
მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის ეპიზოდი გაიხსენა.
ნონა გაფრინდაშვილის თქმით, ამ დროს აქციის მონაწილეებისთვის გასასვლელები ჩაკეტილი იყო.
„რაღაც ჯგუფმა სცენის მხრიდან მოახერხა კუთხის გარღვევა და შევარდნენ კინოთეატრში. ამ დროს კონოთეატრში თურმე ფილმს უყურებდნენ, ფილმი მიმდინარეობდა, იჯდა საზოგადოება, რომელიც ფილმს უყურებდა. მათ შეყვნენ ისინიც, ვინც იქ იყვნენ, დასარბევად მოსული. ვისაც ბილეთი არ ჰქონდა და ბილეთი ვერ უჩვენა, ისინი ყველანი დაიჭირეს და წაიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. რამდენიმე სართული იყო გამზადებული ხალხის მისაღებად. როგორც ხდებოდა, ვინც ხელში ჩაუვარდებოდათ, ყველას აგდებდნენ, ხელბორკილს ადებდნენ, სცემდნენ ფეხებითა და ხელებით, შემდეგ მიათრევდნენ მოლი რომ არის დღეს იქ და გრძელდებოდა კიდევ, ვიდრე ავტობუსი არ მივიდოდა და არ ჩასვამდნენ. მოლთან შიპებიანი ხელთათმანი ჩაარტყეს ერთ-ერთს და საოპერაციო გახდა. სიცივეში შეკუმშვა მოხდა და იმან გადაარჩინა, რომ სისხლისგან არ დაიცალა, თორემ მთელი საღამო შემდეგ გაატარა შინაგან საქმეთა სამინისტროში. ჩემი ახლობლები, უახლოესი ოჯახი და სანათესაო, რომელიც მოსული იყო – ერთის გულმა ვერ აიტანა გაზის ოდენობა, რაც გამოუშვეს, შეიძლება, ტყვიაც მოხვდა, ეს არ ვიცი, სცენაზე ვიყავი, მაგრამ ფაქტია, გულმა ვერ გაუძლო და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ჩემი ძმის შვილი, ლევან გაფრინდაშვილი ისე სცემეს, რომ მთლიანად დაშავებული იყო.
თავიდანვე ორი მკვდარი ადამიანი შემოდეს ბუტკის თავზე – ნიკა კვინტრაძე და სულიკო ასათიანი. შემდეგ ამის გასაღება უნდოდათ, ვითომ უბედური შემთხვევა იყო. აქედან დაიწყო ყველაფერი. მე თვითონ როგორ გამოვედი იქიდან, დავარდნილი ვიყავი. ძლივს ჩამოვედი სცენიდან და შემდეგ დავეცი. რატომ დავეცი, მართალი გითხრათ, არ ვიცი. შეიძლება, ვიღაც გამომედო სირბილში, იმდენი ხალხი რომ მიაწყდა იმ კუთხეს. სცენასთან რომ დავვარდი, ამან მიშველა, რადგან კოტე ქოჩიაშვილმა მიცნო, დამინახა, რომ დავარდნილი ვიყავი და წამომაყენა. მან ძლივს წამომაყენა, თავად ვერაფრით ავდგებოდი. დაიწყო ჩემი წაყვანა, კორდონამდე რომ მივსულიყავით. ახლოს იყვნენ, შორს არა, მაგრამ მიჭირდა ფეხის გადადგმა, 70 წლის ვიყავი. დაიწყო ძახილი, ნონა გაფრინდაშვილი გამომყავს და არ ესროლოთო, ამიტომ არ მესროლეს. იმათ ინტერესში არ იყო პირადად ჩემი განადგურება. მათ უნდოდათ მთლიანად იმის გაკეთება, რაც გააკეთეს, რათა ხალხში შიში კიდევ უფრო მაგრად წასულიყო. ყველა კორდონს თავისი უფროსი ჰყავდა და პირველ კორდონთან როდესაც მივედით, ვიდრე უფროსი ეტყოდა, გაატარეთო, ფარი მომადეს შუბლზე, რა უნდა გამეკეთებინა, ვერ ვხვდები, ფარი რისთვის მომადო შუბლზე. ასე გამატარეს ერთი, მეორე, მესამე კორდონი და როცა უკვე უნდა გავსულიყავი, მისული ვიყავით უკვე ბოლომდე, გაახსენდათ, რომ ვიღაცას მივყავარ. მე გამიშვეს და მას სტაცეს ხელი, გააქანეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. ის მოხვდა ზუსტად იმ სართულზე, სადაც დათო იყო მოხვედრილი და დათოს უთხრა, დედაშენზე არ ინერვიულო, მე გამოვიყვანეო. მე კიდევ ვიყვირე, კი მაგრამ, ის რატომ მიგყავთ და მე რატომ მტოვებთ-მეთქი. ასე დაიწყო ეს ყველაფერი. ტაქსმა მიმიყვანა პირდაპირ სახლში, რამდენიმე დღე ვერ ვწვებოდი, ისეთი დაბეჟილი იყო ჩემი ორგანიზმი. 800 ადამიანი მაინც იყო დაჭერილი. მეორე დღეს, ვითომ „კოქტეილები“ ამოიღეს ოფისიდან. „მოლოტოვის კოქტეილია“ თუ რაც ეწოდება, როგორ გამოიყურება, ისიც არ ვიცი. ეს ვერ გაათამაშეს. ერთი კადრიც არ ექნებათ, რომ ვინმემ რამე დააშავა. კადრებს ვატრიალებდი და ვუყურებდი, როგორ სცემდნენ ხელებითა და ფეხებით. „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს 40 ტყვია ესროლეს მიჯრით. მეტი რა უნდა ვთქვა, არ ვიცი“, – განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.
საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის კითხვაზე, იყო თუ არა რაიმე ძალადობა აქციის მონაწილეების მხრიდან, ნონა გაფრაინდაშვილმა აღნიშნა: „არ არსებობს ამის არანაირი კადრი. ჩვენ არც ვიხედებოდით პარლამენტისკენ, ზურგით ვიდექით, როცა სცენა იყო გაკეთებული. ჩვენ ამისი ინტერესი არ გვქონდა. ჩვენ უბრალოდ ხმამაღლა ვლაპარაკობდით და ხალხს ვუხსნიდით იმას, რაც ხდებოდა. ჩემი აზრით, ის საზარელი, რაც გააკეთეს, სასაკლაო რომ გაგვიმართეს, თვითონ დაუბრუნდათ. პირველი ოქტომბერი ამის გამოძახილი იყო შემდეგ, როცა ხელისუფლება შეიცვალა, რადგან ასეთი რაღაცები მაინც არ იკარგება. ამაში დარწმუნებული ვარ“.