26 ოქტომბერს, დღის წესრიგში არა პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის, არამედ საქართველოს ყოფნა-არ ყოფნის საკითხი დგას! -ბიძინა ივანიშვილი

9
spot_img

26 ოქტომბერს, დღის წესრიგში არა პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის, არამედ საქართველოს ყოფნა-არ ყოფნის საკითხი დგას! – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ერთიანობის უპრეცედენტო მაგალითი და 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქუდზე კაცი გამოვიდეთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

მისი თქმით, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს.

„ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო, რომ ამ ბეწვის ხიდზე საქართველო და ჩვენი მოსახლეობა გამარჯვებით, 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობით ეტარებინა, და ახლა, როცა ამ რთული გზის ბოლო მონაკვეთს გავდივართ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ერთიანობის უპრეცედენტო მაგალითი და 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქუდზე-კაცი გამოვიდეთ, რათა ვერავინ ვერასდროს გაბედოს, რომ იოტისოდენა ეჭვი მაინც შეიტანოს „ქართული ოცნებისადმი“ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერაში. ვერავინ შეიტანოს მცირეოდენი ეჭვი იმაში, რომ საქართველოს მოსახლეობა ირჩევს არა ომს – არამედ მშვიდობას; არა უცხო ქვეყნის აგენტებს, არამედ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველ გუნდს; არა ფსევდო-ლიბერალურ ღირებულებებს, არამედ ეროვნულობაზე, ოჯახზე, რწმენასა და დამოუკიდებლობაზე დაფუძნებულ ფასეულობებს; არა იმ კატეგორიულად მიუღებელ მოცემულობას, რაც რადიკალურ ოპოზიციას და უცხოელ აქტორებს ევროპულობად სურთ რომ გაასაღონ, არამედ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ ევროპულ მომავალს!

ამიტომაც, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის, რომ:

ჯერ არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს, ხოლო შემდეგ კანონის მთელი სიმკაცრით გასამართლდეს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რეჟიმი, რომელმაც საკუთარ მოსახლეობას ტერორი, მკვლელობა, წამება არ აკმარა და ომის ქარ-ცეცხლი დაატეხა თავს;

იმისთვის, რომ საქართველოს – ჩვენი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავდეს და არა უცხო ძალების აგენტებით დაკომპლექტებული კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“;

იმისთვის, რომ ერთად ავისრულოთ დიდი ხნის ნატვრა და მშვიდობის გზით, შერიგებისა და ურთიერთშენდობის საფუძველზე, კვლავაც გაერთიანებული ვიხილოთ ჩვენი სამშობლო;

იმისთვის, რომ სამუდამოდ დავასრულოთ ოჯახის, ეროვნულობის, რწმენის შეურაცხყოფის და დაკნინების მუდმივი მცდელობები და მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობის, მისი გაძლიერების და დაცვის მიზნით, კონსტიტუციაში ავსახოთ მართლმადიდებლური ეკლესიის, როგორც საქართველოს სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის როლი!

ასე რომ, 26 ოქტომბერს, დღის წესრიგში არა პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის, არამედ საქართველოს ყოფნა – არ ყოფნის საკითხი დგას!

უფლისა და სამშობლოს წინაშე ვალდებულნი ვართ, რომ ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას დამოუკიდებელი და მშვიდობიანი საქართველო დავუტოვოთ, ამიტომაც, 26 ოქტომბერს კვლავ უნდა გავერთიანდეთ და გავიმარჯვოთ!

ჩვენი ერთადერთი გზა არის მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ! გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ და გაბრწყინებულ საქართველოს!,“ – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.