მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას, სულიწმიდის გადმოსვლის დღეს აღნიშნავს. ეს ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის და აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. სახარების მიხედვით, ამ დღეს ქრისტეს მოციქულებზე სულიწმიდა ცეცხლის სახით გადმოვიდა და მათ სხვადასხვა ენაზე ქადაგების უნარი მიეცათ, რომ ქრისტიანობა მთელს მსოფლიოში გაევრცელებინათ. სულთმოფენობის ტრადიცია ტაძრების ყვავილებით მორთვაა, იატაკზე კი, ახლად მოთიბულ ბალახს აფენენ. მორწმუნეები ლიტურგიაზეც ყვავილებით მიდიან, რომელსაც შემდეგ მთელი წელი ინახავენ. ტაძრის მწვანით შემოსვის ტრადიციაც ძველი აღთქმიდან მოდის; ებრაელები სჯულის მიღების დღესასწაულზე უფალს მადლობის ნიშნად ტაძარში პირველ ნაყოფს სწირავდნენ. ღვთისმსახურების შემდეგ სპეციალური, სულიწმიდის მოწვევის ლოცვა იკითხება.