Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანში თურქეთის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე, ასევე თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე: 2003 წელს დაბადებული ა.ე. და 1998 წელს დაბადებული მ.ჯ. დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ა.ე. – ეს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო-შეძენა-შენახვა ტარება. ხოლო მ.ჯ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვისა და საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებითაა დაკავებული.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დგინდება, რომ ა.ე. – მ ბათუმში, მდებარე ერთ-ერთ რესტორანში მყოფ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს 1976 წელს დაბადებულ ჰ.თ. -ს თურქეთში, დანაშაულებრივ მხარეებს შორის დაწყებული შესაძლო დაპირისპირების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ დანაშაულს შეესწრო ა.ე. -ს თანხმლები მ.ჯ., თუმცა მან მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავა.

განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 236-ე, 376 -ე და 344-ე მუხლებით მიმდინარეობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესაძლოა, კოლეგების მხრიდან საყვედური დაიმსახუროთ, თავის მართლება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება სწორი, თუ დარწმუნებული ხართ თქვენს სიმართლეში.


კურო

ჰორიზონტზე ახალი პერსპექტივები ჩნდება, რაც მთლიანად თქვენს ჩართულობასა და ძალისხმევას მოითხოვს. შეეცადეთ, ასეთ საქმეებზე სრულად იყოთ მობილიზებული.

ტყუპები

სასურველია, მეტი იმოძრაოთ, სამომავლოდ გადადეთ ის საქმეები, რომელიც ერთ ადგილზე ყოფნას მოითხოვს. მეტი ყურადღება დაუთმეთ თქვენთვის სასარგებლო და მეგობრული კავშირების გაფართოებას.

კირჩხიბი

გამოიჩინეთ მეტი ძალისხმევა და კონცენტრირდით აქტუალურ თემებზე, მაქსიმალურად ეცადეთ, ბოლომდე მიიყვანოთ საქმეები, რაზედაც პასუხისმგებლობა აიღეთ. შეძლებისდაგვარად, გათავისუფლდით ვალებისგან.

ლომი

დაგეგმეთ შეხვედრები, გააფორმეთ ხელშეკრულებები და შეეცადეთ, ყველა წვრილმანი საკითხი ახლავე მოაგვაროთ, რათა შემდგომში არ მოგიწიოთ მათზე ორმაგად დროის დახარჯვა.

ქალწული

გამორჩეული დღეა სხვადასხვა აქტივობებით. უამრავი შეხვედრა, საქმე, მგზავრობა, თუ მოულოდნელი ვიზიტი. ნუ გადადებთ სამომავლოდ მნიშვნელოვან ღონისძიებებს.

სასწორი

შესაძლოა, მიაგნოთ შემოსავლის ახალ წყაროს. გამოიყენეთ როგორც ძველი, ასევე ახალი სასარგებლო კავშირები და იყავით ჩვეულზე მეტად გაბედული.

მორიელი

რთული ამოცანების გადაჭრაში მეგობრები და ახლობლები ახლა მეტად დაგეხმარებიან. ეცადეთ, იმოქმედოთ დამაჯერებლად, რათა შეძლოთ დაწყებული ბოლომდე მიიყვანოთ.

მშვილდოსანი

თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობები შესაძლოა, საკმაოდ დაიძაბოს. ახლა კარგი იქნება, თუ არ ჩაერევით და დამკვირვებლის პოზიციას მიიღებთ.

თხის რქა

ახლა პარტნიორებთან დაპირისპირება სახიფათოა, პირიქით, ეცადეთ, გამონახოთ ისეთი გზები, რომელიც მათთან საერთო ენას გაპოვნინებთ.

მერწყული

შეავსეთ თქვენი დრო მრავალფეროვანი საქმეებით, ეცადეთ, მეტი ფერები და მოტივაცია შეიტანოთ მასში. ახლა ურთიერთობებიც სასიამოვნოდ ვითარდება.

თევზები

პირად საკითხებში. მოერიდეთ ცვლილებებსა და სიტუაციების დაჩქარებას, საჭიროების შემთხვევაში, რჩევა ჰკითხეთ მეგობრებს.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ხვალ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, სამხრეთ აფრიკის ნაკრებს დაუპირისპირდება

„ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ ქოქრილმა, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

122-ე კეპს მოიხვეჭს ალექსანდრე თოდუა, რითაც დავით კაჭარავას რეკორდს გაუთანაბრდება. 3 ცვლილებასთან ერთად ძირითადში დაბრუნდა ილია სპანდერაშვილი. უცვლელია შერკინების ძირითადი ბირთვი. ღერძზე კვლავ ვასილ ლობჟანიძე და ლუკა მატკავა იდგებიან, ცენტრში – გიორგი კვესელაძე და დემე თაფლაძე, ფულბეკი – დავით ნინიაშვილი, ფრთებზე კი – აკაკი ტაბუცაძე და ალექსანდრე თოდუა.

საქართველო ხვალინდელ მეტოქეს ოფიციალურ მატჩში აქამდე ორჯერ დაუპირისპირდა და ორივე შეხვედრა დათმო. ხვალინდელი შეხვედრა 19:10 საათზე დაიწყება.

მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას ტრადიციულად ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ.

პროკურატურამ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების და ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების და ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ააიპ „სოფლის განვითარების სააგენტო” 2019 წლიდან მთავრობის შესაბამისი დადგენილების საფუძველზე, ფიზიკური პირების და ინდივიდუალური მეწარმეების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად თანადაფინანსებას ახორციელებდა. პროექტის მიხედვით, სახელმწიფო კისრულობდა ზემოაღნიშნული ტექნიკის შეძენის ღირებულების თანაგადახდას მაქსიმუმ 50%-ის ფარგლებში, არაუმეტეს 150 000 ლარისა.

ხსენებული პროგრამით სარგებლობისთვის, ბენეფიციარს სააგენტოში უნდა წარედგინა ტექნიკის მიმწოდებლის მიერ გამოწერილი ინვოისი, თავისი თანამონაწილეობის თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, კერძო აუდიტორული დასკვნა ბენეფიციარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესახებ, რის შემდეგაც სოფლის განვითარების სააგენტო, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად გამიზნულ თანამონაწილეობის თანხას ურიცხავდა ბენეფიციარს.

ხსენებული პროექტის ფარგლებში გამოყოფილი სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, ბრალდებულებმა 2021 წლიდან ჩამოაყალიბეს შეთანხმებულად მოქმედი სტრუქტურული ფორმის მქონე დანაშაულებრივი ჯგუფი.

ამ მიზნით, 2021-2024 წლების პერიოდში, ბრალდებულებმა თანადაფინანსების მისაღებად, სხვადასხვა ბენეფიციარის სახელით მრავალჯერადად მიმართეს ააიპ „სოფლის განვითარების სააგენტოს” და წარუდგინეს ყალბი ინვოისები, სასაქონლო ზედნადებები, ტექნიკის მიღება-ჩაბარების აქტები და აუდიტორული დასკვნები. წარდგენილი ყალბი დოკუმენტების საფუძველზე სააგენტომ ბრალდებულებს მათივე გამგებლობაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად გამოყოფილი თანადაფინანსების თანხა – 826 815 ლარი ჩაურიცხა. სინამდვილეში, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს არანაირი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა არ შეუძენიათ, სააგენტოსგან მიღებულ დიდი ოდენობით თანხებს კი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და ურთიერთშორის გაინაწილეს.

ორგანიზებული ჯგუფის თორმეტივე წევრი დაკავებულ იქნა სასამართლოს შესაბამისი განჩინების საფუძველზე. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 210-ე და 362-ე მუხლებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება – გამოყენება და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება – გამოყენება) წარედგინათ. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 7- დან 10 – წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გრძელდება გამოძიება ზემოაღნიშნული პროგრამის ფარგლებში მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენისა და ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების მხილების მიზნით.

თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის უჩივის

„ქართული ოცნების“ წევრი, თეა წულუკიანი ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის უჩივის.

როგორც თეა წულუკიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქმე ეხება ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ გამოქვეყნებულ სიას, სახელწოდებით: “წულუკიანის მამის მიერ დახვრეტილი ხალხი”.

როგორც წულუკიანი წერს, მის ოჯახს მსგავსი ბრალდებების იგნორირების უფლება აღარ რჩება. მისივე თქმით, სარჩელი დედამ, ძმამ და ძმისშვილმა ერთობლივად შეიტანეს.

„დღეს, ჩვენს ჭაღებიან გოგონას (ნუ, სხვა რაღაცეებიანსაც), ვუჩივლეთ ოჯახმა და ადვოკატი და პასტა და ფურცელი მოიმარაგოს.

