რა ბზარებია პუტინის ძალაუფლების ვერტიკალში – უცხოური პრესა

109
spot_img

ამერიკულმა სამაუწყებლო კომპანიამ Voice of America-მ („ამერიკის ხმა“ – აფინანსებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, რედაქცია – ვაშინგტონში) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია „ბზარები პუტინის ძალაუფლების ვერტიკალში“, რომელშიც გაანალიზებულია რუსული კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერ-ჯგუფის“ ანტისამთავრობო ამბოხების შედეგები, მოცემულია აგრეთვე ექსპერტების კომენტარები და პროგნოზები.

გთავაზობთ პუბლიკაციას სრული სახით:

ევგენი პრიგოჟინის და მისი სამხედრო დაჯგუფება “ვაგნერის” ხანმოკლე ამბოხს მოჰყვა განხილვები იმაზე, თუ რამ განაპირობა პუტინის ყოფილი ახლო მოკავშირის მიერ საკუთარი კერძო ჯარის მოსკოვისკენ მიმართვა.

„ევგენი პრიგოჟინს ან დახვრეტა ან ციხეში წასვლა ემუქრებოდა. ამიტომ მან, როგორც ჯარისკაცმა, კამათელი გააგორა და გადაწყვიტა ვა-ბანკზე წასულიყო“, – ამბობს ლეონ არონი, “ამერიკის წამოწყებათა ინსტიტუტის” უფროსი მკვლევარი, „ამერიკის ხმასთან“ საუბარში.

ევგენი პრიგოჟინმა წინააღმდეგობის გარეშე თითქმის მოსკოვამდე მიაღწია. თავდაპირველად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამბოხი 1917 წლის ბოლშევიკურ რევოლუციას შეადარა, თუმცა მალევე პოზიცია შეცვალა და პრიგოჟინთან 24 ივნისს შეთანხმებას მიაღწია. პრიგოჟინის ამბოხი “აჩვენებს ბზარებს პუტინის ძალაუფლების ვერტიკალში”, – ამბობს მარია სნეგოვაია, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ევრაზიის მიმართულების ხელმძღვანელი.

„ძალაუფლების ვერტიკალი მან 1990-იანი წლების არასტაბილურობის საპირწონედ ააშენა, როცა კრიმინალები დათარეშობდნენ… და მთავრობას ემუქრებოდნენ. ახლა, ამ ფონზე, ისმის კითხვა, თუ რა განსხვავებაა 1990-იანების რუსეთსა და 2023 წლის რუსეთს შორის“, – დასძენს მარია სნეგოვაია.

ამბოხის შეწყვეტის სანაცვლოდ დადებული შეთანხმების თანახმად, ევგენი პრიგოჟინი და მისი “ვაგნერის” ჯგუფი ბელარუსში გადადიან. ამავე შეთანხმების ნაწილი იყო პრიგოჟინის წინააღმდეგ კრიმინალურ საქმის შეწყვეტა, რაც კრემლმა მალევე უკან წაიღო და გამოძიების გაგრძელებასთან ერთად მისი შემოსავლების მოკვლევა დაიწყო.

ექსპერტების აზრით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ის გზავნილია, რომელიც რუსმა ჯარისკაცებმა ამბოხის შედეგად მიიღეს.

„ისინი ხედავენ, როგორი სისხლიანი და უაზრო ომია ეს ომი და როგორი არაეფექტური და კორუმპირებულია ის. მომხდარმა მათ შესაძლოა გარკვეული იდეებიც მისცეს, რომ თუ გაქვს საკმარისი შეიარაღება, შეგიძლია ერთ მილიონიანი ქალაქის ოკუპაცია მოახდინო და მოსკოვამდეც ჩახვიდე. რუსეთის ელიტაში ბევრი სასოწარკვეთილი და გაბრაზებული ადამიანია… და როცა სისხლი იღვრება, ზვიგენები იქვე ჩნდებიან“, – აცხადებს მარია სნეგოვაია.

სამხედრო აჯანყების მიმდინარეობისას, რუსეთის ხელისუფლების ტრადიციული შიდა მოკავშირეები და ელიტის წარმომადგენლები დიდი ხნის განმავლობაში დუმდნენ.

„ბევრი [რუსეთს ელიტაში] უბრალოდ იჯდა და ელოდებოდა რა მოხდებოდა. ეს ნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინის მიმართ მხარდაჭერა ძალიან სუსტია”, – ამბობს კურტ ვოლკერი, ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსი მკვლევარი და აშშ-ის ყოფილი წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინს მოუწევს იმოქმედოს.

