სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს ქვეყანაში უმუშევრობამ 17,3% შეადგინა, რაც ისტორიული მინიმუმია.
„2022 წელს დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდა აისახა შრომის ბაზრის პოზიტიურ ტენდენციებზე. 2022 წელს უმუშევრობის დონე, წინა წელთან შედარებით, 3.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და ისტორიული მინიმუმს − 17.3%-ს გაუტოლდა. უმუშევართა რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 48.3 ათასი ადამიანით შემცირდა და 267.9 ათასი შეადგინა. დასაქმებულთა რაოდენობა 2022 წელს მნიშვნელოვნად − 66.3 ათასით გაიზარდა და 1,283.7 ათასი შეადგინა. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დასაქმების ხელშეწყობის სხვადასხვა აქტივობის განხორციელების შედეგად, 2022 წელს დასაქმდა 12 645 სამუშაოს მაძიებელი, მათ შორის, 8811 პირი სოციალურად დაუცველია. ხოლო 2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით -3 815, საიდანაც 3600 სოციალურად დაუცველი მოსარგებლეა. პროფესიული გადამზადება აირჩია 609 პირმა”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მოხსენებაში.
სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტს უკვე წარედგინა. ანგარიში 2022 წლის ივნისიდან – 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს. პრემიერი პარლამენტს ანგარიშს 30 ივნისს პირადად გააცნობს.