მე კი სულ ვიცოდი, რომ მართლები ვიყავით, მაგრამ ახლა ჩივილის დროა! ბაცილებს რაც მეტს გაუტარებ, მით მეტად გათავხედდებიან. თან, უკან მოსვლასაც აპირებენ და…

მიშასტელეფონიანი თინა ბოკუჩავა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც 2012-2013 წლებში პირველმა მიაყენა მამაჩემს შეურაცხყოფა. მიშამ დაავალა, უარს ვერ ეტყოდა (აქ, თვალის პაჭუნი). მხოლოდ იმიტომ, რომ მე ვიყავი პოლიტიკაში, თორემ ლამაზ თინიკოს ავთანდილ წულუკიანი არასოდეს გაახსენდებოდა. იგივეს აკეთებდა ხოლმე ვივა-მედის კრიმინალი ბაიყუში, როცა იუსტიციაში ვიყავი და გაბრაზდებოდა ვანოს, ბაჩოს ან პეტრეს დაპატიმრებაზე ან კიდევ მისი ექსტრადიციის მოთხოვნის შესახებ წერილის გაგზავნაზე. თორემ სხვა შეხება მოსამართლე ავთანდილ წულუკიანს და ბნედიანს არ ჰქონიათ. „მეტი საქმე არ მაქვს, მასეთებს ველაპარაკოს“ პრინციპით, ავთანდილ წულუკიანმა 2000 წელს სასამართლო სისტემა დატოვა და პენსიაზე გავიდა. ეს ის დროა, სისხლისმსმელი სააკაშვილი ქართველ ერზე ექსპერიმენტის ჩატარებას რომ იწყებს. ამის შემდეგ, იმ ქალებს, რომელთა მძივებზეც მიშას ხელები შეუწმენდია, ან კიდევ თავად ბაიყუშს, არ უხსენებიათ ავთანდილ წულუკიანი. მგონი, რადგან არ დავკვირვებივარ.

მხოლოდ ჭიჭე ვაშაძეს რომ შეუვრდა იმ თაკო ჩარკვიანმა ახსენა ერთხელ პარლამენტში (იმ დღეს, საუზმეში დამამშვიდებლის ჩაყრა ჰქონდა ოჯახს დავიწყებული, მისი რა ბრალია!).

ეს ის თაკოა, მამამისი რომ შეუფერებელ ადგილას დაასაფლავა „აქანე კარადას დავდგამ“ პრინციპით და მის სიცოცხლეშიც, მამამისის წინ ძნელადდავარცხნილი კვიცივით რომ დახტოდა.

ბოლოს საგამოძიებო კომისიაც შეიქმნა და „ქართულმა ოცნებამ“ მისი ხელმძღვანელობის პაუსიხსმგებლობა მე დამაკისრა. შევუდექი თუ არა საქმიანობას, ჭაღებით გასვეტებულმა მადამ კოდუამ, რომელიც ქმრის მიერ წართმეული მანქანებით დაჯირითობდა ქალაქში “ნაცების” დროს, ისევ გაიხსენა მამაჩემი. გასაგებია, რომ ვანო მერაბიშვილის მიერ შექმნილი ქმრის მიერ შექმნილი ინდივიდია, სხვა სტატუსი ჯერ-ჯერობით ისევ არ აქვს, მაგრამ როდემდე უნდა ვიძახოთ, რატომ უნდა უჩივლო „მასეთს“?

ჰოდა, დღეს, მე, 82 წლის დედაჩემმა, ჩემმა ძმამ და ჩემმა ძმის შვილმა შევიტანეთ სარჩელი ცილისწამებაზე. ნანულ, ოჯახშიდ კიდენა მეტნიცა ვაართ, მარა ამ ეტაპზე ეს იკმარე.

ნანა ჟორჟოლიანს გამოქვეყნებული აქვს 20 პირიანი სია სახელწოდებით: წულუკიანის მამის მიერ დახვრეტილი ხალხი. ამ სიას აქ არ ვაქვეყნებ, რადგან, სავარაუდოდ, არაერთი მათგანი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულში, მათ შორის, განზრახ მკვლელობაში, გვამების დანაწევრებასა და ნაგავში გადაყრაში და ა.შ. მსჯავრდებული ხალხია წარსულში და მათ წარსულში ქექვა, ნანა-ნანუკა-ნანულა-ნანუჩიოსგან განსხვავებით, ჩემი საქმე არ არის.

