“2019 წლიდან ყველა მეხანძრე-მაშველს 50%-ით გაეზარდა ხელფასი – ასევე, ყველა მასშტაბური სამაშველო ოპერაციის შემდეგ იღებენ პრემიებს”

292
spot_img

ბოლო წლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აღიჭურვა ახალი, სხვადასხვა ტიპის ავტომობილებით, მათ შორის, მაღალი გამავლობის ავტოტექნიკით, ყველგანმავალი კვადროციკლებით, წყლის სატრანსპორტო საშუალებებით და სახანძრო მანქანებით. 2019 წლიდან დღემდე, მეხანძრე მაშველის ფორმა-ტანსაცმლის, მათ შორის ცეცხლმედეგი, ასევე სამთო და მყვინთავის სპეცაღჭურვილობის შესაძენად 20 – მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, 2019 წლიდან მეხანძრე-მაშველებს გაეზარდათ ხელფასი ყველაზე მცირე 50%-ით, 2020 წლიდან დაიწყო 24-საათიან რეჟიმში მომუშავე მეხანძრე-მაშველთა კვებით უზრუნველყოფა. რაც შეეხება უშუალოდ მეხანძრე-მაშველებს, ისინი ყველა მასშტაბური სამაშველო ოპერაციის შემდეგ იღებენ პრემიებს და ასეც გაგრძელდება.

„ზუსტად იმ დროს, როდესაც ჩვენი გმირი მეხანძრე-მაშველები თავდაუზოგავად მუშაობდნენ სტიქიის ზონაში, გარკვეული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, სიცრუის გავრცელებით იყვნენ დაკავებული. გავრცელდა ძალიან ბევრი მცდარი ინფორმაცია მათ აღჭურვილობაზე, ტექნიკასა და სოციალურ პირობებზე. ყოველთვის ვერიდები წარსულზე საუბარს, თუმცა საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე.

2015 წლამდე, არ არსებობდა ერთიანი სტრუქტურა და სამაშველო სამსახურები მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში იყვნენ. მათი ძირითადი ტექნიკა და აღჭურვილობა იყო საბჭოთა წარმოების, მოძველებული და ამორტიზებული. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა თანამშრომელთა ხელფასები და სოციალური პირობები.

2015 წლიდან, სამაშველო სამსახურები მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებიდან გადმოვიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში და ჩამოყალიბდა ერთიანი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. მას შემდეგ, სამსახურის შესაძლებლობების გასაძლიერებლად განხორციელდა არაერთი რეფორმა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახლდა მეხანძრე-მაშველების აღჭურვილობა, უნიფორმები და ტექნიკა. ბოლო წლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აღიჭურვა ახალი, სხვადასხვა ტიპის ავტომობილებით, მათ შორის, მაღალი გამავლობის ავტოტექნიკით, ყველგანმავალი კვადროციკლებით, წყლის სატრანსპორტო საშუალებებით და სახანძრო მანქანებით.

2019 წლიდან დღემდე, მეხანძრე მაშველის ფორმა-ტანსაცმლის, მათ შორის ცეცხლმედეგი, ასევე სამთო და მყვინთავის სპეცაღჭურვილობის შესაძენად 20 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. 2019 წლიდან ყველა მეხანძრე-მაშველს გაეზარდა ხელფასი ყველაზე მცირე 50%-ით. 2020 წლიდან დაიწყო 24-საათიან რეჟიმში მომუშავე მეხანძრე-მაშველთა კვებით უზრუნველყოფა. აქვე მინდა შევეხო პრემია-დანამატების საკითხს. პრემიებთან დაკავშირებით ხშირად ვხდები ხოლმე კრიტიკის ობიექტი. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პოლიციელები, მაშველები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც 24 -საათიან რეჟიმში ემსახურებიან ქვეყანას და იცავენ მოქალაქეების უსაფრთხოებას, მომავალშიც აუცილებლად მიიღებენ დანამატებს და ყოველთვის ვიზრუნებთ მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე. რაც შეეხება უშუალოდ მეხანძრე-მაშველებს, ისინი ყველა მასშტაბური სამაშველო ოპერაციის შემდეგ იღებენ პრემიებს და ასეც გაგრძელდება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.