210-კილომეტრიანი მოგზაურობა „დედამიწის ყველაზე ლამაზ ადგილზე” – რას წერს „ბი-ბი-სი” საქართველოს შესახებ

17
spot_img

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბი-ბი-სი“-ს (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია (ნარკვევი) სათაურით „210-კილომეტრიანი მოგზაურობა „დედამიწის ყველაზე ლამაზ ადგილზე“ (ავტორი – სუმია გაიატრი, წარმოშობით ინდოელი ჟურნალისტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოს სამხედრო გზა, რომლითაც ვაჭრები და დამპყრობლები უძველესი დროიდან სარგებლობდნენ, ტრადიციულად ადამიანებისათვის იდეების გამტარებელიც იყო.

ჩვენი ავტომანქანა ახლა სამხედრო გზაზე მიჰქრის, 210-კილომეტრიან მარშრუტზე, კავკასიის მთების მიხვეულ-მოხვეულ მაგისტრალზე. ჩვენ გვხვდება დიდებული ხეობები ხმაურიანი მდინარეებით, ლამაზი სოფლები, რომლებიც კლდეების პირას არიან გაშენებულნი. აქა-იქ ჰორიზონტზე ქართული მართლმადიდებელი ეკლესიების მიმზიდველი ცილინდრული გუმბათები მოჩანს, ხოლო ავტობუსის გაჩერებებზე ჯერ კიდევ შემორჩენილია საბჭოური დროის ფერადი მოზაიკა. ერთ-ერთ გაჩერებაზე არსებულ კაფეში მომღიმარე მზარეული ქართული ხინკლით სავსე თეფშს მაწვდის, ქვემოთ კი ცისფრად მოელვარე არაგვი მოჩანს.

„საკვირველია, მაგრამ ფაქტია – საქართველოს ამ ნაწილს ტურისტების მცირე ნაწილი თუ სტუმრობს… არადა, ეს არის დედამიწის ყველაზე ლამაზი და ჩემთვის საყვარელი ადგილი“, –  ამბობს ტაქსის მძღოლი მირიან თაკვარელია, რომელიც ადგილობრივ სამოგზაურო კომპანიას GoTrip Georgia-ს ჰყავს დაქირავებული საქართველოში უცხოელი ტურისტების მრავალდღიანი მოგზაურობისთვის, – „კავკასია რომ შეგიყვარდეს, საკმარისია აქ მხოლოდ ერთხელ ჩამოხვიდე და დაათვალიერო“.

როცა მირიანს ვეკითხები – დიდი ხანია ტურისტები საქართველოს სამხედრო გზის დასათვალიერებლად დაგყავს-მეთთქი, იგი იღიმება: „ძალიან დიდი ხანია, თითქმის 15 თუ 16 წელი“.

შესაძლოა სხვა ქვეყნებში „15 თუ 16 წელი“ არაფერს ნიშნავს, მაგრამ საქართველოში, სამხრეთ კავკასიაში მდებარე ქვეყანაში, ეს პერიოდი რუსეთთან 2008 წლის ხუთდღიანი ომის დასრულებიდან იწყება, რომლმაც თავისი კვალი დაამჩნია სამხედრო გზასაც – საქართველო 1921-1991 წლებში საბჭოთა კავშირის შემადგენელი ნაწილი იყო და გზა, რომელიც ქართულ თბილისს რუსულ ვლადიკავკაზთან აკავშირებდა, ერთადერთ სახმელეთო მარშრუტად ითვლებოდა საქართველოსა და რუსეთს შორის.

კავკასიურ საქართველოს კონფლიქტებისა და ომების დიდი ისტორია აქვს. ეს უძველესი ქვეყანა არაერთხელ ყოფილა რომაელების, ოსმანების, სპარსელებისა და რუსების თავდასხმების მსხვერპლი – თავისი სტრატეგიული მდებარეობის გამო, ევროპასა და აზიას შორის. საქართველოს ტერიტორიაზე, კავკასიონის სამხრეთ ვაკეზე გადიოდა აგრეთვე უძველესი საქარავნო გზა, რომელიც ორ კონტინენტს აერთიანებდა – მას ჯერ კიდევ ბერძენი სტრაბონი უწოდებდა „კავკასიის კარიბჭეს“ (Porta Caucasica) და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა იმპერიებს შორის ჯარების გადასროლაში შემტევითი ოპერაციებისათვის.

