,26 ოქტომბერს ხალხმა უნდა აირჩიოს ომი ან მშვიდობა! ” -ირაკლი ღარიბაშვილი

12
spot_img

კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

„მოგესალმებით მეგობრებო, თანამებრძოლებო. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მივესალმები სამცხე-ჯავახეთს, ჩვენს ღირსეულ და ძლიერ ხალხს. დიდი მადლობა ნდობისთვის და ერთგულებისთვის მეგობრებო!

დღეს, 12 წლის შემდეგ, ყველას კარგად გვახსოვს რა ხდებოდა 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, როგორ ჩაგრავდა ჩვენს ხალხს ბოროტი ძალა, არ არსებობდა თავისუფლება, გამეფებული იყო გახსოვთ შიში, ტერორი, უსამართლობა, არ არსებობდა თავისუფალი მედია, ბიზნესი მუდმივი რეკეტისა და ტერორის ქვეშ იმყოფებოდა, მხოლოდ მჩაგვრელი მმართველი ელიტა ცხოვრობდა კარგად, გახსოვთ თქვენ, მხოლოდ ისინი გადაადგილდებოდნენ თავისუფლად, ხალხისთვის კი დაკეტილი იყო რა თქმა უნდა, საზღვრები, დაკეტილი იყო სავაჭრო ბაზრებიც, იყო სრული ნიჰილიზმი და გაურკვევლობა. 1 ოქტომბრის ისტორიული გამარჯვებიდან რამდენიმე წელში ჩვენი პარტიის დამფუძნებლის ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ჩვენმა გუნდმა – „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანას მოუტანა უამრავი ხელშესახები პროგრესი ყველა სფეროში, ბიუჯეტი და ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა, უმუშევრობა და სიღარიბე ისტორიულ მინიმუმზეა ჩამოსული, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან შეიქმნა 200 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი, გაიხსნა ქვეყნის საზღვრები, ჩვენი მოქალაქეები უვიზოდ მოგზაურობენ ევროპაში, ჩინეთში, რუსეთში, გავხსენით უზარმაზარი სავაჭრო ბაზრები, ევროკავშირის ბაზარი, სადაც ჩვენს ხალხს შეუძლია ყოველგვარი გადასახადების გარეშე შეიტანონ და გაყიდონ წარმოებული პროდუქცია, გავხსენით უზარმაზარი ჩინეთის ბაზარი, რუსეთის ბაზარი, დღეს სრული თავისუფლება აქვს ხალხს, როგორც გადაადგილების, ისე ვაჭრობის, მეწარმეობის, საკუთარი ნიჭისა რეალიზების და ქვეყანა, მეგობრებო, 12 წელში გახდა ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფო. ამ დროს იზრდება და ვითარდება ყველა სექტორი, რაც მთავარია ქვეყანაში დაისადგურა უპრეცედენტო უწყვეტმა მშვიდობამ, და დღეს ხალხმა იცის რომ ჰყავს ისეთი ხელისუფლება, რომლის მმართველობის პირობებშიც ქვეყანა და ხალხი დაცულია ყველაზე დიდი უბედურებისგან – ომისგან და ხალხმა იცის რომ სანამ ბიძინა ივანიშვილია ხელისუფლებაში ქვეყანაში ომი არ მოხდება! და ხალხმა თქვენ იცით, რომ ყველა უბედურებასთან ერთად, რაც სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა მათი მმართველობის დროს ქვეყანაში მოხდა ომი, იყო მუდმივი ქაოსი, არეულობა, ჩაგვრა, უსამართლობა. და ყველას გახსოვთ ხალხო, რომ რუსეთის ჯარმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორია დატოვა 2007 წელს, მაგრამ რამდენიმე თვეში გამყიდველმა სააკაშვილმა და მისმა კრიმინალურმა ბანდამ, მოღალატე ხელისუფლებამ დააბრუნა რუსეთის ჯარი საქართველოში, მათ შეგნებულად არ ააცილეს ომი ხალხს, ჩააბარეს ტერიტორიები, დაუკანონეს ოკუპაცია, გადასცეს 100-ზე მეტი სოფელი, კოდორის ხეობა და ომის შემდეგ ცხოვრება გააგრძელეს თითქოს არაფერი არ მომხდარა, ხალხს კი კიდევ უფრო უარესად დაუწყეს ჩაგვრა. და დღეს ეს უბედურება ძვირფასო მეგობრებო, ეს ბოროტი ძალა, კვლავ აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დასაბრუნებლად. იცით, რომ შექმნილი აქვთ სატელიტი პარტიები და ახალი კოალიციები რითაც ცდილობენ ჩვენი ხალხის მოტყუებას, თითქოს ისინი სხვა პარტიები არიან, ამ დროს შეხედეთ მათ, შეხედეთ მათ სახეებს, ერთმანეთში არიან აღრეულები, ძველი და ახალი წევრები, ყველანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მოკავშირეები არიან. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ისინი არიან მათი მსახურები. ესენი არიან თანამედროვე ფაშისტები, ხალხის მჩაგვრელები და ქვეყნის ინტერესების გამყიდველები და წარმოიდგინეთ, რომ ეს ხალხი ყოფილიყო ხელისუფლებაში 2 წლის წინ, როცა რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, გარანტირებულად აქ იქნებოდა მეორე პოლიგონი და დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა! ყველას კარგად გვახსოვს, რომ ეს ხალხი ითხოვდა სანქციების დაწესებას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ჩვენი ხალხის გაგზავნას უკრაინაში საომრად, ბომბების ცვენას თბილისის თავზე, ეს ხალხი მტრობს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს და ჩვენ კარგად ვიცით, რომ მათ არ ადარდებთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ბედი, მათ მხოლოდ საკუთარი ინტერესები და კეთილდღეობა ადარდებთ. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ესენი წამში გაყიდიან ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ოღონდ თვითონ იყვნენ კარგად. შეხედეთ სააკაშვილის ამ კრიმინალური ბანდის წევრებს, გვარამიას, მელიას, ხაზარაძეს, მათ ენჯეოებს, ამ აგენტურას, კითხვა მინდა დავსვა-ვინ დაიცავს ჩვენს ქვეყანას ომისგან და ვინ დაიცავს ხალხს? გვარამია, რომელიც სააკაშვილის სისხლიანი პროკურორი იყო და ათასობით ჩვენი თანამოქალაქე გაამწარა და გააუბედურა, თუ ეს ლუზერი მელია, თუ მოღალატე გახარია რომელმაც პირველ რიგში ქვეყანას უღალატა და კრიზისულ სიტუაციაში მიატოვა და გაიქცა, გაწირა ჩვენი ქვეყანა და გუნდი, თუ ეს სექტანტი გირჩი ჯაფარიძე, რომელიც გახსოვთ თქვენ კარგად, საოკუპაციო ხაზთან სამარცხვინოდ პოზიორობდა, თუ ეს ცნობილი თაღლითი ხაზარაძე რომელმაც ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს წაართვა სახლები, ჩვენს ხალხს ახრჩობდა მაღალი პროცენტებით და პირდაპირი მნიშვნელობით, მე გავიმეორებ, მოროდიორობდა სააკაშვილის დროს და რეპრესირებულ-დარეკეტებულ ბიზნესს ძარცვავდა და იფორმებდა. აქვე მინდა შეგახსენოთ ჩემო ძვირფასო მეგობრებო, რომ სწორედ ეს კაცი იყო ხაზარაძე, რომელმაც ვერ ააშენა ანაკლიის პორტი, ჩვენი მთავრობა რამდენიმე წელი, 4 თუ 5 წელი ელოდა რომ მას მოეზიდა ინვესტიციები, მაგრამ უშედეგოდ. ამის შემდეგ თვითონ წავიდა და უჩივლა საკუთარ ქვეყანას საერთაშორისო სასამართლოში და ითხოვდა მილიარდ ხუთას მილიონ დოლარს, და დღეს ეს კაცი, მას შემდეგ, რაც მან საბოლოოდ სამართლიანად წააგო სასამართლოში, დადის და ისევ ატყუებს ხალხს.

მეგობრებო, მე აღარ გავაგრძელებ ამ სიის ჩამოთვლას, კიდევ ერთს დავამატებდი, რომ კიდევ ერთი თვალსაჩინო აი ამ პირდაპირ ვიტყოდი მოღალატეთა შორის არის ჯერ კიდევ პრეზიდენტის პოსტზე მომუშავე ქალბატონი ზურაბიშვილი, რომელმაც ასევე გიღალატათ თქვენ, უღალატა ჩვენს ხალხს, უღალატა ჩვენს ქვეყანას და ჩვენს გუნდს, ვინც იგი მოიყვანა პრეზიდენტის თანამდებობაზე.

მეგობრებო, მე კიდევ ერთს ვიტყოდი, რომ ხელისუფლებაში რომ არ მოსულიყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა, 2012 წლის 1 ოქტომბერს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა გადაარჩინა! მაგრამ ნუ დაგვავიწყდება რომ ის ბოროტი ხალხი, ვისგანაც ქვეყანა დაღუპვას გადაარჩინა, საუბედუროდ ჯერ კიდევ პოლიტიკაში რჩებიან და ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას და დაუნდობელ რევანშს, ამიტომ 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა დავდგეთ მტკიცედ ისე როგორც ეს გავაკეთეთ 1 ოქტომბერს და ქვეყანა კიდევ ერთხელ უნდა გადავარჩინოთ!

26 ოქტომბერს ხალხმა უნდა აირჩიოს ომი ან მშვიდობა! თუ ავირჩევთ „ქართულ ოცნებას“ გვექნება გარანტირებული მშვიდობა! და გვექნება ყველა ის სიკეთე რაც მოაქვს მშვიდობას და თავისუფლებას, კეთილდღეობა, ღირსეული ევროპული მომავალი. ხოლო თუ ავირჩევთ ამ ომის პარტიას, კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას და მათ სატელიტებს და კოალიციებს, აგენტურას და ენჯეოებს, გვექნება გარანტირებული ომი! გვექნება ქაოსი, ნგრევა, უბედურება და უპერსპექტივობა! მაგრამ ჩვენი ხალხი ბრძენია მეგობრებო და 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს მშვიდობა და გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.