Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება

დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება.

17 მაისთან დაკავშირებით საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 13:00 საათზე, მცხეთა-თბილისის ეპარქიის (ასევე რუსთავიდან) სამღვდელოება და სამრევლოების წევრები ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბებიან, სადაც 14:00 საათზე აღევლინება პარაკლისი და დაიწყება საზეიმო მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ.

მსვლელობები გაიმართება რეგიონებშიც.

17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ 2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ გამოაცხადა.

17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მთელ დღეს ყურადღების ცენტრში ყოფნას ცდილობთ, მაგრამ არაფერი გამოგდით. ვარსკვლავები გირჩევენ, მითითებებს მიჰყვეთ და უადგილო კითხვები არ დასვათ. მომავალ კვირას სამაგიეროს გადახდას შეძლებთ, მანამდე კი ჩრდილში დარჩენა მოგიწევთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და სხვების კარნახით ნუ იმოქმედებთ.

კურო

გირჩევთ, ეს დღე საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას დაუთმოთ. თუ გრძნობთ, რომ ერთმანეთი ძველებურად აღარ გიზიდავთ, ჩამქრალი გრძნობის გაღვივება უნდა სცადოთ. სამსახურში პირიქით, ვნებებს და კონფლიქტებს უნდა ერიდოთ, რადგან შედეგებს თქვენ დაგაბრალებენ.

ტყუპები

წარმატებული დღეა, უბრალოდ, ფინანსებთან მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ საყიდლებზე წასვლამდე ვალები და გადასახადები გადაიხადოთ, რათა ხელფასამდე ცარიელი ჯიბით არ დარჩეთ. პარტნიორულ ურთიერთობებში მოერიდეთ წვრილმანებში ჩაძიებას, ზედმეტ პირდაპირობას და ურთიერთობების გარჩევას.

კირჩხიბი

დროა, საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნოთ და აქ ფიზიკურზე მეტად ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა იგულისხმება. ახლა თქვენ ყველაზე მეტად სრულფასოვანი დასვენება გჭირდებათ. რა თქმა უნდა, ყველაფერს შვებულებაში გასვლა ჯობს, მაგრამ თუ ეს შეუძლებელია, ეცადეთ დასვენებისთვის ერთი დღე მაინც გამონახოთ.

ლომი

ლომისთვის პოზიტიური დღეა, თუნდაც მის გარშემო ქაოსი და კონფლიქტი იყოს. ამ დღეს განწყობას ვერავინ და ვერაფერი გაგიფუჭებთ. სამსახურში უამრავი საქმის გაკეთებას შეძლებთ, საღამოს კი საყვარელი ადამიანების გარემოცვაში შესანიშნავ დროს გაატარებთ. გამორიცხული არ არის, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ.

ქალწული

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ყველაა საქმეში და ცხოვრების ყველა სფეროში პრინციპულად იმოქმედოთ. დროა, პირად ურთიერთობებში ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოთ, სამსახურში კი ხმამაღლა განაცხადოთ, რომ ხელფასის გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას იმსახურებთ. თამამად დაიცავით საკუთარი უფლებები. ბედი თქვენს მხარესაა!

სასწორი

უკვე ზაფხულის გეგმებს აწყობთ. შესაძლოა, ეს გეგმები თქვენს საახლობლო წრეში ყველას არ მოსწონს, მაგრამ ამას ყურადღება არ უნდა მიაქციოთ. მოიქეცით ისე, როგორც ამას გული და გონება გიკარნახებთ. აუცილებელი არ არის სხვისი აზრი გაითვალისწინოთ, თუნდაც ის ახლო ნათესავი იყოს. მოერიდეთ ცხელ გულზე გადაწყვეტილების მიღებას, იყავით მეტად დიპლომატიური და ღიმილიანი.

მორიელი

ამ დღეს ყველაზე მეტად ნაჩქარევად და დაუფიქრებლად მიღებულ გადაწყვეტილებებს უნდა მოერიდოთ. ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ. განსაკუთრებით სახიფათოა უფროსის წინაშე ხასიათის დემონსტრირება, რადგან შესაძლოა არა მხოლოდ ბონუსის, არამედ სამსახურის გარეშეც დარჩეთ.