მე-18 საუკუნიდან მოყოლებული, როცა რუსეთის იმპერიასა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის გეორგიევსკში ხელშეკრულება დაიდო, რუსებმა „კავკასიის კარიბჭე“ იმ დროისათვის საკმაოდ კეთილმოწყობილ სამხედრო მაგისტრალად გადააქციეს, რომელსაც შესაბამისად მოგვიანებით „საქართველოს სამხედრო გზა“ ეწოდა. ამ გზის მეშვეობით რუსეთის არმიები მე-19 საუკუნეში (კავკასიის ომების პერიოდის ჩათვლით) ებრძოდნენ დაუმორჩილებელ კავკასიის ხალხებს და ადგილობრივ მიურიდებს.

სამხედრო ისტორიის გარდა, კავკასიის კარიბჭეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუქნცია ჰქონდა – ის იყო „აბრეშუმის დიდი გზის“ – ჩინეთისა და ევროპული ხმელთაშუაზღვისპირეთის დამაკავშირებელი ერთ-ერთი განშტოება. აქ გადიოდნენ ქარავნები, რომლებიც დატვირთულნი იყვნენ ჩინური აბრეშუმით, აღმოსავლური სანელებლებით და ძვირფასეულობით, ხოლო ძველი გეოგრაფები სტრაბონი და პლინიუს-უფროსი აღფრთოვანებულნი იყვნენ ამ გზის ბუნებრივი სილამაზით. დრესაც გზა ძალზე აქტიურად მუშაობს, რომლითაც გადაიტანება ყველაფერი – იაფფასიანი [თურქული] პროდუქციიდან დაწყებული, [ქართული ღვინით] და სომხური ყვავილებით დამთავრებული, კავკასიის რეგიონის ფარგლებში.

(პუბლიკაციაში ფართოდა არის გადმოცემული მცხეთის ღირსშესანიშნაობების შესახებ, ხაზგასმულია ქალაქის, როგორც რელიგიური ცენტრის მნიშვნელობა, რომლის ტაძრები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ავტორი ვრცლად საუბრობს სვეტიცხოველის ტაძარზე, ჯვრისა და სამთავროს მონასტრებზე, მირიან მეფეზე და დედოფალ ნანაზე…).

მცხეთის დათვალიერების შემდეგ კავკასიის ქედის სიღრმეში შევდივართ. გზის პირზე რამდენიმე მოზაიკურ პანოს ვხედავ და მძღოლს მანქანას ვაჩერებინებ, რათა ოდესღაც ლამაზი, ახლა კი ფილებაცვენილი კერამიკული ფერადი პანო ვნახო – ლომებით, მითიური ფრინველებით და ზღაპრული არსებებით – წითელი, ლურჯი და ყვითელი ფერებით.

„იცი, საქართველოს სამხედრო გზაზე უამრავი მოზაიკური პანოა, განსაკუთრებით ავტობუსების გაჩერებაზე, თუმცა ქართველები მათ არ სწყალობენ და არ ათვალიერებენ“, – მეუბნბა მირიანი.

სამხედრო გზაზე მდებარე მოზაიკური ძეგლები მეოცე საუკუნის მეორე ნახევარშია შექმნილი. იმ დროს ეს ხელოვნება პოლიტიკური და კულტურული იდეების პროპაგანდისათვის გამოიყენებოდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ საბჭოთა კავშირში, მაგრამ დიდი საბჭოეთის დაშლის შემდეგ, ეს ხელოვნებაც ჩაკვდა. დღეს ქართული მოზაიკური ძეგლების უმეტესობა ან საერთოდ გამქრალია, ან ნანგრევებიღაა დარჩენილი.

