რამდენიმე დღეში დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობას ოფიციალურად შეუდგება. ეს ფაქტი დიდ შეშფოთებას იწვევს როგორც თავად ამერიკაში, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. მაგალითად, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი კირ სტარმერი ჩავიდა კიევში ვიზიტით, რომლის მიზანი არის ორ ქვეყანას შორის „100-წლიანი პარტნიორობის“ შესახებ შეთანხმების გაფორმება უსაფრთხოების სფეროში.
https://edition.cnn.com/2025/01/16/europe/uk-starmer-ukraine-zelensky-pact-intl-hnk/index.html
ევროკავშირის ლიდერებიც უკრაინას უცხადებენ მხარდაჭერას, იმის შიშით, რომ დონალდ ტრამპის თეთრ სახლში მოსვლით შეერთებული შტატები შეწყვეტს კიევისთვის სამხედრო დახმარებას.
ევროპელები შეშფოთებულნი არიან ტრამპის სავარაუდო შეთანხმებით პუტინთან, რაც უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირის უსაფრთხოებაზე. ამავე დროს, ახლო აღმოსავლეთში იზრდება შიში ისრაელსა და ირანს შორის აშშ-ს მხარდაჭერით სამხედრო კონფლიქტის შესახებ. ირანი ემზადება რუსეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმების გასაფორმებლად, მაგრამ ამავდროულად, სიგნალებს უგზავნის ვაშინგტონს ტრამპის ადმინისტრაციასთან დიალოგისთვის მზადყოფნის შესახებ.
აშშ-შიც დიდი შეშფოთებით ელიან დონალდ ტრამპის მოსვლას. მაგალითად, ჟურნალმა Foreign Affairs-მა გამოაქვეყნა მარგარეტ მაკმილანის სტატია სათაურით „სტრესის ტესტი“.
https://www.foreignaffairs.com/united-states/stress-test-trump-margaret-macmillan
ანალიტიკოსი იყენებს ისტორიულ მაგალითებს იმ პიროვნებების როლზე, რომლებმაც რადიკალურად შეცვალეს მოვლენების მიმდინარეობა მსოფლიოში. ნაპოლეონი, ჰიტლერი, ლენინი, სტალინი, რუზველტი, ჩერჩილი, ავტორის გადმოსახედიდან, „ცვლილებების აგენტები“ იყვნენ. ასეთი პიროვნებები ცვლიან ერების და მთელი მსოფლიოს ბედს. მაგრამ ეს ცვლილებები შეიძლება არ იყოს უკეთესობისკენ.
არის თუ არა დონალდ ტრამპიც გლობალური „ცვლილებების აგენტი“? თუ გავითვალისწინებთ იმ რეზონანსს, რომელიც მისმა განცხადებებმა გამოიწვია ჯერ კიდევ ტრამპის თანამდებობის ოფიციალურად დაკავებამდე, ცვლილებების პროცესი უკვე დაწყებულია. განადგურებულია ძველი წესები და ბალანსის სისტემები. დონალდ ტრამპი არ სცემს პატივს მსოფლიოში დადგენილ წესებს. გამოცდილმა შოუმენმა, ტრამპმა იცის როგორ იმუშაოს მასობრივ აუდიტორიასთან. ის თავისთვის ქმნის იმიჯს, როგორც არაპროგნოზირებადი „მკაცრი ბიჭის“, რომელიც არღვევს ძველ წესებს და ქმნის საკუთარს.
ჰოლივუდის ეს სურათი იზიდავს ამომრჩევლების სიმპათიებს მის მიმართ, მაგრამ ამავე დროს ზრდის გაურკვევლობას, როგორც საერთაშორისო ურთიერთობებში, ასევე აშშ-ს შიდა პოლიტიკაში. როგორც მარგარეტ მაკმილანი წერს: „როდესაც ტრამპი თეთრ სახლში თანამდებობას დაიკავებს, ძნელია წინასწარ განსაზღვრო, მოჰყვება თუ არა მის ქმედებებს საერთაშორისო დაძაბულობის ტემპერატურის დაწევა, თუ პირიქით, გაზრდის მას“.
https://www.foreignaffairs.com/united-states/stress-test-trump-margaret-macmillan
დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის დროს აცხადებდა, რომ ის არ იწყებს ომებს არამედ აჩერებს მათ. მსახიობმა ვლადიმერ ზელენსკიმ მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთთან მშვიდობისა და შეთანხმების მიღწევის დაპირებით. მაგრამ რეალობაში, პრეზიდენტ ზელენსკის დროს დაიწყო მასშტაბური ომი უკრაინასა და რუსეთს შორის.
ზელენსკის მაგალითი ერთგვარი გაფრთხილებაა სხვა პოპულისტებისთვის. ზღაპრული დაპირებები იზიდავს ამომრჩევლებს, მაგრამ მათი განხორციელება რთულია პრაქტიკაში.
ტრამპმა უკვე არ ახმოვანებს წინასაარჩევნო სლოგანს 24 საათის განმავლობაში უკრაინაში ომის შეჩერების შესახებ. ტრამპის მომავალმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში კიტ კელოგმა განაცხადა, რომ კონფლიქტის მოგვარებას 100 დღე დასჭირდება, მაგრამ ეს პერიოდიც შეიძლება ბევრად უფრო გრძელი გახდეს.
დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო ვადას ლოს-ანჯელესის ხანძრის ფონზე იწყებს. მსოფლიოს „ოცნების ქარხანა“ ჰოლივუდიც კი დაიწვა. ამაში არის ერთგვარი მეტაფორა. იწვის ილუზიები და „ქარხანა“, რომელიც მათ აწარმოებს. თანამედროვე სამყაროს რეალობა არის მძიმე საერთაშორისო კრიზისში, რომელიც მოითხოვს გადამწყვეტ მოქმედებას წამყვანი ქვეყნების ლიდერებისგან.
სანახაობრივი შოუები ვერ შეცვლის აუცილებელ გადაწყვეტილებებს უსაფრთხოების, ეკონომიკის, ტექნოლოგიური განვითარების სფეროებში. მსოფლიოში კრიზისი და გაურკვევლობა გაძლიერდება. ახალი ომები და კონფლიქტები უფრო სავარაუდო სცენარია, რადგან ტრამპი გლობალური „ცვლილებების აგენტია”.
ასეთი ლიდერები ანადგურებენ მსოფლიო წესრიგს. ტრამპის მეორე ვადის პერიოდი არის ძველი მსოფლიო წესრიგის განადგურების ეპოქა. დიდი ქვეყნების მეტოქეობაში გაირკვევა ვინ შექმნის ახალ მსოფლიო წესრიგს.
ავთანდილ წულაძე –პოლიტოლოგი, პოლიტოლოგიის დოქტორი