მშვილდოსანი

რატომღაც ფიქრობთ, რომ თქვენს ცხოვრებაში უიღბლობის პერიოდი დადგა. ეცადეთ, ასეთი აზრები კოსმოსში არ გააგზავნოთ და საქმე არ გაირთულოთ. თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი ისეთი ტრაგიკულად არ არის, როგორც ფიქრობთ. ეძებეთ სიხარული წვრილმანებში, ურთიერთობაში, ბუნებაში. თუ მუდმივად იწუწუნებთ, უიღბლობის პერიოდი ნამდვილად დადგება.

თხის რქა

ამ კვირამ ძალიან დაგღალათ, ამიტომ გირჩევთ, პარასკევი დასვენებას დაუთმოთ. აკეთე ის, რაც ნამდვილ სიხარულს განიჭებთ. ახალი კვირისთვის სათანადო დასვენება და ძალების მოკრება გჭირდებათ. გსურთ ყველას ასიამოვნოთ და საჩუქრებით აავსოთ, რის გამოც გაუთვალისწინებელი ხარჯი მოიმატებს.

მერწყული

ნუ გადადებთ იმას, რასაც დიდი ხანია გეგმავთ. ეს პარასკევი ძალიან იღბლიანი იქნება, ამიტომ ეცადეთ, მისგან ყველაფერი მაქსიმალურად მიიღოთ. იდეალური დღეა ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის, რომლებიც ახლა მხოლოდ ნაღველს იწვევს. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, დროა, გამაჯანსაღებელი დიეტა და ფიზიკური აქტივობა დაიწყოთ.

თევზები

ამ ნიშნის წარმომადგენლებს რომანტიკული პარასკევი ელით. ოჯახსა და სამსახურში გულწრფელი ურთიერთობები გაგახარებთ. შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენი შთაგონების წყარო გახდება.

ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირიდან სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა გაიმართება, რის გამოც, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ასევე, შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტი, – აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, შეზღუდვა 17 მაისის 01:00 საათიდან 22:00 საათამდე ქაშვეთის ტაძრიდან სამების საკათედრო ტაძრამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ეტაპობრივად იმოქმედებს.

„მსვლელობა დაიწყება ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან, რა დროსაც, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება გია ჭანტურიას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის კვეთიდან თავისუფლების მოედნამდე, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდის, ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართისა და ავლაბრის მოედნამდე.

რუსთაველის გამზირიდან, მთაწმინდის რაიონის ზედა ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება: ი.თარხნიშვილის, თ. ჭოველიძის, მ.ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ, ვასილ ბარნოვის, ი. გოგებაშვილის, მარო მაყაშვილისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.

მთაწმინდის რაიონის დანარჩენი ქუჩებიდან პეტრე მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება: ა. გრიბოედოვის, მარო მაყაშვილის, ვასილ ბარნოვის, მ. ზანდუკელისა და ა. შანიძის ქუჩების გავლით.

მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი კერძო ავტომობილები რუსთაველის გამზირზე გადაადგილებას შეძლებენ გ. ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე და შემდეგ, გ. ჭანტურიას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გამოყენებით.

თავისუფლების მოედნის სრულად შეზღუდვისას, ავტომობილებისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან გია ჭანტურიას ქუჩამდე. ასევე, გადაადგილება შეზღუდული იქნება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან, თავისუფლების მოედნის მიმართულებით.

გარდა ამისა, რუსთაველის გამზირზე მოძრაობა დაშვებული იქნება გია ჭანტურიას ქუჩამდე, ხოლო რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდული იქნება: ლ. უკრაინკას, ა. ჯორჯაძის, ზ. ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ა. ფურცელაძისა და ლ. გუდიაშვილის ქუჩებზეც.

თავისუფლების მოედნიდან მსვლელობა გაგრძელდება სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით, რა დროსაც, მიმდევრობით ჩაიკეტება ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდი, ბარათაშვილის აღმართი და ავლაბრის მოედანი.

ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის შეზღუდვის დროს, ავტომობილები გადაადგილებას თავისუფლების მოედნის მიმართულებით შეძლებენ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და კოტე აფხაზის ქუჩის გამოყენებით, ხოლო ავლაბრის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ მშრალი ხიდის გავლით, კ. ხეთაგუროვის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით.

ამასთან, ავლაბრის მოედანზე საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვის დროს, ქეთევან დედოფლის გამზირიდან ავტომობილები იმოძრავებენ ბოჭორმის ქუჩის, იალბუზის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით, ხოლო ქეთევან დედოფლის გამზირისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე მოტრიალების შემდგომ, ბარათაშვილის ხიდის გამოყენებით იმოძრავებენ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, შემდეგ, იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩებზე, ასევე, ქეთევან დედოფლის გამზირზე ავლაბრის მოედნის მიმართულებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მერაბ კოსტავას ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით, ხოლო, ბარათაშვილის ქუჩიდან იმოძრავებენ დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილებისას, ავტობუსები და მიკროავტობუსები გადავლენ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, საიდანაც დაუკავშირდებიან ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდს და მარჯვნივ მოხვევით ჩავლენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, შემდეგ, ჯავახიშვილის ქუჩის გამოყენებით დაუკავშირდებიან მერაბ კოსტავას ქუჩას და დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

ავლაბრიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდიდანვე დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და ჯავახიშვილის ქუჩის გამოყენებით მოხვდა მერაბ კოსტავას ქუჩაზე, რის შემდეგაც, მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებს.

ასევე, ორთაჭალიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კოტე აფხაზის ქუჩიდან დაუკავშირდება ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩას. ანალოგიურად იმოძრავებენ სხვა მიკროავტობუსები და ავტობუსებიც – მტკვრის მარცხენა სანაპიროს, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, რის შემდეგაც, მერაბ კოსტავას ქუჩიდან დადგენილი სქემით განაგრძობენ სვლას“, – აცხადებენ მერიაში.

17 მაისთან დაკავშირებით საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის 17 მაისს, 13:00 საათზე, მცხეთა-თბილისის ეპარქიის (ასევე რუსთავიდან) სამღვდელოება და სამრევლოების წევრები ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბებიან.

ომების, დაუცველობისა და იდენტობის კრიზისის დროს, მსოფლიოს ძლიერი ევროპა სჭირდება – ირაკლი კობახიძე 

ომების, დაუცველობისა და იდენტობის კრიზისის დროს, მსოფლიოს ძლიერი ევროპა სჭირდება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო რჩება სტრატეგიულ მოკავშირედ და დგას წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის წინა ხაზზე.

„ალბანეთში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მე-6 სამიტზე სიტყვით მივმართე ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დემოკრატიული მედეგობის განმტკიცების თემაზე ორგანიზებული მრგვალი მაგიდის მონაწილეებს.

საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ერთგული მოკავშირე, თუმცა მას [საქართველოს] არაერთხელ ექცეოდნენ უსამართლოდ.

ომების, დაუცველობისა და იდენტობის კრიზისის დროს, მსოფლიოს ძლიერი ევროპა სჭირდება.

საქართველო რჩება სტრატეგიულ მოკავშირედ და დგას წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის წინა ხაზზე”,- აღნიშნავს პრემიერი.

საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებისა და „ბარსელონას” ლეგენდების მატჩი 1:3 დასრულდა

თბილისში, „დინამო არენაზე“  საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი გაიმართა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

საქართველოს ნაკრებს საკმაოდ სერიოზული დანაკლისი ჰქონდა – გიორგი ქინქლაძე, არჩილ არველაძე, ლევან ცქიტიშვილი, ნუკრი რევიშვილი და ლევან კობიაშვილი ტრავმების გამო მოედანზე ვერ გავიდნენ. გულშემატკივარი ტრიბუნებს ეტაპობრივად ემატებოდა და შესვენებამდე სტადიონი გაივსო.

მატჩი ორმხრივი შეტევებით დაიწყო, დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ გუნდების მეკარეები და მცველები. პირველი გოლი რონალდინიოს გადაცემით ლიტმანენმა გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა.

ანგარიში 25-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა გახსნა, ალექსანდრე იაშვილის პასის შემდეგ გიორგი ნავალოვსკიმ გაიტანა. ესპანური ფეხბურთის გრანდის ლეგენდებმა წონასწორობა 34-ე წუთზე აღადგინეს, გოლი ხავიერ სავიოლას ანგარიშზეა.

როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან, საუბარი გვქონდა იმ თემებზე, რომლებიც საქართველოს განვითარებას, ევროპულ პერსპექტივასა და რეგიონში ჩვენს როლს შეეხება – პრემიერი

როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან და სხვა ლიდერებთან, გვქონდა საუბარი იმ თემებზე, რაც შეეხება საქართველოს განვითარებას, ევროპულ პერსპექტივას და ჩვენს როლს რეგიონში, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ალბანეთში ქართველ ჟურნალისტებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, მან პოლიტიკურ ლიდერებს გაუზიარა გზავნილები საქართველოს ინტერესებთან დაკავშირებით.

„გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის უშუალო საუბრები, ჩვენ არ გვაქვს გასაჯაროების უფლება, თუმცა ზოგადად, რა თქმა უნდა, შემიძლია გითხრათ, რომ საქმე ეხებოდა საქართველოს ინტერესებთან დაკავშირებით ჩვენი გზავნილების გაზიარებას, როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან და სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან“, – განაცხადა პრემიერმა.

თვის ბოლოს გიორგი გახარია აპირებს გამოცხადებას, რომ მონაწილეობას მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში – ირაკლი კობახიძე

ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, რომ თვის ბოლოს გიორგი გახარია აპირებს გამოცხადებას, რომ მონაწილეობას მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერის თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ საინტერესო არ არის, მიღებს თუ არა „გახარია საქართველოსთვის“ არჩევნებში მონაწილეობას, რადგან „რადიკალური ოპოზიციური სპექტრი განწირული მარცხისათვის“.

„გიორგი გახარიას ეშინია ბულინგის სხვა პარტიების მხრიდან და ამას ემსახურება მისი პოსტები. ჩვენთვის საინტერესო არ არის, შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა, შეუძლიათ არ მიიღონ, ასეც და ისეც, მთლიანად ეს რადიკალური ოპოზიციური სპექტრი განწირულია მარცხისათვის. 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში: „ევროპის უსაფრთხოება და დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერება”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში თემაზე – „ევროპის უსაფრთხოება და დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერება”.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ძლიერი ევროპის მნიშვნელობაზე ძლიერი მსოფლიოსთვის და ბოლოდროინდელ ტენდენციებს შემაშფოთებელი უწოდა.

„ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ევროპული სახელმწიფოების დიდი ნაწილი იდენტობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას, ამავდროულად, ევროპა კარგავს ძალას, იყოს ძლიერი მოთამაშე და დაიცვას პარტნიორები.

ამ კონტექსტში პრემიერმა უკრაინის მაგალითზე ომის მძიმე შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთ ვითარებაში სხვა ქვეყნებს დაცვის გარანტია ვერ ექნებათ.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიღწევებზე და ხაზი გაუსვა ქვეყნისადმი უსამართლო დამოკიდებულების შეცვლის აუცილებლობას. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო მრავალი კრიტერიუმით უსწრებს იმ ქვეყნებს, რომლებსაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ და მსგავსი უსამართლო დამოკიდებულება ევროპული ინსტიტუტების იმიჯისთვის დამაზიანებელია.

პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება და ევროპა გაძლიერდება, რაც აუცილებელია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის უზრუნველსაყოფად.

მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ პანელურ დისკუსიაში, რომლის თანათავმჯდომარეები იყვნენ გაერთიანებული სამეფოსა და შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრები, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, პოლონეთის, სლოვაკეთის, სომხეთისა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრები, საბერძნეთის, უკრაინის, ევროპული საბჭოს და ევროპარლამენტის პრეზიდენტები და ეუთოს გენერალური მდივანი მონაწილეობდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტამბოლის მოლაპარაკებებს „მსოფლიო მშვიდობისთვის მნიშვნელოვან დღედ“ აფასებს

JPG resized with https://ezgif.com/resize

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა, რომელმაც პარასკევს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრას უხელმძღვანელა, მოლაპარაკებები „მსოფლიო მშვიდობისთვის მნიშვნელოვან დღედ“ შეაფასა.

„ინტენსიური დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა თურქეთის ხელშეწყობით სტამბოლში გაიმართა“, – დაწერა ჰაკან ფიდანმა სოციალურ ქსელ X-ზე.

