26 ოქტომბრის არჩევნები ქვეყნის გადარჩენის შანსია-თინა ბოკუჩავა

27
spot_img

ახლა არ არის დანაწევრების, დაპირისპირების, ამბიციების ან ეგოების ჭიდილის დრო. ახლა საქართველოსთვის ერთიანობის დროა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ყილობაზე განაცხადა, სადაც პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ დაფუძნების შესახებ გახდა ცნობილი.

მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები ქვეყნის გადარჩენის შანსია.

„დღეს პუტინის რუსეთმა დაბომბა უკრაინაში, ევროპაში ყველაზე დიდი ბავშვთა საავადმყოფო და მინდა გთხოვოთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ დაღუპულთა ხსოვნას.

დღეს თქვენს წინაშე ვდგავარ უდიდესი პასუხისმგებლობის შეგრძნებით. პასუხისმგებლობის თითოეული თქვენგანის და საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე, ვისთვისაც 26 ოქტომბრის არჩევნები ქვეყნის გადარჩენის შანსია.

26 ოქტომბერი არის შანსი დავიბრუნოთ ჩვენი ისტორიული ევროპული არჩევანი.

ეს არის შანსი იმ დაპირისპირების და დანაწევრების მორევიდან, რომლისკენაც ივანიშვილი 12 წელია მიგვაქანებს ამოვიდეთ წელში გამართული, ამაყი, ერთიანი და დავიმკვიდროთ ჩვენი ღირსეული ადგილი ევროპაში.

26 ოქტომბრის არჩევნები ივანიშვილმა რეფერენდუმად აქცია – რეფერენდუმად რუსულ ბნელეთსა და წარმატებულ ევროპულ მომავალს შორის. ჩვენი ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვან გზაგასაყარზე, როგორც არასდროს, მჯერა, რომ დღეს არის ერთიანობის დრო. არ არის სხვადასხვა ფლანგებად დაყოფის დრო; არ არის ურთიერთ კრიტიკის დრო; არ არის ამბიციების ან ეგოების ჭიდილის დრო; დღეს ერთიანობის დროა, ერთიანობის საქართველოსთვის, ერთიანობის გამარჯვებისთვის, ერთიანობის ევროპისთვის, ერთიანობის ქვეყნის გადარჩენისთვის. ერთიანობით ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია. ერთიანობით ჩვენ შეუძლებელიც შეგვიძლია.

ყველაზე ცხადად ჩვენი ეროვნული ნაკრების ბიჭებმა დაგვანახეს, რომ ერთიანობით, გუნდურობით, თავდადებით ჩვენ ევროპაზე გასვლაც და გიგანტების დამარცხებაც შეგვიძლია.

ახალგაზრდებმა დღეს და მრავალგზის მოგვიწოდეს ერთიანობისკენ. მათ გვაჩვენეს, რომ არ არსებობს იმაზე დიდი და დიადი მიზანი, ვიდრე ქვეყნის გადარჩენაა. მათ მოგვცეს ერთიანობის მისაბაძი მაგალითი, როდესაც ხელისუფლების დაუნდობელ ძალადობას თუ უსამართლო პროპაგანდას უპირისპირდებოდნენ მხოლოდ ერთიანობით, სიმტკიცითა და სიმშვიდით. მათ მოგვცეს შეუპოვრობისა და ბრძოლის მაგალითი და დაგვიბრუნეს გამარჯვების ურყევი რწმენა. მადლობა ქართველ ახალგაზრდებს ამისთვის – მეამაყებით და მეიმედებით, საქართველოს მომავალი თქვენია!

ჩვენ გვაქვს ერთი ქვეყანა. ერთი საქართველო. ერთი სახელმწიფო. და დღეს – ერთადერთი მიზანია – გადავარჩინოთ ქვეყნის ევროპული მომავალი და ამით, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა.

ჩვენი ვალია, გვერდზე გადავდოთ ყველა განსხვავება და გავერთიანდეთ ამ საერთო უზენაესი მიზნის ირგვლივ.

თუ სხვა პარტიები ამ ეტაპზე ვერ ერთიანდებიან, გავერთიანდეთ პოლიტიკოსებთან, საზოგადოებრივად აქტიურ პირებთან, სამოქალაქო ორგანიზაციებთან, და რაც მთავარია – ახალგაზრდებთან, რომლებმაც ყველაზე კარგად დაგვანახეს ერთიანობის ძალა და ამით სხვებსაც მივცეთ ბიძგი ერთიანობისკენ”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავამ პლატფორმის ახალი წევრები წარადგინა:

„მინდა სცენაზე ვთხოვო პროფესორ გია ჯაფარიძეს, ყოფილ ელჩს, ახალგაზრდებისთვის საყვარელ ლექტორს, ჩემთვის კი უბრალოდ დიდი ხნის მეგობარს, ადამიანს, რომლისთვისაც მთავარი ღირებულებებია.

ასევე მინდა სცენაზე ვთხოვო სოფო ჯაფარიძეს, პრეზიდენტ სააკაშვილის პირად წარმომადგენელს, რომელიც მთელმა ქვეყანამ ჯერ კიდევ კოვიდ პანდემიის დროს გაიცნო, როდესაც მისმა შექმნილმა სამედიცინო პლატფორმამ გადაარჩინა უამრავი ადამიანის სიცოცხლე.

მინდა სცენაზე ვთხოვო ლაშა ბაქრაძეს, მწერალს, მსახიობს, რეჟისორს და ადამიანს, რომელსაც დიდი წვლილი აქვს ქართული კულტურის გადარჩენისა და განვითარების საქმეში. მჯერა, სწორედ თქვენი ძალისხმევით, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული იდენტობის დაცვით საქართველო ევროპის ღირსეული და ამაყი წევრი გახდება.

გთხოვთ მიესალმოთ ანა მოსაშვილს, რომელიც აქტიურად იყო ჩართული საპროტესტო მოძრაობაში, მაგრამ ის მე რამდენიმე დღის წინ ჩატარებული ახალგაზრდული ფორუმის მზადების პროცესში თავიდან აღმოვაჩინე. ანასნაირი მშრომელი და პატრიოტი ახალგაზრდებისაა ჩვენი ქვეყნის მომავალი და ამიტომ, თქვენ ყველაზე აქტიურად უნდა ჩაერთოთ ამ ნათელი მომავლის შენების საქმეში.

მინდა, სცენაზე ვთხოვო თამარ კორძაიას, ჩემს მეგობარს, ბევრი ახალგაზრდის საყვარელ ლექტორს, ადამიანის უფლებათა დამცველს, რომელიც თავისი კომპეტენციით და ღირებულებებით გამოირჩეოდა ყოველთვის.

გთხოვთ, მიესალმოთ არმაზ ახვლედიანს, რომლისთვისაც ადამიანია მთავარი ღირებულება. 1999 წელს პოლიტიკური სკოლის დაფუძნების დღიდან დღემდე ყოველთვის იბრძოდა დემოკრატიისთვის, რომელიც მოქალაქიდან იწყება და მოქალაქეს ემსახურება. მიხარია, რომ გვიერთდებით, ბატონო არმაზ.

გთხოვთ, მიესალმოთ გამორჩეულ ახალგაზრდებს, ირაკლი ფავლენიშვილს და ლაშა დიაროვს, რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტში თქვენ ყველას ბრძოლის მაგალითი გვიჩვენეთ და ახლა ეს ბრძოლა საერთო ძალებით გამარჯვებამდე უნდა მივიყვანოთ.

და ბოლოს, მინდა სცენაზე ვთხოვო გიორგი ვაშაძეს, “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარეს და დიდ მამოძრავებელ ძალას ერთიანობისთვის. ერთიანობას არ აქვს ალტერნატივა. ერთიანობით გავიმარჯვებთ. ერთიანობით გაიმარჯვებს საქართველო. და ამ გამარჯვების სტარტი არის დღეს, აქ, თქვენთან ერთად!”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ახალი პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ დაფუძნდა. პლატფორმის პრეზენტაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ გახსნა და გუნდის წევრები წარადგინა: გიორგი ვაშაძე, გია ჯაფარიძე, სოფო ჯაფარიძე, ლაშა ბაქრაძე, ანა მოსაშვილი, თამარ კორძაია, არმაზ ახვლედიანი, ირაკლი ფავლენიშვილი და ლაშა დიაროვი. „ერთიანობის“ საარჩევნო ნომერი – 5 იქნება.