გერმანული რადიო „დოჩე ველე“ (Deutsche Welle) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით: “რუსეთი და აზერბაიჯანი: რომელი უფრო მეტად დაზარალდება ესკალაციის შემთხვევაში?”, რომელშიც განხილულია ბაქო-მოსკოვის ურთიერთობების მიმდინარე მომენტი: რამდენად ღრმაა მეზობლებს შორის წარმოქმნილი უთანხმოება და რა გავლენას მოახდენს რეგიონზე სიტუაციის სავარაუდო გამწვავება.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
კონფლიქტმა, რომელმაც ახლახან რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის „იფეთქა“ ურალის ქალაქ ეკატერინბურგში რუსი სამართალდამცველების მიერ აზერბაიჯანული დიასპორის წევრების მასობრივად დაჭერის გამო (მათგან ორი დაიღუპა), ჯერ-ჯერობით არ ქრება. ესკალაციის დონე ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ნახევარი წლის წინ იყო, როცა ბაქო-გროზნოს მარშრუტის მქონე აზერბაიჯანის ავიაკომპანიის „აზალ“-ის (AzAL) სამგზავრო თვითმფრინავი რუსული რაკეტით დაზიანდა და კატასტროფა განიცადა.
„რუსეთი აზერბაიჯანს არ ემუქრება და მხოლოდ დანაშაულს იძიებს, მათ შორის თვით აზერბაიჯანელების მიმართ ჩადენილსაც“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა. მისი თქმით, დიალოგი მიდის – რუსეთის საგამოძიებო კომიტეტისა და აზერბაიჯანის გენპროკურატურის დონეზე…
მაგრამ აზერბაიჯანის მხრიდან შემრიგებლური ჟესტები არ ჩანს. რუსეთის მოქალაქეთა ბედი, რომლებიც ბაქოელმა სამართალდამცველებმა საპასუხოდ დაიჭირეს, ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება. აზერბაიჯანული მასმედია ცეცხლზე ნავთს ასხმას და ავრცელებს ვარაუდებს, რომ შეიძლება ხელისუფლებამ რუსულენოვანი სკოლები დახუროს. ასეთი რეაქცია მოულოდნელად გამოიყურება იმ ქვეყნისაგან, რომელიც ფორმალურად რუსეთის უმცროს პარტნიორად ითვლება. რით რისკავს ბაქო და რატომ არის ილჰამ ალიევი მზად სიტუაცია გაამწვავოს?
რუსეთ-აზერბაიჯანის ვაჭრობა: ნავთობი, გაზი და ხილ-ბოსტნეული
აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვამ, 2024 წლის მონაცემებით, 4,8 მილიარდ დოლარს მიაღწია. ასეთი მონაცემები აქვს გამოქვეყნებული აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტს, რუსეთს კი საბაჟო სტატისტიკა დახურული აქვს და უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ ციფრებს აღარ აქვეყნებს. ბაქოს მონაცემების თანახმად, 2024 წელს აზერბაიჯანის მიერ რუსეთში ექსპორტირებული პროდუქცია, 2023 წელთან შედარებით, 1,5%-ით შემცირდა და 1,2 მილიარდი დოლარი შეადგინა იმ დროს, როცა იმპორტი 14,5%-ით გაიზარდა და 3,6 მილიარდი დოლარი შეადგინა. საერთო ჯამში რუსეთი მესამე ადგილს იკავებს აზერბაიჯანის სავაჭრო პარტნიორებს – იტალიასა (11,39 მილიარდი დოლ.) და თურქეთს (6,13 მილიარდი დოლ.) შორის. თუმცა ამ ორ ქვეყანასთან გასულ წელს ვაჭრობის დონე დაეცა – საგარეო ვაჭრობის საერთო შემცირების ფონზე.
შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთის ექსპორტის უდიდეს ნაწილს აზერბაიჯანში ნავთობი, ნავთობპროდუქტები და ბუნებრივი გაზი შეადგენს – 24% მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით), ძვირფასი ლითონები (29%) და მეტალურგიის ნაწარმი (7%). აზერბაიჯანი რუსეთს აწოდებს ძირითადად ხილს და ბოსტნეულს (მთელი იმპორტის თითქმის ნახევარს), აგრეთვე პლასტმასებს (25%).
ვინ ვისზეა დამოკიდებული – აზერბაიჯანი რუსეთზე თუ პირიქით?
ერთი შეხედვით, აზერბაიჯანი რუსეთზე თითქმის კრიტიკულად არის დამოკიდებული, მაშინ როცა რუსეთი აზერბაიჯანზე – არცთუ ძალიან. რუსეთთან ვაჭრობის წილი აზერბაიჯანის საგარეო ვაჭრობის ბრუნვაში 10%-ზე ცოტა მეტია, ხოლო აზერბაიჯანის წილმა რუსეთის საგარეო ვაჭრობაში გასულ წელს მხოლოდ 0,6% შეადგინა.
„რუსეთის ბაზრის სწრაფ ჩანაცვლებას აზერბაიჯანი ვერ მოახერხებს: ჯერ ერთი, რომ ევროპა და სპარსეთის ყურის ქვეყნები აზერბაიჯანულ პროდუქციას ხარისხის მკაცრ მოთხოვნებს უყენებენ, მეორე – მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ რუსეთის გარდა სხვა ქვეყნებში ექსპორტი ლოჯისტიკის გაძვირებასთან არის დაკავშირებული“, – ამბობს ალექსანდრე კნობელი, საერთაშორისო ვაჭრობის აკადემიის კვლევების ცენტრის დირექტორი, – მესამე მომენტი – აზერბაიჯანის შიდა ბაზარი ვერ შეძლებს გამოიყენოს წარმოებული პროდუქციის მთელი რაოდენობა, რაც ფასების დაცემას გამოიწვევს, შემცირდება ნათესები და გაიზრდება უმუშევრობა სოფლებში“.