უბრალოდ ვიტყვი, წარდგენილია საბუთები, რომ 15 პირი ცოცხალია დღესაც, 1 პირი მას მერე გარდაიცვალა, როცა მამაჩემი საიქიოში იყო უკვე, ზოგი მას მერე გარდაიცვალა, რაც საქართველომ სიკვდილით დასჯა გააუქმა, ერთის იდენტიფიცირება საერთოდ ვერ ხდება და ა.შ.

ახლა, საინტერესოა, ვინ მოკლა იმან და რაფერ ხთეფა ისე, ნანულ, რომ მე ვარ თურმე მკვლელის შვილი.

აღარ ვაპირებთ, რომ გავატაროთ. გეიგეე?

ნანუჩ, აბა, სილიკონის ტუჩები (და ისინიც) დაპრუწე და თქვი ….“,- წერს წულუკიანი.

2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს

მსოფლიო რაგბის ოფიციალური გადაწყვეტილებით, 2026 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდება. რაგბის ახალგაზრდა ტალანტებს თბილისისა და ქუთაისის სტადიონები უმასპინძლებენ.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა საქართველო პრესტიჟული სარაგბო ტურნირის მასპინძელი იქნება. 2017 წელს, პირველად ვუმასპინძლეთ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს, რომელმაც საქართველოშიც და საერთაშორისო ასპარეზზეც დიდი რეზონანსი გამოიწვია.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კიდევ ერთი ფაქტით იქნება მნიშვნელოვანი – მონაწილე გუნდების რაოდენობა 11-დან 16-მდე გაიზრდება. ეს ქართველ გულშემატკივარს არაჩვეულებრივ შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი თვალით იხილოს რაგბის ამომავალი ვარსკვლავები.

მომავალ წელს, საქართველოში ჩამოვა ის 11 გუნდი, რომელიც ჩვენს 20-წლამდელებთან ერთად, ამჟამად, იტალიაში მიმდინარე 20-წლამდელთა ჩემპიონატს თამაშობს – სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი, ახალი ზელანდია, ინგლისი, არგენტინა, ავსტრალია, უელსი, იტალია, ირლანდია, შოტლანდია და ესპანეთი. მათ დაემატება 4 ქვეყანა, რომლებმაც წინა წლის ალაფაზე მოწინავე ადგილები დაიკავეს. ესენი არიან – ფიჯი, აშშ, იაპონია და ურუგვაი. 

მოუთმენლად ველით 2026 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს. თიბისისა და ქართული რაგბის ათწლიანი პარტნიორობა წარმატებით გრძელდება და გვჯერა, სტუმრებსა და გულშემატკივრებს დაუვიწყარ გამოცდილებას შევთავაზებთ.

თიბისისთვის, როგორც ახალი თაობის მთავარი მხარდამჭერისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ეს ჩემპიონატი ახალგაზრდა ქართველი მორაგბეებისთვის  საერთაშორისო დონეზე თავის გამოჩენისა და ახალი წარმატებების მიღწევის შესაძლებლობა იქნება.

#ერთადგავიმარჯვებთ

“ამერიკული იარაღის მიწოდება უკრაინისათვის: „ევროპელ მოკავშირეებზე აშშ-ის ზეწოლა ძლიერდება”-Die Tagesspiegel

„ამერიკული იარაღის მიწოდება უკრაინისათვის: „ევროპელ მოკავშირეებზე აშშ-ის ზეწოლა ძლიერდება“ – ასეთი სათაური აქვს გერმანულ გაზეთ „ტაგესშპიგელში“ (Die Tagesspiegel) გამოქვეყნებულ ინტერვიუს პოლიტოლოგ ქრისტიან ლამერტთან – ბერლინისა და მაინის ფრანკფურტის უნივერსიტეტების პროფესორთან, რომელიც ჟურნალისტ ვიქტორია ბროინერთან საუბრობს დონალდ ტრამპის ულტიმატუმზე ვლადიმერ პუტინის მიმართ და უკრაინისადმი ამერიკული იარაღის მიწოდების შედეგებზე საუბრობს.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

– ჰერ ლამერტ, როგორ შეაფასებთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას უკრაინისთვის იარაღის მიწოდების განახლებასა და ვლადიმერ პუტინის მიმართ 50-დღიანი ულტიმატუმის წაყენებაზე?

– აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებები უკრაინისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პეტრიოტებისა“ და სხვა იარაღის დამატებითი რაოდენობით მიწოდებაზე მისი ადრინდელი კურსის რადიკალურ ცვლილებას ნიშნავს და აშკარა შემობრუნებაა კიევის სასარგებლოდ. მაგრამ გადაწყვეტილებას გარკვეული ჩრდილოვანი მხარეებიც აქვს: იარაღი უკრაინას პირდაპირ კი არ მიეწოდება, არამედ ნატოსა და ევროკავშირის მეშვეობით – ანუ ალიანსის ევროპელი წევრები ხარჯებს საკუთარ თავზე იღებენ. ისინი ფულს ამერიკას გადაუხდიან და შემდეგ შეიარაღებას უკრაინას მისცემენ. რა თქმა უნდა, იარაღის მიწოდების ასეთი სქემა აშშ-სათვის მომგებიანია, მაგრამ არასახარბიელოა ევროპელი მოკავშირეებისათვის, რომლებსაც ისედაც საკმაო ფინანსურ-ეკონომიკური პრობლემები აქვთ და ახლა თეთრი სახლი მათზე დამატებით აშკარა ზეწოლას ახდენს. გარდა ამისა, ის, რომ დონალდ ტრამპი სავაჭრო-საბაჟო ტარიფების 100%-იანი მომატებით დაემუქრა რუსეთთან მოვაჭრე ქვეყნებს, ეს გადაწყვეტილებაც გარკვეული დაძაბულობის გამომწვევია…

– თქვენი აზრით, დონალდ ტრამპი მოთმინებას კარგავს ვლადიმერ პუტინის მიმართ?

– ნათქვამია, რომ მოთმინებასაც თავისი საზღვარი აქვს: დონალდ ტრამპს არ შეუძლია მუდმივად უშედეგოდ ისაუბროს ვლადიმერ პუტინთან. აშშ-ის პრეზიდენტი გრძნობს, რომ იგი საკმაოდ დელიკატურ სიტუაციაში არის ჩავარდნილი – იგი ამერიკელებს დაპირდა, რომ ომს შეწყვეტდა („აი, ნახავთ – ვეტყვი ჩემს მეგობარ პუტინს და…“). რა თქმა უნდა, დაპირების შეუსრულებლობა ვნებს მის ავტორიტეტს. დონალდ ტრამპი იმედგაცრუებულია ვლადიმერ პუტინის მოქმედებით, რომელიც „უპატივცემლობას ამჟღავნებს“ ამერიკელი კოლეგის მიმართ.

– როგორ აღიქმება პრეზიდენტის გადაწყვეტილება აშშ-ის შიგნით?

– დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში და საერთოდ, რესპუბლიკურ პარტიაში  უკრაინისათვის იარაღის მიწოდების საკითხთან მიმართებით აზრთა სხვადასხვაობა შეიმჩნევა: ერთი მხრივ, მოძრაობა MAGA-ს მომხრეები და იზოლაციონისტური ფრთის მხარდამჭერები (პირობითად, „მტრედები“), ვიცე-პრეზიდენტ ჯეიმს დევიდ ვენსის ჩათვლით, სკეპტიკურად არიან განწყობილი, მეორე მხრივ კი გავლენიანი რესპუბლიკელი „ქორები“, მაგალითად, სენატორი ლინდსი გრემი, იწონებს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას და „გარდამტეხ შემობრუნებას“ უწოდებს და თვლის, რომ რუსეთისათვის „კარი იხურება“.

დემოკრატები, ბუნებრივია, მიესალმებიან დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, მაგრამ თავიანთ პოზიტიურ რეაქციას საჯაროდ არ ამჟღავნებენ. ისინი თვლიან, რომ თეთრი სახლის კურსის ცვლილება აუცილებელ ნაბიჯს წარმოადგენს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის გაერთიანებისათვის. იგივე შეიძლება ითქვას ზოგადად ამერიკულ საზოგადოებაზეც.

– მაგრამ ეს ხომ ეწინააღმდეგება დონალდ ტრამპის მოძრაობის (MAGA – „დავუბრუნოთ ამერიკას ძველი დიდება“) მხარდამჭერებს, რომლებიც სხვა ქვეყნების საქმეებში აშშ-ის ჩარევას თავშეკავებით უდგებიან და არ იწონებენ?

