იმპიჩმენტის პროცესი არის ერთადერთი გზა, მოვახდინოთ რეაგირება იმაზე, რომ დაირღვა კონსტიტუციის კონკრეტული მუხლები, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
ჟურნალისტების კითხვაზე, ევროპელ ლიდერებთან სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები აზიანებს თუ არა ქვეყნის ინტერესებს, მინისტრი პასუხობს:
„მე ამ საკითხს, საქართველოს 12 პუნქტის შესრულების მიმართულებით კავშირს, ამ წუთას, ვერ დავინახავდი. აქ საუბარია არის და ამაზე არაერთხელ ითქვა, რომ საკითხი ეხება კონსტიტუციისადმი დამოკიდებულებას, რადგანაც ყველამ ვიცით, რომ კონსტიტუციაში ცალსახად, გასაგებად და ნათლად არის გაწერილი ფუნქცია-მოვალეობები, რომელიც სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირებს აკისრიათ. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს კონსტიტუცია ეს არის უზენაესი კანონი, რომელსაც ყველამ პატივი უნდა სცეს.
იმპიჩმენტის პროცესი ეს არის ერთადერთი გზა, მოვახდინოთ რეაგირება იმაზე, რომ დაირღვა კონსტიტუციის კონკრეტული მუხლები. რაც შეეხება ევროინტეგრაციის პროცესის დაზიანებას, ჩვენ ფოკუსირებული ვართ პოზიტივზე, 12 რეკომენდაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ განახორციელა და ვართ ოპტიმისტურად, რომ საქართველო მორიგ ნაბიჯს გადადგამს ევროინტეგრაციის მიმართულებით“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა.