2024 წლიდან ონკოლოგიური პაციენტების ადრეული კვლევებიც დაფინანსდება

76
spot_img

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მომავალი წლიდან ჯანდაცვის ბიუჯეტისთვის დამატებით გამოყოფილი თანხები ახალ ინიციატივებსა და პროექტებზე გადანაწილდება.

პრემიერის თქმით, დაფინანსდება ონკოლოგიური პაციენტების ადრეული კვლევებიც. მისივე განცხადებით, ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონრები 2024 წელს სამკურნალო მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ და ეს ტენდენცია შენარჩუნდება.

„ჯანდაცვის სამინისტროს დამატებით გამოვუყოფთ 65 მილიონ ლარს და ჯამური ბიუჯეტი იქნება შვიდი მილიარდ 800 მილიონი ლარი. 2012 წელთან შედარებით, რადიკალური ცვლილება გვაქვს. ბოლო 11 წელიწადში ექვსი მილიარდი ლარით არის გაზრდილი ჯანდაცვის ბიუჯეტი, 325%-იანი ზრდა გვაქვს. რაც შეეხება პროექტებსა და ახალ ინიციატივებს, რომელიც მინდა, საზოგადოებას გავაცნო. თანხები შემდეგნაირად გადავანაწილეთ: გაიზარდა ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება და მომდევნო წელს პენსიონერებს, რომლებიც, დამოკიდებულნი არიან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე, მთელი წლის განმავლობაში უფასოდ ექნებათ მედიკამენტები. ასეთია დაახლოებით 400 000 ადამიანი, 400 000 პენსიონერი. რა თქმა უნდა, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი შეღავათია, გარდა იმისა, რომ პენსიონრებს გავუზარდეთ ხელფასები 500 ლარამდე. 2012 წელს იყო 110 ლარი და გახდა 500 ლარამდე, ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონრები 2024 წელს უფასოდ მიიღებენ მედიკამენტებს. ჩვენ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ. ჩვენ მიერ გატარებული საკმაოდ ეფექტიანი ღონისძიებების შედეგად, 2024 წელს მოქალაქეებს ჯიბიდან გადახდები ჯამურად 300-დან 400 მილიონ ლარამდე დაეზოგებათ. ასეთი პროგნოზი გვაქვს, რაც მოქალაქეებისთვის ძალიან დიდი შეღავათია. მედიკამენტები გაიაფდა, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა სამინისტრომ და ამ პროცესს მეტად გავაკონტროლებთ, გავაუმჯობესებთ.

რაც შეეხება ახალ ინიციატივას, რომელიც ზურაბ აზარაშვილს აქვს დაგეგმილი, დაიწყება ონკოლოგიური პაციენტების ადრეული კვლევების დაფინანსებაც, რაც საკმაოდ დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.