პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიდერლანდების სამეფოს ახალ ელჩს შეხვდა

296
spot_img

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან- მელინე არაკელიანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს.

განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებული ურთიერთობები, რომელიც მზარდი დინამიკით გამოირჩევა როგორც ორმხრივ დონეზე, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. მთავრობის მეთაურმა ელჩს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის და 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით არსებული ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ასევე მან აღნიშნა, რომ წლის ბოლოსთვის საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და ამ პროცესში ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერას.

ირაკლი ღარიბაშვილმა მელინე არაკელიანს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.