უწმინდესი და უნეტარესი გახდა ჩვენთვის სახე და მაგალითი იმ თვისებებისა, რომლებიც არის წინასწარმეტყველთა მსახურების საფუძველი: ღვთისადმი ერთგულება, დიდი მოშურნეობა და ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვის და ქადაგების სიმამაცე და უშიშრობა, – იქადაგა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხსენების დღეს.
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, პატიოსანნო მამანო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. დღეს არის წმინდა დიდებული წინასწარმეტყველის, ილია თეზბიტელის და წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) ხსენება. დღეს ჩვენ ასევე აღვნიშნავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ანგელოზის დღეს, ამიტომ განსაკუთრებით საზეიმო განწყობა იყო დღევანდელ წირვაზე.
წმინდა წინასწარმეტყველი ილია თეზბიტელი მოღვაწეობდა ქრისტესშობამდე ათი საუკუნით ადრე, მაგრამ წარუშლელი კვალი დატოვა ისტორიაში იმ საქმეებისა და სასწაულების გამო, რომლებიც მან აღასრულა იუდეისა და ისრაელის სამეფოებში.
წმინდა ეკლესია მისდამი მიძღვნილ ლოცვებსა და საგალობლებში მას უწოდებს „წინასწარმეტყველთა საფუძველს“, „მიწიურ ანგელოზს“ და „ქრისტეს მოსვლის მეორე წინამორბედს“, რითაც ცხადყოფს თავის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ამ დიდი წმინდანისადმი.
მას ეწოდება „წინასწარმეტყველთა საფუძველი“ იმ მოშურნეობისთვის, ღვთისადმი ერთგულების და ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვის სიმამაცისთვის, უშიშრობისთვის, რაც მან გამოავლინა თავისი ღვაწლისა და ცხოვრების დროს. რატომ „საფუძველი“? – იმიტომ, რომ ეს თვისებები არის ყველა წინასწარმეტყველის და მოძღვრის ღვაწლის, წარმატების აუცილებელი პირობა. ამიტომ ყოველი წინასწარმეტყველი, ვინც მოღვაწეობდა ძველი აღთქმის პერიოდში, შთაგონებული იყო წმინდა ილია თეზბიტელის პიროვნებით და მაგალითით.
მას, როგორც გითხარით, ეწოდება ასევე „მიწიური ანგელოზი“, რადგან ჭეშმარიტად ანგელოზებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა. ძალიან მწირად იკვებებოდა, მკაცრი მმარხველი იყო და დიდ საღვთო საქმეებს აღასრულებდა. ანგელოზების მსგავსად, იგი იყო ღვთის ნების მაუწყებელი. „ანგელოზი“ ხომ „წარგზავნილს“, „მაუწყებელს“ ნიშნავს და აი, ილია თეზბიტელიც იყო მაუწყებელი და განმცხადებელი ღვთის ნებისა. იგი ამბობდა და ქადაგებდა იმას, რასაც ღმერთი უბრძანებდა უღვთოთა სამხილებლად.
იგი იყო სრულიად გამორჩეული და უნიკალური ადამიანი ისტორიაში, რადგან მას არ უგემია სიკვდილი, არამედ ცოცხლად იყო ატაცებული ზეცაში ცეცხლოვანი ეტლით და მას ჯერ კიდევ მოელის გარდაცვალება, როდესაც დედამიწაზე ჩამოვა, იქადაგებს და მოწამებრივ სიკვდილს მიიღებს. ასეთია უძველესი საეკლესიო გადმოცემა. სწორედ ამიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, მას ეწოდება „იესო ქრისტეს მოსვლის მეორე წინამორბედი“. როგორც იცით, პირველი წინამორბედი ვინ იყო? – წმინდა იოანე ნათლისმცემელი. იესო ქრისტეს მეორე, დიდებით მოსვლის წინამორბედი იქნება წმინდა ილია თეზბიტელი, რომელიც, როგორც გითხარით, იქადაგებს ანტიქრისტეს დროს, ბოლო ჟამის პერიოდში, როდესაც უფალი იესო ქრისტე მოვა სამყაროს განსასჯელად, როცა იქნება საშინელი სამსჯავრო.
ამრიგად, წმინდა წინასწარმეტყველი ილია ჩვენთვის არის დიდი მაგალითი ღვთისადმი ერთგულების, მოშურნეობის, ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვის, ქადაგებისა და სიმამაცის. შეგვაძლებინოს უფალმა, რომ მისი ლოცვით ჩვენც მოშურნეობით შევასრულოთ ჩვენი ქრისტიანული ვალი და უშიშრად, მამაცურად ვაღიაროთ ჭეშმარიტი სარწმუნოება ჩვენი სიტყვითაც და საქმითაც.