– დიახ, ეს მართალია. მოძრაობა MAGA-ს წარმომადგენლები ითხოვენ, რომ ხელისუფლებამ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ქვეყნის საშინაო მდგომარეობის გაუმჯობესებას, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას… რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ეროვნული ინტერესები ისე უნდა იქნას დაცული, რომ ვაშინგტონი ნაკლებად ჩაერიოს საზღვარგარეთულ კონფლიქტებში, მათ შორის ევროპაში და ახლო აღმოსავლეთში.

დონალდ ტრამპი ცდილობს პარტიაში ორივე ბანაკის თვალსაზრისი გაითვალისწინოს და „ოქროს შუალედი“ მოძებნოს, მაგალითად, ასეთი სახით: მას შეუძლია „მტრედებს“ უთხრას, რომ იარაღს უკრაინას კი არ აწოდებს, არამედ ნატოს ევროპელ წევრებს, რომლებიც ფულს ამერიკას გადაუხდიან და შემდეგ იმ იარაღს ფორმალურად ან თვითონ დაიტოვებენ, ან სხვა სახელმწიფოს (უკრაინას) მიაწვდიან.

იმავდროულად დონალდ ტრამპი ზეწოლას ახდენს რუსეთზე, მაგრამ ამ შემთხვევაშიც არაპირდაპირი გზით – პრეზიდენტს „მტრედებს“ ეტყვის, რომ სანქციებს უშუალოდ რუსეთს არ უწესებს და ამრიგად, კონფლიქტში ჩარევას თავს არიდებს, „ქორებს“ კი ეტყვის, რომ მეორადი სანქციები სწორედ რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული, რომ რიგმა ქვეყნებმა აგრესორთან არ ივაჭრონ.

ამერიკული საზოგადოებაც ორად არის გაყოფილი: ერთნი მიესალმებიან უკრაინისადმი სამხედრო დახმარების განახლება-გაფართოებას, მეორენი კი შიშობენ, რომ აშშ-ის ჩარევის გაგრძელება საზღვარგარეთულ კონფლიქტებში, თუნდაც ტრამპისეული ირიბი სახით, მაინც ნეგატიურ გავლენას მოახდენს აშშ-ზე: ტარიფების გაზრდა ამერიკისათვის ეკონომიკური დანაკარგების გამომწვევი იქნება.

მოამზადამ სიმონ კილაძემ

წყარო:

უფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმებაზე ევროკავშირი აგვისტოს ბოლომდე ელოდება ინფორმაციას, საკითხი გადაუჭრელი თუ დარჩება, შესაძლოა, მოჰყვეს უვიზო რეჟიმის შეჩერება -ევროკავშირის წარმომადგენლობა

ფუნდამენტური უფლებების დაცვა და თავისუფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება, ანტიკორუფციული ძალისხმევის გაძლიერება – ევროკავშირი საქართველოსგან განახლებულ ინფორმაციას აგვისტოს ბოლომდე ელოდება, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საკითხები თუ გადაუჭრელი დარჩება, ამას შესაძლოა, უვიზო რეჟიმის სრული შეჩერება მოჰყვეს.

„უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი: რა უნდა ვიცოდეთ:

1. არსებული მდგომარეობა

უვიზო მიმოსვლა ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემაზეა დამოკიდებული.

2025 წლის იანვარში ევროკავშირმა შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის.

2024 წლის დეკემბერში ევროკომისიის ანგარიშში საქართველოზე სერიოზული შეშფოთება გამოითქვა.

იხილეთ სრული ანგარიში (ინგლისურად) https://bit.ly/3IPF0Lk

2. რა არის ევროკავშირის რეკომენდაციები?

ფუნდამენტური უფლებების დაცვა და თავისუფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება.

ანტიკორუფციული ძალისხმევის გაძლიერება.

იხილეთ რეკომენდაციების სრული სია (ინგლისურად) https://bit.ly/4lCWqJS

3. რა ხდება შემდეგ?

ევროკავშირი საქართველოსგან ელოდება განახლებულ ინფორმაციას აგვისტოს ბოლომდე.

საკითხები თუ გადაუჭრელი დარჩება, ამას შესაძლოა, უვიზო რეჟიმის სრული შეჩერება მოჰყვეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

რა ეღირება დოლარი და ევრო 19 ივლისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7118 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7118 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7121 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1568 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1425 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0143 ლარი შეადგინა.

