„რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტა ხომ რთულია, მაგრამ უარესი პრობლემები მაშინ გაჩნდება, როცა საომარი მოქმედებები მართლაც შეწყდება და დღის წესრიგში საზავო პირობების რეალიზაცია დადგება“, – წერს გერმანული გაზეთი „ბერლინერ ცაიტუნგი“ (Berliner Zeitung) სტატიაში სათაურით „2025 წლის მთავარი ევროპული პროგნოზი: რა მოხდება უკრაინასთან მიმართებით?“ (ავტორი – თომას ფესბენდერი).
„მოსკოვსა და კიევს შორის მიღწეული შეთანხმების (სავარაუდოდ) კონტროლი აუცილებელია, მაგრამ ამის განხორციელება ძნელი იქნება – ამ მხრივ ევროკავშირში სერიოზული განხეთქილება არსებობს: ბერლინს, პარიზს და ვარშავას ერთმანეთში უთანხმოება აქვთ. ევროპას თამამი და ძლიერი პოლიტიკოსები დაჭირდება“, – ნათქვამია მასალაში.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
უკრაინის კონფლიქტმა თითქმის სამი წლის განმავლობაში რამდენჯერმე გვაჩვენა და დაამტკიცა ერთი რამ: ევროპელთა უუნარობა, როცა საქმე ეხება საკუთარ ეზოში მიმდინარე ომების შეწყვეტას. ეს უკვე აჩვენა ბალკანეთის ომებმა 1990-იან წლებში, მაგრამ კონტინენტმა ამ გაკვეთილებით ვერაფერი ასწავლა. ევროპა ვერ უმკლავდება მის წინაშე მდგარ ამოცანებს.
როგორც ადრე, ისე ახლაც ევროპულ ომის დასრულებაზე ისევ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა იზრუნოს (იგულისხმება დეიტონის შეთანხმებები – რედ.), მაგრამ კონფლიქტის შედეგები, თუ ის გაიყინება, ევროპელებს სულ სხვა ამოცანების წინაშე დააყენებს, ვიდრე ბალკანეთში. როგორც კი ქვემეხების გრიალი შეწყდება, ამერიკელები წავლენ. დონალდ ტრამპი ერთ ცენტსაც კი არ დახარჯავს უკრაინაში მშვიდობის შესანარჩუნებლად და არც მაინცდამაინც თავს არ თავს არ გამოიდებს ქვეყნის დანგრეული ეკონომიკის აღდგენაზე (ერთადერთი გამონაკლისი, ალბათ, უკრაინის ნაყოფიერი შავმიწიანი ნიადაგის შესყიდვა იქნება).
რა მოხდება 20 იანვრის – დონალდ ტრამპის ინაუგურაციის – შემდეგ?
დონალდ ტრამპი უზრუნველყოფს ცეცხლის შეწყვეტას, მაგრამ რადგანაც მას სხვა საზრუნავიც აქვს – ირანთან და ჩინეთთან დაკავშირებული პრობლემებიც უნდა მოაგვაროს (რომლებიც, ვაშინგტონის აზრით, აშშ-ისათვის უფრო მნიშვნელოვან მოწინააღმდეგეებს წარმოადგენენ), დონალდ ტრამპი უკრაინის პრობლემებზე ზრუნვას ევროპელებს გადააბარებს და პარალელურად შეეცდება რუსეთი და ევროპა ერთმანეთს ისევ დაუახლოვოს.
იმ შემთხვევაშიც, კი, თუ ცეცხლის შეწყვეტა ერთმნიშვნელოვანი არ იქნება (თქვათ, თუ კრემლი ვაშინგტონისათვის მიუღებელ პირობებს წამოაყენებს), აქტიური საომარი მოქმედებები ფრონტის ხაზის გასწვრივ, ალბათ, გაზაფხულამდე გაიყინება. თავის მხრივ დასავლეთი, სავარაუდოდ, კიევს უსაფრთხოების დაცვისა და ეკონომიკის აღდგენის გარანტიებს მისცემს, ხოლო ევროპის სახმალეთო ჯარების გარკვეული კონტინგენტი უკრაინის ტერიტორიაზე განლაგდება, მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ამის შემდეგ ევროპელებისათვის ნამდვილი გამოცდა დაიწყება: იმ სიტუაციაშიც კი, თუ მოსკოვი და კიევი ოფიციალურად ერთგულები იქნებიან მიღწეული შეთანხმების მიმართ, ვინ განახორციელებს კონტროლს არარეგულარული სამხედრო ფორმირებების კონტროლს? ან ვინ გააკონტროლებს პარტიზანების მოქმედებას, რომლებსაც საზღვრების საკითხის გადაწყვეტა არ მოეწონებათ? ზოგიერთ რუსს მეტი მიწის მიღება მოესურვება, ზოგიერთ უკრაინელს კი რაც შეიძლება ნაკლები მიწის დათმობა.
