„წითელი ტერორი“ დასავლეთში. პოლიტიკური მკვლელობები ახალი არ არის: უკიდურესი მემარცხენეები ძალადობისადმი სიმპათიებს წარსულშიც გამოხატავდნენ“, – ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული სტატია ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph), რომლის ავტორია დევიდ ფროსტი, ყოფილი ბრიტანელი დიპლომატი, ლორდთა პალატის წევრი.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
ჩარლი კირკის საშინელი მკვლელობის მიზეზების ძებნისას ყველამ ბრალდებები წაუყენა სოციალურ ქსელებს, რომლებიც თითქოსდა პოლარიზაციისა და ექსტრემიზმის ატმოსფეროს ქმნიან და ადამიანებს ძალადობისაკენ უბიძგებენ. ვფიქრობ, რომ სიტუაცია მთლად ასეთი არ არის. დიახ, უეჭველია, რომ ინტერნეტში მრავლად არის შუღლისა და სიძულვილის გამღვივებელი მასალები, მაგრამ რამდენად არის ეს ყველაფერი დღევანდელი რთული მდგომარეობის მიზეზი ან უბრალოდ, ავისმომასწავებელი სიმპტომი? მოდით, გადავხედოთ ისტორიას – იყო თუ არა მსგავსი ფაქტები მომხდარი და თუ იყო, იქნებ რეტროსპექტივამ მოგვცეს პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც პერსპექტივაში, ალბათ, უფრო მძაფრ ხასიათს მიიღებს. (…)
დღეს თითქმის არავის აღარ ახსოვს, მაგრამ მე-19 საუკუნის ბოლოს ევროპაში ანარქისტულ-ნიჰიკლისტური ტერორიზმის ტალღამ გადაუარა: მოკლული იქნა საფრანგეთის მე-5 პრეზიდენტი სადი კარნო, 1894 წლის ივნისში, ლიონის საერთაშორისო გამოფენაზე სიტყვით გამოსვლის დროს, იტალიელი ანარქისტის სანტე კაზერიოს მიერ; უმბერტო I – იტალიის მე-4 და უკანასკნელი მეფე, 1900 წელს, თანამემამულის – ანარქისტ გაეტანო ბრეშის მიერ; ელისაბედი – ავსტრია-უნგრეთის დედოფალი-იმპერატორი, 1898 წელს ჟენევაში, ასევე იტალიელი ანარქისტის ლუიჯი ლუკენის მიერ. ოკეანის იქით კი, აშშ-ში, მე-19 საუკუნეში, რამდენიმე პრეზიდენტი იქნა მოკლული, დიდი აბრაამ ლინკოლნის ჩათვლით.
აშშ-ში და ევროპაში, ანარქისტების მიერ, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მოწყობილი აფეთქებების შედეგად, პოლიტიკოსებთან ერთად, უამრავი უდანაშაულო ადამიანებიც იღუპებოდა. იმდროინდელი მოვლენები მხატვრულ ლიტერატურაშიც აისახა – 1907 წელს გამოქვეყნდა ინგლისელი მწერლის ჯოზეფ კონრადის წიგნი „საიდუმლო აგენტი“, რომლის სიუჟეტის თანახმად, ფრანგი ანარქისტი მარტიალ ბურდენი წარუმატებლად ცდილობს დიდ ბრიტანეთში გრინვიჩის ობსერვატორიის აფეთქებას.
გადმოვიდეთ ჩვენი ეპოქასთან უფრო ახლოს: ბევრს ახსოვს აშშ-ის პრეზიდენტის ჯონ კენედის მკვლელობა, 1963 წელს, დალასში, მაგრამ საკმაოდ დაივიწყეს 1960-70-იანი წლების პოლიტიკური მკვლელობების ტალღა. მაგალითად, ტერორისტული ორგანიზაციის The Weather Underground-ის წევრებმა (ე4.წ3. „სინოპტიკოსებმა“) მოაწყვეს აფეთქებები კაპიტოლიუმში (კონგრესში), 1971 წელს; პენტაგონში – 1972 წელს… გავიხსენოთ იტალიური უკიდურესად მემარცხენე „წითელი ბრიგადები“, რომელმაც გაიტაცა და მოკლა პრემიერ-მინისტრი ალდო მორო. „გერმანული ‘წითელი არმია“, რომლის წევრები კლავდნენ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს, იურისტებს და პოლიციელებს… ნუ დავივიწყებთ ირლანდიელ ტერორისტებს „ირლანდიის რესპუბლიკური პარტიიდან“, რომლებმაც პარლამენტის წევრები დახოცეს და თვით პრემიერ-მინისტრის მოკვლასაც აპირებდნენ.
ამ ადამიანებიდან არცერთს არ სჭირდებოდა სოციალური ქსელები, რომ დანაშაულის ჩადენის მოტივაცია გასჩენოდა. მთავარი, რაც მათ დანაშაულის ჩადენაზე უბიძგა, იყო ის, რომ მათ გიჟური აზრები ჰქონდათ – თითქოსდა რომელიმე პოლიტიკოსის და ცნობადი ადამიანის მოკვლით ძირფესვიანად შეცვლიდნენ სიტუაციას. მათ ჰქონდათ დამახინჯებული წარმოდგენები პოლიტიკურ რეალობაზე და საზოგადოების ისტორიაზე. რასაკვირველია, იმ პერიოდშიც მრავლად იყვნენ მათი თანამოაზრეები, რომლებიც მზად იყვნენ გვერდით დადგომოდნენ ტერორისტებს და ან მათი მოქმედება გაემართლებინათ, საერთოდ თვალი დაეხუჭათ სისასტიკეზე.
სამწუხაროდ, ერთადერთი დასკვნა, რომელიც ამგვარი მოვლენების ანალიზის შედეგად შეიძლება გაკეთდეს, არის ის, რომ მსგავსი დანაშაულობები ადამიანის ბუნებიდან გამომდინარეობს. ძალიან ძნელია იმის განჭვრეტა და თავიდან აცილება, როცა რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას კონკრეტული პოლიტიკური მკვლელობის ჩადენა აქვს განზრახული. ჩვენ მხოლოდ მისი დაჭერა შეგვიძლია ცხელ კვალზე და დასჯა, რათა სხვებს მსგავსი სურვილი გაუქრეთ და თავი შეიკავონ. სოციალური ქსელების შეზღუდვა დიდ შედეგს არ მოგვცემს – ისევე როგორც წიგნების აკრძალვა, რაც წარსულში ხდებოდა. (…)
ჩვენს პოლიტიკურ კულტურაში ძალადობის შეღწევა რომ შევაჩეროთ, ამისათვის საჭიროა, რომ ის ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა დაგმოს და ვინც ამას არ გააკეთებს, ისინი, უბრალოდ, ნორმალური პოლიტიკური დისკურსის მიღმა უნდა დავტოვოთ – რაიმე ძალადობის გარეშე.
წყარო: