
საარჩევნო ადმინისტრაციამ 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიების წევრთა ინტენსიური გადამზადება უზრუნველყო.
ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესის სპეციფიკის გათვალისწინებით, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) მიერ მომზადებული პროფილური სასწავლო პროგრამების მიხედვით:
- 2284 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა ტრენინგები გაიარეს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით კენჭისყრის წარმართვის პროცედურებთან დაკავშირებით (ხუთი ეტაპი);
- 767 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა დეტალური ინსტრუქტაჟი გაიარეს ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე კენჭისყრის განხორციელების რეგულაციებზე (ოთხი ეტაპი);
- პენიტენციურ დაწესებულებებში გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 10 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა კი გადამზადება შესაბამისი პროფილური მიმართულებით გაიარეს (ერთი ეტაპი).
პროგრამის ფარგლებში საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები და წევრები დეტალურად გაეცნენ ამომრჩევლებისთვის კვალიფიციური სერვისის მისაწოდებლად შესაბამისი ფუნქციების შესრულების ტექნიკას, მათ შორის, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს მხარდაჭერის ჭრილში.
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა, საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შეჯამების ჩათვლით, ყველა პროცედურულ საკითხზე სპეციალიზებული ცოდნა ეტაპობრივად, თემატურად შედგენილი პროგრამების მიხედვით მიიღეს. ტრენინგები პრაქტიკული სწავლების მეთოდოლოგიაზე დაფუძნებით განხორციელდა. მოიცავდა როლურ თამაშებს, ელექტრონულ აპარატებთან მუშაობის მოდელირებას და კენჭისყრის პროცესის ეპიზოდურ ინსცენირებებს.
სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებულმა 279-მა ტრენერმა ჯამურად უზრუნველყო 6423 სატრენინგო სესიის ჩატარება, მათ შორის:
- 4970 სატრენინგო სესია – საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის, რომლებიც კენჭისყრას ელექტრონული საშუალებების გამოყენებით წარმართავენ;
- 1453 სატრენინგო სესია – საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის, რომლებიც კენჭისყრას ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე ჩაატარებენ.