მოგეხსენებათ, წმინდა ილია თეზბიტელი განსაკუთრებით ახლოს არის ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ერისთვის, ვინაიდან მისი წმინდა ხალენი ჩამობრძანებული იყო საქართველოში ჯერ კიდევ ექვსი საუკუნით ადრე ჩვენი ერის მოქცევამდე და მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარშია დავანებული. მას შემდეგ წმინდა ილია თეზბიტელი არ გვტოვებს ჩვენ, საქართველოს, ქართველ ხალხს არ აკლებს თავის მეოხებას და შეწევნას. მათ შორის ეს განსაკუთრებით გამოვლინდა ერთ ძალიან მნიშვნელოვან მოვლენაში, რომელსაც ასევე დღეს აღვნიშნავთ. ეს მოხდა 325 წელს, ზუსტად ამ დღეს, ილიაობას.
როგორც მოგეხსენებათ, წმინდა მოციქულთასწორი დედოფალი ნანა ქრისტეს სარწმუნოებაზე მოაქცია წმინდა ნინომ, მას შემდეგ, რაც იგი მძიმე სენისგან განკურნა, მაგრამ დედოფლის მოქცევა არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მეფე მირიანს მიეტოვებინა თავისი წარმართული რწმენა. მას თვითონ უნდა ეხილა რაღაც სასწაული, რომ ერწმუნა და ასეც მოხდა. ერთხელ სწორედ ამ დღეს, ილიაობა დღეს, იგი წავიდა სანადიროდ თხოთის მთაზე. უეცრად უკუნი სიბნელე ჩამოწვა. მეფე ვერაფერს ხედავდა. შეშინებული მუხლებზე დაეცა და თავის კერპებს სთხოვა დახმარება, მაგრამ სინათლე არსაიდან არ იყო. შემდეგ სასოწარკვეთილებაში მყოფს გაახსენდა წმინდა ნინოს ღმერთი და მას, იესო ქრისტეს, მიმართა; სთხოვა, გამოეხსნა ამ სიბნელიდან და აღუთქვა, რომ თუ დაეხმარებოდა, ის მიიღებდა ქრისტეს რჯულს და სალოცავებს ააშენებდა. დაასრულა თუ არა ეს ლოცვა, სიბნელე გაიფანტა და სინათლემ დაისადგურა. გაოცებული და გახარებული მეფე ბრუნდება მცხეთაში, მიეახლება წმინდა ნინოს, რომელმაც იგი სიხარულით მიიღო და ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემა ასწავლა.
ამრიგად, ძვირფასო ძმებო, სწორედ ამ დღეს, ილიაობა დღეს, მოხდა ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა, როდესაც მეფე მირიანი მობრუნდა ქრისტეს სარწმუნოებისკენ. და ამას რა მოჰყვა შემდეგ? – მთელი ქართლის მოქცევა, ნათლობა და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება. სწორედ ეს დიდი მოვლენა – საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება – მოხდა 1700 წლის წინ, უფრო სწორად, გაისად სრულდება 1700 წელი. ჩვენ განსაკუთრებით ვემზადებით ამ დიდი თარიღის აღსანიშნავად უკვე წლევანდელი წლიდან. გვსურს, ამაში ჩაერთოს ყველაზე ფართო წრეები, რაც კი შესაძლებელია, მთელი ჩვენი ხალხი, რა თქმა უნდა, ხელისუფლება, ეკლესია, ახალგაზრდობა და ა. შ. დღეს შევთხოვოთ წმინდა ილია თეზბიტელს, რომ ღირსეულად შეგვაძლებინოს ამ დიდი თარიღის და დღესასწაულის აღნიშვნა.
ძვირფასო ძმებო და დებო, როგორც გითხარით, დღეს არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ანგელოზის დღე. ჩვენ განსაკუთრებით ვხარობთ ამ დღით ყოველთვის, რადგან მას არაერთგზის უთქვამს, რომ მთელი მისი ღვაწლი და ცხოვრება შთაგონებულია წმინდა ილია თეზბიტელის მაგალითით. შეიძლება ითქვას, დღეს თვითონ უწმინდესი და უნეტარესი გახდა ჩვენთვის სახე და მაგალითი იმ თვისებებისა, რომლებზეც მოგახსენეთ და რომლებიც არის წინასწარმეტყველთა მსახურების საფუძველი: ღვთისადმი ერთგულება, დიდი მოშურნეობა და ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვის და ქადაგების სიმამაცე და უშიშრობა.
მივულოცოთ გულითადად, დიდი სიყვარულით მის უწმინდესობას და უნეტარესობას ანგელოზის დღე. წმინდა ილია თეზბიტელის ლოცვით, წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) ლოცვით, უფალმა გააძლიეროს, გაახაროს მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, მისცეს ჯანმრთელობა და დღეგრძელობა, რომ კიდევ დიდხანს შეძლოს ამ მაღალი მსახურების აღსრულება ჩვენი ერის საკეთილდღეოდ და მართლმადიდებელი ეკლესიის გასაძლიერებლად. ამინ“, – აღნიშნა ქადაგებისას მეუფე შომ.