
ლევან გაჩეჩილაძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე 7 ნოემბრის აქცია და განვითარებული მოვლენები გაიხსენა.
როგორც გაჩეჩილაძემ აღნიშნა, კინო „რუსთაველიდან“ გამოსულმა დაახლოებით სამი ათასმა კაცმა უმოწყალოდ სცემეს 30 კაცი, მათ შორის ლევან გაჩეჩილაძე, რომლებიც იმ დროს შიმშილობდნენ.
„2 ნოემბერს დავნიშნეთ მიტინგი, უკვე სამ თუ ოთხ ნოემბერს, შიმშილობა გამოვაცხადეთ, რადგან შტურმზე არ წავსულიყავით. 7 ნოემბერს, დილის ექვს საათზე ვიყავით 30 მოშიმშილე. დაახლოებით სამი ათასი ყვითელ „პლაშებში“ ჩაცმული კაცი გამოვიდა კინო „რუსთაველიდან“ და უმოწყალოდ დაგვიწყეს არა დარბევა, აწიოკება, ცემა. სპორტსმენებს, რომლებიც საჩხუბრად იყვნენ მოსული, ეხმარებოდნენ ყვითელფორმიანებს, რომლებზეც შემდეგ ამბობდნენ, დასუფთავების სამსახურიდან არიანო. ენით აღუწერელი ჟლეტა იყო. ეს 30 კაცი ყველა სერიოზულად დავზარალდით. მე 7 ნოემბრის დაზარალებულიც ვარ. ასე გაგვყარეს ტერიტორიიდან, სადაც ვიყავით და ვშიმშილობდით. შიმშილობის დროს პარლამენტის წევრებიდან ვიყავით მე და კობა დავითაშვილი. მივედით „რესპუბლიკელების“ ოფისში, სადაც ვთქვით, რომ ასე ნაცემი წამოსვლა არ შეიძლებოდა. მაშინ ჯერ კიდევ მუშაობდა „იმედი“. დალეწეს კამერები, ყველაფერი, ჟურნალისტები წაიყვანეს. საერთოდ გააქრეს იმ მოედნიდან ყველა, ვისაც ფოტოაპარატი და კამერა ეჭირა. უცებ გაქრა ეს ხალხი. ისეთი იზოლაცია მოუწყვეს, რომ ფიზიკურად ვეღარ დაინახავდი, სად წავიდნენ. მიუხედავად ამისა, „რესპუბლიკელების“ ოფისში მოვიდნენ ტელევიზიები, რაც შეგვეძლო, მოვუწოდეთ საზოგადოებას, გამოსულიყო. სოზარიც იყო და სოზარსაც ბევრი დეტალი, ნიუანსი ემახსოვრება. მე ვთქვი, რომ ჩვენ უნდა წავიდეთ და დავიბრუნოთ ის ტერიტორია, რაც დავკარგეთ-მეთქი. უკვე გაბევრებული, დაახლოებით ხუთი ათას კაცამდე წამოვედით და დავბრუნდით. სხვათა შორის, მშვიდობიანად შემოვედით, გაიწიენ, აღარ გვეჩხუბენ, რადგან დაგვინახეს, რომ ძალიან აღგზნებული, ძირითადად კაცების მასა მოვდიოდით, ხუთი დღის ნაშიმშილარი ხალხი. ასეთი დასისხლიანებულები რომ დაგვინახეს, შეიძლება გადარეულებადაც ჩაგვთვალეს და გახსნეს, ისევ შეგვუიშვეს იქ“, – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.
ასევე ლევან გაჩეჩილაძემ გაიხსენა, როგორ წაიყვანეს კობა დავითაშვილი და სცემეს.
„კობა დავითაშვილმა მითხრა, სულ დალეწილია აპარატურა, წავალ ბაზარში და ახალს ვიყიდი, თუ ნებას დამრთავო. ვუთხარი, წადი-მეთქი. იქიდან მოიპარეს კობა დავითაშვილი და სასიკვდილოდ სცემეს. მართალი გითხრათ, არც დაბრუნებულა. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი ძალიან ბევრი იყო, არ გვაკეტინებდნენ გზას. ბევრი ხალხით მივაწექით და, საბოლოო ჯამში, რუსთაველიც გადავკეტეთ“, – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.