კონკრეტული ადამიანი, ოფიციალური თანამდებობის პირი მოვიდა, ომში ჩართვა მოგვთხოვა, პრობლემები სწორედ იმ მომენტიდან დაიწყო, როდესაც ამაზე უარი ვთქვით -ირაკლი კობახიძე

უკრაინაში ომის დაწყებამდე და ომის დაწყების შემდეგ ორი შეხვედრა გაიმართა, მოსული იყო კონკრეტული ადამიანი, ოფიციალური თანამდებობის პირი, რომელმაც ომში ჩართვა პირდაპირ მოგვთხოვა. პრობლემები დაიწყო სწორედ იმ მომენტიდან, როდესაც ამაზე უარი ვთქვით, თან პირდაპირ არ გვითქვამს არაფერი, კითხვები დავსვით, რაზეც პასუხის გაცემაც არ იკადრეს, მოითხოვეს ომში ჩართვა, მეორე ფრონტის გახსნა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საინტერესოა, მოლდოვას რატომ არ დაუპირისპირდნენ, როდესაც რუსეთს სანქციები არ დაუწესა და ომში ჩართვა მოლდოვასაც რატომ არ მოსთხოვეს?

„რამდენიმე განცხადება გავაკეთე, რომ გლობალური ომის პარტიის ქვეშ აშშ-სა და ევროკავშირს არ ვგულისხმობთ. რამდენიმე განცხადება მაქვს სიტყვასიტყვით ასეთი გაკეთებული, ამიტომ ნუ მოატყუებთ საზოგადოებას. ახლა ავიღოთ ქრონოლოგია. შეგახსენებთ, რა ხდებოდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც პირდაპირ ორი ელჩი – დეგნანი და ჰარცელი იყვნენ ჩართული იმ საბოტაჟში, რომელიც წარმოებდა რადიკალური ოპოზიციის ხელით. იძულებითი მოლაპარაკებები, იძულებითი შეთანხმება, ე.წ. მიშელის შეთანხმება და ა.შ. ერთი წელი აწვალეს ეს ქვეყანა და ქართველი ხალხი, ვიდრე, საბოლოო ჯამში, არ გადავლახეთ 43-პროცენტიანი ბარიერი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. რა შუაშია აქ ფინანსური შანტაჟი და ა.შ.? მერე იყო ორთვიანი სიმშვიდე და თებერვალში გაიმართა ორი შეხვედრა ომის დაწყებამდე და ომის დაწყების შემდეგ. დღესაც არ ვაკონკრეტებ იმას, თუ ვინ იყო კონკრეტულად მოსული, მაგრამ იყო კონკრეტული ადამიანი მოსული, ოფიციალური თანამდებობის პირი, რომელმაც პირდაპირ მოგვთხოვა ომში ჩართვა და პრობლემები დაიწყო სწორედ ამ მომენტიდან, როდესაც ჩვენ ვთქვით უარი. თან პირდაპირ არ გვითქვამს არაფერი. კითხვები დავსვით. პოლიტიკაში ეს ჩვეულებრივი ამბავია, ჯერ სვამ კითხვებს და მერე აფიქსირებ საკუთარ პოზიციას. კითხვებზეც კი არ იკადრეს პასუხების გაცემა, უმარტივეს კითხვებზეც კი. მოითხოვეს ჩვენი ომში ჩართვა, მეორე ფრონტის გახსნა და აქედან დაიწყო პრობლემები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მიმართ ფინანსური შანტაჟი. ყველაფერი დღესავით ცხადია, თუ რა უნდოდათ ჩვენი ქვეყნისგან. მოლდოვას რატომ არ დაუპირისპირდნენ, როდესაც არ დაუწესა რუსეთს სანქციები? ჩვენთან რატომ მოვიდა იგივე ადამიანი, ვინც ომში ჩართვას ითხოვდა და რატომ ითხოვდა დაჟინებით ასევე რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და რატომ არ მოსთხოვა იგივე მოლდოვას?“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ვერ იტყვის, თუ ვინ ითხოვდა საქართველოს მთავრობისგან ომში ჩართვას, რადგან ქვეყნის ინტერესებს და უსაფრთხოებას იცავს, როდესაც ყველა დეტალს არ ასაჯაროვებს.

