „რუსული“, მაგრამ ხოშტარიამ არა – უხერხული და სასაცილოა, ის რუსეთის საქმეს აკეთებს – ეს არის პროვოკაცია, როგორ შეიძლება პროტესტი იყოს, როცა „გაგანია“ რუსეთის მიერ დაფინანსებული ქალი დადის და ბანერებზე აწერს სიტყვა „რუსულს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის, თბილისის მოქმედი მერის კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე, „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ გაკეთებულ წარწერას – „რუსული ოცნება” გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ხოშტარიას მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება.

„რასაც გინდა, ვინც გინდა დააწეროს სიტყვა „რუსული”, მაგრამ ხოშტარიასგან ეს აბსოლუტურად სასაცილო და მიუღებელია. პუტინი ვინმეს ერთ თეთრს მისცემს რუსეთის ფედერაციიდან, თუ მას ის მტრად მიაჩნია, ან თუ მიაჩნია, რომ ის პოლიტიკურ დაჯგუფებას ხელმძღვანელობს, რომელიც ანტირუსულ პოლიტიკას ატარებს?! იმის ხელში რუსეთიდან გადმორიცხული ერთი რუსული რუბლი აღმოჩნდება?! მართლა სულელები ვგონივართ და მართლა სულელები ჰგონია ამომრჩეველი, რომ ამას ვერ ხვდებოდეს?! ეს ათი ათასობით დოლარი, რომელიც რუსეთიდან მოემართება, მიდის სწორედ ამ საქმიანობისკენ. ის აკეთებს მათ საქმეს. ამაზე კითხვების დასმა უკვე უხერხული და სასაცილოც არის. ვინც გინდა დააწეროს „რუსული“, მაგრამ ხოშტარიამ არა. უხერხული და სასაცილოა“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ის “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის, თბილისის მოქმედი მერის საარჩევნო ბანერს აწერს: “რუსული ოცნება” და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებს მეგი დიასამიძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სწორედ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს, სასამართლომ კი 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ელენე ხოშტარიას მიმართ საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. კერძოდ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

სამართალდამცველებმა თბილისის აეროპორტში 20 კილოგრამამდე წონის „მარიხუანა“ ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, უცხო ქვეყნის მოაქალე ი.ს. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად, 34 შეკვრად დაფასოებული,19 კილო და 400 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა”ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის მიმდინარეობს.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.

„ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო, პედაგოგებო, მთელი გულით გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ეს დღე მართლაც განსაკუთრებულია – ჩვენი პატარები, პირველკლასელები პირველად შეაღებენ სკოლის კარს, მოსწავლეები და მასწავლებლები კი დაუბრუნდებიან სასწავლო პროცესს.

ჩვენი მთავარი მიზანია, რომ თითოეულ მოსწავლეს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, მიიღოს ხარისხიანი განათლება, განვითარდეს და საკუთარი პოტენციალი სრულად გამოავლინოს. ამისთვის ჩვენ ვაგრძელებთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომ ყველა სკოლას ქვეყნის მასშტაბით ჰქონდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო გარემო.

ახალ სასწავლო წელს ვხვდებით არაერთი განახლებული სკოლით, და ეს არის სწორედ იმ მნიშვნელოვანი ნაბიჯების შედეგი, რომელსაც სახელმწიფო, როგორც განათლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის, ასევე, სწავლისა და შრომის ღირსეული პირობების შესაქმნელად დგამს.

გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო სკოლის ყველა მასწავლებელს, დირექტორსა და თანამშრომელს, რადგან თქვენ უდიდესი წვლილი შეგაქვთ მომავალი თაობის აღზრდა-განათლების საქმეში და ეს შრომა მართლაც ფასდაუდებელია. მე ყოველთვის ვამბობ, რომ სწორედ განათლება არის ის ძალა, რომელიც ქმნის ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ! გისურვებთ საინტერესო, ნაყოფიერ და წარმატებებით სავსე ახალ სასწავლო წელს!“- ნათქვამია გივი მიქანაძის მისალოც განცხადებაში.

საჯარო სკოლებში სასწავლო წელი დაიწყო

x

დღეს სკოლებში პირველკლასელთათვის პირველი ზარი ირეკება. 15 სექტემბერს, საქართველოს მასშტაბით, სკოლებში ახალი სასწავლო წელი იწყება. წელს პირველ კლასში 42 000-მდე მოსწავლე საჯარო სკოლაში, ხოლო 7000-მდე კერძო სკოლაში იწყებს სწავლას.

განათლების სამინისტროს ხელშეწყობით, საჯარო სკოლების ყველა მოსწავლე კვლავ უზრუნველყოფილია წიგნებითა და რვეულებით. ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს საჯარო სკოლების პირველკლასელები და მათი დამრიგებლები მიიღებენ პორტაბელურ კომპიუტერებს. დღეიდან ყველა სკოლისთვის კვლავ ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონული ჟურნალი, რაც მასწავლებლებს ხელს შეუწყობს ელექტრონულად აღრიცხონ მოსწავლეების დასწრება და შეფასება, ხოლო მშობლებს ყოველდღიურად ჰქონდეთ ინფორმაცია მათ შვილებთან დაკავშირებით სკოლაში მიმდინარე პროცესების შესახებ.

ყველა სკოლა ინტერნეტიზებულია და ჩართულია ერთიან საგანმანათლებლო ქსელში.

ტრამპის ადმინისტრაცია კონგრესისგან უსაფრთხოების დაცვის გასაძლიერებლად დამატებით თანხას ითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კონგრესისგან 58 მილიონი დოლარი გამოითხოვა. სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, თანხა აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელთა უსაფრთხოების დაცვის გაძლიერებას უნდა მოხმარდეს.

საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც იუტას შტატში ცნობილი კონსერვატორი აქტივისტი ჩარლი კირკი მოკლეს.

15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეს დღე თქვენს სამომავლო მოქმედებებს განსაზღვრავს. მოსალოდნელია ფინანსური პრობლემები, თუმცა საყვარელი ადამიანის დახმარებით, სირთულეებს მალე დაძლევთ. დღის მეორე ნახევარში სასიხარულო სიახლე გელით და განწყობა გაგიუმჯობესებთ.

კურო

დღეს დიდ შესყიდვებს უნდა მოერიდოთ. გირჩევთ თუნდაც რამდენიმე დღით, მენიუდან მარილიანი და ცხარე კერძები გამორიცხოთ. შესაძლოა, მეგობრების დახმარებით გავლენიანი მფარველი ან სპონსორი იპოვოთ.

ტყუპები

ეს დღე სიყვარულში წარმატებას მოგიტანთ. სამსახურში და სახლში მძიმე და შრომატევადი სამუშაოს შესრულებას უნდა მოერიდოთ. ეცადეთ, კრედიტები დროულად დაფაროთ. ფინანსურ სირთულეებს მალე წარმატებები შეცვლის.

კირჩხიბი

ნუ იქნებით ზედმეტად თავდაჯერებული, თორემ შეიძლება, ფინანსურად დაზარალდეთ. ახალი ნაცნობობა სასიამოვნო თავგადასავლებს გპირდებათ. უმჯობესია, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისა და სერიოზული ვალდებულებების აღებისგან თავი შეიკავოთ – ჯერ ამის დრო არ მოსულა. ეცადეთ, კომპიუტერის მონიტორთან ნაკლები დრო გაატაროთ.

ლომი

მშვიდი და არაფრით გამორჩეული დღეა. თუ ზოგად ნერვიულობას არ ჩავთვლით, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემებს არ უნდა ელოდოთ. შესაძლებელია, შეხვდეთ ადამიანს, ვისთანაც ოდესღაც სამსახური გაკავშირებდათ. დღეს იღბალი დიზაინერების და არქიტექტორების მხარეზეა.

ქალწული

კარგი დღეა თვითგანათლებისა და ზოგადი მსოფლმხედველობის გასაფართოებლად. ნუ მოდუნდებით – სამსახურში თქვენს პასიურობას შესაძლოა, ფინანსური სირთულეები მოჰყვეს. ცუდი დღეა პირადი ურთიერთობისთვის – ამ დღეს ურთიერთგაგება თითქმის არ არსებობს. საღამოს სასიამოვნო სტუმრებს დაელოდეთ.

სასწორი

ამ დღეს შეგიძლიათ ბიზნესში წარმატების იმედი გქონდეთ. მოერიდეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას, რამაც შეიძლება საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში სირთულეები გამოიწვიოს. დღის მეორე ნახევარში სასიხარულოა ამბავი განწყობას გაგიუმჯობესებთ.

