საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 736.4 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.3 პროცენტით მეტია.
როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2022 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-6 799) და დადებითი მიგრაციული სალდო (54 509).
„2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 60.4 პროცენტი ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს შეადგენს. 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20.7 პროცენტს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) − 63.8 პროცენტს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 15.6 პროცენტს. 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, კაცების რიცხოვნობამ 1 793.8 ათასი შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობამ – 1 942.5 ათასი. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი კაცი, ხოლო 52 პროცენტი – ქალია. სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92 კაცი მოდის. აღსანიშნავია, რომ 35 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 35 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით. წინა წელთან შედარებით, 2022 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 2.3 ერთეულით გაიზარდა და 73.7 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის – 69.4 წელი, ხოლო ქალებისათვის – 78.1 წელი. 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი შეადგენს 38 წელს. 2022 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 125 269 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25.3 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 142.9 პროცენტით გაიზარდა და 179 778 კაცი შეადგინა. ამავე პერიოდში, იმიგრანტების 84.3 პროცენტი და ემიგრანტების 86.7 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ. 2022 წელს, იმიგრანტების 30.3 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 80.5 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ”, – ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.