Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

8 ივლისს ქუთაისში დღისით +35 და ღამით +25 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან და უნალექო ამინდს ვარაუდობენ.

ოზურგეთშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23. ბათუმშიც წვიმიანი დღეა. დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი ამინდია ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +33, ღამით კი +23 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიანი ამინდია სოხუმში. +31 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც ნალექიანი ამინდი იქნება, ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში, დღისით +31 გრადუსი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეშიც მზიან დღეს ვარაუდობენ. დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც უნალექო დღეა, +30 იქნება დღისით, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +30 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, ჰაერის ტემპერატურა +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება.

ომალოში ნალექიან ამინდს ელოდებიან, დღისით +21, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც წვიმს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი დღე იქნება თელავში, +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმას ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში უნალექო ამინდია. დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში უნალექო დღეა. დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ხანმოკლე წვიმას ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

ეუთო/ოდირ-ი საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ეუთო/ოდირ-ი საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ორგანიზაცია ღრმა შეშფოთებას გამოხატავს სამოქალაქო საზოგადოების მუშაობის შემზღუდავ კანონმდებლობასა და მშვიდობიანი მომიტინგეების დაკავებებთან დაკავშირებით.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში რვა წამყვანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დააკავეს, რომელთა უმრავლესობას პატიმრობა მიუსაჯეს. ასევე, ბოლო თვეებში ათეულობით მომიტინგე დააკავეს.

„ჩვენ ღრმა შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ბოლოდროინდელ დაკავებებსა და გასამართლებებს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააუქმოს ბოლოდროინდელი კანონმდებლობა, რომელიც ხელს უშლის სამოქალაქო საზოგადოების ლეგიტიმურ მუშაობას. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები დემოკრატიისა და კანონის უზენაობის საფუძველია“, – აღნიშნულია ეუთო/ოდირ-ის დირექტორის, მარია ტელალიანის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეუთო/ოდირ-მა გასულ წელს იურიდიული შეფასების ჩარჩოებში საქართველოს ურჩია, გაეუქმებინა ე.წ. უცხოური აგენტების კანონი და გაფრთხილა, რომ ახალი კანონმდებლობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობას შეზღუდავდა.

ამასთან, ეუთო/ოდირ-ის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ოფისის მოწვევას მომავალი ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად. ეს წარმოადგენს გამონაკლისს საქართველოს ბოლო ოცი წლის განმავლობაში მუდმივი პრაქტიკისგან“.

მიუხედავად ამისა, ეუთო/ოდირ-ში აცხადებენ, რომ მზად არიან სადამკვირვებლო მისიის გასაგზავნად, „თუ ხელისუფლება დროულად გამოაგზავნის მოწვევას გამჭვირვალობისა და საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი საზოგადოებრივი ნდობის ამაღლების მიზნით“.

8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს მოვლენების შემდგომი განვითარებისთვის მრავალი განსხვავებული ვარიანტი გამოჩნდება. გირჩევთ საკუთარი სურვილები აკონტროლოთ და წესიერების ფარგლებს არ გასცდეთ. ნუ ეცდებით ერთი გასროლით ორი კურდღლის მოკვლას – ამას განსაკუთრებული ოსტატობა სჭირდება. კარგი პერიოდია გააქტიურებისა და ინიციატივის გამოსაჩენად, ძველი პოზიციების დასაბრუნებლად და გავლენის სფეროების გასაფართოებლად.

კურო

თუ შანსს ხელიდან არ გაუშვებთ, შეიძლება მოგებიანი ხელშეკრულება დადოთ, კარიერულ წინსვლას მიაღწიოთ და გუნდში ავტორიტეტი მოიპოვოთ. ეცადეთ ოპტიმიზმი ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნოთ. გონებამახვილობისა და მდიდარი ფანტაზიით წყალობით ახალი იდეების ჩამოყალიბებას და მიმდინარე მოვლენების ობიექტურად შეფასებას, ასევე თქვენს სასიკეთოდ გამოყენებას შეძლებთ.