მორიელი

არახელსაყრელი დღეა უფროსი თაობის ადამიანებთან ურთიერთობისთვის – მათ დარწმუნებას აზრი არ აქვს. ფრთხილად იყავით – იზრდება მოწამვლის რისკი. მეგობრებთან შეხვედრა პრობლემების დავიწყებაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

ამ დღეს ძლიერი ნებისყოფა უამრავი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცამ თქვენი სიტყვები ან მოქმედება არასწორად გაიგოს და თავს კრიტიკის ქარცეცხლი დაგატყდეთ. თუ უცხოელი მეგობრები გყავთ, საუკეთესო დღეა მათთან შესახვედრად.

თხის რქა

პლანეტების განლაგება და ვარსკვლავების კეთილგანწყობა თამამი იდეების განხორციელებაში დაგეხმარებათ. დღის პირველი ნახევარი ყველაზე ნაყოფიერი იქნება, ამიტომ გირჩევთ, მნიშვნელოვანი საკითხები დილას მოაგვაროთ. შეხვედრები და საქმიანი მოლაპარაკებები სასურველ შედეგს მოგიტანთ.

მერწყული

ამ დღეს საქმიანი შეხვედრები არ უნდა დაგეგმოთ. გირჩევთ ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ და დიდი ხნით არ დაკარგოთ მხედველობის არიდან. დიზაინერებს და არქიტექტორებს წარმატება ყოველი ფეხის ნაბიჯზე დაჰყვებათ.

თევზები

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. შესაძლოა, სამსახურში კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნას, თუმცა გონიერება გამოიჩინეთ და სხვების ომში ნუ ჩაერთვებით. საღამოსთვის სასიამოვნო სიურპრიზს ელოდეთ.

ანკარაში თურქეთის ხელისუფლების საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში თურქეთის ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

„როიტერის“ ინფორმაციით, აქტივისტები აცხადებდნენ, რომ ხელისუფლება ოპოზიციური თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტიის (CHP) წინააღმდეგ სამართლებრივ დევნას ახორციელებს.

გამოცემის ცნობით, აქტივისტები სკანდირებდნენ, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უნდა გადადგეს. აქციაზე სიტყვით გამოსვლისას პარტიის ლიდერმა, ოზგურ ოზელმა განაცხადა, რომ მთავრობა დემოკრატიული ნორმების ძირის გამოთხრით ცდილობს ხელისუფლებაში დარჩენას და ოპოზიციის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებების შემდეგ, განსხვავებული აზრის ჩახშობა სურს.

„როიტერის“ ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სტამბოლსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში სახალხო რესპუბლიკური პარტიის 500-ზე მეტი წევრი, მათ შორის 17 მერი დააკავეს. გამოცემა წერს, რომ სავარაუდოდ, ორშაბათს ცნობილი გახდება სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სახალხო რესპუბლიკური პარტიის 2023 წლის ყრილობის შედეგები შესაძლოა, ბათილად ცნონ. სასამართლო პროცესს თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტია პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

პროკურორმა განმარტა, რომ ლევან ხაბეიშვილის მობილურის დათვალიერება ჯერ არ მომხდარა

საქართველოს პროკურატურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ტელეფონის დათვალიერებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, მედიასთან პროკურორმა განმარტა, რომ ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის დათვალიერება ჯერ არ მომხდარა, რადგან ექსპერტიზაც კი არ არის ამ ეტაპზე დანიშნული და იქვე განმარტა პროცედურა და ტექნიკური დეტალები, რომ ზოგადად IPhone-ის მოდელის ტელეფონები რიგ შემთხვევაში შესაძლოა გაიხსნას, შესაძლოა ვერ გაიხსნას.

„საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს გამოვეხმაუროთ მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს პროკურორმა მედიასთან კომენტარის დროს განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის გახსნა ვერ მოხერხდა. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ პროკურორმა მედიისთვის მიცემულ კომენტარში განმარტა, რომ ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის დათვალიერება ჯერ არ მომხდარა, რადგან ექსპერტიზაც კი არ არის ამ ეტაპზე დანიშნული და იქვე განმარტა პროცედურა და ტექნიკური დეტალები, რომ ზოგადად IPhone-ის მოდელის ტელეფონები რიგ შემთხვევაში შესაძლოა გაიხსნას, შესაძლოა ვერ გაიხსნას. რაც შეეხება პროკურორის კომენტარის არასწორ ინტერპრეტაციას, იგი ემსახურება საზოგადოებაში დეზინფორმაციის გავრცელებას და უწყების დისკრედიტაციას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

საარჩევნო ადმინისტრაციის მორიგი სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს მედიის წარმომადგენლების ინფორმირებას მიმდინარე საარჩევნო საკითხების შესახებ. ცენტრალური საარჩევნო კომისიისა (ცესკო) და სწავლების ცენტრის ორგანიზებით მორიგი სამუშაო შეხვედრა ამჯერად სატელევიზიო და ონლაინმედიის წარმომადგენლებთან გაიმართა. 