„შეხვედრის შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ, 1000-1000 ტყვე გაცვალონ. ისინი ასევე შეთანხმდნენ, წერილობით გაუზიარონ ერთმანეთს ის პირობები, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას გახდის შესაძლებელს“, – აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ფიდანმა დასძინა, რომ ორივე მხარე პრინციპულად შეთანხმდა ხელახლა შეხვედრაზე.

ცალკეული ევროპოლიტიკოსების მხრიდან საქართველოს ხელისუფლებასთან შერჩევითი გაბუტვა და არაფრის მომტანი ზეწოლა დასრულებადია – გია აბაშიძე

ცალკეული ევროპოლიტიკოსების მხრიდან საქართველოს ხელისუფლებასთან შერჩევითი გაბუტვა და არაფრის მომტანი ზეწოლა დასრულებადია; თუკი “არ ცნობ” პრემიერ-მინისტრ კობახიძეს, არც უნდა გამოელაპარაკო. თუმცა, ფლიდობა-თვალთმაქცობაში ევროკრატია უბადლოა, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე და EPC-ს რიგით მე-6 კონფერენციის გახსნით სესიაზე პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის სხვადასხვა ლიდერებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

„ცალკეული ევროპოლიტიკოსების მხრიდან საქართველოს ხელისუფლებასთან შერჩევითი გაბუტვა და არაფრის მომტანი ზეწოლა დასრულებადია; თუკი “არ ცნობ” პრემიერ-მინისტრ კობახიძეს, არც უნდა გამოელაპარაკო. თუმცა, ფლიდობა-თვალთმაქცობაში ევროკრატია უბადლოა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას მიწვევით, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწილეობს.

სამიტის მონაწილე ლიდერებს ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა მასპინძლობს.
როგორც პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ისაუბრებს მთავარ გზავნილებზე, რაც ქვეყნის ძირეულ ეროვნულ ინტერესებს უკავშირდება.
საქართველოს მთავრობის მეთაური EPC-ს რიგით მე-6 კონფერენციის გახსნით სესიას დაესწრო, რომლის შემდეგ კონფერენციის მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-6 სამიტში 50-მდე ქვეყნის ლიდერი, ევროპული და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელები მონაწილეობენ“, – წერს გია აბაშიძე.

ლეგიტიმურ კრიტიკაზე გაღიზიანების გამო ქართველი ხალხის არჩეულ წარმომადგენლებზე გერმანიის ელჩის თავდასხმები ღრმად არაევროპული ქცევაა, მნიშვნელოვანია, ამგვარი თავდასხმები შეწყდეს-შალვა პაპუაშვილი

ლეგიტიმურ კრიტიკაზე გაღიზიანების გამო გერმანიის ელჩის პერიოდული თავდასხმები ქართველი ხალხის არჩეულ წარმომადგენლებზე თავისი არსით და ფორმით ღრმად არაევროპული ქცევაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი თავდასხმები შეწყდეს.

„კრიტიკის „ცუდად საუბრად“ შერაცხვა არის სწორედაც საბჭოური და არა ევროპული აზროვნება.

ევროპა გულისხმობს ღიაობას კრიტიკისთვის და არა კრიტიკული აზრის ჩახშობას. ის, რომ ევროკავშირი დიდია და ჩვენ იქ გაწევრიანება გვსურს, არავის აძლევს უფლებას, აგვიკრძალოს, გავაკრიტიკოთ ის, რაც კრიტიკას იმსახურებს.

ლეგიტიმურ კრიტიკაზე გაღიზიანების გამო გერმანიის ელჩის პერიოდული თავდასხმები ქართველი ხალხის არჩეულ წარმომადგენლებზე თავისი არსით და ფორმით ღრმად არაევროპული ქცევაა. მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი თავდასხმები შეწყდეს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა: „ვფიქრობ, თუ გსურთ, შეუერთდეთ ისეთ ორგანიზაციას, როგორიცაა ევროკავშირი, არ არის კარგი იდეა, მასზე ცუდად ილაპარაკოთ“.

რა ეღირება დოლარი და ევრო 17 მაისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7415 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7415 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7425 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0010 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0686 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0732 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0046 ლარი შეადგინა.