იგრძნო რა ჩემი ინტერესი საქართველოს საბჭოური პერიოდის მოზაიკური ხელოვნების მიმართ, მირიან თაკვარელიამ შემომთავაზა მოგვენახულებინა მცხეთასთან ახლოს, კურორტ ცხვარიჭამიაში მდებარე ყოფილი პიონერთა ბანაკი „ცისკარი“, სადაც ჯერ კიდევ ბევრი მსგავსი მოზაიკური ხელოვნების ძეგლია შემორჩენილი. რაც უფრო ვიახლოვდებოდით ყოფილ ბანაკს, გზის პირზე სულ უფრო ბევრი ლამაზი მოზაიკური პანო გვხვდებოდა, რომლებიც ქართულ დღესასწაულებს და ხალხის ცხოვრებას ასახავდა, პიონერის ფორმაში გამოწყობილ ბავშვებს, რომლებიც ყვავილებს აგროვებენ… სამწუხაროდ, თვითონ ბანაკი ცარიელი და მიტოვებულია.

„ემოციები შემოინახეთ – თქვენ ჯერ კიდევ არ გინახავთ საქართველოს მთავარი მოზაიკა“, – მეუბნება მირიანი, რომელსაც მხედველობაში აქვს საქართველო-რუსეთის მეგობრობის ამსახველი მოზაიკური ძეგლი. ჩვენ მივემართებით გუდაურისაკენ, მაგრამ ჯერ ფასანაურში ვჩერდებით, სადაც უგემრიელეს ხინკალს მივირთმევთ. ამბობენ, რომ ფასანაური ხინკლის სამშობლოა – თურმე სწორედ ამ ლამაზ სოფელში მოამზადეს პირველად ხორცისა და ფქვილის ცომის შესანიშნავი საჭმელი.

 „ფასანაურის ხინკალი – ეს არის ცომის, ხორცისა და წვნიანის იდეალური ბალანსი, რომელიც პირში პირდაპირ ფეთქდება და საოცარ გემოს გრძნობ“, – ამბობს მირიანი და ხინკლის ჭამას მასწავლის, – თუ თავს არ დაღუნავ და ხინკალს ისე შეჭამ, წვენი დაიღვრება, რაც დაუშვებელია“.

დღის მეორე ნახევარში სწორედ იმ ცნობილ მოზაიკას ვათვალიერებ – „საქართველო-რუსეთის მეგობრობის ძეგლს“ – ბეტონის კოლოსალურ ნაგებობას, რომელიც თავდაპირველად, ერთი შეხედვით, თვალში ნეგატიურად  ეჩხირება მნახველს, კავკასიის მტების მომხიბლავი პეიზაჟის ფონზე, მაგრამ როგორც კი მიუახლოვდები, ბევრ საინტერესოს აღმოაჩენ რუსეთ-საქართველოს „მეგობრობის“ ისტორიიდან, საბჭოური ეპოქის შესაბამისად. (…)

მოგზაურობის ბოლო დღეს მირიან თაკვარელიამ ყველგანმავალი იქირავა და შორეულ თრუსოს ხეობაში წამიყვანა, რომელიც საქართველოს სამხედრო გზიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით არის და რომელსაც ჩრდილოეთიდან რუსეთი ესაზღვრება, დასავლეთიდან კი – საქართველოს სეპარატისტული რეგიონი „სამხრეთ ოსეთი“. თრუსოს ხეობა სტეფანწმინდიდან 22 კილომეტრზე მდებარეობს, მაგრამ მთის რთული გზით იქამდე მისაღწევად ორი საათი დაგვჭირდა.

თრუსო შთამბეჭდავი სანახავია, საოცრად ლამაზი. ხეობაში ბევრია მიტოვებული სოფლები და შუა საუკუნეების სადარაჯო კოშკები. მოწითალო მთები და მწვანე მდელოები მდინარე თერგის ნაპირებზე, აბანოს მინერალური წყალი და ლამაზი ტბა, სოფელ ზაკაგორის ციხე-სიმაგრის იდუმალება ადამიანში საკუთარ შინაგან ინდიანა ჯონსს ბადებს.

„ეს ყველაზე საუკეთესო ადგილი ბოლოსთვის მოვიტოვე. აი, ახლა თქვენ საქართველოს სამხედრო გზა არასოდეს არ დაგავიწყდებათ“, – იცინის მირიან თაკვარელია. მართლაცდა, არ შემიძლია, რომ არ დავეთანხმო.

წყარო