„მაგრამ რუსეთისთვისაც, რომელიც უპრეცედენტო სანქციების ზეწოლის ქვეშ იმყოფება, ნებისმიერ პარტნიორს, რომელიც მხარს დაუჭერს მასთან ვაჭრობას, „ოქროს ფასი აქვს“ და არაპროპორციულად მაღალ მნიშვნელობას იძენს, – აღნიშნავს რეგიონული ანალიტიკოსი კირილ კრივოშეევი, – რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტი აზერბაიჯანის გავლით [სამხრეთკავკასიური მილსადენების გამოყენებით] შესამჩნევად გაიზარდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ევროპული გასაღების ბაზარი დაკარგა, უკრაინაში შეჭრის შემდეგ“.
რატომაა მოსკოვი დაინტერესებული ბაქოსთან კარგი ურთიერთობებით
პირველ რიგში იმიტომ, რომ მოსკოვს ბაქოსთან კარგი ურთიერთობა სსჭირდება რუსეთისადმი გამოცხადებული საერთაშორისო სანქციების გამო – იმ სფეროებში, რომლებიც განსაკუთრებით დაზარალდნენ ემბარგოსაგან. მაგალითად, აზერბაიჯანი შედის იმ ქვეყნების რიცხვში, რომელთა მეშვეობით რუსეთი იღებს ორმაგი დანიშნულების პროდუქციას, რაც ფრიად აუცილებელია კრემლის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისათვის.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, თურქეთმა მკვეთრად – თითქმის ორჯერ – გაზარდა ორმაგი დანიშნულების პროდუქციის შესყიდვა დასავლეთში და ამ პროდუქციას აწვდის თავის მეზობლებს, განსაკუთრებით აზერბაიჯანს. საინტერესო ისაა, რომ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) გამოკვლევის მიხედვით, თურქეთის მეზობლები რეალურად არ ასახავენ აღნიშნული პროდუქციის იმპორტის სტატისტიკას: ორმაგი დანიშნულების საქონელი თითქოს სადღაც ქრება… სინამდვილეში კი იგზავნება რუსეთში.
გარდა ამისა, რუსეთს აზერბაიჯანი ჭირდება ზოგიერთი სატრანზიტო პროექტის მოქმედებისათვის – ირანთან და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ვაჭრობისათვის, – ამბობს კირილ კრივოშეევი. მოსკოვი და ბაქო, სხვა პარტნიორებთან ერთად, ხელს უწყობენ სატრანსპორტო დერეფნის „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ განვითარებას – რუსეთის რკინიგზა, აზერბაიჯანის რკინიგზის მეშვეობით, უკავშირდება ირანის რკინიგზას, ტვირთები უმოკლესი გზით მიდიან იმდოეთის ოკეანისაკენ.
ზემოთ უკვე აღინიშნა, რომ რუსეთისათვის მომგებიანია აზერბაიჯანის მილსადენებით სარგებლობა ნავთობისა და გაზის ექსპორტისათვის. საკმაოდ ხშირია ისეთი შემთხვევები, როცა აზერბაიჯანი თავის გაზს ევროკავშირში მეტი რაოდენობით გზავნის, შიდა მოხმარებისათვის კი რუსულ გაზს ყიდულობს.
და ბოლოს, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ აზერბაიჯანის სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფამდე იხილებოდა პროექტი, რომლის თანახმად, აზერბაიჯანული ავიაკომპანია „აზალი“ რუსეთის ბაზარზე შევიდოდა და გარკვეულ პოზიტიურ წვლილს შეიტანდა იმ მძიმე სიტუაციის გამოსწორებაში, რომელშიც რუსეთი აღმოჩნდა – დასავლური ავიაკომპანიების წასვლის შედეგად სამგზავრო თვითმფრინავების დეფიციტი შეიქმნა.
ბაქო-მოსკოვის კონფლიქტის გაკვეთილები დასავლეთისათვის
როგორც არ უნდა განვითარდეს მიმდინარე კონფლიქტი, აზერბაიჯანი და რუსეთი ერთმანეთთან ურთიერთობას არ გაწყვეტენ: ექსპერტთა აზრით, მათ შორის ისეთი ეკონომიკური ურთიერთკავშირები არსებობს, რომ ორივე იძულებული იქნება თანამშრომლობა გააგრძელონ. თუმცა გარკვეული ხისტი რეაქციები აზერბაიჯანის მხრიდან იმის მაუწყებელია, რომ კრემლისთვის რთული იქნება ბაქოს თავისი პირობები უკარნახოს.
„ბაქოს მზადყოფნა – უკან არ დაიხიოს და წინ აღუდგეს რუსეთის გამოწვევას – ნიშნავს იმას, რომ ძალთა რეგიონული ბალანსი იცვლება: აზერბაიჯანი სულ უფრო ხშირად ცდილობს თავი წარმოადგინოს დამოუკიდებელ მოთამაშედ“, – ამბობს მაქსიმ ტრუდოლიუბოვი, ვაშინგტონის ქენანის ინსტიტუტის ექსპერტი, – ბაქოს აღარ სურს დამთმობი უმცროსი პარტნიორის როლის შესრულება. სხვათა შორის, ეს არის საკვანძო პოლიტიკური სიუჟეტი დასავლელი პოლიტიკოსებისათვის, რომელიც აშიშვლებს მოსკოვის მოწყვლად წერტილებს და ახდენს იმის დემონსტრაციას, თუ როგორ ეწინააღმდეგებიან რეგიონული ქვეყნები რუსეთის გავლენას“.
მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო: