42-ე დღეა, რაც მოწმენი ვართ იმისა, როგორ მიატოვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გაფიცული ადამიანები – ანა ნაცვლიშვილი

13
spot_img

დღეს არის 42-ე დღე, რაც მოწმენი ვართ იმისა, როგორ მიატოვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გაფიცული ადამიანები – კომპანია „ევოლუშენის“ თანამშრომლები, რომლებიც საკუთარი შრომითი უფლებებისთვის იბრძვიან, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით 2 აგვისტოდან დღემდე შრომის ინსპექციამ პასუხიც კი ვერ მოამზადა და წარმოადგინა – რას აკეთებენ, რა გააკეთეს და როგორ აპირებენ შეასრულონ ის ვალდებულებები, რომელიც მათ კანონმა დააკისრა.

„დღეს არის 42-ე დღე, რაც მოწმენი ვართ იმისა, როგორ მიატოვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გაფიცული ადამიანები – კომპანია „ევოლუშენის“ თანამშრომლები, რომლებიც საკუთარი შრომითი უფლებებისთვის იბრძვიან. მოწმენი ვართ, როგორი დაუცველი და მიტოვებული არიან ადამიანები. 42 დღეა მიმდინარეობს მათი უწყვეტი პროტესტი და მათ მოუწიათ, უკიდურესი ზომებისთვისაც მიემართათ – შიმშილობის გამოცხადება და გუშინ ახალგაზრდა ადამიანმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. „ქართულმა ოცნებამ“ ეს ადამიანები მარტო დატოვა.

დღეს მინდა საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში „ქართული ოცნების“ დამსახურებით სამუშაო ადგილები არ არის, იმ ადამიანებისთვის, ვინც შეძლებს, რომ სამსახური იშოვოს, ოფიციალურად შექმნილია სახელმწიფო უწყება ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში – შრომის ინსპექცია. ამ ინსპექციის ბიუჯეტი მაგალითად, წელს არის 7 მილიონ 300 ათასი ლარი. ხოლო მის ხელმძღვანელს დაქვემდებარებაში 162 თანამშრომელი ჰყავს. ისე მოხდა, რომ ამ უწყებისთვის საინტერესო არ არის, რომ ის ვალდებულებები შეასრულოს, რომელიც მას კანონით აკისრია და შეამოწმოს, რამდენად არიან დაცული ამ კომპანიაში დასაქმებული ადამიანები და მათი შრომითი უფლებები. მე არ ვსაუბრობ ზეპირად, მე წარმოგიდგენთ იმ ოფიციალურ წერილს, რომელიც ჯერ კიდევ 2 აგვისტოს გავგზავნე პარლამენტიდან ამ უწყების ხელმძღვანელის მისამართით და მისგან მოვითხოვე რეაგირება ამ უმწვავეს კრიზისზე, რომელიც უკავშირდება შრომის პირობებს და უფლებებს. ასევე, მისგან ვითხოვე ანგარიშის წარდგენა და ინფორმაციის გამოგზავნა საერთოდ აკეთებს თუ არა რაიმეს ეს უწყება შექმნილ უმწვავეს, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტოდ მასშტაბურ გაფიცვასთან დაკავშირებით, რომელიც გამოიწვია იმ უსამართლობამ, რასაც ეს ადამიანები წლების განმავლობაში აწყდებოდნენ.

არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ამ 7 მილიონიანმა უწყებამ, სადაც 162 ადამიანი მუშაობს, პასუხიც კი ვერ მოამზადა და წარმოადგინა – რას აკეთებენ, რა გააკეთეს და როგორ აპირებენ შეასრულონ ის ვალდებულებები, რომელიც მათ კანონმა დააკისრა“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, „ძლიერი საქართველო“ დებს გამოსავალს მთელი საქართველოს წინაშე, რომელიც პრაქტიკაში არჩევნების შემდეგ განხორციელდება.

„ჩვენ – „ძლიერი საქართველო“ გამოსავალს ვდებთ მთელი საქართველოს წინაშე და ეს გამოსავალი აუცილებლად განხორციელდება პრაქტიკაში არჩევნების შემდეგ:

ეს არის ხელისუფლება, რომლის მთავარი პრიორიტეტი იქნება, ემსახუროს ამ ქვეყნის მოქალაქეებს, თითოეული სახელმწიფო ინსტიტუცია ჩააყენოს ამ ქვეყნის მოქალაქეების და არა რუსი ოლიგარქის სამსახურში;

ეს არის სახელმწიფო ინსტიტუციები, რომლებიც იმოქმედებენ კანონით და არა პარტიული მითითებებით;

ეს არის ევროპული სტანდარტის დანერგვა ყველა სფეროში, როგორც დამსაქმებლისთვის და მისი უფლებების დასაცავად, ასევე დასაქმებულისათვის და მისი უფლებების დასაცავად;

ეს არის სამუშაო ადგილების შექმნა – ვამბობ კონკრეტულ რიცხვს – 200 ათასი ადგილის შექმნა. სამართლიანი ანაზღაურებით და შრომითი პირობებით და არა ისე, როგორც დღეს ათი ათასობით ადამიანს უწევს მოითმინოს და აიტანოს უფლებების დარღვევის ისეთი ფაქტები, რომელსაც არავინ მოითმენს და დაუშვებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში.

ეს ყველაფერი აუცილებლად გახდება ამ ქვეყნის რეალობა მას შემდეგ, რაც 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის ხელით დასრულება რუსი ოლიგარქისა და მისი პატრონის მსახური ხელისუფლება და ამ ქვეყანას ეყოლება ხელისუფლება, რომელიც საქართველოს მოქალაქეების უფლებებსა და ინტერესებს დააყენებს ყველაზე და ყველაფერზე წინ“, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.