სამუშაო შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა გახსნეს. მათ მიმდინარე საარჩევნო პროცესებში მედიის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გიორგი კალანდარიშვილის თქმით მედიის წარმომადგენელთა ინფორმირება არჩევნებისა და ზოგადად საარჩევნო პროცესის შესახებ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რადგან სწორედ მედია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი საზოგადოების ინფორმირებისთვის. 

„ჩვენ მიერ შეთავაზებული სამუშაო ფორმატით მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ ინსტიტუციის პირველი  პირებისგან მოისმინონ სრულყოფილი, ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა საარჩევნო საკითხზე, მათ შორის მოახლოებული 4 ოქტომბრის არჩევნების შესახებ. გვქონდა ძალიან საინტერესო დიალოგი. ამომრჩეველთა ინფორმირების მიმართულებით მედიის როლის გათვალისწინებით, ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს მათი ცნობიერების ამაღლებას, შემდგომ კი გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდებას ამომრჩევლებისთვის”, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

2 დღის განმავლობაში სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა კენჭისყრის პროცესში საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების პროცესი მიმოიხილეს, დეტალურად ისაუბრეს 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე და მედიის უფლებრივი მდგომარეობასა და როლზე არჩევნების გაშუქების პროცესში. 

გაიმართა აქტიური დისკუსია, მედიის წარმომადგენელთა კითხვებს ცესკოს თავმჯდომარემ, მოადგილე გიორგი შარაბიძემ და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა ამომწურავად უპასუხეს. 

სამუშაო შეხვედრა 13-14 სექტემბერს გაიმართა და მასში მონაწილეობა მედიის 40-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო.

,,კონსპირაციული შეთქმულებაა საქართველოს წინააღმდეგ, სადაც „ხაბეიშვილის ნაირი ტიპები მონაწილეობენ“-

ხაბეიშვილის სახელი გავიდა, გასცდა საქართველოს ფარგლებს, ეს იყო მისი მიზანი, ის ნიშნა დაეკავებინა, რომელიც მისი აზრით, ქვეყანაში იყო დაუკავებელი, როდესაც რადიკალიზაცია, ექსტრემიზმი არ იყო სათანადოდ განვითარებული, ლიდერი არ ჰყავდა და ჩაუდგა ამ მიმართულებას სათავეში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეზე, ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კონსპირაციული შეთქმულებაა საქართველოს წინააღმდეგ, სადაც „ხაბეიშვილის ნაირი ტიპები მონაწილეობენ“.

„სიტყვა – „მშვიდობიანი“ შემდეგ შემოიტანა თავის ტერმინოლოგიაში. ხაბეიშვილზე ალაპარაკდა საზოგადოება, პოლიტიკური სივრცე, ხაბეიშვილის სახელი გავიდა, გასცდა საქართველოს ფარგლებს. ეს იყო მისი მიზანი, ის ნიშა დაეკავებინა, რომელიც მისი აზრით, ქვეყანაში დაუკავებელი იყო, როდესაც რადიკალიზაცია, ექსტრემიზმი არ იყო სათანადოდ განვითარებული, ლიდერი არ ჰყავდა და ჩაუდგა ამ მიმართულებას სათავეში.

ეს ჩვეულებრივი მოვლენა არ არის, მაშინ, როდესაც ამას გარკვეული ქმედებები ახლავს და მოწოდებები, რომელიც აკრძალულია კანონით და კონსტიტუციის მოთხოვნების.

ეს არ არის მხოლოდ პერფორმანსი ან მოწოდება, კონკრეტულ ქმედებაში აისახება. ადვოკატების პოზიცია, რომ ეს ქრთამის მიცემის თუ ფულადი ანაზღაურების მიცემის დაპირება ეხება არჩევნების ან ხელისუფლების შეცვლის მომავალ პერიოდს, სადაც გაიცემა უწყისის მიხედვით მოღალატეებისთვის რაღაც სასაჩუქრე თანხა, აზრს მოკლებულია.

