“83-მა დეპუტატმა ხელი მოაწერა ქვეყნის გაყიდვას და ისინი სამარცხვინო სიაში უნდა შევიყვანოთ” – თამარ კორძაია

43
spot_img

დღეს, საქართველოს ახალგაზრდებს გადაახიეს დამოუკიდებლობის მონაპოვარი, რომელიც 35 წლის წინ 9 აპრილს მოიპოვეს ახალგაზრდებმა – ეს ბრძოლა ისევ ახალგაზრდებისაა, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღეს კანონის ხელმოწერით 83-მა დეპუტატმა ღალატს მოაწერა ხელი.

„რა უნდა ვუთხრათ მათ შვილებს, ვინც აქ სისხლი დაღვარა, რათა დამოუკიდებელი სახელმწიფო ვყოფილიყავით? ამიტომ, ეს ბრძოლა ისევ ახალგაზრდებისაა, რომელთან ერთადაც ვართ. ხვალ თავი დასახრელი არ უნდა გვქონდეს. უნდა ვიბრძოლოთ, რათა ეს ქვეყანა რუსეთი არ გახდეს. ყველა ახალგაზრდა, ყველა დედა, რომელიც გუშინ უყურებდა როგორ სცემდნენ მათ შვილებს; როგორ მიერეკებოდა ეს რუსი ხელისუფლება ქართველ ახალგაზრდებს – უნდა ვიდგეთ აქ და არ დავუთმოთ ჩვენი შვილების მომავალი. რაც აქ ხდება, კატასტროფაა, ქვეყნის გაყიდვა. 83-მა დეპუტატმა ხელი მოაწერა ქვეყნის გაყიდვას და ისინი სამარცხვინო სიაში უნდა შევიყვანოთ“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

ცნობისთვის, პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 83 ხმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის კენჭისყრას სამდღიანი ხმაურიანი საკომიტეტო და სასესიო განხილვა უძღოდა წინ.