“მე ვერ ვხედავ როგორ შეიძლება დარჩეს ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში ისე, რომ ევგენი პრიგოჟინს ეს აპატიოს და თავისუფალი დატოვოს. ამიტომ ბევრ რამეს ვიხილავთ. ვფიქრობ რეჟიმი „ვაგნერის“ ყოფილი ხელმძღვანელის მოკვლას ეცდება და ეს თვითონ ევგენი პრიგოჟინმა იცის“, – ამბობს კურტ ვოლკერი.

62 წლის ევგენი პრიგოჟინის „ვაგნერმა“ უკრაინაში 16-თვიანი ომის ყველაზე რთულ და სისხლიან ბრძოლებში მიიღეს მონაწილეობა.

„მისი ჯარი ყველაზე კარგად გაწვრთნილი, გამოცდილი და შეიარაღებულია. ფაქტია, რომ დღეს ის ალტერნატიული ძალაუფლების ცენტრს წარმოადგენს, სამწუხაროდ არა მშვიდობიან, დემოკრატიულ, ლამაზ რუსეთს, არამედ ძალიან ძალადობრივ, ნაციონალისტურ, დაუნდობელ და შეიძლება იმაზე უფრო მახინჯ რუსეთს, ვიდრე რუსეთი დღესაა“, – ამბობს მარია სნეგოვაია.

მიმომხილველების უმრავლესობა თანხმდება, რომ „ვაგნერის“ მოსკოვისკენ მარშმა და როსტოვის დაკავებამ, რუსეთის ლიდერის ხელისუფლების სისუსტეები აჩვენა. რას ნიშნავს მომხდარი ვლადიმერ პუტინისთვის?

„ვნახეთ, რომ ვლადიმირ პუტინი უფრო მეტად სუსტია ვიდრე დასავლეთში ფიქრობდნენ. ის თუ როგორ მიიღეს “ვაგნერის” ლიდერი ევგენი პრიგოჟინი რუსეთში, მათ შორის ორ სამხედრო ბაზაზე და ორ ქალაქში, აჩვენებს, რომ ის პოპულარულია და იმას, რომ რუსებს არ მოსწონთ როგორ მართავს პუტინი სიტუაციას”, – ამბობს კურტ ვოლკერი.

ევგენი პრიგოჟინი თავდაპირველად ვლადიმერ პუტინს არ აკრიტიკებდა და მხოლოდ რუსეთს სამხედრო ხელისუფლების მოქმედებებს გმობდა ომის არასწორი წარმართვის გამო. მისი თქმით, “მოსკოვზე მარში” მიზნად ისახავდა კორუმპირებული და არაკომპეტენტური რუსი სამხედრო ხელმძღვანელობის შეცვლას. ექსპერტთა ნაწილი ამბობს, რომ ევგენი პრიგოჟინის კრიტიკა სამხედრო ხელმძღვანელობის მიმართ ხაზს უსვამს, რუსეთის ელიტის შიგნით ძალაუფლებისთვის ბრძოლის ერთ ასპექტს.

„ნებისმიერი გამოწვევა პუტინისთვის პოტენციურად კარგია, რადგან ის არყევს სტაბილურობაზე წარმოდგენას და მისი დაუძლევლობის ხატს“, – ამბობს მარია სნეგოვაია.

ჯერ-ჯერობით უცნობია, ვიხილავთ თუ არა ცვლილებებს რუსეთის თავდაცვის სისტემაში და დარჩებიან თუ არა პოსტებზე თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი.

საერთაშორისო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში შესაძლოა გენერალი სერგეი სუროვიკინი დააკავეს, რომელიც უკრაინის ომს გარკვეულ ეტაპზე ედგა სათავეში და ასევე ხელმძღვანელობდა რუსეთის კამპანიას სირიაში. უცნობია რა როლი ჰქონდა მას ამბოხში და ასევე უცნობია, რა ელის თავად პრიგოჟინს.
„მე გამიკვირდება თუ ის დიდხანს იცოცხლებს. ვლადიმერ პუტინი არასდროს პატიობს მოღალატეებს. მან ასეთი რეპუტაცია შეიქმნა. იქნება ეს „ნოვიჩოკი“ თუ სხვა რამ, ან თუ უცებ პრიგოჟინი ფანჯრიდან გადახტება, სადმე ბელარუსში“, – ამბობს მარია სნეგოვია.

ესპერტების ნაწილი თვლის, რომ პრიგოჟინის ამბოხი რუსეთში ძალაუფლების კრიზისის მხოლოდ დასაწყისი იყო. მარია სნეგოვაიას თქმით, „ჩვენ მხოლოდ პირველი აქტი ვიხილეთ და მეორე აქტსაც სავარაუდოდ მალე ვნახავთ“.

წყარო