26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს

0
spot_img

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს.

ეროვნული დღესასწაული დედაქალაქსა და მთელ ქვეყანაში სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღინიშნება.

სადღესასწაულო ღონისძიებების პროგრამას მთავრობის ადმინისტრაცია აქვეყნებს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თბილისში ათონელის, ფურცელაძის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე ალექსანდრეს ბაღში, საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, მრავალფეროვანი კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნება.

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს 21 ქალაქში გაიმართება. წელს ეროვნულ დღესასწაულზე სამხედრო ფიცს 700-მდე წვევამდელი დადებს, რის შემდეგაც ისინი თავდაცვის ძალების რიგებში ოფიციალურად ჩაირიცხებიან. ფიცის დადების ცერემონია დედაქალაქის გარდა, კიდევ 5 ისტორიულ ადგილას გაიმართება.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, 17:10 საათზე საქართველოს ჰიმნი გაჟღერდება.

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ზუსტად 1918 წლის 26 მაისს მიიღო. 26 მაისს ქვეყანა 1991 წლიდან აღნიშნავს და ამით 1918 წლის უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს იხსენებს – საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებას. ეროვნული საბჭოს მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას მოგვიანებით წითელი არმიის შემოჭრა და ქვეყნის ანექსია მოჰყვა. მთავრობა და დამფუძნებელი კრების წევრთა უმრავლესობა კი, ემიგრაციაში წავიდა.