ტყუპები

უსაფუძვლო შიშები ცხოვრებას გირთულებთ. სირთულეები ნუ შეგაშინებთ – ისინი თქვენს გასაძლიერებლად გაჩნდნენ. ახალი მოკავშირეები თქვენს ცხოვრებაში ახალ, პოზიტიურ მოტივაციას შემოიტანენ. ეცადეთ საკუთარ პრობლემებს სხვა კუთხით შეხედოთ – მათთან გამკლავება არც ისე რთულია, როგორც ფიქრობთ.

კირჩხიბი

დაბრკოლებები ნუ შეგაშინებთ. ეცადეთ მოთმინება და ცოტა ეშმაკობა გამოიჩინოთ და საქმე თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება. ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას მოერიდეთ – სასურველია, რომ რჩევა ახლო ნათესავებსა და კოლეგებს სთხოვოთ. კარგი პერიოდია გავლენიანი მფარველების მოსაძიებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ლომი

ნაკლები ილაპარაკეთ და უსარგებლო საქმეებზე დროს ნუ დაკარგავთ. ამით დროსაც დაზოგავთ და უსიამოვნებებსაც თავიდან აიცილებთ. ხელსაყრელი დღეა ჯანსაღი ცხოვრების წესის, სპორტული ვარჯიშებისა და ახალი დიეტის დაწყებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ მომდევნო კვირა ბევრად რთული იქნება, ამიტომ უმჯობესია ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა ახლა მოაგვაროთ.

ქალწული

ფრთხილად იყავით, ეს დღე შეიძლება სტრესული სიტუაციებით იყოს სავსე. მოერიდეთ უხეშობას კოლეგებთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში, რასაც კონფლიქტი მოჰყვება. ბიზნესპარტნიორები ყურადღებით გაკვირდებიან, ამიტომ მშვიდად და გააზრებულად უნდა იმოქმედოთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე – დროა, მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ და ვარჯიში დაიწყოთ.

სასწორი

ეს დღე ბედის უეცარ შემობრუნებას, ახალ თავგადასავლებსა და იმედგაცრუებას მოგიტანთ. გირჩევთ შეხვედრები და ურთიერთობები მინიმუმამდე შეამციროთ და ყურადღება მთავარ საკითხებზე გაამახვილოთ. პროფესიულ სფეროში დაშვებული შეცდომები დიდ დროს წაგართმევთ. ეცადეთ საყვარელი ადამიანები არ დაივიწყოთ და მხარი დაუჭიროთ – მათ ახლა თქვენი ყურადღება ყველაზე მეტად სჭირდებათ.

მორიელი

თუ შესაძლებელია, მობილური ტელეფონი გამორთეთ და ოჯახურ გარემოში, ოჯახის წევრებთან და ახლო მეგობრებთან ერთად ყოფნით დატკბით. თუ ამ ბოლო დროს ბევრს მუშაობთ, ეს დასვენებისა და ძალების აღდგენის შესანიშნავი შესაძლებლობაა. ამ დღეს შორეულ მოგზაურობაში წასვლისგან თავის შეკავება სჯობს.

მშვილდოსანი

ამ დღეს დიდია ცდუნების, მოტყუებისა და იმედგაცრუების ალბათობა. თუ სიფრთხილეს და წინდახედულებას გამოიჩენთ, შესაძლოა, დაგებულ მახეებს თავი დააღწიოთ. გირჩევთ ოჯახური ბიუჯეტის ხარჯვა აკონტროლოთ, რადგან მოულოდნელი ხარჯი შემოსავალზე მეტია. გაითვალისწინეთ მეგობართა და ახლობელთა რჩევები, რადგან კარიერულ წინსვლას და პროფესიულ განვითარებას მხოლოდ მათი დახმარებით შეძლებთ.

თხის რქა

სავარაუდოდ, დღევანდელი კონფლიქტი თქვენს სასარგებლოდ არ დასრულდება და მაშინვე ახალი პრობლემები გაჩნდება. ეცადეთ, პანიკაში არ ჩავარდეთ. თქვენი ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობები ყველაფერს სწრაფად გაუმკლავდება. გამორიცხული არ არის, რომ ძველი კოლეგებისგან მოულოდნელი შეთავაზება მიიღოთ. ადამიანი, რომელსაც ამ დღეს გაიცნობთ, მომავალში ძალიან გამოგადგებათ.

მერწყული

ის, რაც აქამდე ბნელით იყო მოცული, სრულიად ნათელი გახდება. ბოლოს და ბოლოს თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანების ამა თუ იმ მოქმედებების მიზეზს გაიგებთ. ნუ მისცემთ კოლეგებს უფლებას, რომ თქვენს საქმეში ჩაერიონ.

თევზები

პლანეტების განლაგება თევზებისთვის საკმაოდ არახელსაყრელ დღეს გვპირდება. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში ძველი წყენა და გაუგებრობები იჩენს თავს. არ არის გამორიცხული, რომ პარტნიორებმა გიღალატონ. ეცადეთ კომპრომისი იპოვოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაცია შეიძლება უკონტროლო გახდეს. მოერიდეთ ჭორაობას და უსარგებლო საუბრებს, განსაკუთრებით სამსახურში.

ოპოზიციურმა პარტიებმა  19 ივლისს საპროტესტო აქცია დააანონსეს

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ, ასევე სამოქალაქო აქტივისტები 19 ივლისს აქციას აანონსებენ.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე შეკრებილებმა განაცხადეს, ისინი მხოლოდ ახალ საპარლამენტო არჩევნებს აღიარებენ და უარს აცხადებენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე.

მოგესალმებით, ჩვენ, აქ შეკრებილი რვა პოლიტიკური პარტიის (და სამოქალაქო ორგანიზაციების) წარმომადგენლები: ვადასტურებთ უპრეცედენტოდ მტკიცე და მართალი პროტესტის ამოცანების ერთგულებას; კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ვაღიარებთ მხოლოდ ახალ, თავისუფალ, საპარლამენტო არჩევნებს და უარს ვამბობთ თვითმმართველობის „არჩევნებად“ წოდებულ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე; ვუპირისპირდებით კორუმპირებულ და ანტიდემოკრატიულ რეჟიმს, რომელიც საფრთხეში აგდებს საქართველოს ეროვნულ დამოუკიდებლობას და საქართველოს მოქალაქეების თავისუფლებას, რომელმაც ჩვენი ქვეყანა განუკითხაობისა და ძალადობის მორევში გადაუშვა; მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარ საფრთხეს დღეს ივანიშვილის პოლიტიკური დაჯგუფება წარმოადგენს, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება და ცდილობს თავისუფალი საზოგადოების დამორჩილებას, ნაცვლად იმისა, რომ ანგარიშვალდებული იყოს და ემსახუროს მას; „ქართული ოცნება“ ცდილობს ბანდიტური წყობილების დამყარებას ქვეყანაში და 90-იანი წლების ძალმომრეობის ქაოსში გვაბრუნებს;

ამის საპირისპიროდ, ჩვენ გვჯერა, რომ უსაფრთხო, დაცული და ღირსეული ცხოვრება შესაძლებელია მხოლოდ ევროპული ტიპის დემოკრატიაში, სადაც კანონი, სასამართლო და ხელისუფლება ემსახურება ხალხს და არა კორუმპირებულ ჩინოვნიკებს; ქართველი ხალხის საბოლოო გამარჯვებას სჭირდება ივანიშვილის და მისი პარტიის თანმიმდევრული იზოლაცია არა მხოლოდ ეროვნულ და საერთაშორისო, არამედ ყველა, მათ შორის, ადგილობრივ დონეზეც; სწორედ ამიტომ, გადაწყვეტილი გვაქვს ბოლომდე ვუერთგულოთ ავტორიტარულ რეჟიმთან დაპირისპირებულ სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობას;

