შოვის სტიქიასთან დაკავშირებით ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის ფორმატში პარლამენტში 22 სექტემბერს მოუსმენენ, თუკი რაიმე კითხვა არსებობს პარტიებში, მინისტრი უპასუხებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკური ჯგუფები ჩასაფრებული არიან ნებისმიერ ტრაგედიაზე და მათი ეს საქციელი ამორალურია.
„მომავალ კვირას პარასკევს ჩვენ გვექნება ინტერპელაცია. თუკი რაიმე კითხვა არსებობს პარტიებში, შინაგან საქმეთა მინისტრი სწორედ იმ კითხვებს გასცემს პასუხს. ეს ერთი, მაგრამ მეორე არის ზნე, რომელიც აქვთ ამ პოლიტიკურ ჯგუფებს. ეს არის სურვილი და უკვე ტრადიციად ჩამოუყალიბდათ, რომ ჩასაფრებული არიან ნებისმიერ ტრაგედიაზე, რაიმენაირად გამოიყენონ ეს ტრაგედია. უკვე იმდენად ამორალურია მათი საქციელი, რომ ამ საქციელზე კომენტირებაც უკვე რთულია. რაც შეეხება შოვის სტიქიას, ყველა საკითხთან დაკავშირებით იყო ამომწურავი პასუხები. რაიმე კითხვები თუ არის, შინაგან საქმეთა მინისტრი პარასკევს უპასუხებს და ვნახოთ შემდეგ, თუ კიდევ ექნებათ რაიმე კითხვა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.