2023 წლის 5 ივნისის შეჯამება უკრაინაში
“ზაპორიჟიას ოლქში, ველიკა ნოვოსილკას მიმართულებაზე უკრაინული დანაყოფები მეორე დღეა აქტიურ იერიშს აწარმოებენ. ნესკუჩნეში რუსული არმიის ნაწილები ალყის საშიშროების წინაშე არიან. უკრაინულმა მოწინავე დანაყოფებმა სტოროჟევეს მიაღწიეს.
დასავლეთით, უკრაინელებმა ნოვოდარივკას დიდი ნაწილი იგდეს ხელთ. გაწმენდითი ოპერაცია დასახლებულ პუნქტში აქტიურად მიმდინარეობს.
ყველაზე მაღალ ინტენსიური შეტაკება ველიკა ნოვოსილკას სამხრეთ-აღმოსავლეთით ნოვოდონეცკეში მიმდინარეობს, სადაც რუსებს შედარებით დიდი ძალები ჰყავდათ მობილიზებული. როგორც ჩანს უკრაინელებიც სრულმასშტაბიანად სწორედ ამ დასახლებას უტევენ და დიდი ნაწილზეც კონტროლიც მოიპოვეს. სიტუაციის სიმძიმეზე თავად რუსები საუბრობენ.
შეტევის სამივე წერტილი ერთი მიმართულებაა ზაპორიჟიას ოლქში. თუკი უკრაინელთა იერიშმა ფლანგებიდან სიღრმეში გადაადგილება წარმატებით განახორციელა, შესაძლებელია ველიკა ნოვოსილკასთან მყოფი მთელი რუსული დაჯგუფება იქნას განადგურებული ან ალყაში მოქცეული. მეორე ვარიანტია რომ უკრაინელებმა ვოლნოვახასაკენ გაჭრა სცადონ. ამ უკანასკნელის ნიშანი ისაა, რომ უკრაინელების კიდევ ერთი დაჯგუფება ვულჰედარის სიახლოვესაა გააქტიურებული. ეს გზა ვოლნოვახასაკენ გადაადგილების საშუალებას იძლევა. ვოლნოვახა მარიუპოლის გზაზე ცენტრალური დასახლებაა.
როგორც და რაც არ უნდა იყოს მიზანი ამ ყველაფრის წარმატებით განსახორციელებლად უკრაინელთა მხრიდან ფრონტის ხაზის ღრმად გარღვევაა საჭირო. ჯერჯერობით მოვლენების საწყის ფაზაში ვიმყოფებით. ამასთან, არანაირი მანიშნებელი არ არსებობს გვაქვს თუ არა ცენტრალურ შეტევასთან საქმე. ზაპორიჟიას ამ ნაწილში დაწყებული იერიში შესაძლოა იყოს დამხმარე და არა ცენტრალური ან სულაც შეიარაღებული დაზვერვა.
ამავე პირობებში, რუსები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა უკრაინული დივერსიული ჯგუფები ზაპორიჟიას ოლქში საკმაოდ ღრმად იყვნენ გადასროლილი და საჭიროებისთანავე ზურგში დაარტყან რუსულ პოზიციებს. ამ ფონზე რუსული FSB-ს დანაყოფები შევიდნენ მელიტოპოლში და და ცდილობენ ზაპორიჟიაში უშიშროების ღონისძიებების განხორციელებას.
და საბოლოოდ, არც ისაა დასავიწყებელი, რომ, ფრონტის ხაზის საკმაოდ დიდი ნაწილი დანაღმულია. შესაბამისად, სიღრმეში გადაადგილება რამდენად სწრაფად შეიძლება განახორციელონ უკრაინულმა ნაწილებმა ჯერ არაა ცნობილი.
– უკრაინული კონტრიერიში ბახმუტის მიმართულებით კიდევ უფრო მასირებული გახდა. უკრაინელებმა ბერხივკაში შეაღწიეს. დასახლება ზედ ბახმუტის თავზე მდებარეობს და ქალაქს ზემოდან გადმოჰყურებს. “ვაგნერი” რუსულ არმიას მოქმედებებისაკენ მოუწოდებს და ბერხივკას უკრაინელთა ხელში გადასვლის შემთხვევაში ბახმუტში რუსული პოზიციების ჩამოშლას ვარაუდობს. არაა ეს მოლოდინი რეალობისაგან შორს, რადგან ბერხივკა არამხოლოდ ბახმუტის რუსულ დაჯგუფებას აყენებს საფრთხის ქვეშ, არამედ კიდევ უფრო ჩრდილოეთით გაჭრილ რუსებსაც, რომელთა ეფექტური მომარაგებაც სწორედ ბერხივკას სიახლოვეს გამავალი მაგისტრალით ხდება.