ამ მიზნით, 19 ივლისს გავმართავთ საპროტესტო აქციას და მოსვლას გთხოვთ ყველას, ვინც თვლით, რომ ხსნა მხოლოდ რეჟიმის ცვლილებაშია, ხოლო ცვლილებების გზა რეჟიმთან სახალხო და დემოკრატიულ წინააღმდეგობაზე გადის. ჩვენ ვაღიარებთ მხოლოდ თავისუფალ არჩევნებს! უარი რუსულ სპეცოპერაციას! ჩვენი ბრძოლა სამართლიანია, ვიდგეთ მტკიცედ და აუცილებლად გავიმარჯვებთ ერთად!“,- აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც რვა ოპოზიციური პარტიის მიერ არის გავრცელებული.

,,არავისთვისაა საიდუმლო, რომ კონტაქტზე ვიყავი ვაქცინის მწარმოებლებთან, ბრალდება, რომ წევრმა სახელმწიფოებმა არაფერი იცოდნენ კონტრაქტის, ფასის შესახებ, არის ტყუილი”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

კოვიდის“ ვაქცინებზე კონტრაქტის ირგვლივ მოლაპარაკებებს აწარმოებდა კომისია და წევრი სახელმწიფოები ერთად, 27-მა წევრმა სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ შეეძინა ვაქცინები და ეს მათი პირადი გადაწყვეტილება იყო, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში უნდობლობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე განაცხადა.

„ყოველთვიურად ჩვენ აქ ვიკრივებით, რათა ვიმსჯელოთ იმ საკითხებზე, რომლებიც ევროპელებს აწუხებთ და ჩვენ ამას გავაგრძელებთ ამ პლენარულ სესიებზე. დღეს ჩვენ ყველას შეგვიძლია, ჩვენი შეფასებები ვთქვათ და თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, ჰქონდეს საკუთარი შეხედულება ამ ყველაფრის მიღმა არსებულ რეალურ განზრახვებზე. მაგრამ რაც ახლა მოვისმინეთ ბატონი პეპერიასგან, ყველასთვის ნათელი დასანახი იყო. ეს ექსტრემისტების უძველესი წიგნიდანაა აღებული – საზოგადოების პოლარიზება, დემოკრატისადმი ნდობაში ბზარის შეტანა, მცდარი განცხადებები არჩევნებში ჩარევაზე, ისტორიის გადაწერის მცდელობა და არჩევანიც აქვეა. ჩვენ შეგვიძლია, გავყვეთ ბატონ პიპერიას, მის კონსპირაციების სამყაროში ან ნათლად ვიკითხოთ, რა არის ეს. მაგრამ მინდა, მას მადლობაც გადავახუდაო, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ამ საღამოს ამ დებატების გამართვა, იმიტომ, რომ ფაქტები მნიშვნელოვანია, სიმართლე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისივე თქმით, არიან ევროდეპუტატები, რომლებსაც შეკითხვები აქვთ.

„ასევე ვაცნობიერებ, რომ არიან წევრები, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს ინიციატივას, მაგრამ აქვთ შეკითხვები. ეს ძალიან სამართლიანია და ეს ჩვენი დემოკრატიის ნაწილია. ყოველთვის მზად ვარ, განვიხილო ნებისმიერი საკითხი, რომელიც აქ გაჟღერდება. სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ. ჩვენ ყველას გვახსოვს პანდემიის პერიოდში როგორ ვიდექით ერთად, როგორ იღებდა ყველა ქვეყანა ერთნაირად ვაქცინებს და ასეთი ევროპა მიყვარს მე. ჩვენ არ უნდა მივცეთ ექსტრემისტებს ისტორიის გადაწერის უფლება“, – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტში ბევრი დებატები ჩატარდა და ევროკომისიის ყველა ნაბიჯს ღიად და გამჭვირვალედ განიხილავდნენ.

