“4 წელია, მამუკა ხაზარაძის და ჩემი მორალურად მოკვლის მცდელობა მიმდინარეობს” – ბადრი ჯაფარიძე

25
spot_img

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო „ლელოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სარჩელი ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე, სადაც ისინი თაღლითობაში დამნაშავედ არიან ცნობილნი.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა, სტრასბურგის სასამართლომ უკვე დაიწყო განხილვა აღნიშნული საქმის და მას პრიორიტეტი მიენიჭა.

„სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო მამუკა ხაზარაძის და ჩემი სარჩელი საქართველოს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც გაგვამტყუნეს ვითომდა თაღლითობის ჩადენის გამო. ეს სარჩელი არა მხოლოდ მიღებულია, არამედ სასამართლომ უკვე დაიწყო განხილვა უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში და ამ საქმეს პრიორიტეტი მიენიჭა.

ვხედავთ, რომ რუსეთის ფედერაციაში ოპონენტებს ფიზიკურად უსწორდებიან და კლავენ. საქართველოში, ცდილობენ ოპონენტებს სხვაგვარად გაუსწორდნენ – მორალურად მოკლან ისინი. 4 წელია, მამუკა ხაზარაძის და ჩემი მორალურად მოკვლის მცდელობაა. ეს ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო და მასში „ქართული ოცნების“ ყველა სპიკერი მონაწილეობს, რომლებიც ამ წლების განმავლობაში გვიწოდებს ხანდაზმულ თაღლითს, მაროდიორს, ბანდიტს, ფულის გამთეთრებელს. რა თქმა უნდა, მათი იმედია, რომ სრულად აკონტროლებდნენ პროკურატურას და სასამართლოს და შეუძლიათ, გამოიყენონ ჩვენს წინააღმდეგ სასამართლოში, მაგრამ მათ ხელი არ მიუწვდებათ ევროპულ სასამართლოზე და ამიტომ დავიწყეთ ეს პროცესი, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ პოლიტიზებული მართლმსაჯულება. ამ მორალური მკვლელობის მცდელობას ვუპასუხეთ გაძლიერებით და იმით, რომ ჩვენი მცდელობა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება დასრულდეს, შედეგს გამოიღებს, არავინ აღარ იქნება პოლიტიკური ნიშნით დევნილი“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ე.წ. ფულის გათეთრების საქმე, რომელზეც მსჯავრდადებულები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი იყვნენ, უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო, რის გამოც მათ სტრასბურგის ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი ჯგუფურ თაღლითობაში იქნენ დამნაშავედ ცნობილი, გასაჩივრებული ჰქონდა როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს. პროკურატურა ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლას”ფულის გათეთრებაზე” და რეალური სასჯელის გამოტანას ითხოვდა, დაცვის მხარე კი, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. ბადრი ჯაფარიძე, ავთანდილ წერეთელი და მამუკა ხაზარაძე დამნაშავედ თბილისის საქალაქო სასამართლომაც ცნო. თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ და თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ 7 წლის ვადით, მაგრამ მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა. მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა.