,,2024 წელს ქართველმა ხალხმა და „ქართულმა ოცნებამ“ უნდა დავასრულოთ „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკაში” – კობახიძე

9
spot_img

მოგესალმებით საქართველოს გამორჩეულად ღირსეული და ლამაზი რეგიონის, მცხეთა-მთიანეთის თითოეული კუთხის წარმომადგენლებს,

მოგესალმებით „ქართული ოცნების” წევრებს, მხარდამჭერებს, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს,

მივესალმები ჩვენი პოლიტიკური გუნდის გამორჩეულ წევრს, ბატონ დიმიტრი ხუნდაძეს, რომელიც 2012 წლიდან დგას ბრძოლის წინა ხაზზე და ამ არჩევნებზე არის ჩვენი დელეგატი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში

რეგიონულ საარჩევნო შეხვედრებს ვიწყებთ მცხეთაში, გაერთიანებული საქართველოს პირველ დედაქალაქში, ქალაქში, სადაც საქართველო ქრისტიანულ სახელმწიფოდ გამოცხადდა.

სახელმწიფოებრიობა და ქრისტიანობა არის ორი უმთავრესი ღირებულება, რომლისთვისაც ქართველ ხალხს თავგანწირული ბრძოლა არასოდეს შეუწყვეტია. სახელმწიფოებრიობა და ქრისტიანობა არის დღესაც ის ორი  ფასეულობა, რომლის დასაცავად არცერთი ნაბიჯით უკან არ შეიძლება დავიხიოთ და არც დავიხევთ.

„ქართულმა ოცნებამ” 2012 წლიდან დღემდე 8 არჩევნებში გაიმარჯვა. ყოველი არჩევნები იყო უკიდურესად პრინციპული ჩვენი ქვეყნისთვის. ყოველ არჩევნებზე წყდებოდა მშვიდობის, თავისუფლების, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და ეკონომიკური წინსვლის ბედი. საბედნიეროდ, ქართველი ხალხი არჩევანს ყოველთვის მშვიდობის, თავისუფლების, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და ეკონომიკური წინსვლის სასარგებლოდ აკეთებდა.

შესაბამისად, გასული 12 წლის განმავლობაში, საქართველოს ჰქონდა უპრეცედენტო წინსვლა ყველა მიმართულებით:

–         „ქართული ოცნების” ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია;

–         2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის შედეგად, საქართველოში აღიკვეთა ადამიანების მკვლელობის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა, გათავისუფლდა ბიზნესი, დამკვიდრდა მედიაპლურალიზმი;

–         ტარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რის შედეგადაც ქვეყანაში მმართველობას არა გარედან დანიშნული აგენტურა, არამედ ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლება ახორციელებს;

–         უწყვეტმა 12-წლიანმა მშვიდობამ საქართველოს მოუტანა უპრეცედენტო ეკონომიკური წინსვლა: მხოლოდ გასული 3 წლის მანძილზე საქართველოს ეკონომიკა დოლარში ორჯერ გაიზარდა და მაღალი ეკონომიკური ზრდა ახლაც გრძელდება;

–         სამჯერ გაიზარდა სახელმწიფო ბიუჯეტი;

–         ამოქმედდა უპრეცედენტო მხარდაჭერის პროგრამა მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის;

–         ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და რამდენჯერმე გაუმჯობესდა მოსახლეობის სოციალური დაცვის პაკეტი;

–         72-დან 75 წლამდე გაიზარდა ადამიანების სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა;

–         რამდენჯერმე გაიზარდა საავტომობილო გზების, სკოლების, ბაღების, სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის ტემპი;

–         ყოველწლიურად ასობით მილიონი ლარით ფინანსდება სოფლის მეურნეობის პროგრამები, რამაც აგრარულ სექტორს უპრეცედენტო განვითარება მოუტანა;

–         ხუთჯერ გაიზარდა ბიზნესსექტორის ბრუნვა, სამჯერ გაიზარდა ხელფასები ბიზნესსექტორში, სამჯერ გაიზარდა მრეწველობის ბრუნვა საქართველოში;

–         განახევრდა უმუშევრობა;

–         700 ათასამდე ჩვენმა თანამოქალაქემ დააღწია თავი სიღარიბეს;

–         საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა.

ეს არის ის პროგრესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას დემოკრატიულმა გარდატეხამ, უწყვეტმა 12-წლიანმა მშვიდობამ, ეკონომიკის განვითარების სწორ რელსებზე დაყენებამ, ბიზნესის თავისუფლებამ და სწორმა სოციალურმა პოლიტიკამ მოუტანა.

ამ ყველაფრისთვის კიდევ ერთხელ მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს გვერდზე გადადო ყველაფერი, გვერდზე გადადო საკუთარი პირადი კეთილდღეობა და სიცოცხლის რისკის ფასად გაათავისუფლა საქართველო აგენტურის დიქტატურისგან.

სწორედ ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით, 2012 წელს საქართველომ თავი დააღწია ავტორიტარულ რეჟიმს, რომელმაც საქართველოს ღირსების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა, ომი და ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვა მოუტანა.

დღეს ჩვენთან ერთად არიან ცხინვალის რეგიონიდან დევნილები, რომლებიც წინა ხელისუფლების მიერ 2008 წელს ჩადენილმა დანაშაულმა საკუთარ სამშობლოში დევნილებად აქცია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს ადამიანები მშვიდობიანი გზით საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ. მშვიდობა, ღირსება და ქვეყნის განვითარება არის ერთადერთი უალტერნატივო საშუალება, რომელიც ჩვენს ქვეყანას გამთლიანებას მოუტანს.

მეგობრებო, მიუხედავად იმისა, რომ ყველა წინა არჩევნები უაღრესად პრინციპული იყო, ამ არჩევნებს მაინც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ამ არჩევნებს აქვს 2012 წლის არჩევნების ტოლფასი დატვირთვა.

–         2012 წელს ქართველმა ხალხმა და „ქართულმა ოცნებამ” დავასრულეთ „ნაცმოძრაობა” ხელისუფლებაში;

–         2024 წელს ქართველმა ხალხმა და „ქართულმა ოცნებამ” უნდა დავასრულოთ „ნაცმოძრაობა” პოლიტიკაში.

არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე! „ნაცმოძრაობის” გასამართლება 2008 წლის დანაშაულისა და სხვა მრავალრიცხოვანი სისტემური დანაშაულებისთვის, ამ პოლიტიკური ძალის ქართული პოლიტიკიდან ჩამოშორება არის აუცილებელი იმისათვის, რომ საქართველოში აღარასდროს დაბრუნდეს ავტორიტარიზმი, ადამიანის ღირსების ფეხქვეშ გათელვა, ყალბი ფასეულობები, ომი და რეგრესი და საქართველომ შეუფერხებლად განაგრძოს წინსვლა ყველა მიმართულებით.

26 ოქტომბერს საქართველოში ტარდება რეფერენდუმი, სადაც აუცილებლად დამარცხდება აგენტურა და გაიმარჯვებს დამოუკიდებელი საქართველოს სუვერენული ხელისუფლება, დამარცხდება ომი და გაიმარჯვებს მშვიდობა, დამარცხდება გარყვნილების პროპაგანდა და გაიმარჯვებს ქრისტიანული ფასეულობები, დამარცხდება ბნელი წარსული და გაიმარჯვებს საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი!

26 ჩვენი დღეა და 26 ოქტომბერს საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს. სვეტიცხოვლის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს!