87 მლნ ლარის მოგება ერთ წელიწადში – როგორია „საქართველოს განვითარების ფონდის“ ფინანსური მდგომარეობა

515
spot_img

„საქართველოს განვითარების ფონდმა“ 2022 წელი 87 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა, ეს კი წინა წელთან შედარებით 80-მილიონიანი ზრდაა – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ბიუჯეტის 2024 წლის პროექტის „ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტში“.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, სადაც მოცემულია სახელმწიფო კომპანიების ფინანსური ანალიზი, სს „საქართველოს განვითარების ფონდის“ შემოსავლებმა 488 მლნ ლარს მიაღწია, რაც აგრეთვე წინა წელთან შედარებით 452 მლნ ლარით მეტია.

ზემოაღნიშნულ დოკუმენტში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ფონდის „რისკის რეიტინგი საშუალო რისკიანიდან გაუმჯობესდა დაბალ რისკიანზე, რაც ახსნადია რიგი გარემოებებით:

1. შემცირდა კომპანიის საქმიანობის მასშტაბი და ასეთივე პროპორციით შემცირდა კომპანიასთან ასოცირებული ფისკალური რისკები. კერძოდ, კომპანიის მართვაში არსებული მსხვილი საწარმოები – საქართველოს რკინიგზა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია დაუბრუნდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს;

2. კომპანიამ 2022 წელს წინსრებით დაფარა კრედიტ ევროპა ბანკის მიმართ დარჩენილი სესხი;

3. საპარტნიორო ფონდის სესხი საქართველოს რკინიგზის მიმართ 18.1 მლნ ლარის ოდენობით საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად გაიქვითება გარდაბნის თბოელექტროსადგურის წილში მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში;

4. კომპანიამ გაანულა ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიმართ არსებული სესხი.

ცნობისათვის, რეფორმირებული საპარტნიორო ფონდი 10 სექტემბრიდან შეუდგა მუშაობას. შეიცვალა სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. ფონდის საქმიანობად მხოლოდ საინვესტიციო მიმართულება განესაზღვრა.