სტატისტიკის ეროვბული სამსახურის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წელს 2 097.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.7-ჯერ მეტია, ხოლო 2022 წლის წინასწარ მონაცემებს 4.9%-ით აღემატება.
ამასთან, 2022 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თითქმის 66% შეადგინა.
რაც შეეხება ქვეყნებს, უმსხვილესი ინვესტორები არიან: გაერთიანებული სამეფო, ესპანეთი, ნიდერლანდები, აშშ, ირლანდია, რუსეთი, ჩეხეთი, იაპონია, თურქეთი, ჩინეთი.
გასულ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კომპონენტების მიხედვით ასე გადანაწილდა: სააქციო კაპიტალი – 696.8 მლნ დოლარი; რეინვესტიცია – 1 378.4; სავალო ვალდებულებები – 22.7 მლნ დოლარი. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით პირველ ადგილს გაერთიანებული სამეფო იკავებს 20.8%-ით (437.0 მლნ. აშშ დოლარი), მეორეზეა ესპანეთი 17.2%-ით (360.5 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო მესამეზე – ნიდერლანდები 9.4% (196.2 მლნ. აშშ დოლარი).
2022 წელს ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 538 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 25.6%-ია. ადგილზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი 366.5 მლნ. აშშ დოლარით (17.5%), ხოლო მესამეზე – წყალმომარაგება და ნარჩენების მართვა 197.2 მლნ. აშშ დოლარით (9.4%).