26 მაისი ჩვენია! საქართველოს ყველა მოქალაქე ჩავიბარებთ 26 მაისს -სალომე ზურაბიშვილი

4
spot_img

გუშინ მქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, ჩავიბაროთ 26 მაისი, ჩვენ გადავარჩენთ დამოუკიდებლობას, გადავარჩენთ ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 26 მაისი არის სიმბოლო დამოუკიდებლობის და დღეს საქართველოში დამოუკიდებლობა გადასარჩენია.

„ჩვენი წინააღმდეგობის პლატფორმის დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ის საზარელი სურათი, რაც არის ქვეყანაში – თავდასხმები ახალგაზრდა გოგოებზე, ციხეში გარდაცვლილი პატიმარი, რომელსაც 30 დაზიანება დაუფიქსირდა „ვივამედის“ ოფიციალურ დოკუმენტში. ჩვენ, არ შეიძლება, გვქონდეს რამე იმედი ან გამოძიების, ან სასამართლოსი. ეს არის ის, რაც ამ ქვეყანაში სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს, რომ დავიბრუნოთ სახელმწიფო უწყებები, რომლებიც ჩაატარებენ გამოძიებას და დავიბრუნოთ სასამართლო. ამ დროს ჩვენ მოგვეწია „მეგობარი აქტის“ მიღება ამერიკაში, რაც არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი.

არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ, ყველანი, ერთად ვიყოთ 9 მაისს, რომელიც არის ევროპის დღე და რომელიც არის პასუხი ამ ქვეყნის რუსიფიკაციაზე. ჩვენ 9 მაისს უნდა გამოვიდეთ და დავუპირისპიროთ ევროპა ამ რუსიფიკაციას, დავუპირისპიროთ ვიზალიბერალიზაცია, რომელსაც თუ რამე მოუვიდა, ჩვენ დავიბრუნებთ. რაც მთავარია, გუშინ მქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, ჩავიბაროთ 26 მაისი. ჩავიბაროთ 26 მაისი ნიშნავს, რომ ყველანი ერთად – პარტიები, საზოგადოება, არასამთავრობოები, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლები, ბიზნესი იქნება თუ კულტურა. ყველა ერთად, საქართველოს მოქალაქეები ჩავიბარებთ 26 მაისს, რადგან 26 მაისი ჩვენია. 26 მაისი არის სიმბოლო დამოუკიდებლობის და დღეს საქართველოში დამოუკიდებლობა გადასარჩენია და ჩვენ გადავარჩენთ დამოუკიდებლობას, გადავარჩენთ ქვეყანას. ამისთვის ყველანი ერთად, ჯერ 9 მაისს, შემდეგ ყველანი ერთად, მთელი ქვეყანა, სრულიად საქართველო, ერთად 26 მაისს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.