50-ზე მეტი ხელმოწერა ყველა შემთხვევაში იქნება და შესაბამისი განაცხადი გაიგზავნება საკონსტიტუციო სასამართლოში – ჩვენ დაველოდებით, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა ყველა გარემოება მეტყველებს იმაზე, რომ კონსტიტუცია პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია. პარალელურად კონსულტაციები გვექნება და ვნახავთ ასევე, ვინ რა პოზიციას დაიკავებს, ვინ იქნება კანონის უზენაესობის მხარეს და ვინ მიიღებს პოლიტიკურ, სუბიექტურ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, კანონის უზენაესობის წინააღმდეგ ვინც წავა, მიუხედავად მისი თანამდებობრივი მდგომარეობისა, ამაზე შესაბამისი რეაგირება იქნება.
„ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ დაინახა, რომ მნიშვნელობა არ აქვს რა თანამდებობა უკავია ადამიანს. ადამიანი, რომელიც კანონის უზენაესობის წინააღმდეგ წავა, მიუხედავად მისი თანამდებობრივი მდგომარეობისა, ყველა შემთხვევაში ამაზე შესაბამისი რეაგირება იქნება. სწორედ ამიტომ მმართველი გუნდის მიერ გადაწყვეტილება მიღებული იქნა. 50-ზე მეტი ხელმოწერა ყველა შემთხვევაში იქნება და შესაბამისი განაცხადი გაიგზავნება საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ის მოქმედება, რომელიც პრეზიდენტმა განახორციელა არის კონსტიტუციის უხეში დარღვევა და მითუმეტეს, მიუღებელია იმ ადამიანისგან, რომელმაც პრეზიდენტად არჩევის დროს კონსტიტუციაზე დაიფიცა და მის მიერ წარმოთქმულ ფიცში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის ის, რომ ის არის გარანტი და დამცველი კონსტიტუციის. როდესაც ეს ადამიანი არღვევს კონსტიტუციას, რაზეც დაიფიცა და რისი გარანტი წესით თვითონ უნდა იყოს, ამ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, არის მყისიერი რეაგირება. ჩვენ დაველოდებით, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა ყველა გარემოება მეტყველებს იმაზე, რომ კონსტიტუცია პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია. პარალელურად გვექნება კონსულტაციები და ვნახავთ ასევე, ვინ რა პოზიციას დაიკავებს, ვინ იქნება კანონის უზენაესობის მხარეს და ვინ მიიღებს პოლიტიკურ, სუბიექტურ გადაწყვეტილებას. ეს საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო მომენტი იქნება, იმიტომ, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს ვინ დგას კანონის უზენაესობის მხარეს, რომელზეც უკვე 12 წელიწადია ეს ქვეყანა შენდება, რომლის პრინციპების გამყარებას და განმტკიცებისთვის ყველაფერს ვაკეთებთ.
უმრავლესობის პოზიცია არის ერთიანი და ურყევი, ჩვენ აბსოლუტურად მხარს ვუჭერთ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებით იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება პრეზიდენტის წინააღმდეგ უნდა მოხდეს. შესაბამისად, ჩვენ დაველოდებით პროცესების განვითარებას. ზოგმა ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, რომ ალბათ დაუჭერენ მხარს, ნაწილმა განაცხადა, რომ არ დაუჭერს, ნაწილის პოზიცია ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ამიტომ ჩვენ დაველოდებით ამ პროცესების განვითარებას და ვნახავთ საზოგადოებასთან ერთად ვინ დგას კანონის უზენაესობის მხარეს და ვინ დგას სუბიექტურობის მხარეს, რომელიც ქვეყნის საწინააღმდეგო ინტერესებს ატარებს“, – განაცხადა მიქანაძემ.