,,46 წელია პატრიარქი მართავს და ბრძნულად უძღვება არა მხოლოდ ეკლესიას, არამედ ქართველ ხალხს”- მიტროპოლიტი საბა

37
spot_img

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე ეხმარება ქართველ ხალხს, რათა შეძლონ ბეწვის ხიდზე გავლა და არ მიიღონ ის მანკიერი და მახინჯი ცხოვრების წესი, რომელსაც ადამიანებს სხვადასხვა ქვეყნიდან უკიჟინებენ და რომელსაც ემსახურებიან. სამწუხაროდ ამას ემსახურება საქართველოს პრეზიდენტიც, – აღნიშნულის შესახებ ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა, საბამ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, 46 წელია პატრიარქი მართავს და ბრძნულად უძღვება არა მხოლოდ ეკლესიას, არამედ ქართველ ხალხს.

„როდესაც საქართველოში დავბრუნდი მოვისმინე ზოგადად დამოკიდებულება საქართველოს ეკლესიისა და პატრიარქის შესახებ, რომელიც გამოთქმული იქნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ. არ მინდა დავარღვიო წესები, რომელიც ზოგადად არსებობს ეკლესიას და სახელმწიფოს შორის ურთიერთობაში.

კერძოდ, სახარება გვასწავლის რომ ყოველი ხელმწიფება არის ღვთისაგან და თითოეულ ჩვენგანს გვმართებს მორჩილება ღვთისგან დადგენილი ხელისუფლებისა, მაგრამ ეს მხოლოდ იმ მომენტამდე, როდესაც ხელისუფლის საქციელი, მისი დამოკიდებულება, მისი გამონათქვამი ან ეწინააღმდეგება ეკლესიურ სწავლებას და არ შეურაცხყოფს ეკლესიას, მის იერარქებს და ზოგადად ქრისტიანულ სწავლებას.

ვფიქრობ, ის რაც ამ დღეებში გაჟღერდა, ამ ყველაფრის დარღვევაა ანუ თავს უფლებას ვაძლევ ჩემი მოკრძალებული აზრი გამოვხატო და ეკლესიის წინააღმდეგ გაჟღერებულ აზრს შევეწინააღმდეგო, განსაკუთრებით იმ პატრიარქის წინააღმდეგ, რომელიც 46 წელი ბრძნულად მართავს ჩვენს ეკლესიას.

არამარტო ეკლესიას, ჩვენი პატრიარქი ეხმარება ქვეყანას და ქართველ ხალხს, ვიაროთ ბეწვის ხიდზე და ამავე დროს, არ მივიღოთ ის მანკიერი და მახინჯი ცხოვრების წესი, რომელსაც ჩვენ გვიკიჟინებენ სხვადასხვა ქვეყნიდან და რომელსაც ემსახურებიან, სამწუხაროდ, ემსახურება ჩვენი პრეზიდენტიც, ალბათ მისი გარემოცვაც და ის არასამთავრობო ორგანიზაციები თუ ეკლესიის მოწინააღმდეგე ადამიანები, ხშირ შემთხვევაში ოპოზიციაში მყოფები რომლებიც ალბათ ფულზე თუ სხვა რამეზე იყიდებიან და არაფრად დაგიდევენ ეკლესიის ლანძღვის გინების, შევიწროებას, მისი განადგურების სურვილებს და ასე შემდეგ.

თამამად შეიძლება თქვა, რომ ამ ადამიანებს ეკლესიის არც წარსული აინტერესებთ, არც დღევანდელობა და არც მომავალი. ყველა ის ადამიანი, რომელიც გაუცნობიერებლად, თავისი შეფასებებით ხელს შეუშლის, ის არის მტერი ეკლესიისა“, – აცხადებს მიტროპოლიტი საბა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიდ ბრიტანეთში, Chatham House-ში განაცხადა, რომ პატრიარქმა ეკლესიის კურსი ძალიან მყარად შეინარჩუნა

კითხვაზე, როგორია საქართველოს ეკლესიის როლი მიმდინარე პროცესებში და ეთანხმება თუ არა პრეზიდენტი მოსაზრებას, რომ ეკლესია ქვეყანაში „რუსეთის რბილ ძალას“ წარმოადგენს, ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომპლექსური ვითარებაა.

„ძალიან კომპლექსური ვითარებაა, რისი მიზეზიც დღეს პატრიარქის სისუსტეა, რომელმაც აქამდე ძალიან მტკიცედ შეინარჩუნა ეკლესიის ძველი მეთოდები. ვფიქრობ, მართლმადიდებლური ეკლესია, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა მართლმადიდებლურ ქვეყანაში, ძალიან ახლოს არის ძალასთან და მიდრეკილია აჰყვეს თანამედროვე მიდგომას, მე ვიტყოდი, მიდრეკილია ნიუანსების ცვლილებისკენ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.