შეთავაზების გარდა, არსებობს სხვა მუხლი, რომელიც უკავშირდება მოწოდებებს და ქმედებებს, რომელიც მიმართულია იქით, რომ ქვეყანა შეუქცევად პროცესში წავიდეს, ტურბულენტურ ზონაში შევიდეს, როდესაც ნგრევაა გარანტირებული ქვეყნისთვის. ამას თანამოაზრეებიც გამოუჩნდნენ, სისხლისღვრაზე თავი არ უნდა შევიკავოთო, პირდაპირ ამბობენ. სამწუხაროა, რომ გამოდიან მაღალჩინოსნები ზოგიერთი ქვეყნის ამ მიმართულებას უჭერენ მხარს. კონსპირაციული შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, სადაც ხაბეიშვილისნაირი ტიპები მონაწილეობენ“,- აღნიშნა ვოლსკიმ

ამასთან ის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებასაც გამოეხმაურა.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, „რასაც მოვუსმინეთ ადვოკატებისგან, სერიოზულ დაფიქრებას განაპირობებს ყველასთვის, ვინც გადაწყვიტა, რომ სახელმწიფოს ბიუჯეტზე შეიქმნას კეთილდღეობა“.

„წინასწარ ნურაფერს დავამტკიცებთ. იმედი გვქონდეს, იქნებ რაღაც შეცდომაა დაშვებული. სამწუხაროდ, ეს შეცდომა არ ჩანს. ბურჭულაძე ჩვენი მეგობარი, გუნდის წევრია, უნდა ვიცოდეთ, რომ დანდობა არ იქნება, თუ კორუფციასთან გვაქვს საქმე. საქართველო მოწინავე პოზიციას იკავებს კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, მალე კიდევ დავინახავთ, რომ წინ ვართ, ეს არ უნდა მოხდეს ისეთი ადამიანები ხარჯზე, რომლისგანაც ასეთ ღალატს არ ველოდებით. თუ სადმე არსებობს კორუფცია, ამას ცხელი შანთით უნდა ამოშანთვა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტები დასავლეთის წინააღმდეგ ერთობლივი ომის სამ ახალ სტრატეგიაზე მუშაობენ – BILD

რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტები დასავლეთის წინააღმდეგ ერთობლივი ომის სამ ახალ სტრატეგიაზე მუშაობენ – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “ბილდი” ავრცელებს.

სტატიის თანახმად, სამხედრო წვრთნების, “ზაპად 2025-ის” ფარგლებში, ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო ე.წ. სუვალკის დერეფნის დაკავების ოპერაციას ამუშავებენ.

60-კილომეტრიანი დერეფანი პოლონეთსა და ლიეტუვას შორის მდებარეობს და კალინინგრადის ოლქს უკავშირდება.

Bild-ის სტატიის მიხედვით, წვრთნების ცენტრალური ელემენტია დასავლეთის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის, კერძოდ, ახალი საშუალო რადიუსის რაკეტების, “ორეშნიკის” გამოყენების იმიტაცია.

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, თბილისის, რაჭა-ლეჩხუმის, კახეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 14 პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა-კულტივირების და  ფსიქოტროპული ნივთიერების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული არიან: 2004 წელს დაბადებული გ.ტ., 1970 წელს დაბადებული ა.კ., 1983 წელს დაბადებული მ.ო,1976 წელს დაბადებული ბ.ლ, 1995 წელს დაბადებული გ.ნ, 2002 წელს დაბადებული ბ.მ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 2000 წელს დაბადებული ო.ჯ,1986 წელს დაბადებული ე.კ, 1999 წელს დაბადებული მ.ჯ, და წარსულში ნასამართლევი პირები: 1983 წელს დაბადებული მ.ბ., 1980 წელს დაბადებული გ.წ,1976 წელს დაბადებული ლ.შ,1968 წელს დაბადებული კ.გ, 2007 წელს დაბადებული ა.ჯ.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან  სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „მეტადონი“, „სუბოტექსი“, „ბუპრენორფინი“, „ალფა-პვპ“, „ლირიკა“, „გამომშრალი მარიხუანა“,  და „მცენარე კანაფი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლებიდან, ასევე,ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრო სასწორები და წებოვანი ლენტები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 262-ე და 265-ე პრიმა, მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.