„ასე რომ, დიახ არავისთვისაა საიდუმლო, რომ მე ვიყავი კონტაქტზე ვაქცინის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებთან, რომლებმაც ჩვენ კრიზისიდან გამოგვიყვანეს. მე ვიღებდი რჩევეებს მსოფლიოს საუკეთესო ეპიდემიოლობისგან, კონტაქტზე ვიყავი გაერო-ს ორგანიზაციებთან, არასამთავრობოებთან, მაგრამ დასკვნა, რომ ეს კონტრაქტები რაღაც მხრივ არაშესაფერისი იყო ევროპულ ინტერესებთან, არის არასწორი. ასე რომ, მოდით, ვიტყვი კიდევ ერთხელ ფაქტებს, კონტრაქტის ირგვლივ მოლაპარაკებებს აწარმოებდა კომისია და წევრი სახელმწიფოები ერთად, 27-მა წევრმა სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ შეეძინა ვაქცინები და ეს მათი პირადი გადაწყვეტილება იყო. ასე რომ, ნებისმიერი ბრალდება, რომ წევრმა სახელმწიფოებმა არაფერი იცოდნენ კონტრაქტის შესახებ, ფასის შესახებ, არის უბრალოდ ტყუილი. ეს კომისია იქნება მზად, ყველასთან იმუშაოს თქვენთან ერთად და იყოს ძალიან გამჭვირვალე“, – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას, უნდობლობის საკითხზე კენჭისყრის დანიშვნის ინიციატორმა, ულტრამემარჯვენე რუმინელმა ევროპარლამენტარმა, გეორგე პიპერეამ განაცხადა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის ხელში გადაწყვეტილებათა არადემოკრატიული კონცენტრაცია იწვევს ბოროტად გამოყენებასა და კორუფციაზე შეშფოთებას.

ევროპარლამენტში ევროკომისიის პრეზიდენტისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრამდე დებატები მიმდინარეობს. თავად კენჭისყრა ხუთშაბათს არის დაგეგმილი.

75 ევროპარლამენტარი, რომლებმაც ხელი მოაწერეს ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრის ჩატარების ინიციატივას, ადანაშაულებს მას გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების არარსებობაში. ისინი აკრიტიკებენ ევროკომისიის პრეზიდენტს იმის გამო, რომ მან ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, არ გაასაჯაროვა ფარმაცევტული კომპანიის, „ფაიზერის“ აღმასრულებელ დირექტორთან პირადი მიმოწერა, რომელიც მას Covid-19 პანდემიის დროს ვაქცინების შესყიდვის მრავალმილიარდიანი გარიგების წინ ჰქონდა. გარდა ამისა, კანონმდებლები, რომელთა ძირითადი ნაწილი ულტრამემარჯვენე და ნაციონალისტი ევროპარლამენტარია, ადანაშაულებენ ურსულა ფონ დერ ლაიენს გერმანიისა და რუმინეთის არჩევნებში ჩარევაში.

ტრამპის ადმინისტრაციამ „ალ-ნუსრას ფრონტი“ ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღო

ტრამპის ადმინისტრაციამ „ალ-ნუსრას ფრონტი“, რომლის საფუძველზე შეიქმნა „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი“, ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღო. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

მედიასაშუალების ცნობით, დოკუმენტი, რომელსაც სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აწერს ხელს, 23 ივნისით თარიღდება და მისი ოფიციალური გამოქვეყნება სამშაბათს იგეგმება.

„გენერალურ პროკურორსა და სახაზინო მდივანთან კონსულტაციით, აღნიშნულით ვაუქმებ „ალ-ნუსრას ფრონტის“, რომელიც ასევე ცნობილია „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის“ და სხვა სახელწოდებებით, უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებას“, – ნათქვამია რუბიოს განცხადებაში.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა გასულ კვირას დონალდ ტრამპის განკარგულება სირიის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების გაუქმების შესახებ.

