“2024 წელს მასწავლებლების ხელფასი, სტატუსის მიუხედავად, საშუალოდ გაიზრდება 500 ლარით და მეტით” – გიორგი ამილახვარი

33
spot_img

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი ამილახვარმა პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მასწავლებელთა მხარდამჭერ ინიციატივებზე ისაუბრა.

„უპრეცედენტოდ გაიზრდება ზოგადი განათლების საბიუჯეტო დაფინანსება. სამართლიანობის პრინციპების გათვალისწინებით, შეიცვლება მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკა და მნიშვნელოვნად გაიზრდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურება. 2024 წლის პირველი ივლისიდან სრული დატვირთვის პირობებში, მასწავლებლების ხელფასი, სტატუსის მიუხედავად, საშუალოდ გაიზრდება 500 ლარით და მეტით. საშუალოდ 500 ლარითა და მეტით ანაზღაურების ზრდა მასწავლებელთა კორპუსის 70%-ს შეეხება“,- განაცხადა ამილახვარმა.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლების მიზნით, გაგრძელდება პედაგოგებისთვის სხვადასხვა მხარდამჭერი ღონისძიების შეთავაზება. მათ შორის, ჩატარდება მასწავლებლის ეროვნული დღე, რომლის ფარგლებშიც დაჯილდოვდებიან ღვაწლმოსილი პედაგოგები.

გიორგი ამილახვარის განცხადებით, განახლდება მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი, განხორციელდება მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების ღონისძიებები, მათი პროფესიული საჭიროებების შესაბამისად.