2020 წელს ჩავარდნილი პარტიების რევოლუცია 2021 წელს მედიამუშაკთა გუგუნმა შეცვალა – შალვა პაპუაშვილი

4
spot_img

„შეთანხმების მიუხედავად, რადიკალური ოპოზიციის მთავარმა ბირთვმა უარი თქვა შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერასა და პარლამენტში შესვლაზე, რითაც გააგრძელა პოლიტიკური პოლარიზაციის პროცესი და კრიზისული ვითარების ესკალაციის მცდელობა, რომლის გამოყენებაც სწორედ თვითმმართველობის არჩევნებზე უნდა მომხდარიყო,” – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს.

მისი განცხადებით, ყველას კარგად ახსოვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ როგორ მოაწერინეს ხელი უკვე ანულირებულ შეთანხმებაზე.

„სწორედ ამიტომ, „ქართულმა ოცნებამ“ 2021 წლის ივლისის ბოლოს „19 აპრილის შეთანხმება“ დატოვა და საარჩევნო კამპანია დაიწყო. აპრილისა და აგვისტოს შუალედში საზოგადოებრივი განხეთქილება მორიგ ჯერზე სცადეს უმცირესობების უფლებათა თემის მანიპულაციით, ლგბტ მარშებით, რაც ძალადობრივ პროცესში გადაიზარდა, ხოლო რუსთაველის პროსპექტის ავანსცენაზე პოლიტიკურ აქტივისტებად ქცეული მედიამუშაკები გამოჩნდნენ. 2020 წელს ჩავარდნილი პარტიების რევოლუცია 2021 წელს მედიამუშაკთა გუგუნმა შეცვალა.
მიუხედავად შარლ მიშელის შეთანხმების გაუქმებისა, 43%-იანი ბარიერი, რომელიც უნდა გადაელახა „ქართულ ოცნებას“ 2021 წლის არჩევნებზე, სიმბოლური თამასის მნიშვნელობას მაინც ატარებდა. ყველას გვახსოვს როგორ მოაწერინეს უკვე ანულირებულ შეთანხმებაზე, ანუ ფარატინა ქაღალდზე ხელი „ნაციონალურ მოძრაობას“, მხოლოდ იმისთვის, რომ ევროკავშირის მაშინდელ ელჩს, სავარძელში მედიდურად ჩამჯდარს, ვიდეომიმართვით ერისთვის ეცნობებინა, რომ შეთანხმება ახლა სრულად ძალაშია და ბარიერის „დამოკლეს მახვილიც“ ჰაერში ჩამოჰკიდა,” – განაცხადა პაპუაშვილმა.