აჰმედ ალ-შარაა 2003 წელს ერაყში ამერიკული სამხედრო ინტერვენციის შემდეგ ტერორისტული ორგანიზაციის, „ალ-ქაიდას“ რიგებში იბრძოდა. 2006 წელს ის დააპატიმრეს და 2011 წელს მტკიცებულებების ნაკლებობის გამო გაათავისუფლეს. „ალ-ნუსრას ფრონტი“, რომელიც სირიის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარაამ დააარსა, სირიაში „ალ-ქაიდას“ შტოდ მიიჩნეოდა. 2016 წელს „ალ-ნუსრას ფრონტმა“ „ალ-ქაიდასთან“ კავშირის გაწყვეტის შესახებ გამოაცხადა. მალევე მის საფუძველზე შეიქმნა ორგანიზაცია „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი“, რომელმაც გასული წლის ბოლოს ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.

ალ-შარაასა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა ერ-რიადში მაისში შედგა, რის შემდეგაც ტრამპმა განაცხადა, რომ სირიას სანქციებს მოუხსნიდა.

,,ამ სისულელის თქმას მის საპენსიო ასაკსაც ვერ დავაბრალებ, უფრო მენტალობასა და კულტურებს შორის სხვადასხვაობას”- დავით ქართველიშვილი დანიგანზე

პენსიონერმა დანიგანმა​​ ბიძინა ივანიშვილზე თქვა: “ის თავის ინტერესებს ქართველი ხალხის ინტერესებზე მაღლა აყენებსო, როდესაც დასანქცირების მიზეზით ჩემთან შეხვედრაზე უარი განაცხადა”. ამ სისულელის თქმას მის საპენსიო ასაკსაც ვერ დავაბრალებ, უფრო მენტალობასა და კულტურებს შორის სხვადასხვაობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარი ხალხის სასარგებლოდ 3-მილიარდიანი ქველმოქმედება დანიგანის დაბრალებასთან როგორი თავსებადია, ვერ გეტყვით, – წერს “ხალხის ძალის” წევრი თავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, კულტურის ნაკლებობაა, როდესაც პირდაპირ თუ ირიბად, შენც გაქვს მონაწილეობა მიღებული ივანიშვილის ძარცვაში, თუმცა არც ერთხელ არ გამოგითქვამს შენი პირადი დამოკიდებულება “სანაქებო” შვეიცარიელი ჯიბგირების მიმართ. “პენსიონერმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილზე თქვა: “ის თავის ინტერესებს ქართველი ხალხის ინტერესებზე მაღლა აყენებსო, როდესაც დასანქცირების მიზეზით ჩემთან შეხვედრაზე უარი განაცხადა”.

ამ სისულელის თქმას მის საპენსიო ასაკსაც ვერ დავაბრალებ, უფრო მენტალობასა და კულტურებს შორის სხვადასხვაობას. წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარი ხალხის სასარგებლოდ 3-მილიარდიანი ქველმოქმედება დანიგანის დაბრალებასთან როგორი თავსებადია, ვერ გეტყვით. აქ უფრო 250-წლოვანი მენტალობის ჭიდილია 3500-წლოვანთან. ჩამოუყალიბებელი და “გენდერულად მრავალფეროვანი” მენტალობის – უძველეს და მარტივ ქრისტიანულთან. ამიტომ, ალბათ უფრო ეპატიება, ვიდრე კრიტიკის საგანს უნდა წარმოადგენდეს ჩვენი მხრიდან. კულტურის ნაკლებობაა, როდესაც პირდაპირ თუ ირიბად, შენც გაქვს მონაწილეობა მიღებული ივანიშვილის ძარცვაში, თუმცა არც ერთხელ არ გამოგითქვამს შენი პირადი დამოკიდებულება “სანაქებო” შვეიცარიელი ჯიბგირების მიმართ… დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, სულ სხვა დამოკიდებულება ექნებოდა ამ ვიზიტთან მიმართებით, თუნდაც ერთი განცხადება რომ გაკეთებულიყო დანიგანის მიერ ამ უსამართლობასთან დაკავშირებით. სამაგიეროდ, დანიგანის გამოზრდილი მედია-სვავები მომენტალურად მისცემდნენ ამ შეხვედრას, ივანიშვილის მხრიდან საკუთარი თანხების ბედით დაინტერესების ელფერს. მაგრამ ამდენს რომ ხვდებოდე, ჩვენს მანტალობასა და კულტურას შორის ესოდენ ფანტასტიკური და გადაულახავი (250 და 3500 წელი) უფსკრული არ უნდა იყოს. ამიტომაც – ვაპატიოთ პენსიონერ დანიგანს, ვაპატიოთ…” – წერს ქართველიშვილი.      

