26 ოქტომბერს ქართველი ხალხი არჩევანს გააკეთებს ევროპულ მომავალსა და რუსულ წარსულს შორის – სალომე ზურაბიშვილი

6
spot_img

26 ოქტომბერს ქართველი ხალხი არჩევანს გააკეთებს ევროპულ მომავალსა და რუსულ წარსულს შორის. ეს არის პრაქტიკულად რეფერენდუმი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან პირისპირ გამართული შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოსა და ქართველ ხალხს სჭირდება თავისი ევროპელი პარტნიორების მორალური მხარდაჭერა და ასევე სჭირდება დამკვირვებლების ჩამოსვლა, რათა არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ, სამართლიან და რაც მთავარია, მშვიდობიან გარემოში.

„უნდა ითქვას, რომ საქართველოში არსებული ვითარება და საქართველოს მომავალი ევროპის რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რაც დღეს ძალიან კარგად გამოჩნდა.

როგორც აღვნიშნე, დღეს საქართველოსა და მისი მომავლისთვის გარდამტეხი პერიოდია. საქართველო ისტორიული არჩევნებისთვის ემზადება. 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი არჩევანს გააკეთებს ევროპულ მომავალსა და რუსულ წარსულს შორის. ეს არის პრაქტიკულად რეფერენდუმი და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობა, როგორც წარსულში (ყველა იმ მომენტში, როცა გადამწყვეტი არჩევანი იყო გასაკეთებელი) გააკეთებს საკუთარ არჩევანს მშვიდობიანი და ევროპული დამოუკიდებელი მომავლის სასარგებლოდ.

ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მომენტში, საქართველოსა და ქართველ ხალხს სჭირდება თავისი ევროპელი პარტნიორების მორალური მხარდაჭერა. სჭირდება დამკვირვებლების ჩამოსვლა, რათა არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ, სამართლიან და რაც მთავარია, მშვიდობიან გარემოში.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობის არჩევანი ორიენტირებული იქნება თავისი ევროპული მომავლისკენ და ევროპულ გზაზე დაბრუნებისკენ, რაც დღეს გაყინული და შეჩერებულია.

ბატონ პრეზიდენტთან ძალიან დიდი იმედი გამოვთქვი, რომ საქართველო არამხოლოდ დაუბრუნდება ამ გზას, ძალიან სწრაფად შეუდგება ყველა საჭირო გადაწყვეტილებების მიღების გზას, რათა ევროპის გზაზე დავიბრუნოთ ის ადგილი, რომელიც გაწევრიანების მოლაპარაკებებს გაგვიხსნის, არამედ, ეს მოხდება სწორედ პოლონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში, რომელიც მომავალი წლის იანვარში იწყება და მომავალი წლის ივნისის ბოლომდე გასტანს. ეს ის პერიოდია, როცა ჩვენ უნდა მივიღოთ ყველა ის კანონი და ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც მიგვიყვანს სწორედ ევროკავშირის კარამდე. თუ ჩვენ ეს გზა სწრაფად გავიარეთ, ვიცი, რომ პოლონეთი ჩვენს გვერდით იქნება, როგორც აქამდე, ყველა ჩვენი ევროპული ნაბიჯის დროს და იქაც, პოლონეთის თავმჯდომარეობა ჩვენი მხარდამჭერი იქნება.

კიდევ ერთხელ, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს ამ ვიზიტისთვის, ფორუმში ჩემი მონაწილეობისთვის, რომელიც ჩვენთვის სწორედ დღეს, ამ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მჭიდრო კავშირი გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.