„დამატებითი პრობლემებს შექმნა არ გვინდა, გვინდა, გავუფრთხილდეთ რაღაც-რაღაცებს და ამისათვის კონკრეტული სუბიექტები უნდა იყვნენ მადლიერები ჩვენი ხელისუფლების მიმართ. მოლდოვას რაც შეეხება, ერთი კრიტიკა თუ გახსოვთ, რომ მან არ დატოვა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა? ვინმემ გააკრიტიკა ამისთვის მოლდოვა, ან ვინმემ მოსთხოვა მოლდოვას რუსეთისთვის სანქციების დაწესება, ან ვინმეს გაუკრიტიკებია მოლდოვა აღვირახსნილი კორუფციისთვის, რაც სერიოზული პრობლემაა, ან ვინმეს ოდესმე უხსენებია, რომ მოლდოვაში პოლიტიკოსები დაიჭირეს და პარტიები აკრძალეს? იგივე ეხება უკრაინასაც. რატომ არ ვისმენთ ასეთ განცხადებებს? იმიტომ, რომ საქართველოს მიმართ არის კონკრერული ინტერესი და მოლდოვის მიმართ არ არის იგივე ინტერესი. მოლდოვას, უკრაინას ეპატიება კორუფციაც, პარტიების აკრძალვაც, პოლიტიკოსების დაჭერაც, მაგრამ საქართველოში, შეიძლება, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი გესროლონ და ასეთი კაციც არ უნდა დაიჭირონ. აქ ჩანს რეალურად ორმაგი სტანდარტი, რაც ევროპას არ შეშვენის. ევროპა ჯერ კიდევ 30 წლის წინ გამოირჩეოდა სამართლიანობით, სამართლის უზენაესობის პატივისცემით. ევროპაში ასეთი მდგომარეობა იყო 2008 წლამდე. 2008 წლის შემდეგ არის ძალიან მძიმე უკუსვლა მთელი ევროპის მასშტაბით, რაც არის ძალიან დასანანი და სამწუხარო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ობიექტში სროლის შედეგად მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე -შსს

ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ობიექტში სროლის შედეგად მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

მათივე ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ობიექტში განხორციელებული სროლის თაობაზე. შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები. დადგინდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. სამართალდამცველების მიერ ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

შანა უოთერსტოუნს ლაგოდეხის ბლუზ-ვილიჯის სცენაზე იხილავთ – თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი გრძელდება

ლაგოდეხში ბლუზ-საღამოები გრძელდება და ზაფხულის ვიქენდების სასიამოვნოდ გასატარებლად, თიბისი კვლავ ბლუზ-ვილიჯში გეპატიჟებათ.

გამორჩეული საღამო, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ – 19 ივლისს, ბლუზ-ვილიჯის სცენაზე ფესტივალის რეზიდენტი – განუმეორებელი შანა უოთერსტოუნი (Shanna Waterstown) დადგება – ჩიკაგოს სკოლის წარმომადგენელი, რომელიც გოსპელის ტრადიციებზე გაიზარდა; ბლუზისა და სოულის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შემსრულებელი, ბენდთან ერთად თავის სამყაროში გამოგზაურებთ.

თბილი, ძლიერი და ავთენტური ხმა, ორიგინალური კომპოზიციები და მისი მუსიკა, რომელიც ყველას გულს იპყრობს – ასეთია ამერიკელი არტისტი, რომელიც პარიზში ცხოვრობს და ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალს ევროპული ტურნეს ფარგლებში სტუმრობს.

ლაგოდეხის საერთაშორისო ბლუზ ფესტივალის კონცერტები წელსაც ნამდვილ მუსიკალურ მოვლენად იქცა – სცენაზე ერთმანეთზე გამორჩეული არტისტები ავიდნენ. ფესტივალმა დიდი ენერგია, გულწრფელი გრძნობები და დაუვიწყარი მუსიკა გააერთიანა. მაყურებელმა კი, თითოეული ბგერით ისიამოვნა.

2 აგვისტოს ჩათვლით, ბლუზ-ვილიჯის კარი თქვენთვის ღიაა და გელოდებიან იქ, სადაც მუსიკა, ემოციები და თავისუფლება ერთიანდება.

ფესტივალის ბილეთების შეძენისას, ახალი თიბისი ბარათით, ნებისმიერი კონცეპტ ბარათით და ერთგული საკრედიტო ბარათით, ისარგებლეთ 15%-იანი ფასდაკლებით.

(R)