,,მოსკოვი მუდმივ კონტაქტზეა ბაქოსთან და დაკავებული რუსების ინტერესებს იცავს”- დიმიტრი პესკოვი

მოსკოვი მუდმივ კონტაქტზეა ბაქოსთან და დაკავებული რუსების ინტერესებს იცავს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

კრემლის პრესსპიკერის თქმით, მოსკოვი კანონითა და არსებული დიპლომატიური პრაქტიკით გათვალისწინებულ ყველა შესაძლებლობას იყენებს.

პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის გენერალური პროკურორი და საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი აზერბაიჯანის გენერალურ პროკურორთან კონტაქტზე რჩებიან.

28 ივნისს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის სვერდლოვსკის ოლქის საგამოძიებო დეპარტამენტმა განაცხადა იმ ჯგუფის საქმიანობის აღკვეთის შესახებ, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისში ეკატერინბურგში ჩადენილ რიგ მკვლელობებში მონაწილეობდა. რუსული მედიის თანახმად, რვა ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა და წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთი ბრალდებული გულის უკმარისობით გარდაიცვალა, მეორე პირის გარდაცვალების მიზეზი კი დგინდება. მათი ცხედრები ეკატერინბურგიდან ბაქოში გადაასვენეს, სადაც განაცხადეს, რომ სასამართლო ექსპერტიზამ ძალადობის კვალი დააფიქსირა და რუსულ მხარეს პროტესტი გაუგზავნა. აზერბაიჯანში რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები გაუქმდა, ხოლო რუსი ჟურნალისტები, იგორ კარტავიხი და ევგენი ბელოუსოვი, ასევე რუსეთის სხვა მოქალაქეები დააკავეს. აზერბაიჯანმა და რუსეთმა საპროტესტო ნოტები გაცვალეს და დიპლომატები საგარეო საქმეთა სამინისტროებში დაიბარეს

,,მომხდარი ფაქტი არის შეცდომის თუ დაუდევრობის შედეგი – ინციდენტი არანაირად არ უკავშირდება პოლიტიკურ პროცესებს“ – გიორგი რამიშვილის ადვოკატი

დაკავებული ბიზნესმენის, გიორგი რამიშვილის ადვოკატის განცხადებით, მომხდარი „შეცდომის თუ დაუდევრობის” შედეგია და დაკავება პოლიტიკურ პროცესებთან კავშირში არაა.

„რა ფაქტიც მოხდა… სიტყვის გამოძებნა ძალიან მიჭირს… არის შეცდომის თუ დაუდევრობის შედეგი. ამ დეტალებს, მას შემდგომ, რაც განმარტებას გააკეთებს ბატონი გიორგი, სიტყვასიტყვით გადმოგცემთ. აუცილებლად, მისი ჩვენების იმ ნაწილსაც გაგაცნობთ [ჟურნალისტებს]. მომხდარი ინციდენტი, ფაქტი, არანაირად არ უკავშირდება არანაირ პოლიტიკურ პროცესებს“, – აცხადებს უფლებადამცველი ირმა ჭკადუა.