ამასთან, უკრაინული შემტევი ძალების ავანგარდი კრასნა ჰორას სიახლოვესაც გამოჩნდა. თუკი მისი გათავსიუფლება უკრაინელებმა შეძლეს ეს ბახმუტის რუსულ დაჯგუფებას ალყასაც კი უქადის, მით უფრო რომ ქალაქის სამხრეთიდან უკრაინული იერიში გრძელდება.
– ამ ფონზე ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის 72-ე ბრიგადის ვიცე-პოლკოვნიკი დაატყვევა. დიახ, “ვაგნერმა” რუსეთის არმიის მაღალი რანგის ოფიცერი იგდო ხელთ. “ვაგნერი” მის დანაყოფს ბახმუტიდან გასასვლელი გზის დანაღმვაში და “ვაგნერის” წინააღმდეგ საბოტაჟში დებს ბრალს. მაგრამ კომედია აქ არ მთავრდება. პრო-უკრაინული “რუს მოხალისეთა კორპუსის” მეთაურობამ პრიგოჟინს შეუთვალა ბელგოროდის ოლქში აყვანილ ტყვეებში გაუცვალონ პოლკოვნიკი. ანუ: 1. რუსეთში კანონით აკრძალული რუსული კერძო სამხედრო ორგანიზაცია “ვაგნერი” რუსული არმიის მაღალჩინოსანს აკავებს საბოტაჟის ბრალდებით; 2. რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედი პრო-უკრაინული რუსული დაყოფები მიმართავენ პრიგოჟინს გაუცვალონ ეს მაღალჩინოსანი იმ ტყვეებში, რომლებიც მათ რუსეთში დაატყვევეს. 3. ამასობაში რუსული არმიის სარდლობა დუმს.
– პრო-უკრაინული “რუს მოხალისეთა კორპუსი” და “თავისუფალი რუსეთის ლეგიონი” რუსეთის ბელგოროდის ტერიტორიაზე წარმატებით აგრძელებენ შეტევას. მათ, უკრაინული არტილერიის დახმარებით, შებეკინოსაკენ მიმავალი რუსული სამხედრო კოლონის ნაწილის განადგურება შეძლეს. მომრავლდა რუსი ტყვეების რაოდენობაც, რომელთა დიდი ნაწილი მობილიზებული რუსი სამხედროა. პრაქტიკულად ყველაზე ბრძოლისუნარიანი ნაწილები რუსეთს უკრაინაში ჰყავს გადასროლილი, რის გამოც სიტუაციის კონტროლი ბელგოროდის ოლქში ძალიან უჭირს. ამასთან, დღეს ნოვა ტავოლჟანკა გახდა პირველი დასახლებული პუნქტი რომელიც თითქმის სრულად დაკავებულია პრო-უკრაინული ძალების მიერ და რომელზეც კრემლმა დაკარგა კონტროლი (ვიდეო კომენტარებში).
– ინტენსიურად იბომბება მარიუპოლი და ბერდიანსკი. დაახლოებით ათი დღეა ორივე ქალაქში რუსულ პოზიციებზე ფრთოსანი რაკეტები და თვითგანადურებადი დრონები ცვივა.
– იბომბება რუსეთის ბრიანსკის ოლქიც. რეალურად, ბრიანსკის ოლქის დაცვა რუსეთისათვის კიდევ უფრო დიდი თავის ტკივილი იქნება, რადგან ის უკრაინის მიმდინარე საბრძოლო წერტილებიდან საკმაოდ შორს მდებარეობს და რუსული არმიისათვის მაღალპრიორიტეტულ წერტილს არ წარმოადგენდა. მარტში პრო-უკრაინულმა ძალებმა პირველად სწორედ ბრიანსკის ოლქში განახორციელეს წარმატებული შეტევა. ახლა რთული სათქმელია რამდენად დაიწყება ქვეითი ნაწილების ამ მიმართულებით გადასროლა, მაგრამ ბოლო კვირებია კურსკთან და ბელგოროდთან ერთად, ბრიანსკის ოლქი გახშირებული საარტილერიო დარტყმების სამიზნეა.
ზოგადი მდგომარეობა:
მიუხედავად იმისა, რომ ვიცით უკრაინული შეტევის განვითარების შესახებ, უკრაინული წყაროები დუმილს ინარჩუნებენ. ძირითადად, რუსები საუბრობენ ამ თემაზე”- წერს სოციალურ ქსელში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ჯიპას პროფესორი, გიორგი კობერიძე.