“2015 წლიდან 2022 წლის ჩათვლით საქართველო დატოვა და უცხოეთში დარჩა საცხოვრებლად 172 ათასი ჩვენი მოქალაქე”- რომან გოცირიძე

88
spot_img

პოლიტიკური ჯგუფი “ევროოპტიმისტები” ქვეყანაში საგანგაშო მიგრაციულ პროცესებზე საუბრობს და პარლამენტის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, ნუ ბლოკავს ოპოზიციის მიერ ინიციირებულ ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც მსგავს საკითხებს ეხება.

როგორც პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე  რომან გოცირიძემ განაცხადა, შრომისუნარიანი მოქალაქეები ქვეყანას ტოვებენ და მათ ადგილს იკავებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

ხატია დეკანოიძის განცხადებით, 2022 წელს საზღვარგარეთ დარჩა 46 397-ით მეტი საქართველოს მოქალაქე ვიდრე დაბრუნდა, რაც ყველზე მაღალი მიგრაციის უარყოფითი სალდოა ბოლო 22 წლის განმავლობაში, რაც მსგავსი სტატისტიკა იწარმოება.

მისივე განცხადებით, მხოლოდ გასულ წელს 101 ათასი უცხო ქვეყნის მოქალაქე დარჩა საქართველოში საცხოვრებლად, აქედან 62 ათასი რუსეთის მოქალაქე.

დეკანოიძე და გოცირიძე აღნიშნავენ, რომ ამ კატასტროფული მდგომარეობის გამოსწორების ერთადერთი გზა არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა.

“დღეს არის კატასტროფული მდგომარეობა. 2015 წლიდან 2022 წლის ჩათვლით საქართველო დატოვა და უცხოეთში დარჩა საცხოვრებლად 172 ათასი ჩვენი მოქალაქე, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დავკარგეთ ამ პერიოდში ერთი ბათუმი. ბათუმის მოსახლეობა არის 179 ათასი. წაემოიდგინეთ რომ არ არის ბათუმი, ეს გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ქუთაისი, სიდიდით მესამე ქალაქი ქუთაისი, რომლის მოსახლეობა არის 140 ათასი, ქუთაისზე 30 ათასით მეტი საქართველოს მოქალაქე შეიძლება ითქვას, რომ გაქრა ამ ქვეყნიდან და როდის დაბრუნდება ან საერთოდ დაბრუნება თუ არა, არავინ იცის. დემოგრაფიული პროგრამა უნდა შემუშავდეს. გარდა ამისა მე და ხატიამ საკანონმდებლო ინიციატივა შევიტანეთ მიგრაციასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება არასდროს იქნას განხილული, რადგან ისეთი თემებზე, რომელიც ძალიან მტკივნეულია, უნდათ, რომ საერთოდ მსჯელობაც არ იყოს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჩვენი შეტანილი კანონპროექტი, რომელიც მიგრაციას და სხვა საკითხებს ეხებოდა გადაავადა. უცნაური ისაა, რომ მოქალაქეებისგან იცლება ქვეყანა, მაგრამ ბოლო 8 წელია დემოგრაფიული სალდო დადებითია, აქ მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებში არ არის საქმე, ომამდეც შეინიშნებოდა ეს ტენდენცია და ეს ნიშნავს, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში საქართველოში საცხოვრებლად დარჩა 181 ათასი სხვა ქვეყნის მოქალაქე. ეს იმას ნიშნავს რომ სამუშაო ძალა მიედინება უცხოეთში და ამას დემოგრაფიულად ჰქვია ერის დაბერება, ეს არის არამარტო სოციალური, არამედ სერიოზული პოლიტიკური პრობლემა უსაფრთხოების კუთხით. ამიტომ მოვიწოდებ პარლამენტის ხელმძღვანელობას, შეწყვიტონ მავნებლობა, ნუ ბლოკავენ კანონპროექტებს, რომლებიც ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეხება როგორიც მიგრაციაა, თუნდაც რუსეთის მოქალაქეების საკითხი და ა.შ.”, – განაცხადა გოცირიძემ.