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე დაკავებულ გიორგი რამიშვილს ბრალდება უკვე წარუდგინა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 8 ივლისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7180 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7180 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7191 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1871 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2020 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0149 ლარი შეადგინა.

რაღაც მკარნახობს, რომ რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს, როგორც თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა – სააკაშვილი

თორნიკე რიჟვაძის მიმართ ვერანაირ თანაგრძნობას ვერ ვგრძნობ – რაღაც მკარნახობს, რომ რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს, როგორც თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, „რიჟვაძის მსგავსმა მანქურთებმა გადაჭამეს ქვეყანა“.

„შევარდნაძის დროს ხელისუფლება თვალს ხუჭავდა კრიმინალზე და ხშირად ხელს უწყობდა მას.

ჩემ დროს კრიმინალი მთლიანად ამოვძირკვეთ, ახლა კი კრიმინალი პირდაპირ ხელისუფლებაშია მოსული.

რაც შეეხება რიჟვაძეს, მის მიმართ ვერანაირ თანაგრძნობას ვერ ვგრძნობ. თავის დროზე ახალი ბათუმი და აჭარა ავაშენეთ იმის ხარჯზე, რომ ფულს ხალხს ვახმარდით და რიჟვაძემ კი აჭარლებს მოჰპარა 200 მილიონი დოლარი (სწორედ ამდენის მიტანას ითხოვს ივანიშვილი). რიჟვაძის მსგავსმა მანქურთებმა გადაჭამეს ქვეყანა, მაშინ როცა არც მე და არც ლევან ვარშალომიძეს არცერთი ბიზნესი არ გვაქვს.

რაც შეეხება ფაქტებს, რაღაც მკარნახობს, რომ რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს, როგორც თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა.

თითოეული ქართველის თავზე წამოსკუპებული მაფია არა მხოლოდ ძარცვავს და იჭერს, არამედ სულ უფრო ხშირად კლავს.

ასე გაგრძელდება მანამ სანამ ხელს არ შევუბრუნებთ“,- წერს სააკაშვილი.

აქტიურად ვმუშაობთ ჩინურ ბანკებთან, რომ მეტად დავაინტერესოთ საქართველოს ბაზრით – ნათია თურნავა

შვეიცარიის ქალაქ ბაზელში ვიზიტისას, სადაც საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) რიგით 95-ე წლიურ შეხვედრებში ვმონაწილეობდი, შევხვდი ჩინეთის სახალხო ბანკის პრეზიდენტს პან გონგშენს, რომელთანაც სებ-სა და ჩინეთის სახალხო ბანკს შორის თანამშრომლობის პროგრესი განვიხილეთ, – განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას.

მისივე თქმით, ჩინეთის სახალხო ბანკთან მემორანდუმი სებ-ის დელეგაციის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.

„ბაზელში, პან გონგშენთან შეხვედრისას გავცვალეთ ინფორმაცია, თუ რა პროგრესი გვაქვს ჩვენს ბანკებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში. აქტიურად ვმუშაობთ ჩინურ ბანკებთან, რათა მეტად დავაინტერესოთ საქართველოს ბაზრით. ამ დღეებში დაგეგმილია და ველოდებით ჩინეთს უმსხვილესი სახელმწიფო საგადახდო სისტემის CIPS-ის პრეზიდენტის ჩამოსვლას. გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით წინსვლა. არის რაღაც მიმართულებები, სადაც მინდა უფრო მეტად დაგვეხმარონ, დავაჩქაროთ თანამშრომლობა და ამაზეც გვქონდა საუბარი“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის, ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებისა და გაძლიერების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მარტში მოეწერა. მემორანდუმი მონეტარული პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობას, ასევე ფინანსური ტექნოლოგიების, საგადახდო სისტემებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების სფეროებში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.