დასავლეთში ბევრი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ უკრაინის 1991 წლის საზღვრები უნდა აღდგეს, რომლებიც საერთაშორისო დონეზე არის აღიარებული. საეჭვოა, რომ გერმანიის ბუნდესტაგის ისეთი „ქორი“ წევრები, როგორიცაა როდერიხ კიზელვეტერი (ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან), კმაყოფილები იქნებიან ცეცხლის შეწყვეტით ფრონტის ხაზის გასწვრივ. რა თქმა უნდა, ასეთი დროებითი ზავით ბევრი სიცოცხლე გადარჩება, მაგრამ ის არ ქმნის სტაბილურობას, რომელიც აუცილებელი საფუძველია ყოველი რეალური სამშვიდობო პროცესის განმტკიცებისთვის.
დონალდ ტრამპის პირისპირ დარჩენილ ევროპელებს რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ: ჩაერევიან თუ არა მათი სამშვიდობო ძალები სიტუაციაში, თუ სადემარკაციო ხაზზე სროლები დაიწყება? გავიხსენოთ, რომ სრებრენიცაში (ყოფილ იუგოსლავიაში) 1995 წელს მომხდარი ბოსნიელ მუსლიმთა გაჟლეტვა ბოსნიელი ქრიტიან სერბების მიერ გარკვეულწილად ნიდერლანდელი სამშვიდობო ძალების („ცისფერი ჩაფხუტების“) უმოქმედობამაც განაპირობა.
ევროპული უთანხმოება რუსეთთან მიმართებით
დღეს ევროპელები ბევრად უფრო დაპირისპირებულნი არიან ერთმანეთთან, ვიდრე ეს ათწლეულების წინ იყო. იმ მომენტშიც კი, როცა ევროპელი ლიდერები ერთმანეთს ძმობა-მეგობრობას ეფიცებიან და კონსენსუსზე ერთხმად ლაპარაკობენ, თითოეული კი ფარულად თავისი ინტერესების დაცვაზე ფიქრობს: ვარშავა იქნება ეს თუ ბერლინი და პარიზი – მათ თავიანთი მომავლის მიმართ ხედვა სულ სხვაგვარი აქვთ. პოლონეთს ყოველთვის შიში ექნება მის საზღვრებთან ახლოს მდებარე რუსეთის მიმართ, გერმანიის ბიზნესი და ეკონომიკა ისევ რუსეთთან თანამშრომლობას დაიწყებს, ფრანგებსაც თავიანთი პრობლემები აქვთ და არ არის გამორიცხული, რომ მოსკოვთან ურთიერთობას აღადგენენ, მაგრამ გარკვეული თავშეკავებით.
მოკლედ, გადამწყვეტი ფაქტორი იქნება რუსეთთან დამოკიდებულების დონე. ევროპამ თავისი „ძრავა“ ახალ სიჩქარეზე უნდა გადართოს – მებრძოლი მხარის დახმარებიდან სამშვიდობო პროცესის ერთობლივ მართვაზე. ამ კონტექსტში გერმანული საზოგადოებისა და ეკონომიკის ნაწილის ტრადიციულ სიახლოვეს რუსეთთან სიტუაციაზე კონსტრუქციული გავლენის მოხდენა შეუძლიათ.
2025 წელი სიმტკიცეზე გამოცდის წელი იქნება. უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა – ეს დიდი მიზნის შედარებით მცირე ნაწილს წარმოადგენს. მსოფლიოში მშვიდობიანი თანამშრომლობის აღდგენა ბევრად უფრო რთული იქნება. ამისათვის საჭირო გახდება სცენაზე ახალი პოლიტიკოსების გამოსვლა, რომლებსაც რუსეთთან კონტაქტების არ შეეშინდებათ და ვაშინგტონის პარალელურად, ჩავლენ მოსკოვში და კიევში, დაელაპარაკებიან ორივე მხარეს – რუსებს და უკრაინელებს, ჩამოაყალიბებენ ახალ იდეებს და პრობლემების გადაწყვეტის გზებს.
თუ ჩვენ უკრაინის კონფლიქტის განმუხტვას ვერ შევძლებთ, კონტინენტს წინ საშინელი დრო ელოდება. რუსეთთან გარდაუვალ ომზე ლაპარაკი უკიდურესად სახიფათოა. რუსეთთან ომი, თუნდაც ხუთი ან მეტი წლის შემდეგ, ევროპის გეოპოლიტიკური ფინალი იქნება.