საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მოციქულთა სწორის წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს.
საეკლესიო წყაროების ცნობით, წმიდა ნინოს საქართველოში ჩამოსვლის სურვილი ბავშვობიდანვე ჰქონდა, რათა მცხეთაში დაკრძალული ქრისტეს კვართისთვის თაყვანი ეცა. IV საუკუნის დასაწყისში კვართის ადგილის მოსანახულებლად და იბერიის გასაქრისტიანებლად ის საქართველოში ჩამოვიდა.
ამ დროს იბერიის მეფე იყო მირიანი, ხოლო დედოფალი – ნანა. წმინდა ნინომ მოძებნა ადგილი, სადაც კვართი იყო ჩამარხული და მის ადგილას მეფე მირიანმა 12 მოციქულის სახელზე სვეტიცხოვლის ტაძარი ააშენა. წმინდა ნინოს მოღვაწეობის შედეგად იბერიაში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.
აღსანიშნავია, რომ რუსი ეგზარქოსების მმართველობის დროს, როდესაც ქართულ ეკლესია-მონასტრებში რუსულენოვანი წირვა-ლოცვა და გალობა ინერგებოდა, 27 იანვარი (ძველი სტილით 14 იანვარი) ერთადერთი დღე იყო, როდესაც ეკლესიაში ქართულ ენაზე წირავდნენ. ამდენად, 27 იანვარი – ნინოობა ქართული ენის, წირვა-ლოცვისა და გალობის გადარჩენა-აღორძინების დღედაც ითვლება.
ნინოობას მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ – 27 იანვარს, წმინდა ნინოს გარდაცვალების დღეს და 1 ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს.
“ჯორჯიან თაიმსი” გილოცავთ ნინოობას!