30-ზე მეტი შეტაკება 24 საათში – რა ხდება უკრაინაში ომის 495-ე დღეს

94
spot_img

ომის 495-ე დღეს, უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ფრონტზე მძიმე ბრძოლები გრძელდება. ყველაზე ცხელ წერტილად კვლავ ბახმუტის, ავდეევკის, მარიინკისა და ლიმანის მიმართულებები რჩება, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში, 30-ზე მეტი შეტაკება მოხდა.

როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, უკრაინულმა ძალებმა წინ წაწევა შეძლეს ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით, ოკუპანტები კი შეტევაზე არიან გადავიდნენ სვიატოვის რაიონში. მათივე ცნობთ,  გასული დღე-ღამის განმავლობაში, კიდევ 600 რუსი სამხედრო, რუსეთის ერთი ვერტმფრენი და 5 ტანკი გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის საერთო დანაკარგები მოიცავს: 230 260 ჯარისკაცს, 4 057 ტანკს, 7 899 ჯავშანტექნიკას, 4 220 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 315 საბრძოლო თვითმფრინავს და 309 ვერტმფრენს, 6 834 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 3 573 უპილოტო საფრენ აპარატს, 590 ერთეულ სპეცტექნიკას და 1 264 ფრთოსან რაკეტას.

უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ წინსვლას ბახმუტის, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით – გასული კვირის განმავლობაში მათ 37 კვ. კმ. გაათავისუფლეს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი „ტელეგრამზე“ წერს.

„აღმოსავლეთით გრძელდება როგორც შეტევითი, ასევე თავდაცვითი მოქმედებები. მივიწევთ ბახმუტის მიმართულებით, ხოლო მტერი აგრძელებს შეტევას ლიმანის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით. მტერი ცდილობს განდევნოს ჩვენი ჯარები დაკავებული პოზიციებიდან, მაგრამ ღირსეულ პასუხს იღებს. იქ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს“, – წერს მალიარი.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით კი, გასული კვირის განმავლობაში, ოპერატიული მდგომარეობის გაუმჯობესების შედეგად, გათავისუფლებული ტერიტორია 9 კვადრატული კილომეტრით გაიზარდა.

მისივე თქმით, აღმოსავლეთით, რუსულმა ძალებმა დაბომბვის ინტენსივობა გააორმაგა. კერძოდ, გასული კვირის განმავლობაში მათ უკრაინის ტერიტორია, ამ მიმართულებით, 11 753-ჯერ დაბომბეს.

„სამხრეთით თავდაცვის ძალები უტევენ მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით, კერძოდ, ნოვოდაროვკას, პრიუტნოეს, ნოვოდანილოვკას, რობოტინოს, ნოვოსელკას, სტარომაიორსკის მიმართულებებით“, – აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

მისი თქმით, უკრაინის დამცველებმა ყველა მიმართულებით წარმატებას მიაღწიეს და გასული კვირის განმავლობაში 28.4 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს. სამხრეთით, საერთო ჯამში, გათავისუფლებულია 158.4 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია.