26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება

12
spot_img

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება. არჩევნების დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტი საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა.

26 ოქტომბერს ამომრჩევლები ოთხი წლის ვადით საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ.

როგორც დღეს ცესკოში გამართულ ბრიფინგზე ცესკო პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა პირველად საქართველოს არჩევნების ისტორიაში, 26 ოქტომბერს საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ საარჩევნო ტექნოლოგიებს ყველაზე დიდი მასშტაბით გამოიყენებს და ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონული საშუალებების – ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით მისცემს. სულ გაიხსნება 3030 საარჩევნო უბანი, მათ შორის 2262 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 768 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება.

საარჩევნო ადმინისტრაცია, რა თქმა უნდა, მზად არის და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესი კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე წარიმართოს, რისთვისაც მზადება წელიწადზე მეტია დაწყებულია. დღეიდან კი ოფიციალურად დაიწყო არჩევნების ორგანიზებისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი საარჩევნო პროცედურების განხორციელება. დღესვე გაიმართა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) სხდომა.

დღევანდელ სხდომაზე ცესკომ განკარგულებით სამტრედიის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნებიც დაინიშნა, რომელიც
პარლამენტის არჩევნებთან ერთად 26 ოქტომბერს გაიმართება.

დღესვე ცესკომ მიიღო განკარგულება საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსის წესის, პირობების, ვადებისა და არჩევის წესის განსაზღვრის, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევი კონკურსების გამოცხადებისა და სამდივნოს შექმნის შესახებ.

ცესკომ ასევე მიიღო განკარგულებები როგორც საქართველოს პარლამენტის, ისე საკრებულოების შუალედური არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკების დადგენის თაობაზე.

დღევანდელ სხდომაზე მიღებული სამართლებრივი აქტები განთავსებულია ცესკოს ვებგვერდზე და დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა, დეტალურად გაეცნონ აღნიშნულ ინფორმაციას.

აქვე შეგახსენებთ, რომ დღეიდან დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია და საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებში მთელი რიგი რეგულაციები ამოქმედდა, რომელთა დაცვაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია საარჩევნო პროცესის დემოკრატიულად წარმართვისთვის. ამასთან, გვინდა აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია შეიქმნას დოკუმენტი, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების ირგვლივ გააერთიანებს არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს და პოლიტიკურ პარტიებს სთავაზობს 2024 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის ქცევის კოდექსის გაფორმებას. პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსის პროექტი, რომელიც ეფუძნება 2024 წელს ევროპის პარლამენტის არჩევნებზე გამოყენებული დოკუმენტის ძირითად პრინციპებს, საარჩევნო ადმინისტრაციამ შეიმუშავა და გაუგზავნა პოლიტიკურ პარტიებს მოსაზრებების წარმოდგენის მიზნით. კოდექსზე ხელმოწერა საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცედურების დასრულების შემდეგ იგეგმება.

არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარება საარჩევნო ადმინისტრაციის უმთავრესი მიზანია და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ადმინისტრაციის ყველა გადაწყვეტილება თუ ქმედება. მაგრამ აქვე გვინდა მოვუწოდოთ არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას, ამომრჩევლებს აქტიურად ჩაერთონ საარჩევნო პროცესებში, რადგან არჩევნები საერთო საქმეა.